თავი IX
– IX –
პურობის დროს იშხნელი, მაწყვერელი, ანჩელი და მტბევარი კათალიკოსს მარჯვენა მხარეს მიუსვეს. მარცხენა მხარეს კი თვითონ მამამზე მიუჯდა, მის გვერდით ბორდოხანი და ჭიაბერი დასხდნენ.
შავლეგ ტოხაისძე და თორმეტი აზნაური არაგველნი მკლავწაკარწახებულნი (მკლავებდაკაპიწებულნი) ემსახურებოდნენ საპატიო სტუმრებს.
მამამზე თვითონ აწვდიდა კათალიკოსს ხან ზურგიელს, ხან ჭანარს, ხან მურწას (თევზის სახეობები), რადგან მელქისედეკმა მარხვის გახსნის შემდეგაც თევზის გარდა არაფერი ინდომა.
ისევ წამოდგა მამამზე და ახლად შემწვარი კალმახი მოართვა სტუმარს.
ჭიაბერი მამისაკენ გადაიხარა და ჩურჩულით უთხრა: ღვინო მემწარა, წავალ და გამოვაცვლევინებო ღვინოს.
ეს თქვა და დარბაზიდან გავიდა.
ისევ გაუწოდა კალმახით სავსე ლანგარი მამამზემ სტუმარს. უქებდა არაგვის კალმახს, რომ რაც უფრო აღმა ამოყვება კალმახი მდინარეს, მით უფრო გემრიელიაო იგი. ახლა მალე ქვირითობა იწყება და თუ თქვენი მეუფება დიდხანს დაყოვნდება ქორსატეველას ციხე-დარბაზში, ყოველდღე ახალ ქვირითსა და კალმახს მოგართმევთო.
ერთბაშად (მოულოდნელად) კალმახის ამბავი მიატოვა მამამზემ და ძელიცხოვლის ჯვარზე დაიწყო საუბარი. გამიგონია, რომ ამ ჯვარს დიდი სასწაულები მოუხდენია კლარჯეთში - იმერხევში ეკლესია დაქცეულა მიწისძვრის დროს. საკურთხეველში ყველაფერი დანგრეულა, ხოლო ძვირფას ლუსკუმაში ჩადებული ძელიცხოველი უვნებლად გადარჩენილიყო.
კათალიკოსი კალმახს ჭამდა და მდუმარედ (ჩუმად) უსმენდა ნაუბარს (საუბარს).
როცა ძელიცხოველის ჯვრის სასწაულების ამბავი მოათავა მამამზემ, მელქისედეკმა თავი დაუქნია – დაუმოწმა, რომ ეს ასე ჭეშმარიტად (მართლა) ასე მოხდაო.
მამამზემ ეს ამბავი აღარ განაგრძო, თუმცა იმ ჯვრის მცხეთაში კვლავ ჩამოტანის ისტორიაც ჰქონდა გაგონილი ეზოსმოძღვრისგან. ერთბაშად ეს ამბავიც მიატოვა და თითქმის ჩურჩულით ეუბნება მელქისედეკს:
„ჩემს აქ არყოფნაში წყეულ ფხოველებს დაუქცევიათ ჩემი საერისთავო, თქვენო მეუფებავ. ეკლესიები გადაუწვავთ. ჩემი ვაჟი ჭიაბერი და სახლთუხუცესი ტოხაისძე ჯარით შეგებებიან წინ. სასტიკი ბრძოლა გაუმართავთ, მაგრამ ფხოველნი განა მარტონი იყვნენ? მტრის სიმრავლისგან უკუქცეულან (უკან დახეულან) და ქორსატეველაში ჩაკეტილან ჩვენები.
მერე უსჯულოებს (ურჯულოებს) წყარო მოუწყვეტიათ, ციხე აუღიათ, დარბაზები გაუძარცვავთ. არც ერთი ხატი, არც ჯვარი არ შეგვარჩინეს მამა-პაპათა დანატოვარი.“
მელქისედეკმა კალმახს თავი წასჭამა. მცირე ხანს ღეჭავდა ლუკმას უკბილო ბერიკაცი. მერე აცახცახებული ხელით ფხა გამოიღო პირიდან, თეფშის კიდეზე დააწყო, მამამზეს მიუბრუნდა და ეუბნება:
„მეფე გიორგის ეს ყველაფერი წვრილად მოეხსენა (მოახსენეს) თავის დროზე. ეს მაშინ მოხდა, როცა შენ დათვმა დაგტორა (დაგკბინა). მეფემ პატივი დაგდო, როგორც საპატიო სტუმარსა და ავადმყოფს, ამიტომაც არ გაგიმხილეს.“
შემდგომ ამისა ისევ დაითრია მელქისედეკმა მოზრდილი კალმახი, ისევ წასჭამა თავი.
მამამზე ლიქნიდა (პირფერობდა) კათალიკოსის წინაშე მრავალი ფიცითა და აღთქმითა. მეფის მზესა და ბაგრატ კურაპალატის სულს იფიცავდა. ჩემს ხელში დალია ბაგრატ კურაპალატმა სული ფანასკერტელის ციხეში. მე და ზვიად ერისთავს ჩაგვაბარაო მცირეწლოვანი გიორგი და მთელი საქართველოს ბედი.
ბაგრატმა სიკვდილის წინად ფიცი ჩამომართვაო და ამ ფიცის ერთგული ვარო დღემდე. მე და ჩემი მეუღლე ბორდოხანი დღე და ღამეს ლოცვაში ვატარებთო. თქვენი მეუფების მიწა ვართო, მე და ჩემი მეუღლე, ჩემი ვაჟი ჭიაბერი და ქალი კატაი.
ეს საუბარი არ ჰქონდა მოთავებული მამამზეს, როცა კათალიკოსმა მამამზის წინაშე მდებარე ლანგარისაკენ გამოიხედა, რადგან იშხნელსა და მაწყვერელს კალმახი თითქმის მთლიანად გაევლოთ (შეეჭამათ).
მამამზეს სიტყვა გაუწყდა პირში. როცა ახალი ლანგრით მიართმევდა კათალიკოსს კალმახს, მელქისედეკმა ღილივით წვრილი და შავი თვალები შეაგება ისრიმისფერ (ნაცრისფერ-ლურჯ) თვალებს, მამამზის დაფანჩვულ (დაბურძგნულ) წარბებს ქვეშ აწრიალებულთ.
ბორდოხანმა შენიშნა, რომ ჭიაბერის გასვლის შემდეგაც არ გამოუცვლიათ ღვინო.
გაოცდა: რატომ იგვიანებსო ამდენ ხანს? მელქისედეკის გასაგონად ბოდიში მოიხადა და დარბაზიდან გავიდა. კათალიკოსმა ხელახლა აიღო მოზრდილი კალმახი, ამასაც თავი წასჭამა და მასპინძელს მიუბრუნდა:
„მეფეთ მეფე გიორგი სულგრძელია (კეთილია). იგი დიახაც ისმენს ჩემს რჩევებს. რადგან უფლისგან არ არის ნაბრძანები მახვილის (ხმლის) აღება. ეს ქრისტიან მეფეებსა და ეკლესიის მწყემსებს (მღვდლებს) შეეფერებათ, რომ მაცხოვრის სახარებითა და პატიოსანი ჯვრით უჩვენონ თავიანთ ქვეშევრდომებს ჭეშმარიტი გზა, რომელიც საუკუნო (მარადიულ) სიცოცხლემდე მიიყვანს მათ, რათა ძელისაცხოველის (ჯვრის) ძალამ გაანათლოს ბნელი ცთომილების (შეცდომის) გზაზე შემდგართა გულში.“
ეს თქვა კათალიკოსმა და დარბაზში ბორდოხანი შემოიჭრა. „ჭიაბერი კვდებაო“, გაოგნებულმა შეჰკივლა და გაიქცა.
სტუმრები წამოცვივდნენ. სანამ იშხნელი და მაწყვერელი ჭიაბერის საწოლ დარბაზში გაიყვანდნენ კათალიკოსს, ჭიაბერს უკანასკნელი სუნთქვა უკვე გასცლოდა.
ტოხაისძე თავზე წამოდგომოდა და ცხედარს აპატიოსნებდა (ასაფლავებლად ამზადებდა).
„ავიაო“, დაიბუხუნა მამამზე ერისთავმა და მისი გოლიათური (გიგანტური) სხეული დაგორდა იატაკზე.
გაფითრებული მელქისედეკი მიცვალებულს დააშტერდა. უკვე ჩამქრალიყო მისი მშვენიერი, ცისფერი თვალები.
წესის აგებისას (დაკრძალვის წესის შესრულებისას) კათალიკოსმა პატარა, ჩალისფერი ლოცვანი (სალოცავი წიგნი) ამოიღო და აბუტბუტდნენ მისი დამჭკნარი (დანაოჭებული) ტუჩები...
...„ავაზაკთა (ყაჩაღთა) შორის ჯვარს ეცვი, მხსნელო, დაისაჯე ძელითა ცხოველითა (ჯვრით), სიკვდილი მოჰკალ უკვდავმა სიკვდილითა, სამდღე დაფლობილმან ხორცითა, ბნელი განაქარვე (გაფანტე) ნათლითა.“
ბორდოხანი ლოყებს იხოკდა. მდუღარე ცრემლით მისტიროდა შვილს, უკოცნიდა ჩაცვენილ თვალებს. ხანაც კათალიკოსს დაუვარდებოდა ფეხებთან, ფეხზე ეხვევოდა, ევედრებოდა: აღადგინეო ჩემი საყვარელი შვილი, ისე, როგორც ქრისტემ – ლაზარე.
გაოგნებული მამამზე თავში იცემდა ორივე ხელს. ცრემლი სრულიად გაშრობოდა.
მხოლოდ შავლეგ ტოხაისძე იდგა გულზე ხელდაჭდობილი (ხელებგადაჯვარედინებული). დასისხლიანებული, ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა კათალიკოსს და მის გულში წყალგადასხმულ ნაღვერდალივით (ნახშირივით) შიშხინებდა მელქისედეკის მიერ წარმოთქმული ლოცვის ერთ-ერთი ლექსი:
„ძელისცხოველმა დაგსაჯა? ვის გულისხმობდა კათალიკოსი, ჭიაბერს თუ ქრისტეს?“
პანაშვიდის დასრულებისთანავე ერისთავების ოჯახის წევრებმა და სტუმრებმა დაიჯერეს, რომ კლარჯეთელმა ძელისცხოველმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა ჭიაბერის მოკვლით.
თავად მამამზეც შეკრთა და მანაც დაიჯერა ეს სასწაული. მისი აზრით, ახლა ტოხაისძის, კოლონკელიძისა და მისი ჯერი იყო, მაგრამ ვაჟკაცი შვილის დამკარგველ მოხუცს უეცარი სიკვდილი სანატრელად მიაჩნდა.
მამამზე მოულოდნელად შეიცვალა, მოტყდა. ახლა ის სრულად ემორჩილებოდა კათალიკოსს და მის ამალას.
იმავე ღამეს მელქისედეკს აღსარების ნება სთხოვა და აღიარა, რომ ის და ჭიაბერი ერთად მონაწილეობდნენ ფხოველთა ამბოხში.