prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XLVI შინაარსი და გამარტივებული ტექსტი

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

გამარტივებული სასწავლო გადმოცემა · AI-ის დახმარებით

თავი XLVI

მთავარი ტაძრის ვიწრო ქუჩებში სახურავებზე მჯდარი ძაღლები აყმუვლდნენ...

– XLVI –

ნონაის ჭირიანობამ მორიელების შიში დაავიწყა. მხევალი მოსვენებას არ აძლევდა არსაკიძეს. ადუღებდა ხალიჩებს, ფარდებსა და ლეიბებს. მდუღარეს ასხამდა სარდაფებში, ჭუჭრუტანებსა და ღრუებში. ვირთხები და რწყილები ელანდებოდა ყველგან.

პატრონს ჩამოეკიდა: „სამუშაოზე ნუ მიხვალთ, ბატონო, ჭირი ღარიბ ხალხს ემტერება. თავს ნუ გადააყოლებთ უფლის სახლს, ღმერთს ბევრი ეკლესია აქვს, ვენაცვალე მის მადლს, ხოლო საწყალ დედაშენს შენზე ამოსდის მზე“.

ბოდოკია გზაზე დახვდა არსაკიძეს: სამასმა ლაზმა უარი თქვა სამუშაოზე. ლაზების მაგალითს სამცხელები, ბოლნისელები და ბერძნებიც აჰყოლოდნენ. „ჟამისაგან მაინც დავიხოცებით, ბარემ მოსვენებული შევეგებოთ სიკვდილსო“.

მათ სახელოსნოები დააგდეს, ხარაჩოებიდან ჩამოვიდნენ. ტაძრის ჩრდილში წამოწოლილიყვნენ მონები, ზოგნი ფანდურს უკრავდნენ, ზოგნი მღეროდნენ. მოხუცებს გარს მოსხდომოდნენ ჭაბუკები და ჭირიანობის ძველ ამბებს აამბობინებდნენ.

არსაკიძე რომ დაინახეს, მონები, კალატოზები და ზემდეგები წამოიშალნენ და გამხნევდნენ.

ლაზები თავიანთ თანამოძმეებს გარს შემოერტყნენ.

„ლაზებო, – მიმართა არსაკიძემ ხალხს, – მართალია, ჭირიანობა დაიწყო, მაგრამ გახსოვდეთ, ჭირის საფრთხე ყველას გვიქადის, ხომ ხედავთ. მეც თქვენთან ვარ განსაცდელის ჟამს, ლაზებო. სიკვდილი ისეთი რამეა, უჭირვადაც არ აგვცდება, იცოდეთ, რადგან არავინ იცის, როდის გვეწვევა იგი. ხომ ხედავთ, რა შლეგია სიკვდილი. ისეთ უგუნურ ცხოველებს თან დაჰყვება, როგორიცაა ვირთხები და რწყილები.

თქვენ თვითონ განსაჯეთ, ლაზებო, უქნარობაში რომ დავიხოცოთ, იმას არ სჯობს, ჩვენი მოვალეობის შესრულებისას გვეწვიოს სიკვდილი? ეგეც იცოდეთ, ძმებო, ზარმაცებსა და მშიშრებს უმალ ეწვევა იგი, ვიდრე მამაცებსა და გამრჯელებს.

რას იტყვიან იბერიელები? მშიშრები ყოფილანო ლაზები. იცოდეთ, ყველაზე მეტად ძმების უნდა გერიდებოდეთ, ლაზებო, რადგან არავინ ისე საყვარელი არაა ამ ქვეყანაზე, როგორც დედა, არავინ ისე მოსარიდებელი, როგორც დედის ხსენის თანაზიარნი.

საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო, ხოლო იბერიელები ჩვენი ძმები არიან.

აბა მოიგონონ თქვენ შორის უხუცესებმა, სარკინოზებთან ან ბერძნებთან ომებში თუ ოდესმე გიღალატნიათ მათთვის?

ახლა ვირთხებისა და რწყილების მიერ გავრცელებულმა ჭირმა რომ გვასწავლოს ღალატი, სირცხვილი იქნება უთუოდ, ლაზებო.

ეგეც იცოდეთ, ძმებო, არავინ ისე საძაგელი არაა ამქვეყნად, როგორც ძმების მოღალატე, მშიშარა ვაჟკაცები, ლაზებო“.

„მართალს ბრძანებს, მართალს ბრძანებს ოსტატი“ – მიაძახეს ლაზთა შორის უხუცესებმა.

არსაკიძე პირველი ავიდა ხარაჩოზე, თუმცა ამ დილით თირკმელები სტკიოდა. ბოდოკია ოსტატს უკან მისდევდა, მოხუცი ლაზებიც მათ მიჰყვნენ. ბოლოს ახალგაზრდებს შერცხვათ. ახლა სამცხელები და ბოლნისელები წამოიშალნენ. ბოლოს ბერძნებმაც ითაკილეს ლაჩრის სახელი.

სადილობის დრო რომ მოვიდა, სახელოსნოები დაიცალა, მუშები ხარაჩოებიდან ჩამოვიდნენ.

ტაძრის გალავნის კუთხეებში ხელოსნების საცხოვრებელი ფარდულები იყო.

ამ ფარდულების წინ კოცონები ენთო, უზარმაზარ ქვაბებში ოსპის წვნიანი იხარშებოდა. ქვაბებს გარს მოსდგომოდნენ მონები, ბავშვებივით შესციცინებდნენ მესადილეებს.

შიმშილისგან ღონემიხდილნი ფანდურს უკრავდნენ. ზოგნი ნაღვლიანად ღიღინებდნენ.

ლოდზე ჩამომჯდარიყო წითური ლაზი, აჩხაკუნებდა ფანდურს, ზედ სიყვარულის ლექსს ამღერებდა. არსაკიძეს ეს ჰანგი სიყრმეშივე განაგონი ჰქონდა, ახლა ძლივს არჩევდა ლაზურ სიტყვებს ფანდურის ხმაზე:

„ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და მითხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს ქარს, და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს. ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.“

არსაკიძე განზრახ დაყიალობდა ფარდულების წინ, ბრბოში.

ახლა შენიშნა: სიკვდილის საფრთხემ ხალხს ლექსისა და სიმღერის სურვილი მოანატრა. წითური ლაზი ფანდურს აჩხაკუნებდა, სევდიანად კვნესოდა.

ლექსი გრძელი იყო, შეყვარებულის მუქარა უსაზღვრო, ყოველი სტროფი ერთი და იმავე ტაეპით იწყებოდა და მთავრდებოდა:

„ზღვის ფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.“

უცნაურად აეკვიატა ეს ლექსი. შორენა მოაგონდა. შემდეგ გაოგნებულს თვალები გაუშტერდა. თავისი ნათქვამიც გადამარცვლა მეხსიერებაში.

ახლა დარწმუნდა: ერთი რამ გულისგარედ წამოსცდა ცოტა ხნის წინ. განა დედა ყველაზე საყვარელია ამ ქვეყანაზე? ან ძმა ყველაზე ძვირფასი? ეგეც არის, ვერც დედობას გაგიწევს სხვა ვინმე, ვეღარც ძმობას.

შორენა ყოველთვის წუხდა: „რატომ არა მყავს ძმები?“ ახლა მას ძმები რომ ჰყოლოდა, ხომ არ დასჭირდებოდა ვაჟკაცის საქმე თავად ეტვირთა? ვაჟები გვერდით ამოუდგებოდნენ კოლონკელიძეს, ისინი მიუზღავდნენ მეფე გიორგის სამაგიეროს. წითური ლაზი ფანდურს აჩხაკუნებდა და მღეროდა:

„ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.“

მართლაც ზღვასავით მოუსვენარი იყო შორენა. მაგრამ ახლა ამ ზღვას კიდენი გადაუკეტეს, დარწმუნებული იყო არსაკიძე. ჟამიც ვერ შეჰბედავდა სანატრელს, შესაძლოა ჭირს გადაერჩინა კიდევაც იგი. დღე და ღამე დაკეტილი იქნება მცხეთის ზღუდენი, სამი დღის შემდეგ წყაროსთვალის წმ. გიორგის დღეობაა ფხოვში. ამაოდ მოუცდიან ხატობაზე ხევისბერები მას.

განა მარტო ეს იყო საფრთხე? ყველისციხის პატრონი ისეთი თავაწყვეტილი ვინმეა, ერთიც ვნახოთ, მოეწყინა მცხეთაში მომწყვდეულს და ამ ჭირიანობის დროს ქორწილი მოუნდა? მაშინ?

წითური ლაზი კვლავ მღეროდა:

„და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.“

ახლა თავად დაფიქრდა არსაკიძე. ყოველი ქალი ზღვას ჰგავს მართლაც, არავინ იცის, ან ერთი როდის აღელდება, ან მეორე? ერთიც ვნახოთ, გირშელს გაჰყოლოდა შორენა, მაშინ? მას, არსაკიძეს, თუ ეყოფოდა იმდენი გამბედაობა, უბირი ლაზი ჭაბუკის ვაჟკაცობის შესაბამისი?

„ააა?“...

სწორედ ამ წუთში ბოდოკია ამოუდგა გვერდით.

ამასობაში ორი მონა მიეახლა ოსპით გაფიფინებულ ქვაბს, ხელკეტი გაუყარეს და ხვნეშით პირველი ფარდულისკენ წაიღეს.

ისევ მეფანდურეს მიუგდო არსაკიძემ ყური. უნდოდა გაეგონა, რითი დასრულდებოდა შეყვარებული ლაზის ქადილი ამ ლექსში?

ბოდოკიამ ხელი წაუცაცუნა მარჯვენაზე: „კანკელი უკვე დავდგით, ახლა აღსავლის კარების გამო უნდა გეთათბიროთო, ოსტატო!“

უგრეხელისძე, კალატოზი, კანკელამდე მისულთ წამოეწია. სახეშეცვლილი, ფერმკრთალი ეუბნება არსაკიძეს: „პირველ ფარდულში იფეთქაო ჭირმა“.

როდესაც ხუროთმოძღვარმა და სამმა კალატოზმა პირველ ფარდულამდე მიაღწიეს, თავზარდაცემული მონები თავპირისმტვრევით გამორბოდნენ ეზოში.

მონას, წათაიას, იღლიაში პირველი სვირინგი გამოსჩენოდა.

დამფრთხალიყვნენ ნარებზე მწოლარენი, სწორედ ამ დროს შეეტანათ ოსპით სავსე ქვაბი ფარდულში.

მუშები მზარეულებს დაეტაკნენ, ორივე წააქციეს, ქვაბი გადმოაყირავეს, ხელფეხდათუთქულნი მიწაზე ფართხალებდნენ, უბედურები გულისმომკვლელად ყვიროდნენ.

ფარდულის კარებს აწყდებოდა დაშინებული ბრბო, შიგ შესვლა ვერ გაბედა ვერავინ.

დამწვრების ყვირილი რომ შემოესმა, ბრბო გაარღვია არსაკიძემ, კალატოზებმა გზა შეუკრეს: „ნუ შეხვალ ამ ფარდულში, ოსტატო, ჟამიანი მანდ წევსო!“ ახლაც ბოდოკია გამოეყო ლაზებს, თან გაჰყვა მეფის ხუროთმოძღვარს.

დამწვრები აიყვანეს, სათითაოდ გამოათრიეს გარეთ. მარილი მოატანინეს, დამწვრებსაც არ გაეკარნენ მონები.

თავად გახადეს დამწვრებს ტანსაცმელი, მარილი დააყარეს დათუთქულ სხეულზე ორმა.

ხელის დაბანაც ვერ მოასწრო არსაკიძემ, ეზოში მეფე გიორგი, სპასალარი ზვიადი, მცხეთის მიტროპოლიტი, ამალითურთ შემოსულიყვნენ, ტაძარი დაეთვალიერებინათ, შემდგომ ამისა წინასწარ გამოეკითხა ყოველივე წვრილად.

მეფის მთავარი მმართველი, განმგეთუხუცესი, მივიდა სამეფო ხუროთმოძღვართან. უთხრა, რომ მეფე იძახდა. არსაკიძე იმ მომენტში ხელებს იმშრალებდა. მან უპასუხა: „ჟამიანის (ავადმყოფების) ფარდულში ვიყავი, ამიტომ ვერ მოვედი მეფესთან.“ განმგეთუხუცესი ისევ მივიდა და უთხრა: „მეფე გიბრძანებს, რომ მოხვიდე.“

არსაკიძე მივიდა მეფესთან, საპატიო მანძილზე გაჩერდა და თაყვანი სცა გიორგის. მეფემ გაუღიმა და უბრძანა, ახლოს მისულიყო. „შენზე ნაკლებად მამაცი ხომ არ გგონივარ, ლაზო?“ – უთხრა მეფემ. შემდეგ ისევ გაუღიმა, მაგრად ჩამოართვა ხელი და დაამატა: „ხუროთმოძღვრების დიდოსტატი დიდი ვაჟკაციც ყოფილხარ, ლაზო!“

მთავარი დეტალები და რთული სიტყვები

თავი XLVI

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

გამარტივებული ვერსია: prep.ge, AI-ის დახმარებით. ეს სასწავლო გადმოცემაა და არა ავტორის ორიგინალი ან აუცილებლად მოკლე შეჯამება. ზუსტი ფორმულირებები შეადარე ორიგინალს. საფუძველი — კონსტანტინე გამსახურდია. ორიგინალის წაკითხვა.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.