თავი VIII
– VIII –
დაღმართი გზა სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა. მელქისედეკი ძლივს იკავებდა თავს ჯორზე. ერთი აღმართი რომ მთავრდებოდა, მეორე იწყებოდა. ავიდოდნენ მწვერვალზე, მარცხნივ გაუხვევდნენ და ისევ ახალ აღმართს შეუდგებოდნენ, ასე განუწყვეტლივ.
ბოლოს გამოჩნდა ქორსატეველას ციხე-დარბაზი და საბრძოლო კოშკები სწორედ იმ მწვერვალზე, სადაც ამდენ ხანს კათალიკოსი მხოლოდ ღრუბლებს ხედავდა.
ახლა კი ხანგრძლივმა აღმასვლამ ისეთი უცნაური გულისცემა მოჰგვარა მელქისედეკს, რომ ვეღარც ღრუბლებს ხედავდა და ვეღარც ქორსატეველას ციხეს.
ცალ მხარეს სტეფანოზ ბერი მიჰყვებოდა ჯორით, ცალი ხელი მამამზეს ეჭირა. გაფითრებული მელქისედეკი მიცვალებულივით იჯდა ჯორზე და ყოველ წუთს ელოდა, რომ ძირს ჩამოვარდებოდა.
უკვე ქორსატეველას პირველ კოშკს მიადგნენ, მაგრამ მელქისედეკმა სრულად დაკარგა გონება და ოთხმა ბერმა ხელით ჩამოიყვანეს იგი უნაგირიდან.
მამამზის მეუღლე, ბორდოხანი, ძალიან მორწმუნე იყო. იგი შორიდან თაყვანს სცემდა მელქისედეკ კათალიკოსს, როგორც „ქრისტიანობის შესანიშნავ მწყემსს და ეკლესიების დიდ აღმშენებელს“.
პირველ კოშკთან დაუხვდა იგი კათალიკოსს თავის მოახლეებთან და მოსამსახურეებთან ერთად. როცა მომაკვდავი მღვდელმთავარი ჯორიდან ჩამოიყვანეს, ქალბატონები მიცვივდნენ მას.
ზოგი ხელ-ფეხზე ეამბორა კათალიკოსს, ზოგიც ტანსაცმლის კალთებს უკოცნიდა.
ორნამენტებით, ფარდაგებითა და ძვირფასი ქსოვილებით მორთულ დარბაზში შეიყვანეს კათალიკოსი და ტახტზე დაასვენეს.
მამამზე ძალიან შეშფოთებული იყო, რადგან კარგად იცოდა, რომ მეფე გიორგი აუცილებლად ჭიაბერს დაადანაშაულებდა კათალიკოსის სიკვდილში, და ეს უეჭველად გაამწვავებდა ისედაც დაძაბულ ურთიერთობას.
ბორდოხანი, ერისთავის მეუღლე, სახეზე იხოკავდა. მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ მელქისედეკ კათალიკოსი ოდესმე თვალით ენახა.
სამჯერ წავიდა მის სანახავად მცხეთაში და სამჯერვე უშედეგოდ, მელქისედეკი ხან უფლისციხეში იყო წასული, ხან არტანუჯის ეკლესიების ასაშენებლად და მოსაწყობად.
ახლა უჩვეულო ბედნიერება ეღირსა ბორდოხანს – მელქისედეკ კათალიკოსი ქორსატეველას ციხე-დარბაზს ეწვია, მაგრამ უკვე მომაკვდავი და განწირული.
ცამეტი წლის კატაი გაოცებული შესცქეროდა ატირებულ დედას და ვერ ხვდებოდა, რატომ აწუხებდა მას ამ ჩონჩხადქცეული მოხუცის სიკვდილი.
ბორდოხანი, ძველი ქართველი ქალბატონების მსგავსად, კარგად ერკვეოდა მკურნალობაში. ერთი წუთი იფიქრა, შემდეგ მეთევზე ბიჭები არაგვში ჩააგზავნა და სასწრაფოდ ორაგულის ლიფსიტები დააჭერინა.
ბორდოხანი და მისი უფროსი და რუსუდანი დიდხანს უზელდნენ კათალიკოსს გულმკერდზე ცივი ტილოთი. ძლივს მოიყვანეს გონს.
მამამზემ თვითონ შემოიტანა ლანგრით ცოცხალი პატარა თევზები (ლიფსიტები).
ერისთავი ბორდოხანი ადგა. საკუთარი ხელით დააცალა ლიფსიტებს ფრთები, ისე, როგორც ეს წამლობა ამოკითხული ჰქონდა სამკურნალო წიგნში (კარაბადინში). თორმეტი ლიფსიტა სათითაოდ გადააყლაპინა მელქისედეკს. სულ რამდენიმე წუთში კათალიკოსი უკეთ გახდა.
ბორდოხანი მელქისედეკს ფეხებთან დაუვარდა. რელიგიურ აღფრთოვანებაში შესული ტიროდა და კათალიკოსს ტანისამოსის კალთებს უკოცნიდა.
გულამრეზილმა ჭიაბერმა ვერ აიტანა ასეთი უსიამო სურათის ყურება. მამას ჩურჩულით უთხრა, რომ პურობის დაჩქარებაზე იზრუნებდა და მაშინვე გავიდა დარბაზიდან.
კათალიკოსი წამოდგა. მიიხედ-მოიხედა და გარშემო კედლებზე ვერსად ნახა ხატები და ჯვრები.
მოაგონდა მსტოვარი ბერების მოტანილი ცნობა, რომ ქორსატეველას ციხე-დარბაზი წარმართმა ფხოველებმა გაძარცვეს. ჯვრები და ხატები ხმლებისა და სატევრების (ხანჯლების) შესამკობად გადაადნესო.
ჯვარის მტვირთველს უბრძანა, რომ ვაშკარანები (საკუჭნაოები) გაეხსნათ.
მამამზეს ანიშნა და ჭიაბერი ახმობინა (დაუძახა).
ჭიაბერი შემოვიდა და მამას ჩურჩულით უთხრა: პურობისთვის მზად იყავითო. მცირეწლოვანი კატაი შემოუძღვა (წინ გაუძღვა) შიმუნვარებს (მსახურებს). პირსახოცი მხარზე ეფინა.
კატაი თავმოდრეკილი მივიდა, ხელზე ეამბორა კათალიკოსს. შემდეგ თვითონ აიღო სურა (წყლის ჭურჭელი) და ხელი დააბანინა ჯერ მელქისედეკს, შემდეგ ოთხივე ეპისკოპოსს.
ხელის ბანა რომ მოთავდა, კათალიკოსმა ამინაშატის ხატი აიღო. გადასცა მამამზეს, რომელიც მის წინაშე მონურად ქედმოდრეკილი იდგა და დასძინა: მეფემ გისახსოვრათო.
მამამზემ დაიჩოქა ბავშვივით. ჯერ მუხლზე ემთხვია, შემდეგ ხელზე, მერე ამინაშატის ხატს აკოცა და თვალთმაქცური სასოებით ჩაიკრა იგი მკერდში. ისევ გამოიღო და ხელახლა ემთხვია.
ახლა კათალიკოსმა ჭიაბერი მოიხმო, რომელიც შორიახლო მდუმარედ იდგა.
როცა ეს ოქროსკულულებიანი გოლიათი (დიდი აღნაგობის კაცი) მიუახლოვდა, სახეშეჭმუხვნილმა მელქისედეკმა ჰაერში ჯვარი გადასახა. მერე ძელისცხოველის ჯვარი ამოიღო ლუსკუმიდან (განსაკუთრებული ყუთიდან). დააცქერდა მის ფეხებთან დამუხლულის თავთუხისფერ (ქერა) კულულებს და მკაფიოდ (გასაგებად) თქვა:
„მეფეთ მეფემ გიორგიმ, აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა ბატონმა გიბრძანა, ერისთავთ-ერისთავო, ჭიაბერ“... თანაც შთაგონებულად (აღფრთოვანებით) ზეასწია ხელი.
„მეფეთ მეფემ გიორგიმ გიბრძანა, – გაიმეორა მტკიცედ და ხმა აუკანკალდა კათალიკოსს, – განაგდო ეშმაკეული (ეშმაკისეული), ქრისტეს სჯულად (რჯულად) მოიქცე კვლავ და მოკრძალებით ემთხვიო ამ ძელიცხოველსა (ჯვარს).“
ეს უთხრა და ჯვარი მის ტუჩთან მიუტანა ფეხებთან დაჩოქილს.
ყველანი თავჩაქინდრული (თავდახრილი) შესცქეროდნენ ამ სცენას. ბორდოხანი კუთხეში დაჩოქილი ტიროდა ბავშვივით. მოხუცი აზნაურებიც ფეხზე იდგნენ და სასოებით (იმედით) ისმენდნენ კათალიკოსის ქადაგებას, რომელშიც მელქისედეკი აფრთხილებდა ყველას, ვისაც რაიმე წილი ჰქონდა ფხოველთა მიერ მოწყობილ ამბოხში. ემუქრებოდა ძელიცხოველის სახელით.
შავლეგ ტოხაისძე განმარტოებით მიყუჟულიყო (ჩუმად მიმალულიყო) ბნელ კუთხეში. ბრაზმორეული (გაბრაზებული) აკრიჭინებდა თავის წვეტიან, ნადირისებურ კბილებს.
ჭიაბერი ზიზღნარევი ძრწოლით (შიშით) ემთხვია ჯერ ჯვარს, შემდეგ კათალიკოსის მარჯვენას. როგორც კი წამოდგა, მელქისედეკმა დაოკებული (შეკავებული) ბრაზის ნატამალი (მცირე ნაწილი) დაიჭირა მის მშვენიერ, ცისფერ თვალებში.