თავი LIV
– LIV –
დიდი დროშა კარის ადგილას იდგა.
მეფესთან სადილად მიიწვიეს იმავე დღეს ერისთავები ქალებთან და შვილებთან ერთად, ბიზანტიელები, პატრიციები, მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები.
კათალიკოსი მელქისედეკი, სპასალარი ზვიადი, მთავარეპისკოპოსი რაჟდენი, ჭყონდიდელი, ანჩელი, მაწყვერელი და მტბევარი თავ-თავის ადგილას იდგნენ, ხოლო მარცხენა მხარეს – ბიზანტიელი დიდებულები; კატეპანი ნიკიფორე კასავილა, პატრიციუსი ქრისტეფორე დელფოს, სევასტოსი თეოდორე ლამპროს (სამივე ვერცხლის ფორმით, უხმლოდ), ამორელი მიტროპოლიტი კამახა, სმირნელი იოანე, როდესელი არქიელი ეპიფანეს, ტრაპეზუნდელი რომანოზ და თორმეტი უდაბნოს ქართველი.
მეფემ უბრძანა მანდატურთწინამდგომს და მან კვერთხი დააგდო.
ამირეჯიბმა აიღო იგი.
მანდატურთწინამდგომი მთავარი ტახტის წინაშე მიდგა.
„პური მოიღეთო“,
ბრძანა მეფემ.
პურის შეთავაზება ითავა მანდატურთწინამდგომმა.
კათალიკოსი, სპასალარი, განმგეთუხუცესი, დიდებულები და სტუმრები წამოდგნენ.
მეფე გიორგიმ კათალიკოსი მიიწვია პირველად.
სუფრა აკურთხა მელქისედეკმა, ილოცა, პირველად მანვე გატეხა პური.
ტაბაკი მანდატურთწინამდგომმა და ამირეჯიბმა დასდგეს. მოიტანეს სამეფო ოქროსა და ვერცხლის ტაბლანები, მოიღეს ბაგრატიონთა სამწდეურები, სრულად ოქროსი.
ოქროს ტაბაკზე მარგალიტით მოოჭვილი ერთი ვერცხლისტარიანი კოვზი იყო.
ახლა მოლარეთუხუცესი წამოდგა, მანდატურთუხუცესი თავის ადგილზე დაჯდა.
კათალიკოსს, ჭყონდიდელს, ქართველ და ბიზანტიელ დიდებულებსა და ეპისკოპოსებს ამირეჯიბმა დაუდგა ტაბაკი.
განმგეთუხუცესმა სამ-სამი ჯამი მოართვა თითოეულს.
საწოლის უხუცესი მწიგნობართუხუცესის გვერდით მოთავსდა, მათ მიჰყვნენ ხელოსნები და ხელისუფალნი, ბოლოს მერემეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი.
ლოყებღაჟღაჟა, გრძელულვაშიანი, ნიკაპგამოპუტული ჭაშნაგირი იდგა.
მოჰქონდათ მრავალნაირი საჭმელი, ხელისგულზე ისხამდა, თავად სინჯავდა ყველაფერს. მოჰქონდათ მრავალგვარი ღვინო, პირველად მოსვამდა ჭაშნიკს.
კატეპანს, ნიკიფორე კასავილას მოვლილი ჰქონდა მთელი მსოფლიო, ჩინეთიდან ირლანდიამდე.
მაინც გაოცებული შესცქეროდა ოქროსა და ვერცხლის ჭაღებს, დიდი დარბაზის კუთხეებში დადგმულს, ბაგრატიონთა სამწდეურებს, ოქროს ლანგრებს, აზარფეშებს და ფიალებს, ჩინურ და ირანულ ჭურჭელს.
უთვალთვალებდა საქართველოს მეფის ბრწყინვალე სასახლის უცნაურ ცერემონიებს.
საქართველო მას ნახევრად წარმართულ სამეფოდ ჰქონდა წარმოდგენილი.
სარკინოზთა ხალიფების კარზე ელჩად ნამყოფს უკვირდა: მუსლიმების მსგავსად ხელით როდი ჭამდნენ, არც ყაყანებდნენ სადილობის დროს, პირიქით, სრულიად მდუმარედ შეექცეოდა დიდი და პატარა სადილს.
ბიზანტიელი ეპისკოპოსები მეფის სუფრაზეც განაგრძობდნენ კამათს აღდგომის კალენდრის გამო.
იმ დროს ბიზანტიაში ღვთისმეტყველები დიდ კამათში იყვნენ. ისინი მსჯელობდნენ, როგორ დაეწყოთ წელთაღრიცხვა ისე, რომ ქრისტიანული აღდგომა ებრაულ პასექს არ დამთხვეოდა (არ დაემთხვეოდა).
მთავარეპისკოპოსი რაჟდენი ძალიან ემოციური მოკამათე იყო. ახლაც მთელი გულით უნდოდა ამ დავაში ჩართვა, მაგრამ იცოდა, რომ გიორგის არ მოსწონდა, როცა ქართველები ბიზანტიურ საკითხებზე კამათობდნენ. ამიტომაც, თავისი ენერგია ახლად მიტანილ ორაგულებზე დახარჯა (ბევრი ჭამა).
გიორგიმ მას „ვიგრი“ დაარქვა ღორმუცელობის გამო. ის მართლაც ნიანგს ჰგავდა თავისი ძალიან გრძელი ცხვირით, ფართოდ გაღებული პირითა და ფორეჯიანი, ხორკლიანი სახით.
ცნობისმოყვარე კატეპანმა დაითვალა, რომ სუფრაზე ასზე მეტი სხვადასხვა სახის საჭმელი იყო მიტანილი.
როგორც თავად კასავილა, ისე დანარჩენი ბიზანტიელი სტუმრები მხოლოდ ტკბილ საჭმელებს ეტანებოდნენ. ისინი არ ეკარებოდნენ წიწაკიან, ძმრიან და ნივრიან კოლხურ კერძებს.
ჩაკურატებული (გამხდარი) ბიზანტიელი არქიელები სასტიკად ეჯიბრებოდნენ ლოყებაწითლებულ ქართველ ეპისკოპოსებს. ისინი ანადგურებდნენ არაგვის ორაგულებს, მტკვრის მურწასა და კარაქისფერ ციმორს. გულში ლანძღავდნენ მზარეულთუხუცესს, რომელმაც შესანიშნავი ზუთხი და ზურგიელი წიწაკითა და ნივრით „გააფუჭა“.
მათაც, ვიგრის მსგავსად, შეუტიეს ახალ ქვირითს, მაგრამ მაინც ვერ ძღებოდნენ. ვნებიანი თვალებით უყურებდნენ შამფურზე შემწვარ გოჭებსა და შებრაწულ ინდაურებს.
სმირნელი მიტროპოლიტი იოანე ახლად დაბრუნებული იყო ანტიოქიიდან, სადაც ის ჯავშანში გადაცმული ებრძოდა სარკინოზებს ხმლით. ახლა მან ისე შეუტია არაგვის ორაგულებს, რომ თვითონ ღორმუცელა „ვიგრიმ“, იგივე რაჟდენმა, ანჩელმა და მტბევარმაც კი ვერ აჯობეს მას ჭამაში.
ორჯერ გაეჩხირა ფხა ყელში. ორი ქართველი ეპისკოპოსი ეჯდა გვერდით, არც ერთმა არ იცოდა ბერძნული, მაგრამ ფარსმანი წამოეშველა, რომელიც იმ დღეს თარჯიმნად იყო მოწვეული. მან დროულად მიაწოდა ხმელი ლავაში.
გიორგიმ ბერძნულიც იცოდა და არაბულიც, მაგრამ არასდროს არაფერი უთქვამს უცხო ენაზე სასახლეში.
თავად მეფე უხალისოდ ჭამდა. ეს უგუნებობა შორენასგან გადაედო. ის სრულიად გაფითრებული და ჩუმად იჯდა „თევზისფერ ძროხასა“ და გურანდუხტს შორის, ერისთავების გაბრწყინებული (გალამაზებული) მეუღლეების წრეში, არამიწიერი სილამაზით გაბრწყინებული.
შორენას შინ წასვლა უნდოდა წირვის შემდეგ. თავი სტკიოდა და მარტო ტირილს ამჯობინებდა ჭამას, მაგრამ გურანდუხტი დაემუქრა, რომ თუ დღეს არ ეწვეოდა მეფეს, შინ მისულს თმით გაათრევდა.
ბერძენი სტუმრების სიახლოვე და მათი ენაც აღიზიანებდა მეფეს, განსაკუთრებით კი კასავილას გადამეტებული ცნობისმოყვარეობა აბრაზებდა მას.
კატეპანი კასავილა ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, სანამ ფარსმანისთვის არ იკითხავდა: „ამ საჭმელს როგორ აკეთებენო?“
სენატორს კიბოები ჰყვარებია. როცა კოლხურად მომზადებული კიბოები მიართვეს, ასე იფიქრა: „ამას მაინც არ ექნებაო წიწაკა“. როგორც კი შეჭამა, პირდამწვარი აფეთქდა, მოურიდებლად გადმოანერწყვა მარცხენა ხელისგულზე, შემდგომ ამისა ეკითხება ფარსმანს:
„რომელ მდინარეში იჭერენო ამ წიწაკიან კიბოებს?“
„ეს კიბოები კოლხეთის წყლებში მეფე გიორგიმ მოაშენა, რათა ზედმეტად ცნობისმოყვარე სტუმრებს ენა წასწვასო როგორმე.“
ასე უპასუხა ფარსმანმა.
ბევრი იცინა კასავილამ, როცა მისგანვე გაიგო, რომ ეს კიბოები „წიწაკიანად როდი იბადებიან“ თურმე, არამედ ხობოკვერას (კიბოს ნაჭუჭს) გამოაცლიან შიგნეულს, ბოლოდან გამოღებულ ხორცს გაურევენ ნიგოზს, წიწაკასა და ნიორს, ისევე დატენიანო ხობოკვერას კიბოსას (ისევ ჩატენიანებენ კიბოს ნაჭუჭში).
თავად კასავილა იძულებული იყო ხელით ეჭამა, რადგან მარჯვენა ხელზე მხოლოდ ორი თითი ჰქონდა შერჩენილი.
ტრაბახობდა კიდევაც: „შარშან რომის პაპთან ვიყავი მოწვეული, ბენედიქტ VIII-ს ტრაპეზზედაც ხელით ვჭამდიო.“
საქმე არსებითად ასე იყო:
როტა ცეტინიუმთან დამარცხებულ ბულგარელებს თვალები დასწვა ბასილი კეისარმა. სწორედ ნიკიფორე კასავილა ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას.
ერთმა ბულგარელმა ითხოვა: „დიდ საიდუმლოს გავთქვამო, თუ სენატორ კასავილასთვის მათქმევინებთო პირადად.“
როცა მოუყვანეს მოხალისე „მსტოვარი“ (ჯაშუში) კასავილას, ბულგარელი ეცა მას ყელში. სენატორმა მარჯვენა მოუქნია, გაცოფებული ტყვე მისწვდა და სამი თითი წასჭამა ბიზანტიელ დიდებულს.
სწორედ ამ „გმირობისთვის“ მიიღო კატეპანის ხარისხი კასავილამ. ჩუმ-ჩუმად სხვას ტრაბახობდა იგი:
„ცეტინიუმთან მე დავამარცხე ბულგარელები, თხუთმეტ ათასს დავუბნელეო თვალები.“