თავი XLIII
კონსტანტინე არსაკიძეს მთელი ღამე არ უძინია. ის უსმენდა წვიმის შხაპუნს და ეშინოდა, ვაითუ ხვალაც არ გამოიდაროს, ვაითუ შორენა არ მოვიდესო.
გაუხარდა, როცა საწოლშივე დახვდა მზის ალერსიანი სხივები.
მშენებლობაზე უზმოზე წავიდა, მაგრამ საყვარელი ნაგებობის დანახვამაც კი ვეღარ მოჰგვარა სიხარული.
ცუდ ხასიათზე პასუხობდა კალატოზებისა და მხატვრების შეკითხვებს. ყველა გაოცებული იყო იმ დღეს მისი დაუდევრობითა და გულგრილობით.
ბოდოკია სულ ეკითხებოდა: ავად ხომ არა ხარ, ოსტატო, თირკმელები ხომ არ გტკივა?
ქვის სახელოსნოში ოფლში გაწურული თავხელისძე იჯდა. ის თეძამის ქვაზე ფრთოსანი ლომის გამოსახულებას კვეთდა.
მეჩუქურთმე წვალობდა, უხერხულად იყენებდა სატეხს. ხელი უკანკალებდა.
ლომის ფიგურა კარგად იყო ამოჭრილი სიბრტყეზე, მაგრამ ოსტატის თვალმა შეამჩნია, რომ სწორედ ფრთები ვერ გამოჰყავდა "ქრისტიან ოსტატს".
ფრთები მოუხეშავად გამოეკვეთა. ქვაში არ იყო გამოვლენილი ის სირბილე, გაშლილი ფრთისათვის რომ არის დამახასიათებელი და ხელის შეხების გარეშეც რომ იპყრობს ადამიანის ყურადღებას.
არსაკიძემ თავხელისძეს საჭრეთელი გამოართვა, უთხრა: "დაისვენე, ძიაკაცო, ცოტა ხნით". შემდეგ მეფის ხუროთმოძღვარი თავად დაჯდა მის ადგილას.
სწორედ ის პატარა ღარები უნდა ამოეჭრა, რომლებიც ფრთოსნის ზემოთ აშვერილ მხარს აჩნია.
ქვა უცნაურად გაჯიუტდა. ოსტატი დაარტყამდა საჭრეთელის თავს კვერს, ლოდის ნაჭერი კვნესოდა. გაგულისებული ქვა უკანასკნელი ძალით იგერიებდა ოსტატის შემოტევას. ოსტატი ხედავდა, რომ მის ხელში საჭრეთელს ისეთივე უხეში ხაზები გამოჰყავდა, როგორიც "მეჯადაგე ოსტატებს" სჩვეოდათ.
მოხუცი მეჩუქურთმეც ამჩნევდა ქვის ურჩობას და ოსტატის ხელის მოცარვას.
ოფლი გადაასკდა არსაკიძეს შუბლზე. ისიც სახოცით იწმენდდა შუბლს. მარცხენა ხელით უმოწყალოდ სცემდა კვერს, მაგრამ საჭრეთელიც ეურჩებოდა მარჯვენა ხელს.
ბედისწერამ მოიყვანა ბოდოკია. მან თქვა: "ერთი ჩუქურთმიანი ლოდი უნდა ჩავდგათ კარიბჭის თავზე, კალატოზები თათბირს გთხოვენო".
არსაკიძეს იდუმალ გაუხარდა, რომ ამ ხმობამ სირცხვილს გადაარჩინა.
ლოდი მშვიდობით აიტანეს.
მეფის ხუროთმოძღვარი კალატოზებს გაეცალა. ის ნატრობდა: "ნეტავ არაფერს მკითხავდნენ, თუნდაც ერთ დღეს, ერთ დღეს მაინც ვეკუთვნოდე ჩემს თავს".
დარცხვენილი ოსტატი უაზროდ დადიოდა ტაძრის გარშემო.
ისე ათვალიერებდა კარ-ფანჯრების სამკაულებს, ფასადების ბარელიეფებს, ლავგარდანების ჩუქურთმებს, თითქოს ისინი სხვის მიერ ყოფილიყვნენ შესრულებულნი.
რა უდრეკი ძალმოსილება ჰქონია მათ ოსტატს, რა ძალას დაუმორჩილებია ლოდების სიჯიუტე ასე?!
მარმარილოსთვის სითბო უსესხებია სულს, გრანიტისთვის – აბრეშუმისებრი სირბილე.
ჩუქურთმებსა და როზეტებს ისეთი სილბო გადაჰკრავდა, როგორიც სალმასურის ჯავშანს გადასდის ხოლმე, ვერცხლის ჯავშანს, ან აბრეშუმის ქსოვილებს, რომლებიც რბილი და მსხვილი ძაფისგან არის ნაქსოვი.
ზოგიერთ ზედაპირს ნაკადისებრი მღელვარება ეტყობოდა. ისეთი ჰარმონიული, დაკლაკნილი ხაზები, როგორიც ვაზის ლერწმებს სჩვევიათ ხოლმე, ხვიარების ტოტებს, ნიამორებისა და შვლების მოხრილ ზურგებს. ან კიდევ ზღვის სუნთქვით შეტოკებულ ყანებს, როცა საღამოს ნიავი მოდგება, ოქროს თავთავებზე გადაიჯირითებს და ხორბლის ზღვას დააუთოვებს.
მარყუჟიანი დეტალები, მცენარეების სახეები ისე ფაქიზად იყვნენ შესრულებულნი, როგორც ვაზის ახლადმოსული ყლორტები, ან ის უმცირესი, ნატიფი ხაზები, ვაზის ფოთლებს წინა მხარეზე რომ აჩნევია (ან კიდევ თელის მორს, სწორად გადახერხილსა და ცვილით გაპრიალებულს).
ძლიერად გავლებულ, მომრგვალებულ ნახაზებს ირმის რქების მოჩვენებითი მოქნილობა ემჩნეოდათ.
თვალისმომჭრელი მიმიკრიით ხიბლავდნენ მნახველს იდეალურად სწორი კვადრატების კიდეებზე მიყოლებული წრეები. ყოველი მათგანი თანაბარი სისწორით იყო შესრულებული და სხვადასხვაგვარი ჩუქურთმებით შემკული.
ერთად შეხედავდი?
ერთნაირი გეგონებოდა, ხოლო ცალ-ცალკე – სხვადასხვაგვარი როზეტებით ნაქარგი!
და მთელი მრავალკუთხა ბუნება სამყაროსი, სიბრტყეზე განფენილი, ისე ამაღლებულად, ისე ჰარმონიულად, ისე რბილად იყო გამოთქმული ქვაზე, როგორც თავად ღმერთს არ მოუგონებია მისი შექმნა.
ასე, ცვილივით მორჩილი, ვაზის ლერწივით მოქნილი, ჯეჯილის ზედაპირივით რბილი იყვნენ ეს ლოდები ოსტატის ხელში ოდესღაც. ახლა კი საჭრეთელის მონატრებული, უაღრესად მორჩილი თეძამის ქვაც კი წინ აღუდგა ოსტატს. ის ცეცხლს აფრქვევდა პირიდან და ეურჩებოდა მის მარჯვენა ხელს, ვისაც ეროსი ჩასვლოდა სხეულში.
... ნურავის გაუკვირდება ეს, რადგან ეროსი ზარმაცების ღვთაებაა. ის ნადიმებს უფრო მეტად ეტანება, ვიდრე ქვის სახელოსნოებს.
მამამისი სიმთვრალეში მიუდგა თავის ცოლს, ზევესის ბაღში მოპარული ნექტრით გალეშილი.
ამიტომაც ეროსი მუდამ სხვის ვენახებსა და სხვის საცოლეებს უთვალთვალებს, მოპარული ღვინისა და სიყვარულისგან გალოთებული.
ასე უკითხავად შეიპარება იგი თავად ოსტატების გულშიც. შეყვარებულს მოანატრებს საყვარლისთვის ოცნებას, ღვინის სმასა და მუსიკას.
***
ბოდოკიას ორიოდე დავალება გადააბარა არსაკიძემ. ჩვეულებრივზე ადრე წავიდა მშენებლობიდან, გამოიპარა, როგორც ზარმაცი მონა.
მთავართა სანათლოის გარეუბანში, ერთ ვენახში მეზვრენი ღვინოს სვამდნენ. მათ შეიპატიჟეს არსაკიძე, მიართვეს ყველი, მწვანილი, ახალი კიტრი და ხელადით ასვეს წითელი ღვინო.
მეზვრენი ისევ საქმეს მიუბრუნდნენ, ხოლო შეზარხოშებული არსაკიძე მცხეთიდან გავიდა. ის საფურცლისკენ გაჰყვა ტყეებსა და ველებს.
მთვრალი მიიმღეროდა, მარტოხელა მგზავრი უცნაურ შაირებს ამბობდა. ის მღეროდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
ქარი სცემდა სახეში. ის მიდიოდა, მიიმღეროდა, უკითხავად მოსული ცრემლი ლოყაზე ჩამოსდიოდა. მთვრალმა კარგად არ იცოდა, ვინ მოჰგვარა ეს ცრემლი?
ქარმა თუ ქალმა?..
***
**შეგონება:**
ასეთი უგულო ვინმეა ეროსი. ის მამაც მეფეებს დაალაჩრებს, თრიაქის სმასა და უაზრო ლოთობას შეაჩვევს. დიდოსტატებს კი, რომლებიც მტკიცე ხელით ქანდაკებდნენ თეძამის ქვაზე როზეტებსა და ყურძნის მტევნებს, მეჯადგე ოსტატებს დაამსგავსებს და გაახელებს. ბოლოს მინდვრებზე სახეტიალოდ გაგზავნის, რათა საყვარლისთვის აკრეფინოს ველის წარმავალი ყაყაჩოები.
**– XLIV –**