თავი LVII
– LVII –
არსაკიძეს მართლაც არგო თურმანიძის მალამოებმა. უკვე ჯოხით წამოდგომას ახერხებდა თავად.
ხუთშაბათს გათენებამდე ადგა. შუაღამის შემდეგ დაასრულა თავისი „სიზმარი“.
სწორედ იმ დღეს ხათუთიამ მოუტანა შორენასგან წიგნი. თუ კარგი ამინდი იქნა, შაბათ დილას დედა აპირებსო ზედაზენს წასვლას, საღამოს გამოგივლიო უთუოდ.
დიდი ხანია, რაც გურანდუხტი ზედაზენს წასვლას აპირებდა, რამდენიმე შაბათი ისე გავიდა, აღარსად ჩანდა შორენა.
ასე ივარაუდა კონსტანტინემ: გაავებული გურანდუხტი ფხიზლად მწყემსავსო თავის ქალს.
პირაღმა იწვა დაჭრილი ოსტატი. დარბაზის სარკმლიდან უთვალთვალებდა ცას. ღრუბლების მოძრაობას აკვირდებოდა. ამას ნატრობდა: გამოიდარებდესო შაბათამდე, ნეტავ.
ხუთშაბათს, საღამოს ცა მოიწმინდა, მაგრამ ეროსით შეპყრობილს სულწასულობა წამოეძალა, ფრჩხილით გადააცალა ბარძაყის ჭრილობას კანი, თუმცა მკურნალი უკრძალავდა, ხელი არ ახლოო იარას.
იმავე საღამოს სიცხე მისცა, ნონაი მკურნალთან გაიქცა, იწვა პირაღმა უპატრონო ავადმყოფი, პირი უშრებოდა, სწყუროდა წყალი.
შემდგომ ამისა, უცნაურად წაეწყვნენ უბედური ამბები ზედი-ზედ ურთიერთს, როგორც ეს ხდება ხოლმე ხანდახან.
* * * * * * *
დიდხანს უჩიჩინებდა ფარსმანი ცოლს, ხურსისეულ სასახლეში წადი, საწმერთული მოპარეო შორენას, მაგრამ ვარდისახარი ყოყმანობდა მაინც.
სწორედ ხუთშაბათს თავის ტკივილმა წამოუარა ქალს, ასე იფიქრა: ეგებ გურანდუხტს ექნესო შაკიკის წამალი.
შორენა და მისი მოახლეები სამთავროს წაეყვანა კოლონკელიძის მეუღლეს, მარტო ხათუთაი დაუხვდა შინ.
წყლის მოსატანად გაგზავნა სტუმარმა ხათუთაი, თავად, გამოსძებნა შორენას საწმერთული, ხოხბისყელისფერი, რომლის მცხეთაში ჩამოტანას ერისთავი გირშელ და ორი ათასი მონასპა შეეწირა.
შეღამებული იყო უკვე, როცა რატისეულ სასახლეში შევიდა ვარდისახარი, ნონაი არსად ჩანდა, ამიტომაც ჯერაც არ იყო ანთებული ჭაღები.
ფეხაკრეფით შეიპარა და სასთუმალს ქვეშ ამოუდო სიცხიან ავადმყოფს შორენას საწმერთული.
არსაკიძე ბოდავდა იმ წუთში, ნონაი ეგონა, ამიტომაც შეეკითხა:
როდის მოვაო მკურნალი?
მოვაო, მოვაო, - წაიბუტბუტა ვარდისახარმა ყრუდ, - ავადმყოფს მიხედა, ლანდზე უსწრაფესად გაქრა.
* * * * * * *
შაბათ დილას ისევ დაიწყო წვიმა, მაგრამ აღარ შეუმჩნევია ეს, საღამოს გამოეპარა შორენა დედას.
აქელებულმა შეირბინა ავადმყოფთან, დიდხანს ვერ დარჩა მაინც.
მეფეს გაემჟღავნებინა ფარსმანის ჭორები გურანდუხტისათვის, თმით დაუთრევია შორენა დედას. „ბოზი“ უძახა თურმე და „ვიღაც კალატოზის სიძვის ქალი“.
შორენას სურათის ამბავი არც გახსენებია, მით უმეტეს, არც მის დამხატველს (არსაკიძეს).
შორენამ შეამჩნია, რომ მისი ბავშვობის მეგობარი ძალიან ცუდად იყო. თვალცრემლიანმა შორენამ ის ნონაის მიაბარა.
შორენა შეევედრა ნონაის: „ბოდოკია გაგზავნე ფხოვში. მე ამ მდგომარეობაში ვარ, დედაჩემი იხმე, იქნებ მისმა ალერსმა განკურნოს“.
შორენამ ავადმყოფს გახურებული ლოყები დაუკოცნა და უთხრა: „თუ მოვახერხე, შაბათს შემოგივლი“.
ტირილით მოვიდა და ტირილითვე წავიდა უკან.
შორენა ჯერ კიდევ არ იყო გასული რატისეული ხილნარიდან, როცა მას ლანდი შემოეხეტა. კოლონკელიძის ასულმა დაზვერა ლანდი, რომელიც ფეხაკრეფით ავიდა ქვის კიბეზე.
ნონაი თავის ოთახში დაბრუნებულიყო და სამკურნალო ბალახებს ხარშავდა.
შემოსულს ავადმყოფმა წყალი სთხოვა.
ნონაიმ მაშინვე მოუტანა წყალი. მან დაათვალიერა დარბაზი, გაუჩხრიკა არსაკიძეს სასთუმალი და იპოვა ხოხბისყელისფერი საწმერთული.
მსტოვარმა ის მეფეს მიუტანა და თან ამცნო, რომ ხილნარშივე გადააწყდა კოლონკელიძის ასულს.
მან მეფეს ორივე სურათის შინაარსი დეტალურად უამბო.
* * * * * * *
ყოველი საგანი მაშინ იწყებს წაქცევას, როცა წონასწორობას კარგავს.
მეფე გაცოფდა, აზვავდა, ეროსისგან გახელებულმა წონასწორობა დაკარგა.
ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა. მალემსრბოლის მოლოდინში გიორგი თრიაქით დამთვრალიყო. იმავე საღამოს მას მელქისედეკი ეწვია.
კათალიკოსმა, როცა გაიგო, რომ არსაკიძეს, ლაზს, მკრეხელური სურათი დაუხატავს, გაახსენდა თავისი ქადაგება სამთავროს ტაძარში. წარმართობის შიშმა კვლავ წამოუარა და ხელი აიღო ხუროთმოძღვრის დაცვაზე.
მეორე დღეს მელქისედეკი ბიზანტიონში მიმავალ სტუმრებს გაჰყვა დიდი ამალით. მეფემ ფარსმანი იხმო და კვლავ ხუროთმოძღვართუხუცესად დანიშნა.
ფარსმანმა სვეტიცხოვლის დანგრევა მოითხოვა, ხოლო განრისხებულმა გიორგიმ სვეტიცხოვლის „ცუდად ამგებელს“ მკლავის მოკვეთა მიუსაჯა.