– LVII –
არსაკიძეს მართლაც არგო თურმანიძის მალამოებმა. უკვე ჯოხით წამოდგომას ახერხებდა თავათ.
ხუთშაბათს უთენია ადგა. ნაშუაღამევს მოათავა თავისი "სიზმარი”.
სწორედ იმ დღეს ხათუთიამ მოუტანა შორენასაგან წიგნი. თუ კარგი დარი იქნა, შაბათ დილას დედა აპირებსო ზედაზენს წასვლას, საღამოს გამოგივლიო უთუოდ.
დიდი ხანია, რაც ეპირებოდა გურანდუხტი ზედაზენს წასვლას, რამდენიმე შაბათი ისე წავიდა, აღარსად ჩანდა შორენა.
ასე ივარაუდა კონსტანტინემ: გაავებული გურანდუხტი ფხიზლად მწყემსავსო თავის ქალს.
პირაღმა იწვა დაჭრილი ოსტატი. დარბაზის სარკმელიდან უთვალთვალებდა ცას. ღრუბლების მოძრაობას აკვირდებოდა. ამას ნატრობდა: გამოიდარებდესო შაბათამდის, ნეტავ.
ხუთშაბათს, საღამოს ცა მოისარკა, მაგრამ წამოეძალა სულწასულობა ეროსით შეპყრობილს, ფრჩხილით გადააცალა ბარძაყის ჭრილობას კანი, თუმცა აქიმი უკრძალავდა, ხელი არ ახლოო იარას.
იმავე საღამოს სიცხე მისცა, ნონაი მკურნალთან გაიქცა, იწვა პირაღმა უპატრონო ავადმყოფი, პირი უშრებოდა, სწყუროდა წყალი.
შემდგომ ამისა, უცნაურად წაეწყვნენ უბედური ამბები ზედი-ზედ ურთიერთს, როგორც ეს ხდება ხოლმე ხანდახან.
* * * * * * *
დიდხანს უჩიჩინებდა ფარსმანი ცოლს, ხურსისეულ სასახლეში წადი, საწმერთული მოპარეო შორენას, მაგრამ ვარდისახარი ყოყმანობდა მაინც.
სწორედ ხუთშაბათს თავის ტკივილმა წამოუარა დიაცს, ასე იფიქრა: ეგებ გურანდუხტს ექნესო შაკიკის წამალი.
შორენა და მისი მოახლენი სამთავროს წაეყვანა კოლონკელიძის მეუღლეს, მარტო ხათუთაი დაუხვდა შინ.
წყლის მოსატანად გაგზავნა სტუმარმა ხათუთაი, თავათ, გამოსძებნა შორენას საწმერთული, ხოხბისყელისფერი, რომლის მცხეთაში ჩამოტანას ერისთავი გირშელ და ორი ათასი მონასპა შეეწირა.
შეღამებული იყო უკვე, როცა რატისეულ სასახლეში შევიდა ვარდისახარი, ნონაი არსად სჩანდა, ამიტომაც ჯერაც არ იყო ანთებული ჭაღები.
ფეხაკრეფით შეიპარა და სასთუმალს ქვეშ ამოუდვა სიცხიან ავადმყოფს შორენას საწმერთული.
არსაკიძე ბოდავდა იმ წუთში, ნონაი ეგონა, ამიტომაც შეეკითხა:
როდის მოვაო მკურნალი?
მოვაო, მოვაო, - წაიბუტბუტა ვარდისახარმა ყრუდ, - ავადმყოფს მიჰხედა, ლანდზე უსწრაფესად გაჰქრა.
* * * * * * *
შაბათ დილას ისევ დაიწყო წვიმა, მაგრამ აღარ შეუმჩნევია ეს, საღამოს გამოეპარა შორენა დედას.
აქელებულმა შეირბინა ავადმყოფთან, დიდხანს ვერ დარჩა მაინც.
მეფეს გაემჟღავნებია ფარსმანის ჭორები გურანდუხტისათვის, თმით დაუთრევია შორენა დედას. ,,ბოზი" უძახა თურმე და ,,ვიღაც კალატოზის სიძვის დიაცი" . სურათის ამბავი არც შორენას მოჰგონებია, მით უმეტეს არც მის დამხატველს.
შეამჩნია: ცუდად შექმნილიყო მეგობარი მისი სიყრმისა, თვალცრემლიანმა ჩააბარა ნონაის.
შეევედრა: ბოდოკია გაგზავნეო ფხოვს, მე ამ დღეში ვარ, დედა იხმე, განკურნოსო მისმა ალერსმა ეგებ.
თუ მოვახერხე, შაბათს შემოვივლიო, გახურვებული ლოყები დაუკოცნა ავადმყოფს.
ტირილით მოვიდა, ტირილითვე წავიდა უკან.
რატისეული ხილნარიდანაც არ იყო გასული შორენა, როცა ლანდი შემოეხეჩა. დაზვერა კოლონკელიძის ასული, ფეხაკრეფით ავიდა ქვის კიბეზე ლანდი.
ნონაი მობრუნებულიყო თავის სამყოფლოში, სამკურნალო ბალახებს ხარშავდა.
წყალიო, შეევედრა შემოსულს ავადმყოფი.
წყალი მოუტანა მყისვე, დარბაზი დაათვალიერა, სასთაული გაუჩხრიკა არსაკიძეს, საწმერთული იპოვნა ხოხბისყელისფერი.
მეფეს მიუტანა მსტოვარმა იგი, თანაც ამცნო ხილნარშივე გადავაწყდიო კოლონკელიძის ასულს.
ორივე სურათის შინაარსი უამბო წვრილად.
* * * * * * *
ყოველი საგანი მაშინ იწყებს წაქცევას, როცა წონასწორობას დაჰკარგავს იგი.
მეფე გაცოფდა, აზვავდა, წონასწორობა დჰაკარგა ეროსისაგან გახელებულმა.
ეს ყოველივე წაემატა ურთიერთს, მალემსრბოლის მოლოდინში თრიაქით დამთვრალიყო გიორგი, მელქისედეკი ეწვია იმავე საღამოს.
კათალიკოსმა რა გაიგო, მკრეხელური სურათი დაუხატავსო არსაკიძეს, ლაზს, მოაგონდა თავისი ქადაგება სამთავროს ტაძარში, წარმართობის შიშმა წამოუარა ისევ და ხელი აიღო ხუროთმოძღვრის დაცვაზე.
მეორე დღეს მელქისედეკი ბიზანტიონს მიმავალ სტუმრებს გაჰყვა დიდის ამალით. მეფემ ფარსმანი იხმო, ხუროთმოძღვართუხუცესად დანიშნა კვლავ.
სვეტიცხოვლის დანგრევა მოითხოვა ფარსმანმა, ხოლო განრისხებულმა გიორგიმ სვეტიცხოველის ,,ცუდად ამგებელს" მკლავის მოკვეთა მიუსაჯა.
როცა დასიცხულ ავადმყოფს მარჯვენა წააცალა ტფილისელმა ჯალათმა, თვით საღირასაც ცრემლი ჩამოსდიოდა ერთადერთი თვლიდან.