prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XL

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XL –

ამ თავში მოთხრობილია, თუ როგორ დასაჯა

“შანდლის ქურდი” მეფემ

გირშელი მართლაც ვერ ადგა ორ კვირას, უმისოდ ფრიად მოეწყინა გიორგის. აღარც ნადირობანი იმართებოდა, არც ნადიმები.

შავარდნები და მიმინოები ხარიხებზე ამთქნარებდნენ. დაცალებული ავაზა დღედაღამ ბრდღვინავდა, “ჰურრაჰხ, ჰურრაჰხ” იძახოდა გაავებული, ფარშავანგები უკმეხად ჩხაოდნენ სასახლის ბაღში, საჩიხეში ბღაოდა ნებიერა, ნატრობდა ფხოვის მთებსა და მჟავე წალს.

გიორგი ადგებოდა ხოლმე, წავიდოდა, თავათ ნახავდა, რომელი ირემი ბღავისო ასე საწყალობლად? როცა გაიგებდა, რომელიც იყო, უკვირდა: როგორ დამსგავსებიაო შვილი დედას, ირმების ჯოგშიც.

და აგონდებოდა კოლონკელიძისეული ფურირემი, რომელმაც ტყვეობაში სიცოცხლეს თავისუფალი არჩია სიკვდილი.

ხანგრძლივი წვიმები დაიწყო, სავსებით უჩვეულო ამ დროს მცხეთაში.

მარიამ დედოფალი უფლისციხეში ჩამოვიდა აფსაზეთიდან, მელქისედეკმა წიგნი მოიწერა, ბიზანტიელი სტუმრები მომყავს, ერთი თვის შემდეგ ვიქნებიო მცხეთაში.

სტუმრები სასახლიდან წავიდნენ, სიძვის დიაცებიც გაიკრიფნენ მცხეთიდან.

ცოქალამ, ანუ “თევზისფერმა ძროხამ”, ნოკორნას წაიყვანა ნათია, საფირონისთვალებიანი ქალწული, რათა ჯაჭვით ნაბამი წმ. გიორგის შვილიანად ხლებოდა ახალ საბრძანისში.

დაჩიმ და რუსუდანმა ცხვილოსციხეს მიაშურეს, რადგან ცოქალას დედოფლის ეშინოდა, ხოლო “ულვაშიან” რუსუდანს მელქისედეკ კათალიკოსისა.

დღისით დაუცხრომლად წვიმდა. ღამე გადაიდარებდა ოდნავ. ციხის ჩარდახზე ადიოდნენ მეფე და ფარსმანი, უთვალთვალებდნენ მთვარეს, რადგან ურჩხულის დარი არმური გარს ეხვეოდა მნათობს, ფარსმანის სამთვარიოც ცუდ ამბებს იუწყებოდა.

ეზოსმოძღვარის სვირინგებიც ვერ იძლეოდნენ სანუგეშო ნიშანს.

გიორგი დიახაც ნატრობდა, კეთრი აღმოაჩნდესო ეგებ, მაგრამ რაკი ეს სვირინგები ოდნავ გაშავდნენ, უკვე შიშმა აიტანა უშიშარი გიორგი.

თურმანიძე არტანუჯს წასულიყო, ამიტომაც საღამოსთვის ახმობინა ფარსმანი.

შაბათს მთელი დღე შინ იჯდა გიორგი, ხან ფსალმუნს კითხულობდა, ხან თრიაქსა სწევდა, ხანაც ფარსმანის ახალ სამთვარიოს ფურცლავდა, უგუნებოდ იყო, ავაზისაგან გირშელის დაკბენაც ქენჯნიდა მცირედ.

ნასადილევს წვიმამ გადაიღო, მელანქოლიამ წამოუარა, ყიალი მოენატრა ისევე ველებზე, ისევ მოუნდა წრის გარშემო ტრიალი, მალემსრბოლი უშიშარაისძე ახმობინა, პიპა.

ასე შეუთვალა ფარსმანს:

ეზოსმოძღვარი ინახულე და მოდიო ახლავე, მამცნე თუ რა სჭირსო ხუცესს?

თავათ მალემსრბოლს უბრძანა: ორი ცხენი მზად გყავდეს მიმწუხრისათვის, საფურცლესკენ გავისეირნოთო მე და შენ ორთა.

როცა ფარსმანი საწოლის დარბაზში შევიდა, მეფე თვალდახუჭული იწვა პირაღმა, ხელები მკერდზე დაეკრიფა, ნატანჯი სახე ჰქონდა, ალაგ-ალაგ დანაოჭებული.

ჭაღარაც მომეტებულად მოუჩანდა გაბურძგვნილ თმიდან.

ვერცხლის შანდალი იდგა სასთუმალთან ორი.

ლიცლიცებდნენ ცვილის სანთლები, ცვილისფერი მისდგომოდა სახეზე მეფეს.

ტაბლაზე ნარგილე იდგა, თრიაქის სუნი დაკმეულიყო დარბაზში.

მეფემ თვალი გაახილა, ფარსმანს ახედა და ამ წუთში შემოესმა დაცალებული ავაზის: “ჰურრაჰხ, ჰურრაჰხ”...

უშიშარაისძეს უბრძანა:

სელი მოართვიო სტუმარს.

“ინახულე ეზოსმოძღვარი?”

ეკითხება ფარსმანს, ხვნეშით ქვე დამჯდარს.

“ვინახულე ავადმყოფი, მეფევ ბატონო”.

“იცოდე, დღეს მაინც მხოლოდ მართალი უნდა მითხრა, ფარსმან”.

“განა ოდესმე ტყუილი მომიხსენებია, მეფევ ბატონო, შენთვის?”

“მხოლოდ სულელები ეუბნებიან მართალს, ჩემო ფარსმან, მეფეს”.

“ეგეც სწორია, მეფევ ბატონო, მაგრამ ერთი დღე მაინც უნდა გამოურიოს მართლის თქმისა კაცმა”.

“მაშ ეს საღამო იყოს ასეთი”.

მეფემ გაიცინა და ფარსმანს იამა ფრიად.

“როგორ გგონია, კეთრი ხომ არ სჭირს ხუცესს?”

“არა, ბატონო, არ უნდა იყოს კეთრი”.

“ან ჟამი იყოს ეგების? “

“არა მგონია, ჟამის ნიშანის რომ იყოს ეგ სვირინგები”.

“მაშ შენ მარწმუნებ, ამ საღამოს მხოლოდ სიმართლის სათქმელად ხარ მოსული, ფარსმან?” “მხოლოდ სიმართლის მაუწყებლად მატარებენ ჩემი ბებერი იოგები, მეფევ ბატონო, მუდამჟამს”.

“ისემც რა გითხრა მე შენ, ფარსმან!”

“ის მითხარი, რაც გენებოს, მეფევ ბატონო”.

“მაშ სად იყავი ამდენ ხანს? სულ სიმართლეს აუწყებდი დილიდანვე ქვეყანას, არა?”

“თევზებს ვითვლიდი გუდამაყრისკენ, ღამის მაყრად მიმავალთ”.

“რამდენმა აიარა ამ საღამოს ზევითკენ?”

“იმდენმა, რამდენიც სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. მეფევ ბატონო, მართალი”.

“მაინც რამდენი იქნება იგინი?”

“რამდენიც კითხვა ექნება ჩემს პატრონს ჩემთვის მოსაცემი”.

“ამ თევზებსავით ხომ არ ჩაივლიან მერმე ის სიტყვები, ბერიკაცო?”

“არა, ჩემი სიტყვები დუმილში დაიძრებიან ნელა, სავსებით ნელა ჩასწვდებიან მსმენელს და ისე გვიან ეწვეთებიან გულს, როგორც ნარგილეს მილში გავლებული კვამლი თრიაქისა, გვიან მიაღწევენ მსმენელის გულამდის და გვიან, გვიან მიჩვენებენ ზემოქმედებას”.

მეფემ თავი აიღო, ორივე შანდალი უჩვენა თვალით და ეუბნება სტუმარს:

“მე ხშირად ჩამძინებია შენი ჯადოსნური საუბრის დროს, ფარსმან, თუ ახლაც მომეკიდოს რული, ადექი მაშინ, ეს შანდლები აიღე, მცირე დარბაზს რა გასცდები, მსახურები დაგიხვდებიან ტალანში, დღეს მითხრეს ალყა და ქონი გამოლეულა სასახლეში, მიუტანე ეს შანდლები მათ.

უბრძანე: არ გამაღვიძონ, სანამ მალემსრბოლი არ მოვიდეს, პიპა”.

ეს უთხრა და დადუმდა მეფე.

მცირე ხნის შემდეგ ეუბნება ბერიკაცს:

“სიტყვისა და თრიაქის მსგავსება კარგად გამოხატე წეღან, ახლა იგიც მამცნე, რითი არა ჰგავს კაცის სიტყვა ბანგს?”

“რითი არ ჰგავს კაცის სიტყვა ბანგს? “ გაიმეორა ფარსმანმა.

“მხოლოდ იმას ათრობს თრიაქი, ვისაც ასმევენ ხოლმე, მაგრამ სიტყვას ერთს ეტყვი ხშირად და ათასებს ეძგერება, როგორც ირიბად გასროლილი ქვა”.

“ქვაო? ვისა სმენია ირიბად გასროლილი ქვა?”

“ჩემს ბალღობაში ცალიერი კოკების მსხვრევა დამჩემდა ერთხელ, საჯინიბოს კედლის გასწვრივ დავამწკრივებდით ცალიერ კოკებს მე და ჩემი ტოლები. მერმე მივსდგებოდით და კედელს დავუშენდით ქვას. უკუიქცეოდნენ შეტყორცნილი ქვები, განუკითხავად ამსხვრევდნენ კოკებს.

მოგვისწრებდა განრისხებული მზრდელი, დავიფიცავდით: არ გვისვრიაო ცალიერი კოკებისათვის ქვები”.

მეფე დადუმდა, შემდგომ ამისა ეკითბება ფარსმანს:

“რად მეჩურჩულები ამ საღამოს, ფარსმან? მე ოდნავ მთვრალი ვარ, მართალია, თრიაქისაგან, მაგრამ ასე ვგობებ ჯერ შორსაა ძილი, გარდა ამისა, შენ ისე ბრძნულად მესაუბრები, შესაძლოა, არც დამეძინოს დიდხანს” .

“მე ერთი მწვრთნელი მყავდა, სიბრძნისმეტყველი, ქაიროში, აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალი-აშარი ერქვა სახელად იმ ბრძენს, თავათ შლეგივით დაყიალობდა ამ ქვეყანაზე, სხვებს ურიგებდა სიბრძნეს.

იგი ითვლებოდა იდუმალთა მიმთხრობად და ჩურჩულის ოსტატად ალ-ჰაქიმის სასახლეში ოდესღაც.

სწორედ მან მასწავლა, მეფევ ბატონო, მეც, დიდი ჭეშმარიტებანი ჩურჩულით უნდა უთხრაო დიდკაცებს ყურში, ხოლო იგი, რაც დიდ ბაზრებში ყომარბაზობის დროს უნდა წამოგცდეს, ისე უნდა იყვირო, როგორც წყლისა და თაფლის გამყიდველნი ყვირიან ქაიროში, რათა მეჯადაგეებმა და მეხამლეებმა გაიგონონ, თაფლი და წყალი შეისყიდონო შენგან”.

“აბა ერთსა გკითხავ და მალე მაინც მომიგე პირდაპირ”.

“მე არასოდეს არ ვლაპარაკობ პირდაპირ, რადგან ირიბად ნათქვამი უფრო პირდაპირ სჭრის, მეფევ ბატონო, მუდამ.

მე და ჩემ ტოლებს რომ პირდაპირ დაგვეშინა ცალიერ კოკებისათვის ქვები, უთუოდ ცხვირ-პირს ჩაგვილეწავდა მზრდელი.

ათინაში ერთი ღვთაების კერპი მდგარა თურმე, ის ღვთაებაც იდუმალთა მიმთხრობლად მიაჩნდათ ბერძნებს, იგი არაფერს იტყოდა პირდაპირ, ყოველივეს ირიბად ამბობდა, მუდამჟამს ანიშნებდა მხოლოდ”.

მეფემ დაამთქნარა, თვალი დახუჭა, ისევ მიუბრუნდა ფარსმანს:

“ახლა ეს მითხარი, როგორ მოგწონს ხუროთმოძღვარი არსაკიძე, ფარსმან”.

“არა უშავს რა, კარგი ვაჟია არსაკიძე, ლაზი, მაგრამ იგი უკეთ ხატავს, ვიდრე აშენებს. მელქისედეკის მიერ მისი დანიშვნა მაინც ერთ ამბავს მაგონებს უცნაურს”...

“კათალიკოსს არ დაუნიშნავს იგი, მე თავათ ავარჩიე არსაკიძე, ფარსმან” .

“მოხუცი შეკრთა და დადუმდა.

სახლის ბაღში ღრიალებდა ხვადი ავაზა: “ჰურრახ, ჰურრახ”.

“ნუ გეშინია, ჩემო ფარსმან, რაც არ უნდა მითხრა აწი, იმისათვის არ დაგსჯი დღეს”.

“მეფეებს ასე გჩვევიათ, თუ მართლის მთქმელი იმ დღეს დაინდეთ, სამი წლის შემდეგ სამგზის აზღვევინებთ სიმართლისათვის”.

“არც სამი დღისა და არც სამი წლის შემდეგაც... ვფიცავ”.

ფარსმანი ყოყმანობდა და გიორგიმ გაუღიმა.

“მაინც რას გაგონებს არსაკაძის დანიშვნა, ფარსმან?”

“ჯოჯოხეთში მღვდლები გაუწყვეტიათ ეშმაკებს და ყვავი დაუნიშნავსო თურმე ხუცესად ღმერთს”.

მეფემ გადაიხარხარა და ფარსმანი გამხნევდა.

“სვეტიცხოველი როგორ მოგწონს, ახლადნაგები?”

“ახალი წიგნის გამო არაფერა ითქმის, სანამ ათასჯერ არ გადასწერენ მას სხვანი, არც ახლადაგებულ ტაძრის გამო ითქმის ამაზე მეტი, სანამ ათასი წლის მიწისძვრები არ გამოსცდიან ნაგებობას მისას”.

“შენ ისევ ირიბულად ბნელმეტყველებ, ფარსმან”.

“მე მაინც ასე მგონია, მეფევ ბატონო, ახლაც, საუკეთესო წიგნი მაინც იგია, რომელიც ჯერაც არ დაუწერია არავის. რაიცა შეეხება ტაძართაგანს საუკეთესოს, ჯერაც არ აგებულა ასეთი მიწაზე”.

“ახლა ჩემი ვაზირების გამოც უნდა მამცნო მცირედი, რომელი უფრო მოგწონს მათ შორის, ფარსმან? “

“მხოლოდ იგი, რომელიც ერთ დღეს მაინც ეტყვის თავის პატრონს სიმართლეს”.

“მერმე, რომელია ასეთი?”

“ვგონებ, შენს ვაზირებს ყველას სათითაოდ ეშინია შენი, ჩემზე უკეთ მოგეხსენება, მლიქვნელების თათბირები არც ერთ მეფეს გამოსდგომია ჯერაც”.

მეფე თავქვე დაწვა, ხარხარებდა, ხელით იწმენდდა სიცილისაგან გადმოღვრილ ცრემლს.

უფრო და უფრო გამხნევდა ფარსმანი.

“მეფეებს ერთი უბედურება სჭირთ ასეთი: მშიშარანი რომ ვაზირებად არ გამოდგებიან, ეს ხომ ისე თვალსაჩინოა, როგორც არაგვის დაღმა დინება?”

“უეჭველად სწორია ეგეც”.

“მაშ თუ ეს სწორია, რა უნდა ჰქნას მეფემ? ჯერ არც ერთი მეფე ჭკვიან ვაზირებს არ გაუხდიათ ბრძენი. თუ ისეთი ვაზირები გაიჩინა, რომელთაც მეფის შიში აღარ ექნებათ, მაშინ ისინი თავათ წაეპოტინებიან ტახტს! “

ეგეც დაუმოწმა მეფემ.

ღიმილით ეკითხება ისევ:

“კიდევ რა სენი სჭირთ მეფეებს, ფარსმან?”

ფარსმანი დადუმდა, შეყოყმანდა ოდნავ.

“მე უკვე მიწია ნასადილევს მოწეულმა თრიაქმა, შენი სიტყვების ზეგავლენა ჯერაც არსად სჩანს, შენ ხომ იცი, სიმთვრალეში ფრიად კეთილი რომ ვარ, ფარსმან?”

“შენ სიფხიზლეშიაც კეთილი ბრძანდები, მეფევ ბატონო, მუდამ”.

მეფემ ყური არ ათხოვა უკანასკნელ სიტყვებს და განაგრძო:

“ერთხელ ვიღაც მთვრალმა მდაბიორმა ცხენი გამომიკლა მცხეთაში, მე გამიხარდა, თავათ რომ გადავრჩი, გარდა ამისა, მთვრალი ვიყავი, მდაბიორის სამოსში გადაცმული, ამიტორც არაფერი ვაკადრე მთვრალს”.

“ეგეც მსმენია, მეფევ ბატონო”.

მიუგო ღიმილით ფარსმანმა.

“კიდევ რა ზნე სჭირთ მეფეებს, ეგეც მითხარი ბარემ”.

“ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა. მეფე ყოველ ქვეყანაში მარტოხელაა და ერთადერთი, იგიც ხომ ცხადია, მარტოსული არასოდეს იქნება მთელი.

რამდენად უფრო აღმატებულია მარტოსული, მან უფრო კარგად იცის, რომ ერთი კაცი თავის უდიდეს სიბრძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ”.

“მერმე, მერმე?”

ეკითხება მეფე და შესცქერის თრიაქისაგან აღრეული თვალებით ბერიკაცს.

“მერმე მიმოიხედავს ხოლმე მარტოსული იგი და რაკი თავის მსგავსს ვერავინ ნახავს სხვას, მას ხელიდან ეცლება უძვირფასესი სამკაული კაცთა მოდგმისა, თავმდაბლობა”.

ორივენი დადუმდნენ, სასახლის ბაღიდან ისევ მოისმა დაცალებული ავაზის “ჰურრახ, ჰურრახ”...

“ნამდვილი თავმდაბლობა, - განაგრძო ფარსმანმა, - არასოდეს აურიო მონისა და მლიქვნელის თავმდაბლობაში, არც იმ გლახაკის თავმოდრეკილებაში, სამოგვის თასმებს რომ უკოცნის პატრონს.

უდიდესი უბედურება მაშინ ეწვევა კაცს, როცა მას დაავიწყდება, რომ კაცთაგანი, უფლისწულია ყოველი.

მეფეებსა და შლეგებს ზნედა სჭირთ ხოლმე, სხვაზე უფრო აღმატებულად შერაცხავენ თავისთავს და ვინც მათ გაუტოლდება, თავს წააცლიან უთუოდ, ხოლო იგი, ვისაც უმცირესზედაც აღმატებულად თავი მოაქვს, სწორედ იგია ქედმაღალი, მეფევ ბატონო.

მე რომ მესსია გზაში შემეყაროს და მითხრას, სხვას ჯობიხარო, ასე მივუგებდი: შენ არ ყოფილხარ-მეთქი მესსია.

მეფეები და ლომები მარტოობაში ხდებიან გულზვიადნი. აზვავდებიან და მოიწყენენ, მარტოხელნი იღუპებიან კიდევაც”.

ფარსმანმა კვლავ გაიგონა ხვადი ავაზას ღრიალი:

“ჰურრახ, ჰურრახ”

მწუხრი უკვე მოსწოლოდა დიდი დარბაზის სარკმელს, დახედა მეფის სარეცელს.

თვალდახუჭული იწვა მეფე გიორგი. ცვილის სინათლისგან მოფენილი შუქი უსიცოცხლო სიყვითლეს აძლევდა მის სახეს. იგი მძინარეს როდი მიაგავდა, არამედ მიცვალებულს.

დასძინებიაო, გაიფიქრა ფარსმანმა.

ადგა, შანდლები თან წაიღო და ფეხაკრეფით გაიპარა სულგანაბული.

მცირე დარბაზის ტალანამდისაც არ იქნებოდა მისული იგი, უშიშარაისძე შემოვიდა საწოლის დარბაზში.

მეფე წამოდგა და ეუბნება მალემსრბოლს:

“ფარსმან სპარსმა ვერცხლის შანდლები მოიპარა, ერთი წამოეწიე, პიპა, და ორიოდე პანღური ამოჰკარი მაგ ბებერ ძაღლს”.

* * * * * * * როცა გიორგი და პიპა სასახლის კიბეზე ჩამოდიოდნენ ფარსმან სპარსი იქვე იჯდა. წამოდგა, მეფეს მიეახლა და მოახსენა:

“შენ აკი დამპირდი, მეფევ ბატონო, არ დაგსჯიო სიმართლის თქმისთვის?”

მეფემ წარბები აწკიპა, გაიკვირვა თითქოს ერთბაშად.

“??? განა სიმართლისათვის გაგაპანღურეს მართლა? ეს შანდლების მოპარვისათვის დაისაჯე დღეს”.

ფარსმანი გაოცდა.

მეფემ გაუცინა და ეს უთხრა მოხუცს:

“შენ ირიბი ზმები გყვარებია, ჩემო ფარსმან, ხოლო ირიბი პანღურები მეფეებს სჩვევიათ ხოლმე”.

* * * * * * *

ერთი სიმართლე მაინც დაუმალა ამ საღამოს ფარსმანმა გიორგის, მან შეატყო, ჟამის სვირინგები რომ აჩნდა ეზოსმოძღვარს, კიდევ ერთი რამ მოახსენა გიორგის მცდარი ამბავი და ამის გამო წაიკითხე ეს:

შ ე გ ო ნ ე ბ ა:

ერთხელ სამი მუსიკოსი გამოსულიყო მოედანზე საღამოს.

იდგნენ და უკრავდნენ ტკბილად.

გარსმოჯარული ხალხი ფერხულს უვლიდა მათ გარშემო. გაიხარებდნენ სალამურის, ჭიანურისა და სტვირის შეწყობილ მუსიკობისაგან აღტყინებულნი.

ერთი ყრუ მიეახლა ამ მუსიკოსებს, მას არც ხმა ესმოდა და არც სიტყვა.

რა სულელია ეს ხალხი!

გაიფიქრა ყრუმ.

სამი კაცი ხელს აფათურებს, ერთს ლერწამი გაურჭვია პირში, მეორეს ძელის ნაჭერი აუღია და ძელისავე წკეპლით უხახუნებს ზედ. ხოლო მესამეს გაბერილი გუდა პირთან მიუტანია და ეს ამდენი ხალხი შლეგურად როკავს ამ ამბის შემყურე!

როცა ოსტატის მიერ შესრულებული ქმნილების დიდებულებას ვეღარ ჰხედავს შურისგან აღვსილი, ხელმოცარული ოსტატი ვინმე, იცოდე, მკითხველო, ამ ყრუს მიაგავს იგი, იმ სამთა ტკბილი მუსიკოსის ვერ შემსმენელსა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.