prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი LI

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– LI –

მახვილო,

მახვილო, აღსდეგ, რათა ელვიდე ხილვას

შენსა ამაოსა და მისნობასა შენსა

ცრუსა.

მეფე გიორგი სავსებით მოულოდნელად ჩამობრუნდა სამშაბათს მცხეთაში. ზვიადმა საკაცით მოაყვანინა სასახლეში ხუროთმოძღვარი მეფისა, წვრილად გამოჰკითხეს მას ყოველივე.

ცხადი იყო, ეს გამომწვევი თავხედობა მამამზე ერისთავისა ომის საბაბის ძიება იყო მხოლოდ.

იმ დილითვე აფრინეს მალემსრბოლი ყველის ციხის პატრონთან.

საღამოს დარბაზის ერნი აწვია მეფემ. ერთხმად გადაწყდა: ერთი კვირიაკეს მოქცევის შემდეგ ლაშქარი წარეგზავნათ, ბალავრიანად ისე დაერღვიათ ქორსატეველას ციხე, მესახსოვრეც არ დარჩენილიყო მამამზის ოჯახიდან.

რაღაც ბედად შავი ჭირი მოეშვა ხალხს.

მეორე დღეს ახალი ცნობები მოიტანეს ზვიადის მსტოვრებმა: მუროჩი ქალუნდაური და ხუთი ხევისბერი მამამზეს მიმხრობოდნენ. მხოლოდ უშიშა ღუდუშაური შერჩენოდა კვეტარის ერისთავს.

ასე რომ, მარტოოდენ წანარნი და ოვსნი როდი უწევდნენ თანადგომას მამამზეს, არამედ ფხოვის ხევისბერები და მათი ლაშქარიც.

ციხოვანსა და უციხო აზნაურებს წანართა მხარისა ქორსატეველას ბასტიონში გაეხიზნათ დედა-წულნი, საცხოვარი და ხვასტაგი. ციხესთან მისასვლელი ,,იწროები" გაემაგრებინათ, კოლონკელიძის ასული და დიაკონი ზნაურაჲ დილეგში ჩაეგდოთ, ხოლო შორენას საწმერთული, ხოხბისყელისფერი, თავადიციხის ზეთავზე დაეკიდნა ტოხაისძეს.

ხელახლა შეემუსრათ მონასტრები და ეკლესიები, ცხენის ძუაზე გამოებათ მღვდლები.

იმავე დღეს გზირები წარგზავნა ზვიადმა მთაში, ჩრდილოდან უნდა მოეარნათ ქორსატეველას ციხისათვის. მამამზეს წარდგომოდნენ, "ვითარცა კალატოზნი, საშოვარის მაძიებელნი" , რადგან იცოდა გიორგიმ, სწორედ ხელოსნები სჭიროდა იმჟამად ერისთავს, ციხეების შემკეთებელნი.

უშიშარაისძეს, პიპას, ერთი ქისა ოქრო გაატანეს, დაავალეს: რომელიმე გოდოლის კლიტენი ჩაეგდო როგორმე ხელში.

შაბათ დილას კახაი მოვიდა ლაშქრითურთ, სამცხის ჯარების პატრონი, ხოლო ნაშუადღევს გირშელმა მოაწია. ათასი რჩეული მოისარი თან ახლდა ერისთავს, ორი ათასი შუბოსანი, შავშეთელნი, მხოლოდ მიმწუხრზე შემოვიდნენ მცხეთაში დაფდაფების ცემით.

მეორე დღეს უთენია გავიდნენ ჯარები.

სეფე დროშა წარუმძღვარეს ლაშქარს, დროშას ჯვარის მტვირთველი და მთავარეპისკოპოზი მიჰყვებოდა თოროსან ცხენზე შემჯდარი, თავათაც თორი ეცვა რაჟდენს.

გირშელი მემარჯვენე ლაშქარს უსარდლეს, სამცხის ჯარებს კახაი, ხოლო მემარცხენეს ზვიად სპასალარი.

მეფე მოგვიანებით გავიდა მცხეთიდან, აფხაზ მოისართა ერთი ათასეული, ექვსასი შუბოსანი ქართლელი და ლოდსატყორცნები უკან მიჰყვებოდა მეფის ამალას.

თავის ოქროსფერ ულაყზე იჯდა გიორგი, ბაგრატეული მუზარადი ეხურა, ოქროცურვილი, სალმასურის თორი ეცვა ვერცხლისა.

გირშელი დაუზოგავად მიერეკებოდა ჯარებს, იხოცებოდნენ ქუშამომჯდარი ცხენები, ყველის ციხის პატრონმა გადაასწრო ზვიადისა და კახაის ათასეულებს.

ბინდდებოდა, როცა ქორსატეველას ციხე გამოჩნდა, ოთხი გზირი შემოეგება ერისთავის ლაშქარს.

უშიშარაისძე პიპა და სამი მსტოვარი კალატოზებად აეყვანა ტოხაისძეს მიწისძვრისაგან დაზიანებული გოდოლების შესაკეთებლად, ვიწროები საგორავებითა და ხანდაკებით გაამაგრესო.

ტოხაისძე ოვსთა ჯარით დაგიხვდებაო ვიწროების ყელთან. ქორსატეველას ექვსი ათასი მეომარი იცავსო, წანარნი, ფხოველნი და ოვსნი.

უკვე შეღამებული იყო, როცა ზვიადი წამოეწია გირშელსა და მის ლაშქარს. ყველის ციხის პატრონი ვეღარ ითმენდა, შეღამებამდის ვეძგეროთო იწროებს.

სპასალარი დილამდის არ აპირებდა შეტევას. წალაპარაკდნენ გირშელი და ზვიადი, სამცხის ჯარების პატრონი ჩაერია მათ პაექრობაში. როგორც იქნა, დაუჯერა გირშელმა კახაის, ერისთავთაგანს უხუცესს.

ბოლოს მეფემაც მოაწია და ტყეში გაათია სამივე ლაშქარმა ღამე.

გარიჟრაჟზე ნისლი დაეცა ტყეს.

გათენდა, მაგრამ ჯანღი არ აპირებდა გაფანტვას.

გირშელის სპანი გამოვიდნენ პირველად ველზე, აქ კი სავსებით უცნაური სანახაობა დაუხვდათ შავშეთელებს. იწროების ყელთან შავნაბდიანი მხედრები იდგნენ, ჯერ ისრები დაუშინეს სპათა. ხმა არ გაიღეს შავით მოსილთა.

მაშინ შემართული ჰოროლებით ეძგერნენ გირშელის ცხენოსნები შავნაბდიანებს მხარმარცხნიდან. მხარმარჯვნიდან ზვიადის ჯარებმა შეუტიეს მტრებს, მაგრამ სად იყვნენ მტრები?

საომარი ხრიკი ეხმარა ტოხაისძეს, ველზე დარჭობილ ჯოხებისათვის ჩაეცვათ ნაბდები, მთიულური ქუდები ზედ დაეხურათ.

როცა ეს საფრთხობელები გადალახეს მეწინავე მხედრებმა და სიცილით მიაშურეს ვიწროებს, ველზე გამართულ ხანდაკებიდან ამოცვივდნენ ოვსები და ფხოველნი. ჰოროლები აძგერეს სამეფოის სპათა. ცხენები დაუხოცეს მეწინავეებს.

სამი მხრით შეუტიეს გირშელმა, კახაიმ და ზვიადმა. უკუაქციეს მეამბოხენი. იწროებში შერეკეს მტერი.

იწროებს ქარაფები ახლდა მარჯნითა და მარცხნით, ცხენოსნები ზედ ვერ ადიოდნენ. ოვსნი და ფხოველნი თხებივით დახტოდნენ, ქვებსა და ისრებს უშენდნენ ხევში შემოსულ ლაშქარს, ღრიალებდნენ, კვარის ჟინჟღილებს ატრიალებდნენ, ამგვარად აფრთხობდნენ ცხენებს.

სცეს საყვირები შავშეთელებმა და ეკვეთნენ ოვსებს. მაშინ დაუშვეს ქარაფებიდან საგორავები, იჟლიტებოდა ცხენი და კაცი, ფრთხებოდნენ გახელებული ულაყები, კლდეზე ახლიდნენ თავიანთ მხედრებს.

შედრკნენ შავშეთელნი და სამცხელნი, უკუქცევას დაადგნენ წინანი, ხმალი იშიშვლა სამივე სარდალმა, უყივლეს მონასპებს, შებღავლეს ჯარს: "მზეგრძელი იყოს მეფე გიორგი!"

ისევ დაუშვეს ქარაფებიდან საგორავები. თვალის დაფახულება ერთი, ცხენსა და კაცს სისხლის გუბედ აქცევდნენ ლოდები.

ქვის ნამსხვრევებიც თვალებს უვსებდნენ მხედრებს.

ცხენი გამოუკლეს გირშელს, კახაის პირში ეცა კაჟის ნამუსრევი. ბაგეებიდან გადმომსქდარმა სისხლამა შეღება მისი მშვენიერი, თეთრი წვერი.

გირშელი ქვეითად გაუძღვა თავის ჯარს. წარბიც არ შეუხრია კახაის. ჰოროლსა სცემდა მოხუცი სარდალი ოვსებს თანაც ამხნევებდა სამცხელ შუბოსნებს .

სისხლში ამოგანგლული მხედრები და ცხენები აქელებულნი მიდიოდნენ აღმართში, ჰოროლითა და ხმლით ჰკაფავდნენ მტრებით დახერგილ გზას.

ბოლოს, ჭილყვავივით გამოცვივდნენ ხმალშემართული ოვსები. შემზარავი ყიჟინით შეებნენ მეწინავეთა. შედრკა გირშელის ლაშქარი. უკუიქცნენ დაფეთებული ცხენები.

რა დაინახეს მეფე გიორგი მოდისო, ისევ შებრუნდნენ ნაგვემი მხედრები.

დაწინაურდნენ აფხაზები და ქართლელები. ომებში მრავალნაცადი მახვილი გააშიშვლა მეფემ. დეზი ჰკრა თავის ოქროსფერ ულაყს.

სწორედ ამ ადგილას ფართოვდებოდა ხევი. გადმოიჭრნენ ლოდების საფარიდან ოვსთა და წანართა აზნაურები. ოვსთა თავადი მიუძღოდა მათ თუზარაი. ყორნისფერ ულაყზე იჯდა ყორანზე უშავესი დევკაცი.

ხმალშემართულმა მოაშურა მეფეს. შემოუქნია გიორგიმ მახვილი სამკლავიანად წააჭრა მკლავი.

დაწინაურდნენ აფხაზები და სამცხელები სცეს ჰოროლები წანარებსა და ოვსებს თხების არვესავით წინ გაირეკეს აზნაურები.

იწროები მოათავეს თუ არა, ტოხაისძე შეება ოვსთა ჯარით გიორგის. ჩალის ღერებივით დაულეწეს მთეულებს ხმლები სამეფოის სპათა, უკუაქციეს მტერი.

ტოხაისძე დაიჭრა მსუბუქად, სამი აზნაური დასტოვა ველზე, ასიოდე მხედარი და ერთიც, ხევისბერი, მისურაული ზეზვაი.

ციხეში შებრუნდა ტოხაისძე, დაგმანეს გოდოლის კარები.

მეფემ ბრძანა და ზვიადმა კაცი მიუგზავნა მამამზეს:

ნუ დაგვაღვრევინებო ამაოდ სისხლს მეფის სახელით ჰპირდებოდა: კიდე ერთხელ გაპატიებთო განდგომას. ბაგრატ კურაპალატის სიყრმის მეგობარს. თავადიციხეც უვნებლად დაგრჩებათო სიბერისათვის შენ და ბორდოხანს.

შემოთვალეს ციხიდან: დედოფალი მობრძანდესო, თუ მარიამ მაცხოვრის ხატზე დაგვიფიცავს, მხოლოდ იმას მივენდობითო.

უპასუხა ზვიადმა მოციქულების პირითვე :

ავადააო დედოფალი, უფლისციხეში.

მაშინ მეფემ ბრძანა და საფარები ააგებინა ციხის მისასვლელებთან, ლოდსატყორცნებიდან დაუშინეს ოთხივე გოდოლს.

ახლა მამამზემ გამოგზავნა შუაკაცები:

მელქისედეკ კათალიკოსი მოვიდეს, უფიცოდ ვენდობითო მღვდელმთავარს. არტანუჯშიაო მელქისედეკ კათალიკოსი, დააბარა ზვიადმა წარგზავნილს. მცხეთის მთავარესპიკოპოზი რაჟდენი მოვაო კათალიკოსის ნაცვლად.

კარავი დაადგმევინა პირველი გოდოლის მახლობლად მამამზემ.

თავის კარავიდან უჭვრეტდა გიორგი.

გამოვიდა თეთრწვერა, ახოვანი მამამზე, გაფითრებული სავსებით.

უთოროდ, უმუზარადოდ, ჯვარაპყრობილი მიეახლა რაჟდენი.

დაიჩოქა მამამზემ. ცალი ხელით ხმალს დაებჯინა. ჯვარს წაეპოტინა ცალითაც. ეამბორა ზედ. შემდგომ ამისა ეპისკოპოსს ემთხვია ხელზე.

მცირე ხანს ისაუბრეს ორთა: ბოლოს ისევ ციხეში შევიდა ერისთავი, და რაჟდენმა ეს მოახსენა მეფეს:

მამამზე შევრდომებას მოითხოვდა არა მარტო თავისთვის, ოსთა და წანართა აზნაურებსაც არ უნდა ვნებოდა რაიმე, ქორსატეველას ციხის პატრონად უნდა შეერაცხა მეფეს ერისთავის ასული კატაი, და მისი ქმარი ტოხაისძე შავლეგ.

კოლონკელიძის ასული ოსთა მეფის უმცროს ვაჟს, ვარაზს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, კვეტარის ციხე მზითევად უნდა რგებოდა შორენას.

თორი ჩაიცვიო, ეუბნება კათალიკოსის მოსაყდრეს მეფე, უსიტყვოდ გავიდა კარავიდან, სამასი მონასპა წარგზავნა ქორსატეველას ბასტიონის გარშემო მცველად გზებისა,ხუთი კალატოზი წყაროების მოსაწყვეტად გაატანა მათ.

გირშელ ერისთავმა აიჩემა: მე ავიღებო პირველ გოდოლს მზის გადახრამდის. ზვიადს არ ეპრიანა ეს, მაგრამ დადუმდა. მეფემ ბრძანა და სეფე დროშა აიღო დროშის მტვირთველმა. სცეს საყვირები სამეფოის სპათა და მიუშვეს პირველ გოდოლზე გირშელის ლაშქარი.

კვლავ გააშიშვლა ყველის ციხის პატრონმა მახვილი, სარკინოზების სისხლით შესვრილი მრავალგზის.

ჩამოეგებნენ ხმალამოწვდილი აზნაურები ციხიდან, მაგრამ დაწინაურდა გირშელი, თივასავით დასცელეს მეციხოვნე სპანი შავშეთელთა.

ქოსსა ჰკრეს ქორსატეველას ციხეში. ახალი და ახალი რაზმეულები მოერთვნენ პირველი გოდოლის მცველ ფხოველებს. ისევ გამოუკლეს ერისთავს ცხენი, მისწვდა განრისხებული გირშელ ცხენის მკვლელის ბედაურს უკანა ფეხზე. ბატკანივით დაითრია იგი და მხედრიანად გადასტყორცნა კბოდედან.

ახალი ცხენი მოართვა მეაბჯრემ, ფიცხლად მოახტა, ისევ უყივლა რისხვიანად ჯარს, ისე დაერია ოვსებსა და წანარებს, როგორც ავაზა ძუ მწევრებს, ბოკვერების წარმტაცებელთა.

"მაშინ ჩამოუშვეს გოდოლის ჩარდახიდან საგორავნი ურიცხვნი, დაასხეს ქვა და შუბი მსგავსი წვიმისა. შე იქმნა სიმრავლე ისრისა, ვითარცა სეტყვა, ზემოდან ნატყორცნმა ისარმა ფარი და ჯაჭვიანი კაცი გაიარა, სანახევროდ ჩაერჭო მიწაში".

შედრკნენ შავშელები, მაგრამ ისე უყივლა ლაშქარს ერისთავმა, კვლავ გამართეს ჰოროლები გირშელის სპათა, ცხედრებზე მიაბოტებდნენ მხედრები და ცხენები, გორგალივით მოგორავდნენ დაღმართში, ზოგნიც ჭიხვინებდნენ და სცვივოდნენ მხედრიანად უფსკრულში, ილეწებოდნენ ჯაჭვის პერანგები, გოგრებივით სქდებოდნენ მუზარადები.

მოუთმენლობამ შეიპყრო გიორგი, თრიაქსა სწევდა დაუცხრომელად, აღარ იცოდა, რომელი უფრო შეაწუხებდა: გირშელის გამარჯვება, თუ დამარცხება?

ზვიადი ნაწყენი იყო გირშელის მიმართ, პირველი გოდოლის შელეწვაც თავათ ეწადა, იცოდა, არც მეფეს უხაროდა ეს. გულის გარედან ეუბნება გიორგის:

მაშველ ჯარს თხოულობსო ყველის ციხის პატრონი.

ასე ვარაუდობდა მეფე: თუ პირველ გოდოლს გირშელი აიღებდა, თავადიციხე მას დარჩებოდა, გაახსენდა: მცხეთაშივე დანაქადნები მის მიერ: ქორსატეველა თუ ავიღე , მეორე დღესვე შევირთავო კოლონკელიძის ასულს.

ბრაზი წაეკიდა ამ ამბის გულში გამვლებელს, ახლა იგიც მოაგონდა: მოგაცილებო გირშელს, შორენას რომ შეჰპირდა ავაზებით ნადირობისას. ეუბნება ხმადაბლა სპასალარს:

"მე ასე მგონია, ზვიად, ამაოდ შეაწყვიტა პირველ გოდოლს გირშელმა სპაი".

მერმე ეს უნდოდა ეთქვა: ნუ მიაშველებო ლაშქარს, მაგრამ ბაგენი მოკუმა და მცირე დუმილის შემდეგ ასე უთხრა:

"უკუიხმე ახლავე ერისთავი, ღამეს შევუცადოთ, ეგებ ციხის კლიტენი მოგვაწოდოს პიპამ".

"მეც ასე მგონია, მეფევ ბატონო, კარგი ვაჟკაცია ერისთავი გირშელ, მაგრამ მოქნევას მოზომვა სჭირია წინასწარ. თუ თქვენი ბრძანება იქნება, ინათლებს თუ არა, მე გავუძღვები აფხაზთა ათასეულს და სამცხის ჯარებს, მზის ამოსვლამდის ჩაგაბარებ პირველ გოდოლს ".

მოახსენეს თუ არა გირშელს, უკუქცევას გიბრძანებსო მეფე, განრისხდა ერისთავი. ახლა ჯიბრზე გაუდგა სისხლისმიერ ნათესავს. თანაც გაახსენდა ფხოვში ნათქვამი მის მიერ: ჩემთან ჯიბრი გადაგიტანსო, გირშელ. მაინც არ შედრკა უჯიათი ვაჟკაცი, რომელსაც დასცინოდა კიდევაც ხუმრობით მეფე: რწყილებისა და ავაზების გეშინიაო.

კვლავ შეუზახნა ლაშქარს, სცეს საყვირები შავშეთელებმა ხელახლა, დაწინაურდა გირშელ, გააალმასა ხმალი და ისე შეება მტერთა სიმრავლეს, როგორც ავაზა მთელს ქარავანს სპილოებისას.

შედრკნენ ოვსნი და ფხოველნი. ტოხაისძემ ციხის კარებთან დასტოვა კავკასიონის ნაძვებივით აშოლტილი ვაჟკაცები, მკერდგანგმირულნი, ციხეში შეასწრო თავათ.

ხელახლა გადაჰკეტეს გოდოლის კარნი.

მაშინ უბრძანა ყველისციხის პატრონმა შავშთა ათასეულის უფროსს: შესტეხეთო ციხის კარები.

როგორც იქნა, შეანგრიეს რკინის ჭიშკარი.

პირველი შეიჭრა გააფთრებული ერისთავი გოდოლში, ხევისბერი მუროჩი ქალუნდაური შემოეგება ხმალშემართული. შემოუტია მამაცმა ბერიკაცმა გირშელს, გადმოუქნია ხმალი, აქაც არ შედრკა ერისთავი, ხმლის გამართვა ვეღარ მოასწრო, ლაჯებში სცა მახვილი მტერს .

წაიქცა ხევისბერი თუ არა, ეძგერა ერისთავს გოდერძი ქალუნდაური, გიორგის მიერ ნაჩუქარი ხმლით გადაუჭრა მახვილი, მეორეჯერ შემოუქნია, თორიანად გააპო გირშელ.

ისევ ჩაჰკეტეს გოდოლის კარები, უკუიქცნენ მოზღვავებულნი სპანი.

* * * * * * *

ბინდმა გაჰყარა მებრძოლნი.

ბანაკი დასცეს ციხის გარშემო სამეფოის სპათა, კოცონები აანთეს, გზები შეჰკრეს და წყაროები მოსწყვიტეს ირგვლივ.

ნაშუაღამევს თითისტარი დაეცა მეწინავე გუშაგების ფერხთით, პირველი გოდოლის კლიტენი ზედ იყო მიბმული.

ახლა წიგნი დაახვიეს თითისტარზე.

მეფე ეკითხება უშიშარაისძეს, პიპას: რა ბედი ეწია ყველის ციხის პატრონს?

ისევ გადმოაგდეს თითისტარი.

ფხოველმა, გოდერძი ქალუნდაურმა ხმლით აკუწაო გირშელი.

მთელი ღამე არ სძინებია მეფეს. იგონებდა ყრმობას, გირშელთან გატარებულს, მასთან ალერსსა და მასთან გაჯიბრებას.

ფხოვი მოაგონდა და ძმადნაფიცი ქალუნდაური.

გამოუტყდა თავისთავს: უხაროდა დედის დისწულის სიკვდილი. გუშაგები ყიოდნენ ბნელში, ცხენები ტკბილად ახრამუნებდნენ თივას, გიორგი პირქვე იწვა თავის კარავში და ფიქრობდა თვალდახუჭული.

როცა მამლებმა იყივლეს ქორსატეველას ციხეში პირველად, მან გადასწყვიტა მტკიცედ: თუ შორენას უვნებლად გამოიყვანდა ციხიდან, ერთ კვირაში ცოლად შეერთო იგი.

ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა საყვირები სცეს სამეფოის სპათა. ციხისთავმა კაცი გამოუგზავნა, პატიება ითხოვა მამამზემ. პასუხი არ გასცა მეფემ. ლოდსატყორცნები დაუშინეს ოთხივე გოდოლს.

მაშინ ამოსცვივდნენ თავადიციხისა და გოდოლების ჩარდახებზე მამამზის სპანი, ჯვრები ეჭირათ ხელში, ყვიროდნენ:

"მზე გრძელი იყოს მეფე გიორგი" .

სამზერებიდან, ქონგურებიდან უჩვენებდნენ გარს მოჯარულ ლაშქარს ხის ჯვრებს და კვლავ ყვიროდნენ:

"მზე გრძელი იყოს მეფე გიორგი" .

გიორგის აღარ უნდოდა სისხლის ღვრის გაგრძელება, მაგრამ ზვიადი ურჩევდა: ეგ ტოხაისძის მიერ მოგონილი ხრიკიაო, ახალი, ციხეში შეგვიტყუებენ, საგორავებს დაგვიშენენ, თავებს წაგვაჭრიანო დიდსა და მცირეს.

მაშინ გაუსია მეფემ ლაშქარი ოთხივე გოდოლს, მხოლოდ მესამე დღეს შელეწეს თავადიციხის კარები, ციხისთავი შემოეგება მეფეს, სამი გოდოლის კლიტენი მოართვა, ფერხთით დაუვარდა გიორგის.

პირველი გოდოლის კლიტენი რა უყავიო?

ეკითხება მეფე.

მოიპარესო, მეფევ ბატონო.

კარგად იცოდა მეფემ, უშიშარაისძემ პიპამ რომ მოისყიდა ციხისთავი.

ზვიადს მიუბრუნდა: თავი მოსჭერით პატრონის მოღალატეს და მამამზე ერისთავს მიართვითო ახლავე .

თავადი ციხის მთავარ დარბაზში ჩაკეტილიყო მამამზე, როცა მეფის ძღვენი მოართვეს, გაოცდა ფრიად.

გიორგი და ზვიადი შეიწვია დარბაზში, ფერხთით დაუვარდა მეფეს, მუხლზე აკოცა და პატიება ითხოვა.

წარბიც არ შეუხრია გამარჯვებულს.

ეკითხება:

ჩემი ძღვენი თუ მიიღეო?

მადლი მოახსენა ერისთავმა.

"ასე მჩვევია, ერისთავთ-ერისთავო, მე. მოღალატეს არ უნდა შერჩეს თავი მხრებზე. შენ გინდოდა გაგეგო ძვალთა და რკინათა მკვეთელი რკინის საიდუმლო როგორმე, ამასაც გამოცდი საკუთარ თავზე ".

გაიყვანეთო, ბრძანა ზვიადმა.

ციხის ზეთავიდან ჩამოიღეს შორენას საწმერთული, მამამზე ერისთავის ჭაღარა თავი აღმართეს ზედ.

ტოხაისძეს საბელი მარყუჟად მოახვიეს ყელზე, ორ ცხენს მიაბეს საბელის თავები, სცეს ორთავეთა ამიერ და იმიერ, თავი წაწყვიტეს სახლთუხუცესს.

ოთხი ხევისბერი მოაშთვეს იმ დილით.

ქორსატეველას ციხე ზღუდიანად დაარღვიეს.

შორენა გაჭაღარებულიყო ტყვეობში სრულიად, მაინც ჰშვენოდა მშვენიერი მხცით შემკული თმა.

მცხეთაში ჩამოიყვანეს ერისთავის ასული, გურანდუხტს ჩააბარეს ისევ.

ძლივს მოჰკრიფეს გირშელის ცხედარი, ასო-ასოდ აკუწული ფხოველთა მიერ. იტირეს წესისამებრ და სამთავროში დაფლეს, კანკელის წინ, სწორედ იმ ადგილას, სადაც მეფეებს, კათალიკოსებს და ერისთავებს ასაფლავებდნენ წესისამებრ მაშინ.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.