– XXXIX –
ლელიანი ჭაობები დაიწყო, ახლა ექვსი მონადირე უკან მიჰყვებოდა მწვანე ეტლს, ეშველებოდნენ ტლაპოებზე გადასვლისას ცხენებს.
ლაქაშიანი ველებიდან დგებოდნენ ხოხბები, გარეული ტახები ფრთხებოდნენ. ლიწინლიწინი გაჰქონდა ლელს.
საწყალობლად წიოდნენ ხოხბის ლაპები ღიჭიანებში.
ბოლოს მიადგნენ ლაშქარათი მოფენილ ტაფობს, ზღვის ყურესავით მთების უბეში შეჭრილს.
სამივე კიდით მთები გარს ერტყა მას, სამხრეთიდან ზედმომდგარიყო თვალუწვდენელი, შიშველი ტრამალი.
მენადირეთუხუცესი ჭენებით წამოეწია მეფეს.
მარეკები უნდა ავგზავნოთო მთების კალთებზე. დამფრთხალი ნადირი ტაფობში გადმოვა, მარეკები თან ჩამოჰყვებიან.
ტაფობისა და ველის მიჯნაზე უნდა დავახვედროთო ავაზები მშვლებს.
მენადირეთუხუცესი სწუხდა, მადევრები რომ არ გამოდგებოდნენ მშვლების გამოსარეკად იმ დღეს, რადგან მოგეხსენება, ავაზას ძაღლის ხორცი უყვარს, როგორც კი მადევრებს დაინახავს, მშვლებს თავს დაანებებს და ძაღლებზე გამართავსო ნადირობას იგი.
დიდხანს იყვნენ ხმაგაკმენდილი ცხენოსნები ველის მიჯნაზე, ბოლოს ჩრდილოეთიდან შემოესმათ დიდი ბუკის ხმა, მთების კალთებზე შემოსულმა მარეკებმა ასტეხეს დაფდაფების ცემა.
მამალი ხოხბები დგებოდნენ ლაშქარასა და ანწლის ტევრებიდან. სტკბებოდნენ მონადირენი ამ მშვენიერი ფრინველების შორიდან მზერით, გარბოდნენ გოჭებიანი ტახები ტყისკენ.
სრული მყუდროება დამყარდა ტაფობზე, ნიავიც არ იძვროდა ირგვლივ.
მონადირენი უკვე ამჩნევდნენ შორიდან ლაშქარას წვეროკინების ტოკვას, ახლა გიორგიმ და გირშელმა დაინახეს თუ როგორ მოფრთხიალობდა ტაფობზე ორი ფრინველი, ფრინველი კი არა, ოთხი ყური ორი მშველისა.
გიორგის შეეშინდა, ვაითუ შეგვნიშნონო, გაიტვრინონო ლაშქარას ჩირგვებში.
გირშელი ასე ამბობდა, რაკი ფერდობებიდან ტაფობში გადმოიხვეწნენ, უთუოდ გამოვლენო ველისპირზე ისინი.
ბოლოს გიორგიმ თვალი ჰკიდა თუ როგორ ისკუპეს ლაშქარას ზღვიდან მშველებმა და გაჭენდნენ ტრამალზე.
ასიოდე უტევანიც არა ჰქონდა წინ მიმავალს განვლილი, წითელი აბრეშუმის რიდე აჰხადა უშიშარაისძემ ავაზებს.
გასაოცარის სისწრაფით გაეკიდნენ ძუ და ხვადი შუნსა და ხარმშველს.
მეფემ, შორენამ, “თევზისფერმა ძროხამ”, მისმა ასულმა, გირშელმა, არსაკიძემ, დაჩიმ და მისმა მეუღლემ, მთელმა ამალამ მოსწყვიტა ადგილიდან ცხენები.
მხედრები ძლივს ატანდნენ თვალს თუ როგორ ელავდნვნ ცეცხლასფერი ზოლები მშვლისფერ ტრამალზე.
ორივენი გამალებული მისდევდნენ თითქმის ფრენაზე გადასულ მშველებს.
ელვასებრ მიჰქროდნენ ავაზები ტრამალზე. მათზე უმშვენიერესს არსებას ჯერაც არ გადაელახა ეს მწვანე ტრამალი.
ისეთი სისწრაფით მიჰქროდნენ ცხენებიც, მუცლით ზედეკვრიანო მინდორს, მაინც ორიოდე უტევანის მანძილზე უკან რჩებოდნენ ცხენები ავაზებს.
თავდაპირველად გიორგი და გირშელი მიუძღვოდნენ ცხენოსნებს წინ, მალე მოიღალა გირშელის ცხენი, ახლა შორენას თექური ჭაკი წამოეწია ოქროსფერ ულაყს.
დეზი ჰკრა არაბულ იაბოს არსაკიძემ, მშვლის ნახტომზე წამოეწია ორივეს.
მწკრივად მიგელავდნენ ოქროსფერი ულაყი და შორენას თექური ჭაკი. უხაროდა გიორგის მის გვერდით რომ მიჰქროდა ეკბატანის ვარდი.
ამ წუთში არც ავაზები ახსოვდა მას და არც გაქცეული მშვლები.
ხვადი მიეწია პირველად ხარს, კიდევ ორიოდე ნახტომი და ზურგზე დაახტებოდა მსხვერპლს, სწორედ ამ წუთში მხარმარცხნით შემოიქცა მშველი (ისე როგორც კურდღელი უგანებს ხოლმე მწევარს), ავაზამ თავი ვეღარ შეიკავა და გაჰქანდა წინ. ვიდრე იგიც მობრუნღებოდა, მანძილი მოიგო მშველმა. განი უქნა მეორე მშველმა ძუს, მხარმარჯვნისკენ გაიტყუა ავაზა.
ერისთავი დაჩი, განმგეთუხუცესი, მერემეთუხუცესი და ხუთიოდე მხედარი მხარმარჯვნივ გაქცეულთ გამოუდგნენ უკან, მეფემ და დანარჩენებმა მხარმარცხნისაკენ გაჰქუსლეს ცხენები.
ორიოდე მანდილოსანი ჩამორჩენოდა მათ.
შურისაგან აღვესო “თევზისფერი ძროხა”, უცნაურად დასჭყივლა დიაცმა ცხენს, ელვის უსწრაფესად წამოეწია კოლონკელიძის ასულს - შორენას ჭაკმა დაუთმო ცოქალას იაბოს.
ბრაზი წაეკიდა მეფეს, “თევზისფერ ძროხას” რა წაატანა თვალი, წამოსწეოდა ხარჭაყოფილი გიორგის, როგორც სიყმაწვილის ცოდვა სიჭარმაგეში გადასულს.
ახლა შორენა და უტა მოჰქროდნენ წყვილად, აგონდებოდათ ფხოვში განვლილი სიჭაბუკის ლხენა.
გულში გაუელვა არსაკიძეს უცნაურად, დაეტუქსა თავისი იაბო, ეჩვენებინა აფხაზთა მეფისათვის თუ როგორ ემარჯვებათ ცხენის მონუსხვა ლაზებს.
ჰაზარტში შესულიც მიხვდა: არ ივარგებდა გადასწრება მეფისა.
ისევ წამოეწია ხვადი ავაზა მშველს, ხელახლა უგანა ხარმა, მაგრამ აქ კი ჭკუა იხმარა ავაზამ, საშინელის სისწრაფით დასძლია სივრცე, თვალისმომჭრელი კამარა გააკეთა ჰაერში და ქედზე შეახტა მშველს.
როცა მხედრები დაქვეითდნენ, ავაზა კისერში მისწვდენოდა ნადავლს, ხარბად ხვრეპდა გამარჯვებული სისხლს, თანაც ღრინავდა გაავებული. დაახლოებით ასე ისმოდა ეს ღრენა
“ჰურრრაჰხ, ჰურრრაჰხხ”...
მამაკაცებიც ვერ მიეკარნენ ახლოს.
“აბა, მიდი, გირშელ”...
ეუბნება ღიმილით ყველისციხის პატრონს გიორგი. გირშელი შეყოყმანდა და გაფითრდა სავსებით.
გიორგიმ ისევ გაიღიმა, წინ გაუსწრო თავის დედის დისწულს. “ჰურრრაჰხხ”, დაიღრიალა მომეტებული სიმძაფრით ავაზამ.
მათრახი დაატკაცუნა გიორგიმ, საშინელის ხმით უყივლა ხვადს.
პირი გაუშვა მტაცებელმა მშველს, ისევ ამოუშვა გასისხლიანებულ პირიდან “ჰურრრაჰხ”...
გიორგი თამამად მივიდა მშველთან, ხანჯლით გამოფატრა იგი, ჯერაც ორთქლიანი ნაწლავები მიუგდო ნადირს.
ორი ცხენოსანი მოჰქროდა ტრამალზე.
დაჩი ერისთავი და მენადირეთუხუცესი იცვნეს.
ორივენი ფერმკრთალნი ეჩვენა გიორგის.
“რა მოხდა, ვაჟკაცებო?”
ეკითხება გიორგი რაინდებს.
“ავაზამ შეიპყრო მშველი, მაგრამ მიადგა და თავათ შეექცევა, არავინ გაგვიკარა ახლოს, დაჩი ერისთავს ლამის არ წასჭამა ბარკალი”.
მოახსენებს მენადირეთუხუცესი მეფეს.
“ვერა ყოფილხართ მამაცები, თუ ერთმა ძუმ დაგიჯაბნათ ამდენი თოროსანი რაინდი”.
გაიხუმრა გიორგიმ.
“ჩემი ქმარიც დაუშინებია ავაზას!”
გაიხუმრა ფანასკერტელის ქალმა, ძლივს შეიკავა ღიმილი დიაცმა.
გირშელი ჯერ გაწითლდა, მერმე გაფითრდა, სამსჭვალივით გულზე მოხვდა რუსუდანის ნათქვამი: “ქმარიც” (განსაკუთრებით უკანასკნელი ბგერა “ც”).
არასდროს ჯერ ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავის მისთვის.
კვლავ მოასხდნენ მონადირენი ცხენებს.
გუნება გაუფუჭა ამ ერთმა ბგერამ გირშელს.
მეფე და შორენა წინ მიჰქროდნენ, დანარჩენებს ოთხახმით მიჰყავდათ ცხენები ტრამალზე, რადგან არავის ემეტებოდა გახელებულ ავაზასთვის ბარკალი.
გიორგი გახარებული იყო, მუდამ მოწყენილი შორენა ასე რომ გაერთო ნადირობით. მეფემ იდროვა ამით, ეუბნება კოლონკელიძის ქალს:
“ერთი რამ მინდა გკითხო, შორენა, ოღონდ არ შემრისხო, გევედრები წინასწარ”.
“მიბრძანეთ, რაც გენებოთ, მეფევ ბატონო, ყმათა წყრომას მეფენი სად ერიდებოდნენ?”
“არავინ იცის, რომელია ჩვენს შორის ყმა!”
შორენამ გაიღიმა, დაინტერესდა.
“გულწრფელად მითხარი, შორენა, როგორ მოგწონს შენი საქმრო, გირშელი?”
დაუყოვნებლივ ეს მიუგო ქალმა:
“არა უშავს, კარგი ყმაწვილია გირშელ, ლამიყლაპიას რომ არ წააგავდეს ცოტა”.
მეფეს სახე გაუბრწყინდა, გადახედა გვერდით მომქროლავს, კვლავ უნდოდა ეკითხა რაღაცა, მაგრამ შორენამ დასძინა ნათქვამს:
“მშიშარაც ყოფილა ყველისციხის პატრონი”.
ცხენი შეაყენა გიორგიმ ერთბაშად, უკან მოიხედა, რა დარწმუნდა შორს არიანო მხლებლები, ჯიქურ ეუბნება კოლონკელიძის ასულს:
“მოგაცილებ, თუ გნებავს, გირშელს?”
შორენა სდუმდა, მცირე ხნის შემდეგ ეუბნება ხმადაბლა:
“თქვენი ნებაა, მეფევ ბატონო, ეგეც, მაგრამ მე ვიცი მეფეებიც ვერ გადუვლენ განგების ნებას”.
მეფემ დეზი ჰკრა ცხენს, ზედ წამოადგნენ გვიმრიან ტაფობს.
ქარაფის კიდეზე მიემწყვდიათ შუბოსნებს ავაზა.
გაგლეჯილ მშველის ლეშზე იდგა სისხლში ამოსვრილი მხეცი, გააფთრებული ბრდღვინავდა:
“ჰურრაჰხ, ჰურრაჰხხ”.
უდაბნოს ცეცხლი ელავდა მის თვალებში.
ფარსმან სპარსიც აქ იყო, ვერც მას გაებედნა ავაზასთან მისვლა.
ფარსმანი მიეჭრა და მოახსენა:
“ღვინო მოვიტანოთ, მეფევ ბატონო, ახლავე, ღვინო სისხლს ურჩევნია ავაზას, დათვრება თუ არა, ჭუკივით დავიჭერთ ხელით”.
გიორგიმ არა მიუგო რა, ხელი ჩაიქნია და რაინდების გასაგონად ესა სთქვა:
“ახლა ვინც ვაჟკაცია, იგი მივიდეს მასთან”, თვალით აჩვენა ავაზაზე მხედრებს.
გირშელ ერისთავი გამოეყო რაინდებს, ოდნავ გაფითრდა, წითელი აბრეშუმის საფარველი აიფარა მარცხენა ხელით, მარჯვენათი ხმლის ვადა მოისინჯა ფრთხილად, გულდაგულ მიეახლა ავაზას.
შემზარავი ხმით ღრიალებდა ნადირი: “ჰურრრაჰხხ”.
უკვე ერთი ნაბიჯი უკლდა მშველის ლეშამდის გირშელს, სწორედ ამ დროს ისკუპა ავაზამ და მარჯვენა მხარზე ეცა რაინდს.
ერთხმად დაიკივლეს მანდილოსნებმა, რაინდებმა იშიშვლეს ხმლები, ავაზა მოეშვა დაკბილულს, უცნაური კამარა გააკეთა ჰაერში ძუმ და ქარაფიდან გადაიხვეწა ლანდივით.
მწვანე ეტლში ჩააწვინეს დაკოდილი გირშელი.
დაცალებული ავაზა ურემზე შესვეს, დაღვრემილი მანდილოსნები და რაინდები უხმოდ დაადგნენ მცხეთისკენ გზას.
შორენას გუნება გაუფუჭდა, გიორგის ჩამორჩა განზრახ. არსაკიძეს მოჰყვებოდა ცხენდაცხენ მდუმარე, როცა ხურსისეულ სასახლემდი მიაღწიეს ორთა, შორენამ ეს უთხრა ვაჟს:
“ხვალ საღამოს შემოგივლი, უტა”.
* * * * * * *
სასახლეში მისვლისთანავე გირშელი დიდ დარბაზში დააწვინეს, თურმანიძე მცხეთაში აღმოჩნდა ბედად. ავაზას ნაკბილარები უმნიშვნელოდ მიიჩნია აქიმმა, ფოლადის ბექთარს გადაურჩენია რაინდი, ორ კვირაში ავაყენებო დაკოდილს.
მეფემ ფარსმანი შეიყვანა საწოლის დარბაზში, მესაწოლე დაითხოვა, სელზე უჩვენა ფარსმანს.
შიშისგან ცახცახებდა მოხუცი.
ვაჲთუ მე დამაბრალოსო ავაზის გაქცევა მეფემ.
ერთადერთი იმედი ეს იყო, უგუნებობა არ ეტყობოდა პატრონს. მეფე დაჯდა, ოფლი მოიწმინდა შუბლიდან და ეუბნება:
“შენ გეტყვი, ფარსმან, ახლა მითხარი რაც უნდა გეთქვა სასახლის ბაღში იმ დღეს? კითხული ვერ მიხვდა გულისთქმას მეფისას.
“შენ ამას ამბობდი, კიდევ ერთი ზნე სჭირსო ავაზას”...
“მე ეს მინდოდა მეთქვა, გაქცევა იცის - მეთქი შემოჩვეულმა ძუმ”.
“როგორ უნდა გავიგო შენი ნათქვამი ახლა?”
“ზოგიერთი დიაცი ამითაც ჰგავს, მეფევ ბატონო, ავაზას”.
ავაზას ხსენებაზე კოლონკელიძის ასული გაახსენდა მეფეს, ფარსმანის იგავის შინაარსსაც მისწვდა, მაგრამ დადუმდა. დაითხოვა მოხუცი.