– XXXVII –
ფხოვში მგზავრობამ დაარწმუნა მეფე, ხელახლა ამბოხი არ უნდა ყოფილიყო მოკლე ხანში მოსალოდნელი.
«გაავებული ხევისბერის ქადილი გაუზვიადებიათ შენს მსტოვრებს, - ეუბნება სპასალარს, - ორგზის დავზვერეთ კვეტარის ციხე. გაბოი შევგზავნეთ, ერთი ღამე თავლაში გაათია კოხრიჭისძემ მეჯინიბეებთან. გოდოლების განახლების ამბავიც გამოუკითხავს წვრილად.
დიდოელების თავდასხმას მოელიან, ამადაც აპირებენო ციხის განახლებას.
მე ასე მგონია, საჭიროა ერთი მეჯინიბე მოვისყიდოთ როგორმე, ზვიად. ცხენი ჰყოლია კოლონკელიძეს უცნაური, დაატარებს თურმე ფხოვის თვალშეუდგამ ქარაფების კიდეზე თავის ბრმა პატრონს.
სწორედ ამ ცხენის მეჯინიბე თუ მოვიქრთამეთ, გვეცოდინება სად რას დადის ერისთავი კოლონკელიძე».
ზვიადი სდუმდა და მეფემ განაგრძო:
«მე მაინც დარწმუნებული ვარ, ზვიად, მამამზესა და ტოხაისძეს მართლაც წაჰკიდებია თალაგვა, რაიცა შეეხება დიდოთა, ეს ამბავი განზრახ უნდა იყოს მოჭორილი, რათა ციხეთა და გოდოლთა განახლება თვალში არ გვეცეს ჩვენ».
ზვიად სპასალარს არა სჯეროდა ნიშანდება მეფისა, ამბოხის საფრთხე კარზე მომდგარი ეგონა, მაგრამ ვერაფერი შეჰკადრა პატრონს.