prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XXIV

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XXIV–

ბინდი გადმომდგარიყო სარკინეთის მთებზე, როცა კათალიკოსის ბაღში ფეხი შესდგა ზვიად სპასალარმა. ღვივოდა მიმავალი სხივის ნამუსრევი ატმების აყვავებულ შტოებზე. ფარშავანგების ჩხავილი მოისმოდა საიდანღაც.

ზვიადს ეს უნდოდა: შეუმჩნევლად შეპარულიყო კათალიკოსის სასახლეში როგორმე.

შველმა გადაურბინა გზაზე. ყურდაცქვეტილი შესდგა ნუშის ქვეშ. ერთი შეხედა, შეკუნტრუშდა და შრამელებისკენ გაჰქანდა ჭენებით. უზარმაზარი ნაგაზები გამოენთნენ ღრიანცელით სტუმარს.

ზვიადს დაცდილი ჰქონდა: საერთოდ არ ერჩოდნენ ძაღლები მას, მაგრამ ესენი ისე მჭიდროდ შემოესიენ, ქარქაშიანი ხმლით იგერიებდა, უყვიროდა მყეფარებს.

ბოლოს მისჭირდა საქმე, ერიდებოდა ომებში მრავალნაცად მახვილის ამოღებას, სწორედ ამ დროს გამოსცვივდნენ შრამელებიდან მონები, დატუქსეს ძაღლები.

აივნის კარი გაიღო, ეზოსმოძღვარმა გამოჰყო თავი. ისევ გაუჩინარდა. არ იამა ზვიადს: რად გადავაწყდიო ამ მელაძუა ხუცესს?

იცოდა: უსიტყვოდ მიხვდებოდა ამბროსი სპასალარის დარბაზობის საგანს. დღესვე მოახსენებდა დედოფალს.

მეფესა და სპასალარს აგრე ეწადათ: ყოველივე ისე მოეწყოთ, ვითომდაც მელქისედეკს თავათ განეჭვრიტოს ყოველივე წინასწარ, სახელმწიფური მოსაზრებით შეეჩერებინოს ფარსმანის საქმე, რაკი ზნეობისა და სჯულის ვითარებანი კათალიკოსის საუფლოს შეადგენდნენ უპირატესად.

კიბის ხარიხაზე ფეხი შესდგა ზვიადმა თუ არა, ეზოსმოძღვარმა კვლავ გამოჰყო ტალანიდან თავი.

«მობრძანდით, ზვიად ბატონო», - შემოეგება ღიმილით სტუმარს, მარად მოღუშული, შეყრილი წარბები არც კი გაუხსნია ზვიადს, ისე მიუგდო «მწუხრი მშვიდობისა» ხუცესს და ღია კარში შეასწრო ანაზდად.

სამ დარბაზში გაატარა ეზოსმოძღვარმა სტუმარი. საკმეველისა და მურის სუნი სდიოდა ირგვლივ. თაფლის სანთლები ლიცლიცებდნენ ნიშებში ჩარაზმულ ხატების წინაშე.

პირჯვრის წერით მიჰყვებოდა სპასალარი ეზოსმოძღვარს, მიფათურობდა გარეშემო დაფანტულ დგამს შორის.

საწოლი დარბაზის კარი ღია იყო. შიგ შესვლამდის თვალი მოჰკრა ზვიადმა მელქისედეკის გაფითრებულ სახეს, უზარმაზარ ბალიშზე მთლად დალეულს.

სასთუმალთან უსხდნენ კათალიკოსს მამათა მონასტრის მამაი სტეფანოზ, მცხეთის მიტროპოლიტი რაჟდენი და გაიოზ ბერი.

სამი მემაშხლე თავზე ადგა სტუმრებს. აქაც უამრავი სანთლები ლიცლიცებდნენ ხატებისა და ჯვრების წინაშე.

როცა კათალიკოსს თაყვანი სცა ზვიადმა და ხელზე ეამბორა მას, დარწმუნდა: სრულიადაც არ უნდა ჰქონოდა მელქისედეკს სიცხე. მიხვდა: ეს «ლოგინად ჩავარდნა» მხოლოდ იმას მოასწავებდა, რომ მელქისედეკს არა სურდა ჯერჯერობით შეხვედროდა მეფეს.

ზვიადს ისეთი დაფანჩვული წარბები და გრძელი წამწამები ჰქონდა, მძინარე ეგონებოდა უცხოს. მიუხედავად ამისა, გაუმხელელ ზრახვათა შეცნობის დიდოსტატიც იყო ზვიად სპასალარი.

ახლა ცხადი იყო, თუ რად გამოსტოვა კათალიკოსმა სამი დღის წინათ დანიშნული ბჭობა, სვეტიცხოვლისათვის საჭირო ახალი მასალისა და მუშახელის მოსახვეჭად მოწვეული გიორგის მიერ. როცა მისალმებანი და ურთიერთის მოკითხვა მოთავდა, ერთბაშად დიდი უხერხულობა შეიცნო ზვიადმა, ამაოდ ეძებდა კათალიკოსთან გასაუბრების საგანს, მაგრამ იგი არ აღმოჩნდა ანაზდად.

ეზოსმოძღვარი ფეხზე იდგა, პირში შესციცინებდა სპასალარს, თავისი რჩხია, ცერცვისფერი თვალებით ეუბნებოდა თითქოს: სთქვი ბარემ, რისთვის მოსულხარ? სულ ერთია, უთქმელადაც ყოველივე ვიციო.

ეკლესიის ყვავებივით დამსხადრიყვნენ დანარჩენი ბერები სარეცელის ირგვლივ. მათგან ისეთი შთაბეჭდილება მიიღო სტუმარმა, დუმილის მოწესედ დამსხდარანო ეს შაოსნები ხატებით მორთულ საწოლის დარბაზში.

გაციებული კამეჩივით ქშინავდა შავწვერა გოლიათი მამაი სტეფანოზ, ასრუტუნებდა ბუკივით მსხვილსა და მეჭეჭიან ცხვირს, წარამარა ხელს ისვამდა ფაფუკ ღიპამდის მიღწეულ წვერზე.

ძლივს აფახულებდა დიდრონ თვალებს წვერგაბურძგვნილი მიტროპოლიტი რაჟდენი, თრიაქით მთვრალს მიუგავდა სახე, პირმოკუმული იჯდა თხაწვერა მოხუცი ბერი გაიოზ, ცხვირმოკლე და ყურკვეთილი მოხუცი.

კათალიკოსმა წამუყო და ეზოსმოძღვარი ციყვივით დაყუნცდა სელის სკამზე. მის გამოხედვაში ცნაურდებოდა ის ველური სიფხიზლე, მინდვრის ვირთხას რომ ეტყობა ხოლმე, ველის პირად ახალგამოსულს სოროდან.

ზვიადი უგუნებოდ შეიქმნა, ხელისგული დაისვა წვერით გაჯაგრულ ნიკაპზე (როგორც ეს მღელვარების დროს მას სჩვევოდა ხოლმე).

აღარ იცოდა რა ეთქვა, რა მოემოქმედნა?!

მოეხსენებინა კათალიკოსისათვის მარტო შენს მეუფებასთან მსურსო საუბარი? ეს უთუოდ შეურაცხყოფდა თანდამსწრეთა.

ბოლოს, როგორც იქნა, ორიოდე ფრაზას თავი მოუყარა და წაილუღლუღა:

«მეფის დავალებით გეახელით, უნეტარესო. წვივის ტკივილები განუახლდა, თორემ თავათ გეწვეოდა უთუოდ».

ესა სთქვა, სელიდან წამოიწია და დასძინა:

ხვალ დილას უფლისციხეს მგზავნისო მეფე, და სწორედ ამ დროს თავათ კათალიკოსმა შეაგება:

მცირე რამ საუბნო მქონდაო, ზვიად ბატონო, შენთან.

სტუმრები აიყარნენ.

ზვიადმა შენიშნა: ეზოსმოძღვარი სხვებს აცილებდა, მაგრამ ჯერ არა სჩანდა, თავათ იგი თუ წაშავდებოდა აქედან, ვის თანდასწრებითაც საუბარს განსაკუთრებით გაურბოდა სპასალარი.

მცირე ხანს მონუსხულივით შესცქეროდა მელქისედეკის დაშრეტილ სახეს. ახლა მიხვდა ზვიადი: არც კათალიკოსს ნებავდა საუბრის დაწყება, ვიდრე სტუმრების გაცილებას არ მოათავებდა ეზოსმოძღვარი.

სიცოცხლის ნიშანწყალი არ ღიმღამებდა მელქისედეკის სახეზე. მდოგვის ფესვებივით წვრილი, ცისფერი ძარღვები მიიკლაკნებოდნენ ღაწვის თავებიდან საფეთქლებისაკენ.

გულზე ხელდაკრეფილი იწვა პირაღმა. მისი გრძელი, ნაოჭიანი ხელები მიცვალებულისას მიაგავდნენ, დალურჯებოდა თითების ნუნები, ხელის ზურგზედაც უსუსური ძარღვები სჩანდნენ, როგორც უმწიფარ ფოთოლს თუთუნისას ატყვია ხოლმე.

საკმარისი იყო წამიერად დაეხუჭა ღილზე უწვრილესი და ღამეზე უშავესი თვალები, და იგი სამი დღის მიცვალებულს დაემგვანებოდა უცილოდ.

ცხედრის თმას მიაგავდა მისი გამოხუნებული, მგლისფერი წვერი, ნიკაპსა და ტუჩპირს ოდნავ გაპუტული.

იწვა და სდუმდა მელქისედეკი.

უსიცოცხლო ბაგენი ისე მოეკუმა, ზედვე ეტყობოდა: დიდძალ ენერგიას ხარჯავდა დუმილის დასაცავად.

ზვიადს უხაროდა მემაშხლეთა თანდასწრებით რომ არ აპირებდნენ ეს ტუჩები ამეტყველებას. ბოლოს შემოვიდა ეზოსმოძღვარი, ხელზე ემთხვია მელქისედეკს და წაცუნცულდა.

კათალიკოსმა წამუყო მემაშხლეთა. ისინიც გავიდნენ.

მცირე ხანს კიდევ ასე იწვა ხმაგაკმენდილი, აღმოსავლეთის კედელს მისჩერებოდა, თითქოს მანდ ჩარაზმულ ხატებს ეკითხებაო თათბირს, ბოლოს ნახევრად ბნელში მწოლარემ დაიწყო ასე:

«ორგზის ვუწვევივარ მეფე გიორგის, მაგრამ ჯანმრთელობამ არ მომცა ნება, რათა ვხლებოდი როგორმე და თავათ მომეხსენებინა იგი, რასაც გაუწყებ, ზვიად ბატონო, ახლა».

ზვიადი უხერხულად შეირხა სელზე, ისევ დაისვა ხელისგული ნიკაპზე, სმენა დაძაბა, რადგან სახის იერიც უმტკიცებდა მელქისედეკს რაღაც უცნაური და უკმეხი უნდა წარმოეთქვა ამ წუთში:

«ჯანმრთელობა ჩემი ფრიად შერყეულია, ზვიად ბატონო, უფლის ნებაა ეგეც. არც მე მწადის საქართველოს დაქცევის მოწმე რომ გავხდე. უმალ დამვსებია ეს თვალნი და ყურნი დამგმანვია, სმენად ბოძებულნი უფლისა მიერ.

რამეთუ ნეტარ არიან იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავდნენ სამშობლოს თვისის იავარყოფას.

ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ, გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას.

ვაჲ მათ, ვისაც იერემიასებრი გოდება წილად ხვდეს, სამშობლოის თვისის დარღვეულ გოდოლთა და ნაციხართა შორის.

უსჯულობა მოძალებული არს საქრისტიანოსა ზედა. ასეთ დროს სჯულის სიმტკიცე და ზნეობის სისპეტაკე თუ ვერ შევინარჩუნეთ, ვერას გვიშველის ის ციხეები, რომელთაც მეოხებითა მეფისათა აშენებ, ზვიად ბატონო, შენ.

ქვეყანა თავზე დაგვემხობა, იავარქმნიან საქრისტეანოს და ვეღარც ის ცეცხლის მფრქვეველი ხმლები გააწყობენ რაიმეს, გიორგი მეფე რომ აწრთობინებს ფარსმანს, უსჯულოსა და მუცლით მეზღაპრეს.

რადგან ყოველთა დამბადებლისა და ყოვლის მხილველის თვალი სუფევს, ზვიად ბატონო, ყოველგან და მდოგვის მარცვალიც ვერსად დაეცემა თვინიერ ნებისა და ხედვისა მისისა»...

ზვიადს აგრე ეგონა: ამ გრძელ წინასიტყვის შემდეგ მაინც მიაღწევსო სათქმელამდის მელქისედეკი. გონებადაძაბული უსმენდა, მაგრამ ერთბაშად ბაგრატ კურაპალატი ახსენა მელქისედეკმა და ჩვეულებისამებრ შეუდგა მის ხოტბას.

«ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა სასოება» იყოო ბაგრატი, ამიტომაც განავრცოვო მან საქართველო, არც თუ ვინმეს აუგიაო ამდენი ეკლესია სხვას, ვახტანგ გორგასალის შემდეგ.

ყოვლად ქრისტიანი მეფე იყოო ბაგრატი, მიტომაც მიუბოძაო კურაპალატობა მას, «საქრისტეანოს უზენაესმა მამამ - ბასილი კეისარმან».

გასაგები იყო, თუ ვის ეხებოდა ეს იგავები: გიორგი მეფის ქირდვას მოასწავებდა ეს ყოველივე.

არც იმას ახსენებდა მელქისედეკი, ბაგრატისძემ - გიორგიმ კურაპალატისა და ნოველისიმუსის ხარისხებს ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლა რომ არჩია.

ბასილის ხსენებისას ხველა აუტყდა მელქისედეკს, ხოლო ზვიადს ბრაზი წაეკიდა. ბრაზი წაეკდა, რადგან მთელი სიცოცხლის მანძილზე ამას ნანობდა იგი: ოლთისის ომში რად არ მოვჰკალიო ბასილი?

ცხენდაცხენ შეეჩეხა ხელჩართულ ბრძოლის დროს მას, მაგრამ ვერ შეჰბედა ქრისტიან კეისარს და მის ნაცვლად პატრიციუსს ბასილისკ კულეიბს აძგერა მახვილი.

ხველებისაგან ღონემიხდილ კათალიკოსს ლაპარაკის უნარი წაერთო და ისევ მოკუმა მან თავისი ჯიუტი, ლაინისფერი ბაგენი, რათა ანაზდად შეწყვეტილ საუბრისათვის კვლავ მოეკრიბა ძალა.

სწორედ ამით იდროვა სპასალარმა და ხელისგული ჩამოისვა ნიკაპზე, მღელვარება ძლივს დაიოკა.

სპასალარი ყოველგვარ ენამზეობას მოკლებული იყო, უბრალო საუბარიც ძლიერ უჭირდა ბუნებით მდუმარეს. ლაპარაკის დროს სახე ეღრიჯებოდა, ცხვირის ნესტოები ებერებოდა, მუშტებს იშველიებდა უნებლიეთ, თითქოს ექადნებაო ვისმეს, წარამარა სიტყვას ეძებდა.

მღელვარების დროს წინადადებას უმატებდა "რა»-ს.

«თუ ბასილი კეისარი მართლაც უზენაესი მამაა სრულიადის საქრისტეანოსი, როგორც წეღან ბრძანე, უნეტარესო, რად აწამებინა მან სავსებით უბრალოდ ბერი ზაქარია?.. იგი ხომ ჩვენს მიერ წარგზავნილი მსტოვარი არა ყოფილა?! არა?

არც თუ წითელი წაღები გაუგზავნია მისი მეშვეობით კომნინისათვის მეფე გიორგის. იერუსალიმს მიდიოდა თურმე ბერი ზაქარია სულის საცხონებლად, არა?»...

კათალიკოსი სახტად დარჩა ამის გამგონე. მცხეთის მიტროპოლიტი ახლად ჩამოსული იყო ბიზანტიონიდან და სწორედ ზვიადის მოსვლამდის მოახსენებდა კათალიკოსს ბიზანტიის ქართული ეკლესიების ვითარებას, გაკვრით იხსენიებდა ვინმე ზაქარია ბერის შეპყრობას.

მელქისედეკი აიმღვრა, ღაწვისთავები შეუწითლდა, მხოლოდ ეს შეაგება სპასალარს:

«ზაქარია ბერი მართლმორწმუნე როდია, სომეხია იგი».

«სომეხიაო?»

იქედნურად გაიღიმა ზვიადმა.

«ზაქარია ბერი არტანუჯელი აზნაურია, არიშიანის გვარისა და არიშიანის სომხობა არავის სმენია, უნეტარესო, დღემდის».

ამ ამბავმა სავსებით დათრგუნა კათალიკოსი, მიტროპოლიტი ასე ამბობდა: ზაქარია დარიშიანი აწამესო ბიზანტიონში. არ ესიამოვნა საკუთარ სამწყსოს მიმართ გულგრილობაში რომ დაიჭირა იგი, მერმე ვინ?

ზვიად სპასალარმა, რომელსაც, მელქისედეკის აზრით, მცირეოდენი წილი ედო ოლთისის ეკლესიის დაწვაში.

ბრაზი წაეკიდა კათალიკოსს, რადგან მიტროპოლიტს სწყევლიდა თავის გუნებაში: ასე რამ გამოაშტერაო ბერიკაცი, დარიშიანი და არიშიანიც რომ ვერ გაერჩია ურთიერთისაგან?

ამ მარცხის მიუხედავად არ შემკრთალა მელქისედეკი.

მოურიდებლად აღლესა მახვილი მხილებისა და დაიწყო გიორგი მეფის ძაგება უშიშრად. აქაც შორიდან მოუარა სათქმელს.

იგიც ახსენა, გიორგი რომ მისი ნათესავი იყო მკვიდრი, ნეტარხსენებულმა ბაგრატ კურაპალატმა ჩამაბარაო თორმეტი წლის ყრმა.

ბოლოს, როგორც იქნა, მიადგა სათქმელს:

უწესო დედათა მოყვარულიაო გიორგი. კოლონკელიძეს თვალები დაუბნელა, მისი მხოლოდშობილი ქალი ხურსისეულ სასახლეში გადაიყვანა და ხარჭადა ჰყავსო.

მეფის მიერ წინასწარ გაფრთხილების მიუხედავად ზვიადი არ მოელოდა ამას ყოველივეს თუ შეაგებებდა კათალიკოსი.

ფარსმანის ამბავი დაჩრდილა ამ ამბავმა. ღართისკარიდან შორენას გადმოყვანაც მასთან მოითათბირა გიორგიმ. არც მაშინ ურჩევდა ზვიადი ამის ჩადენას მეფეს.

ღართისკარის ციხე უნდა შევაკეთოო, მოიმიზეზა მან.

ეს გაახსენდა ზვიადს და სწორედ ამით დააშოშმინა კათალიკოსი.

რაიცა შეეხება ხარჭას, დანამდვილებით ვიცი, გიორგი მეფე აქაც სავსებით უბრალოა, ავი ენების მოტანილი უნდა იყოსო ეს ყოველივე. კარგს იზამდაო უნეტარესი, ზოგიერთი სამღვდელო პირის ნათქვამს შეამოწმებდესო წინასწარ როგორმე.

კათალიკოსს გულზე შემოენთო, მიხვდა: ეზოსმოძღვარს რომ გულისხმობდა სპასალარი, ბოლოს თავათაც დაფიქრდა: თუ მცხეთის მიტროპოლიტს არიშიანი დარიშიანად მოეჩვენა, ხომ შესაძლო იყო ეზოსმოძვარსაც არეოდა რაიმე?

ვინ იცის?..

ღართისკარის ციხე რომ შესაკეთებელი იყო, ეგეც მიაგავდა ჭეშმარიტებას.

ზვიადმა რა შენიშნა კათალიკოსი მოლბაო, წელში გაიმართა, თავათაც შორიდან მოუარა უმთავრესს. დიდსა და იდუმალ საქმეთ აუწყებდა კათალიკოსს, წარამარა ისვამდა ნიკაპზე ხელისგულს.

...«მაინც დიდი დღე წინ არ უძევს, უნეტარესო, ფარსმან სპარსს. მეფესა და მე, მიწას მეუფებისა შენისას, გადაწყვეტილი გვაქვს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ მაგ მუცლით მეზღაპრეს, მაგრამ ვშიშობთ, მცირეოდენი გაგულისება და შესაძლოა, სარკინოზებთან გაგვექცეს.

არა?

საიდუმლონი ჩვენი სარკინოზებს მისყიდოს.

არა?

და სარკინოზები კარზე გვადგანან, უნეტარესო, არა?»

შესაძლოა, ხურსი აბულელის დარად გაგვექცესო ფარსმანი.

აბულელის ხსენებამ ჟრუანტელი მოჰგვარა მელქისედეკს. «სატანასთან თანაზიარობისათის» თავათ ჰყავდა შეჩვენებული იგი.

ისევ აუტყდა კათალიკოსს ხველა, კვლავ იდროვა ზვიადმა: «უმთავრესი მაინც ეგაა, უნეტარესო, - დაიწყო იდუმალი ხმით. მიმოიხედა ირგვლივ, რა დარწმუნდა ხატების გარდა სხვა არავინ უსმენდა, ხმამაღლა განაგრძო:

«...როგორმე დავსტყუოთ ფარსმანს რკინათა და ძვალთა მკვეთელი ხმლის საიდუმლო, რომელიღაც უცნობი ბუნების ჰინდურ ფოლადსა ჰხმარობს ის წყეული და არაბულ ფხვიერს უცნაურს.

ჯერ კიდევ ნეტარხსენებულმა ბაგრატ კურაპალატმა სამგზის აწამა იგი, დილეგში ჩააგდო, ენის მოჭრას დაემუქრა, ფეხის ფრჩხილები სათითაოდ დააძრობინა, კრინტი არ დასძრა გაჯიქებულმა».

ზვიადი შესდგა, კათალიკოსს ჩახედა თვალებში, რა დარწმუნდა, გულმოდგინედ მისმენსო, მხნეობა შეემატა და დასძინა:

«კვეტარიდან ჩამოყვანილი ტყვე დიაცთა შორის მხევალი გვეგულება. ვინმე ვარდისახარი, კოლონკელიძის ასულის პირისფარეში. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ბებერ ფარსმანს შევართვევინოთ იგი, უწესო დიაცთა მოყვარულია ეგ უსჯულო, ვინ იცის, ეგებ ამ დიაცმა დასტყუოს ეს საიდუმლო მას».

მელქისედეკი არც ისე გულუბრყვილო იყო, ჯერ კიდევ სავსებით ვერ დაარწმუნა იგი სპასალარმა, ხარჭად რომ არა ჰყვდა გიორგის შორენა.

ღართისკარის შეკეთების ამბავი მოსჩანდა მარტოოდენ სარწმუნოდ. ისიც იცოდა კათალიკოსმა. ჯერ კიდევ ჭიაბერის ორმოცზე ამ «სიძვის დიაცის» საჭვრეტად რომ წასულა მეფე.

არც ის დაუმალავს ეზოსმოძღვარს მისთვის, მეფე და დედოფალი როგორ წაეკიდნენ ამ ქალის გამო ურთიერთს.

მარიამ დედოფალს ფრიად აფასებდა მელქისედეკი, «ვითარცა წმიდათასწორსა და ეკლესიათა დიდს მოამაგეს» (რა ვუყოთ, რომ აზნაურებს სძაგდათ ეს «სომხის ქალი»?).

მისთვის ცხადი იყო: ღართისკარის ციხეშიაც რომ ჩაეკეტნათ ეს ცდუნებით სავსე დიაცი, მაინც დიდ საფრთხეს უქადდა იგი როგორც დედოფალს, ისე სამეფოის ზნეობას. სწორედ ამიტომაც, ხელი ჩასჭიდა მელქისედეკმა ხელმარჯვე შემთხვევას და ეუბნება ზვიადს.

«მე მივაწვდიდი კარგ თათბირს, ზვიად ბატონო, მეფესა»... სპასალარმა ყური სცქვიტა:

???

«თუ თქვენ ფარსმანის მოჯადოება გწადიათ მართლა, მე გირჩევდით კოლონკელიძის ასული შეართვევინოთ მათ უსჯულოსა. თილისმა ქალიაო, აგრე ამბობენ. ფარსმანზე უფრორე ახალგაზრდათათვის წარუტაცნია მაგ დიაცს გონება».

ზვიადი მიხვდა, გიორგის რომ გულისხმობდა მელქისედეკი შეფარვით, მაინც არ დაიბნა.

კვლავ შეეცადა კოლონკელიძის ასული გამოეთიშა ამ საქმიდან როგორმე, უფრო ენერგიულად ჩამოისვა ხელისგული ნიკაპზე და მიუგო:

«რაც არ უნდა იყოს, ერისთავის ქალია, უნეტარესო, ეგ დიაცი, არა? ვიღაც სარკინოზს თუ ირანელს არ მითხოვდება, არა? გარდა ამისა ვარდისახარი გრძნეულებით ყოფილა განთქმული, მდაბიორის, მეჯადაგის ქალი, ოვსთა მეფეს ჰყოლია ხარჭად, მერმე ის იყო ღალატით მოჰკლა ოვსთა მეფე ჭიაბერმა, ციხენი წარუღო, ეს დიაცი ტყვედ წამოიყვანა და თავის სასძლოს შორენას უბოძა იგი».

მცირე ხნის დუმილის შემდეგ კვლავ მიაშტერა თავისი დიდრონი, მოღუშული თვალები მელქისედეკს. უსიტყვოდ შეატყო, რომ ვერც ამით შეაჯერა კათალიკოსი.

«რაიცა შეეხება ფანასკერტელის ქალს, ეს საქმეც მოგვარებულია, უნეტარესო, წინასწარ.

ცხრატბის ცოტა-ერისთავის უმრწემესს ვაჟს, დაჩის, სიცოცხლე აჩუქა მეფემ. ასე რომ მაგ უბედურს შევართვევინებთ ფანასკერტელის ასულს. უკვე მიღებულია დაჩისაგან დსტური.

ძიებას რომ მსვლელობა მიეცეს ამჟამად, სახელი გაუტყდება სასძლოს და ფარსმანის სიკვდილი ვერას უშველის ამ სამწუხრო საქმეს».

კათალიკოსი ყოველგვარი მოკვდინებისა და თვალების დაწვის წინააღმდეგი იყო. აქამდის ფარსმანის გაძევებას მოითხოვდა იგი, მაგრამ ახლა თავათაც დარწმუნდა, მისი გაძევება სარკინოზებს გაახარებდა, ამიტომაც სარწმუნოდ მიიჩნია ეს ყოველივე.

დაეთანხმა სპასალარს: კათალიკოსის შუამდგომლობის მეოხებით მეფე უბრძანებდა მსაჯულთუხუცესს, საქმეს შეაჩერებდნენ დროებით. მელქისედეკი არა ჰკარგავდა იმედს, რომ ასეთი გულმოწყალება ქრისტეს სჯულისაკენ მოახედებდა ფარსმანს.

ზვიადს აგრე ეგონა, ამით დასრულდაო თათბირი.

გულხელდაკრეფილი იწვა კათალიკოსი, ბაგემოკუმული შესცქეროდა ხატებს. ერთბაშად სახე მიიდრიკა ზვიადისაკენ:

«ეს ყოველივე ჩინებულია და კეთილი, ზვიად ბატონო, მაგრამ... ერთი და უმთავრესი უნდა მოგვარდეს მაინც»...

ესა სთქვა მელქისედეკმა ღილზე უწვრილესი და ღამეზე უშავესი თვალები მიაშტერა სპასალარს:

«გულმეცნიერი ბრძანდები, ზვიად ბატონო, და უჩემოდაც მოგეხსენება, თუ რა მძიმე ტვირთი დამაკისრა ამ სოფლად უფალმა. დედოფალი მარიამი ბრძანდებოდა სამი დღის წინათ ჩემთან. იმ სელზე იჯდა და სტიროდა მდღარე ცრემლით.

შემომჩიოდა მეფის გულარძნილობის გამო, გადაწყვეტილი მაქვსო ბედიის სადედო მონასტერში მონაზვნად აღკვეცა. მოგეხსენება, მარიამ დედოფალს წმინდანად შეჰრაცხს ეკლესია საქართველოსა ოდესმე, მაგრამ ამჟამად მონაზვნად აღკვეცა მისი უთუოდ საზიანო იქნებოდა სამეფოისა ჩვენისათვის.

ამიტომაც მოვითხოვ მეფისაგან, ზვიად ბატონო, კოლონკელიძის ქალი აღკვეცილ იქნას ბედიის მონასტერში».

ზვიადი სახტად დარჩა, მიხვდა, უკუსაქცევი გზა რომ არ გააჩნდა, ამიტომაც შებრძოლებაზე ხელი აიღო მყისვე და მეფის დანაბარები უყოყმანოდ ამცნო კათალიკოსს.

გირშელს, ყველისციხის პატრონს, მიათხოვებსო გურანდუხტი თავის ქალს, მეფე გიორგის მიუცია დასტური უკვე.

ეგეც კეთილგონიერად იცნო კათალიკოსმა...

ნაშუაღამევი იყო, როცა სამმა მემაშხალემ კათალიკოსის ბაღიდან გამოაცილეს სპასალარი.

ზვიადმა მონები დაითხოვა, ვარსკვლავებით მოოჭვილ ცას აჰხედა. მოგვთა ხიდის სანახებში იყივლა მამალმა ხოხობმა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.