prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი LIII

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– LIII –

ტაძრის კურთხევის დღეს დაიძრა ხალხი ნიკოფსიასა და დარუბანდს შორის გადაშლილ საერისთავოებიდან. არც ტაძარში, არც მის ეზოში და არც მცხეთაში ეტეოდნენ სტუმრები.

მელქისედეკ კათალიკოსი სწირავდა, თორმეტი თანამწირველი ეპისკოპოზიც ქართულად და ბერძნულად.

გიორგის ბერძნული ლაპარაკიც სძაგდა, ამიტომაც დაღვრემილი უსმენდა ბიზანტიელ არქიელებს. დიდის პათოსით ღაღადებდნენ და ღიღინებდნენ ისინი ამ მშვენიერ ენაზე.

ნაწირვებს დადგა კანკელის წინ მგლისებრ თვალებიანი, ჩია მოხუცი, ჯერ ოდნავ უხალისოდ ლაპარაკობდა თითქოს, თავდაპირველად ავლში გახვეული ნაღვერდალივით ღვივოდნენ სიტყვები.

ათასგზის განაგონ ბიბლიურ მითებს უტრიალებდა მელქისედეკი, მაგრამ ისე ამოდ ჰყვებოდა ამას ყოველივეს, გატვრინული უსმენდა დიდი და მცირე.

ყოველი მისი სიტყვა მტკიცე იყო, როგორც სპილენძი, და სწორედ ისე, როგორც თრიაქი შეუმჩნევლად მოედება ხოლმე გულს, ძარღვებში სისხლს ააჩქროლებს, აზვავდება ოცნება, ქვიშის კიბეს მიადგამს ცას, ასე დაეუფლა იგი სპილენძივით მტკიცესა და თრიაქივით დამათრობელს, სალმასურის ჯაჭვივით ელვარე ქართულ სიტყვას და შეატოქა იგი აგრეთვე მშვენიერსა და აგრეთვე ვაჟკაცურს ბერძნულს.

მელქისედეკის აზრები როდი ხიბლავდა გიორგის, არამედ უცნაური რიტორობა მისი, ამიტომაც პირველად თავის სიცოცხლეში უდიდესის სიყვარულით უსმენდა კათალიკოსს.

თავის ქადაგებაში ორი რამ საგანგებოდ აღნიშნა მელქისედეკმა. "წმინდათა სწორი დედოფალი მარიამი", ამ ტაძრის დიდი მოამაგე, ავად გახდაო იერუსალიმს გამგზავრების კვირაძალში.

ახლა არსაკიძის ხიფათის ხსენება დააპირა, მაგრამ მოერიდა დედოფლის გვერდით მის მოხსენებას, ერთბაშად ისევ ბიბლიურ მითებს მიუბრუნდა, ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანას შეეხო, ყოველი ერი თავის ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს, ყოველი ხალხი თავისუფალი უნდა იყოსო, როგორც ღმერთი.

დიდის ტაქტით მიუბრუნდა ანტიოქიის პატრიარქთან ურთიერთობას, აქ სარკინოზებს გადასწვდა, გზები მოგვიჭრესო მაგ წყეულებმა. არსებითად უხაროდა კიდევაც გულში, რომ სწორედ ამის გამოც დაჰკარგა ანტიოქიის პატრიარქმა ის ათასი ოქროს დინარი, ხარკად შეწერილი ათას ქართულ სოფლისათვის.

არ უხსენებია იგიც, როცა გზა გაიხსნა, გიორგი მეფის ხმალმა რომ გადასჭრა გზა.

ამ ადგილას უფრო გულმოდგინედ მიუგდო გიორგი მეფემ ორატორს ყური, რადგან მელქისედეკი 1021 წლის ზავს შეეხო. ქვეყანამ იცოდა: სწორედ გიორგის ხმალმა გაჰკვეთა ის საბელი, რომლითაც ბიზანტიის ეკლესია ბოჭავდა ქართულს.

ბოლოს იგი მოიგონა, ვისი ხსენებაც გულით ეწადა პირველად.

"წყეულმა ოვსებმა" . მძიმედ დაგვიჭრესო სვეტიცხოვლის ამგები, დიდოსტატი არსაკიძე, კიდევ ერთხელ შეაჩვენა რატომღაც ოვსები, "უსაჩინოესი ერისთავის, გირშელის მკვლელნი" .

მოათავა თუ არა ქადაგება, საკაცით შემოაყვანინა კონსტანტინე არსაკიძე.

თვალი მოავლო ოსტატმა ოქროითა, ვეცხლითა და პატიოსანი თვლებით მოკაზმულ ტაძარს, ცრემლი დაიძრა, მაგრამ დაიოკა მღელვარება, ჩუმად, სავსებით ჩუმად წაიბუტბუტა:

"იქმენინ ნათელი!"

კათალიკოსმა თვალი დაადგა ცვილივით გაყვითლებულ სახეს, მიეახლა, შუბლზე ეამბორა, მერმე გაბრუნდა, გვერდით ჩაუარა, როგორც კეისრის მიერ ნაბოძებ ღვთისმშობელს, ისე აურაცხელ წმინდანების ხატებათ, ჯიქურ მივიდა უცნობი ქართველი ოქრომქანდაკებელის მიერ შესრულებულ წმ. გიორგის ხატთან.

ორივე ხელი მოსჭიდა, ადგილიდან დასძრა და შეჰღაღადა:

განკურნეო დიდოსტატი არსაკიძე .

მერმე მთელმა ერმა, ტაძრის შიგნით და ტაძრის ეზოში შებღავლა ღვთაებას:

"განკურნე დიდოსტატი! "

შორენა და გურანდუხტი ერისთავთა დედაწულებთან იდგნენ, როცა კოლონკელიძის ასულმა არსაკიძის დალეულ სახეს თვალი ჰკიდა და განკურნეო, იგრიალა ტაძარმა, მას ხმა ჩაუწყდა ხორხის არეში, დაიჩოქა, ილოცვიდა თავის სიყრმის მეგობრის განკურნებისათვის, მანდილოსნების ფარჩის კაბებს ამოფარებული სტიროდა, ევედრებოდა წმინდანს.

გურანდუხტმა უკმაყოფილოდ ზეაწკიპა წარბები, შორენას ქვითინი რა შემოესმა, აცახცახდა.

ვაჲთუ მეფის ყურამდის მიიტანონო ეს ამბავი! რადგან მეფე გიორგიმ პირადად ამცნო მას, როგორც კი იერუსალიმს გაემგზავრება დედოფალი, მეორე დღესვე შევირთავო შორენას.

სწორედ ამიტომაც ღელავდა: ,,ვიღაც მდაბიორი კალატოზის, ისიც ლაზის" განკურნებისათვის რად აწუხებსო მომავალი დედოფალი წმ. გიორგის?

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.