– XXXIV –
აქიმის მიერ დათქმული ყავლი ჯერაც არ იყო გასული, არსაკიძემ მშენებლობას მიაშურა დილა ადრიან. გაიხარეს მის დანახვაზე კალატოზებმა და მონებმა.
ბოდოკია წინ გადაუდგა.
ჯერ ნუ ახვალო ხარაჩოზე, ბატონო!
არა ჰქნა არსაკიძემ, შეჰყვა ხარაჩოებს. ათვალიერებდა ლავგარდანების ჩუქურთმებს, თაღების მოხატულობას, ფასადების ბარელიეფებს.
ტაძრის გუმბათამდის მიაღწია ძლივს, დოინჯი შემოიდგა თეძოზე.
ბოდოკიამ ფერმკრთალობა შენიშნა მყისვე.
ცუდად ხომ არ ხარო, ოსტატო?
არ გაამხილა თირკმელების ტკივილი.
არაფერიაო, სთქვა, ხელი მოსჭიდა ფიჭვის ძელს.
კალატოზებთან ერთად ისადილა იმ დღეს, მწუხრის მოწევამდის დადიოდა ხარაჩოებზე.
ძელსა ჰკრეს სამთავროს ეკლესიაში. მონები გაიკრიფნენ მშენებლობიდან. დადიოდა ტაძრის გარშემო, უთვალთვალებდა თავის საყვარელ ქმნილებას ბინდისას.
წელს იტკივებდა დამაშვრალი, მაგრამ შორენას ნახვის წადილი მოსძალებოდა მაინც. წყნარი, წყნარი საღამო იყო, კვიპაროსების წვეროკინები ქანაობდნენ ნელა. ბეღურები ჟიოდნენ ალვების მწვანეში.
ქუჩებში არავინ სჩანდა.
საგოდებელი გადაიარა, უსიცოცხლო შარიშური გაჰქონდა ლაშქარასა და შუფხას კლერტოებს.
მზე ეთხოვებოდა კავკასიონს, შაშვი კუთავდა სუროს მწვანეში.
ახლად აფრენილი ბუს მართვეები მიფრინავდნენ მუხოვანისკენ. უმწეონი მათ შორის სულ დაბლა, სულ ახლოს ჯდებოდნენ ტოტებზე.
სასაცილონი იყვნენ ეს მოღუშული არსებანი. ჯერაც არ გაჰყროდა ქვეყანას ნათელი. ისინი ვერ ჰხედავდნენ არსაკიძეს. გაფუყული ისხდნენ, უცნაურად კუსავდნენ ცეცხლისფერ თვალებს.
კაცს ეგონებოდა, ამსოფლიური ჭმუნვა უკვე შეჰყრიათო ახლადმოჩიტულთ.
თემშარაზე გასულს ფეხშიშველა ბალღები შემოეყარნენ არსაკიძეს, უდარდელად მოიმღეროდნენ საკინძეგაღეღილი ბიჭუნები, მგალობელ ანგელოსებსავით აღებდნენ პირს.
სამთავროს მონასტრისაკენ მიდიოდა ბერების ლაშქარი.
რაღაც უცნაურმა სუნმა ჩამოუქროლა არსაკიძეს. ბნელ სენაკებსა და საოსტიგნოებში რომ სცემია, სწორედ ისეთმა, საკმეველის, სამოგვისა და ოფლის სუნმა.
უღიმღამოდ, უხალისოდ მიედინებოდა შავჩოხიანების ბრბო, ლანჩების ერთობლივი ტკაპატკუპი ისმოდა თემშარაზე. ჩრდილებივით მიემართებოდნენ დასავლეთისკენ ისინი, უზარმაზარი ლანდები რჩებოდათ უკან.
სჩანდა, სამონასტრო ვენახებიდან ბრუნდებოდნენ. ხელში სასხლავი ეჭირათ, ზოგს ბარი მიჰქონდა, ზოგს წალდი, ზოგსაც წალამის კონები ეკიდა ზურგზე, ჩოხის ბალთებზე მოსდებოდათ ბირკა და ნარი.
მიიჩქაროდნენ დაღვრემილი, წელში გადრეკილი მოხუცები, საღამოს ბორიო არხევდა თეთრ წვერებსა და შავ კალთებს ჩოხისას.
უსიხარულოდ გასცქეროდნენ ჩამავალ მზეს, გახუნებული სამოსი ეცვათ, შავი კრიალოსნები ეკიდათ კისერზე.
მიალაჯებდნენ მტკიცედ, შავწვერიანი, მხარგრძელი ვაჟკაცები. ტანზე თორნი, წელზე ხმალი და ფეხზე დეზი უფრო დაამშვენებდა მათ, ვიდრე ეს გაცრეცილი ბერული ჩოხანი.
გოდოლების შესამუსვრელად გამოდგებოდნენ ეს მუხლმაგარი და მხარგრძელი გოლიათები.
ღვიოდნენ ღაჟღაჟა ლოყები, ბიბინებდნენ წამახული ულვაშები და ჭავლივით მღელვარე წვერები.
მიდიოდნენ თავჩაქინდრულნი, მიალაჯებდნენ გრძელბარკლიან ფეხებს.
ქოსა და დაღრეკილი მამაკაცებიც ერიენ მათ შორის, თავწვრილა, კისერმოკლე, წვივგადრეკილი ჩიაკაცები, დიაცური წრიპინა ხმა რომ გადაჰყვებათ ხოლმე ბალღობიდან შუაკაცობაში, ჰერმესსა და აფროდიტეს შორის მარად მერყევთ.
ისეთნი, ვინც დიაცებს ჭირის დღესავით სძაგთ, რაკი მათი მკლავები ხმალს ვერ მოიქნევენ, ერქვანს ვერ გამართავენ, პურს ვერ მოიწევენ, ჰოროლს ვერ სცემენ, მტერს ვერ შეუტევენ რისხვით.
ბუნებით ცვედანნი, სახითა ქოსანი, სიყრმეშივე დაბერებულნი, ხოლო სიბერეში ყრმასავით ცუნდრუკა.
არსაკიძე ზიზღით შესცქეროდა ამ ზლაზვნია, წლაწვნია, წრიპინა, მკერდჩავარდნილსა და თეძოგანიერ ქალაჩუნებს.
ბოლოს ამ ლაშქარს უკან მიჰყვებოდნენ ყრმანი ჭაბუკთაგანნი, უწვერულნი, ფერგამკრთალნი, კისერგრძელნი და პირმშვენიერნი, წარბმოხატულნი, მკერდგანიერნი და ახოვანნი.
მათაც დაამშვენებდა უთუოდ ჯიშიან, მაღალ ცხენებზე ჯდომა და გამართული ჰოროლებით იერიშების მიტანა.
სულ პაწია ბიჭუნებიც ერიენ მათ შორის, ხშირკულულიანნი, თმახუჭუჭა და ლელივით წვრილნი, ცვილისფერი იერი გადაჰკრავდა მოყვითალო სახეებს.
არსაკიძე სათითაოდ აკვირდებოდა მათ, ცვილის, გუნდრუკის და ბნელი სენაკების დახშული სუნი ასდიოდა ამ ჭაბუკების ჩოხებსაც.
«ქრისტეს მიერ გლახაკნი!»
გახმიანდა ოსტატის გულში ხმამაღალი ფიქრი, შეძრწუნდა ანაზდად. თითქოს ჯერაც არ ენახა მას ბერების მთელი ლეგიონები უფლისციხესა, ტრაპეზუნდსა და ბიზანტიონში.
მისწყდა მათი ლანჩების ერთობლივი ტკაპუნი და ერთბაშად ცხენების თქარუნი მოესმა არსაკიძეს.
მთიდან მოჰყავდათ მწყემსებს გიორგი მეფის ცხენების რემა. ფეხშიშველა მონები ისხდნენ უბელო ჭაკებზე, ბირკათი ფაფარდახუნძული ულაყები ორ-ორ კაცს მოჰყავდათ საბელით.
ჭიხვინებდნენ საომარი ულაყები, დუჟმორეულნი ღეჭავდნენ ლაგამს, მათ ხვიხვინში ისმოდა უცნაური ძახილი სქესისა...
მოკვინტრიშებდნენ თაფლისფერი კვიცები, ცეკვით მოსდევდნენ მუცელდაბერილ ჭაკებს.
გამოექცა მგლისფერი აჯილღა ორ ვაჟკაცს, აყიროსავით გადააგდო ერთი მათგანი მტვერში, უკანა ფეხებზე ზეაღიმართა, ტორები შემოჰხვია ჩალისფერ ფაშატს, რომელიც თოკით მიჰყავდა მელოტ ბერიკაცს.
ფაშატი შეტოკდა, როგორც მარტოხე გრიგალისაგან შეშფოთებული, მაგრამ მოხუცს შეებრალა მშვენიერი ულაყი, გააკავა ჭაკი.
ერთობლივი ჭიხვინი ასტეხეს საომარმა ულაყებმა და იაბოებმა, შურით აღვსილი ეროსი ფაფარში მისწვდენოდა ცხენების რემას.
ახლა კამეჩის ურმებმა აამტუტეს გზა.
წყვილ-წყვილად მოედინებოდნენ ქედმოდრეკილი კამეჩები, მოაჭრიალებდნენ ნაბდებით გადახურულ ურმებს, ნაღვლიანად ქშინავდნენ ბეჰემოტების უკანასკნელი ნაშიერნი, ურმით მოასვენებენო ციხე-ქალაქში ღამეს...
«მხოლოდ მოცლილებს ემარჯვებათ გამიჯნურება!»
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და უკლო ნაბიჯს.
ხურსისეულ სასახლესთან მისულმა უკან მოიხედა, ორიოდე ლანდი ღიმღამობდა მოსახვევებთან.
მათაც აცალა ჩავლა და ხილნარში შევიდა ანაზდად.
მღელვარებით აღვსილმა მოათავა კიბის ხარიხები.
რა უბრალოდ შეუვლია კოლონკელიძიანთ ოჯახში უწინ! თავათაც აოცებდა ეს მღელვარება ახლა.
დიდი დარბაზი ღია იყო ჯერაც, ორიოდე ჭაღი ლიცლიცებდა შიგ.
ზედ კარის ზღურბლთან დამჯდარიყო მხევალი ხათუთაი.
ჩხირებგაყრილი წინდა გავარდნოდა ხელიდან.
მიესალმა არსაკიძე დედაკაცს, ხმა არ გაუღია სამაგიერო დამხვდურს. თვალებში ჩაჰხედა დიაცს, მიცვალებულს მიაგავდა მძინარე.
დარბაზში შესულმა დაახველა ნელა, არც აქ შეჰგებებია ვინმე.
ქორბუდიანი ირმისთავები ეკიდა კედლებზე. რაღაც უცნაურ სევდას დაევანებინა ჩაშავებულ, ჩამქრალ თვალებში.
რკინის ჩაბალახები შენიშნა კაჩხებზე, სამფარეშოსანი თორები, ქეიბურნი და მშვილდები ირგვლივ.
ფრთხილად გაიარა გაუხსნელი ზანდუკებისა და ვაშკარანების გვერდით, უკანა კარი ოდნავ იყო გამოღებული.
ზედ ზღურბლთან შეჩერდა სტუმარი.
უნებლიედ შეიჭვრიტა მცირე დარბაზში. აქ კი მოულოდნელ სანახაობას წააწყდა თვალი.
შვიდი ხევისბერი მოსხდომოდა ტაბლას, ფხოვური იაფუხები ეყარა ზედ. სათითაოდ შეიცნო არსაკიძემ ფხოველნი: მუროჩი ქალუნდაური, მამუკა ბალაჩაური, მარტია ბაღათაური, ზეზვაი მისურაული, ბერდია ბებურაული, უშიშა ღუდუშაური და შიოლა აფხანაური.
სუფრის თავში გურანდუხტი შენიშნა არსაკიძემ.
ისხდნენ წვერგაბურძგვნილი, რკინის ჩაბალახიანი ხევისბერები, ჭაღების ლიცლიცზე კაშკაშებდნენ ხოჭოსფერი თორნი. თავჩაქინდრულნი უსმენდნენ შორენას.
...«დიაცი ვარ, მაგრამ მამაჩემის თვალების დაწვას მაინც არ შევარჩენ მეფე გიორგის. უჩემოდ ნუ დაიწყებთ ამბოხს. წყაროს თვალის წმ. გიორგის ხატობაზე კვეტარში გავჩნდები.
მამისეულ თორს გადავიცვამ, მის მუზარადს დავიხურავ, მის ხმალს შევირტყამ, მის საომარ ცხენზე შევჯდები, ლაშქარს გავუძღვები წითელის დროშით. მაშინ გამოჩნდება ქუდოსანთა სიმამაცე, ფხოველნო!
ჩემი ბედი, თავადიციხე რომ არ დაარღვია მეფე გიორგიმ კვეტარში, საბრძოლო გოდოლები მოათავეთ როგორმე.
მამაჩემის ბრალი ეს იყო: ფხოვში შემოსვლა რომ აცალა ზვიადის ლაშქარს.
მეფე ციხეში შეიპატიჟა, ზვიადის მოსვლამდის არ დასთხარა თვალები.
ამიერიდან არ გავიმეოროთო ასეთი შეცდომა, ფხოველნო, გუდამაყარში შევეგებოთ ზვიადის ჯარებს».
წამოდგა უხუცესი, მუროჩი ქალუნდაური.
მამამზემ და ტოხაისძემ დაგვაღალატაო იმჯერად. პირობა ჰქონდათო გუდამაყარში შებმოდნენ ზვიადს.
ესა სთქვა ქალუნდაურმა და არსაკიძე შეშფოთდა ანაზდად. ხედავდა: ცუდ საქმეში აბამდნენ შორენას.
ვეღარ მოითმინა, კარი შეაღო და დარბაზში შევიდა ჯიქურად.
წამოცვივდნენ თორიანი ხევისბერები.
ცხვრის სუნი ეცა არსაკიძეს. ერბოს სუნში აღრეული ცხვრის სუნი.
მიუალერსა მუროჩი ქალუნდაურმა არსაკიძეს, მარჯვენა მკერდზე აკოცა მანაც.
გამოჰკითხავდა ჯანმრთელობის ამბავსა, ცოლ-შვილს თუ მოეკიდე, ან მცხეთაში რას აკეთებო?
გურანდუხტი აიმღვრა, მაგრამ მაინც ტკბილად შეეგება სტუმარს.
წამუყო მოახლეს, იაფუხი და ხინკალი მოატანინა მყისვე.
მერმე ადგა, დიდ დარბაზში გავიდა. ღია კარიდან ესმოდა არსაკიძეს, თუ როგორ დატუქსა ერისთავის ცოლმა მხევალი ხათუთაი.
თუ სტუმრების მოსვლას არ გვაუწყებ, რად დაგსვესო კარის ალაგზე?
ხინკალმა და ხევისბერებმა ფხოვი მოაგონა არსაკიძეს. კოლონკელიძის ციხეში გატარებული ბედნიერი საღამოები.
გვერდით მიუჯდა შორენა უტას.
«შენი დაშავების ამბავი გუშინწინ გავიგეთ მხოლოდ, ვარდისახარი ასე გვიამბობდა: კლარჯეთს წარგზავნაო კათალიკოსმა. გუშინ უნდა გამომეარა რატისეულ სასახლეში შენთან, მოულოდნელად გვეწვიენ ხევისბერები ჩვენი».
ახლა მარტია ბაღათაური მოუჩოჩდა არსაკიძეს.
დედაშენი ვნახეო გასულ კვირას, ხატობას. წვერის ანგელოზთან მოეყვანა საკლავი, აწირვინაო მამაშენის სულის სალხენად ხუცს.
ბაგისკოცნით მოგიკითხაო დედამ, დღედაღამ გავედრებსო ფუძისანგელოზს, გმირსა კოპალეს კარატისისას და ფიწალეს ლაშქართ წინამძღოლს.
შემოგევედრაო დედა, როგორმე დაეთხოვე იმ ურჯულო მეფე გიორგის, თუნდაც ერთხელ ინახულეო დედა.
ნავახშმევს სამმა ჭაღიანმა დიაცმა დასაძინებლად გააცილა ხევისბერები. მუროჩი ქალუნდაურმა არ ინდომა ჯერ მოსვენება, მაინც არ მეკარებაო ძილი. გურანდუხტს მიუჯდა და დაიწყეს ჩურჩული.
შორენა ალერსიანად ეტიტინებოდა არსაკიძეს. წარამარა ახსენებდა მის ლაზურ სახელს, ეფერებოდა, ეხუტებოდა უტას.
როცა მისი ავადობის მიზეზი გაიგო, ჰქირდავდა კიდევაც ნაძმობს:
«ვერ ყოფილხარ ვაჟკაცი, უტა. ოთხი კაცის ტვირთმა როგორ მოგწყვიტა წელი? შენ ისეთი ლომკაცი მეგონე, მტრის ლაშქარს შეებმის-მეთქი მარტოკა».
სულ ახლოს მიჰქონდა ვაჟის სახესთან პირი. ღელავდა არსაკიძე, როცა მისი სანუკველი სუნთქვა ეალერსებოდა ღაწვებზე.
მალე ხევისბერი ქალუნდაურიც გაიყვანეს მცირე დარბაზიდან გურანდუხტმა და ორმა მოახლემ, შორენამ მხარზე ხელი დაადო, არსაკიძეს. ყურის ბიბილოსთან მიუტანა პირი:
«იცი, უტა, ვარდისახარი ფხოვს აპირებს ხატობაზე წასვლას. პირიმზისაც თან მიჰყავს, ჩვენი მხევალი, გაპარვას აპირებენ ღამით».
ესა სთქვა შორენამ, გამომცდელი მზერით მიაშტერდა არსაკიძეს.
უხიაგად მოიღუშა ლაზი. დუმილით ამცნო: არად ვაგდებო ვარდისახარის მისვლა-მოსვლას ამიერიდან.
ლოყა დააყრდნო ხელისგულზე შორენამ, ნაღვლიანად ეუბნება არსაკიძეს:
«იცი, უტა, მე ძლიერ მენატრება კვეტარში ჩასვლა. ერთხელ მაინც მაჩვენა ბედშავი მამაი, ჩვენი ციხის ჩარდახიდან დამანახვა ფხოვეთის მთები»...
კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა შორენას და სწორედ ამ დროს შემობრუნდა გურანდუხტი დარბაზში.
ლაზისტანის ზღვა ელავდა შორენას ზღვისფერ თვალებში, ისეთი სიყვითლე გადასდიოდა თავთუხისფერ კულულებს, როგორიც ახლად გამოჩეკილ ხოხბის ლაპებს გადაჰკრავს ხოლმე.
ცხვრის სუნი, ერბოს სუნი დაეყენებინათ ხევისბერის ტყაპუჭებს დარბაზში, მაგრამ არსაკიძის სათუთ ყნოსვას მაინც წვდებოდა სანატრელი დიაცის თმის სუნი.
როცა ორმა ჭაღიანმა მხევალმა ხურსისეულ სასახლის ჭიშკართან მიაცილეს არსაკიძე, ვარსკვლავებით მოოჭვილ ცარგვალს აჰხედა ოსტატმა და მის გულში გახმიანდა გოლეულივით ტკბილი და მათრობელი სიტყვები.
«ვითარცა სურინ ირემსა წყაროს მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი»...
შუაღამე გადასული იყო უკვე, როცა რატისეულ სასახლეში მიბრუნდა სევდისაგან გაოგნებული.
ბუს მართვეები იძახოდნენ მუხოვანში სადღაც.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს...