– XXV–
ნააღდგომებს მოუთმენლად მოელოდა მარიამ დედოფალი ყველისციხის პატრონის სასახლეში ჩამოსვლას. მას არ უყვარდა ქმრის ნათესავები, მით უმეტეს გირშელი, მაგრამ ამჯერად მასზე იყო დამყარებული უკანასკნელი იმედი.
დედოფალი დარწმუნებული იყო, როგორც კი შორენას დანიშნავდა გირშელი, გიორგი მყისვე ჩამოეცლებოდა ამ «სიძვის დიაცს» და ავ ენებსაც გამოელეოდათ საჭორაო საგანი.
ბოლოს დაიწყო მდინარეების საგაზაფხულო დიდროაი, არაგვი, მტკვარი და ქსანი განსაკუთრებით გაცოფთდნენ იმ წელს, მარიამმა იმედი დაჰკარგა, აღრც სხვანი მოელოდნენ მოკლე ხანში სტუმრებს.
სიყრმის შემდეგ არავის ენახა ყველისციხის პატრონი მცხეთაში. დიდი და მცირე მას აქებდა იმ დღეებში. შვიდ წელს ჰყოლოდათ სარკინოზებს გირშელი და მისი სამი აზნაური ტყვედ, ბოლოს, ბაირამობის დღეს, ხალიფის სასახლეში მიჰყავდათ თურმე ტყვეები.
დასძგერებიან გულიამებს იბერიელები, საჭურველი აუყრიათ, თოროსანი ცხენები წაურთმევიათ, ბრძოლით გაუკაფავთ გზა, ერთი წლის წამების შემდგ ყველისციხემდის მიუღწევიათ ძლივს.
სწორედ კვირაცხოვლობის ნაშუაღამევს შვიდი თოროსანი რაინდი მოადგა დიდი ამალით არაგვის კარის საბრძოლო გოდოლებს.
ქვახვრელთან გადმოელახათ ადიდებული მტკვარი. მდინარეს წარეტაცა ერისთავის მეაბჯრე ქაჩაბურაისძე, ამაოდ გამოსდგომოდნენ აზნაურები. ბოლოს თავათ პატრონს გამოედო თავი, ცხენი დახრჩობოდა მეაბჯრეს.
წამოსწეოდა მხარულით გირშელი, ყმაწვილივით გამოეჩრა სულმობრძავი იღლიაში, ცურვით გამოეტანა გამოღმა, ისევ გაეცურა მტკვარი, ახლა ცხენდაცხენ გადმოელახა მდინარე.
დიდად გასჭირვებოდათ ქსანზედაც გადმოსვლა.
მეორე დღეს საშვიდობო პარაკლისი გადაიხადა მელქისედეკმა, მთელი მცხეთა ისევ ალაპარაკდა გირშელის მამაცობის გამო.
ნაშუადღევს მელქისედეკ კათალიკოსი, ჭყონდიდელი და მთელი ტაძრეული დიდდარბაზში ისხდნენ, როცა ვერცხლის ჯაჭვიანი დევკაცი დეზების ჟღარუნით შემოვიდა უხმლოდ, შვიდი თოროსანი აზნაურის თანხლებით. დედოფალს მიეჭრა მყისვე, ცალი მუხლი იატაკს დაჰკრა, თაყვანი სცა და ხელზე ეამბორა, ხელზე ემთხვია კათალიკოსს, გიორგი მეფე გადაჰკოცნა და, როცა სპასალარს მიეახლა, მთელი წყრთით მასზე უფრო დაბალი აღმოჩნდა ზვიადი.
დათვური მოუდრეკელობა მჟღავნდებოდა მის მიხვრა-მოხვრაში, ნახმლევით დაჩეხილი ჰქონდა ღაწვისთავები, ეს ამახინჯებდა მშვენიერ ვაჟკაცს. როხროხა ხმა ჰქონდა, იშვიათად იცინოდა ფრიად თავმოდრეკილი ქცევაში.
დედოფალი თვალს არ აშორებდა სტუმარს, როცა მეფეს გადაეხვია იგი, მარიამის მძაფრმა თვალმა შენიშნა: საკმაოდ ცივად შეეგება გიორგი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჩამოსულ ნათესავს.
მტკვარზე გადმოსვლისას გაცივებულიყო გირშელ, ახველებდა, მაინც არად იმჩნევდა შეუძლოდყოფნას.
გირშელის გამო უცნაური ამბები ჰქონდა გაგონილი დედოფალს: ქალთა სქესს გაურბისო რატომღაც, ღვინოსა და თრიაქს ეძალებაო.
უმშვენიერესი სეფე-მოახლე მიუჩინა დედოფალმა სტუმარს; როცა ანჩაბაისძის ქალს წარუდგინეს. გირშელი უცნაურად აიმღვრა, მამლის ბიბილოებივით გაუწითლდა ნიყვივით ფართე, განზე გამდგარი ყურები.
ორიოდე სიტყვას ძლივს მოუყარა თავი.
დედოფალმა ეს აგრე ახსნა: ალბათ მუსულმანების ტყვეობაში გადასჩვევიაო მანდილოსნებთან მასლაათს.
პურობა აფხაზთა მეფეების სასახლეებისათვის ჩვეული ცერემონიით დაიწყო.
უცნაური მადა მოსძალებოდა ნამგზავრს, ნერწყვსა ჰგვრიდა ირმის მწვადების, კეცზე შემწვარი ორაგულების, ორთქლიანი ბეჭისა და მოხრაკულების საამური სუნი. ბუნებით თავაზიანი და მორიდებული ისე ციცქნიდა საჭმელს, როგორც ირემი ნეკერს, გაურბოდა ვაჟკაცი მანდილოსანთა სიახლოვეს ჭამას.
ყველა ატყობდა, უხერხულად რომ გრძნობდა თავს პურობის დროს სტუმარი. თავათ მას აოცებდა მეინახეთა მდუმარება სრული. როგორც მეფე-დედოფალი, ისე მთელი ტაძრეული ისე სადილობდნენ, თითქოს ამ სუფრაზე ყველა ემდურისო ურთიერთს.
პურობას ნადიმი მოჰყვა. განმგეთუხუცესმა მოართმევინა დიდ-დიდნი სამწდეურნი ბაგრატეულნი, ატენური, ხიდისთავური და მუხრანული სუფრას არ აკლდა.
ღვინო ენატრებოდა მაჰმადიან ქვეყანაში დაყოვნებულს, მაგრამ იცოდა: სასახლეში არ იყო მიღებული ღვინის სმა ჭარბად, ამიტომაც ითმენდა შეძლებისამებრ.
ჩუმად სჭამდა მეფეც, მაგრამ ღვინოს მიეძალა რატომღაც, გირშელსაც ეპატიჟებოდა - მოსვიო, სთხოვდა ჟამიდან ჟამზე.
შეუძლოდ ვარო, - მოიმიზეზა გირშელმა. ტუჩს მიადებდა სამწდეურს, შესრუტავდა მართლაც მცირეოდენს, სტკბებოდა ღვინის ჭაშნიკითა და ნელსურნელებით.
ადრე გათავდა ნადიმი იმ დღეს, ყველაზე მეტად გირშელს გაუხარდა ეს. სასახლის ბაღში გაიყვანა მეფემ სტუმარი ყოველი ბუჩქი, ყოველი ხე თავის სიყრმეს აგონებდა გირშელს.
ამ ყველაფერში დასდევდნენ იგი და გიორგი პეპლებს, იმ ხილნარში აგებდნენ კაკანათებსა და სასირე ბადეებს, იმ ცაცხვების ფუღუროებში უთვალთვალებდნენ ბუს მართვეებს. ამ მსხლებზე ასულან, ის ატმები გაუკრეფიათ, იმ კაკლების ქვეშ ელოდნენ მწიფე ნაყოფის ცვენას.
მსხლებს ფითრი მოსდებია, ატმებს შტოები შეხმობია, კაკლებს ფუღურო შესდგომია, ლეღვები გადაუჭრიათ, მორჩს შეეცვალა ნაცრისფერი ტანები. ძუძუების დარი კერტები ეგულებოდათ ამ ლეღვებზე, «დედამძუძეებს» უწოდებდნენ მათ.
კაჭკაჭის ბუდეები დაუნგრევიათ იმ ვერხვებზე, იმ ვაშლის ხეებზე ჩამომსხდარ გვრიტებს გამოსდგომიან ტოლები მშვილდისრით, ამ ცაცხვის ქვეშ ერთ ვირზე მჯდარან მეფე და ერისთავი ოდესღაც, თოროსან რაინდებად მოჰქონდათ სახრეებით აღჭურვილებს თავი.
შაშვის მართვეები ჩამოუყვანიათ იმ თუთის ხეებიდან.
ბედნიერი ბალღობა იჭვრიტებოდა ყოველი ხის ფუღუროდან, ყოველი ბუჩქის ძირიდან. ეს უკვე აღარ იყო მათი სიყრმის ლხენის წალკოტი, არამედ ნაღვლის მომგვრელი ბაღნარი სევდისა.
საბაზიერო სახლს ჩაუარეს, ქორ-შავარდნები სთვლემდნენ ხარიხებზე, მენადირეთუხუცესმა მოასხა მეძებრები, მადევრები და მწევრები.
შემოესიენ ძაღლები მეფეს. გირშელს აღტაცება მოჰგვარა ამ სანახაობამ, მხიარულად ყეფდნენ მადევრები, წკმუტუნებდნენ მეძებრები.
ყვითელწინწკლიანი შავი მწევარი შეახტა გირშელს, ოქსინოს ჯუბაჩა დაუსვარა თათებით.
გიორგი ყვრიმალებს უსრესდა ძაღლებს, პირში ხელს უყოფდა ყოველ მათგანს, ფაფუკ ყურებს იღებდა ხელში, თელგამს უწმენდდა თვალწიდოვანებს.
როცა ძაღლები წაასხეს, გირშელი ეკითხება მასპინძელს:
«შენი ავაზა რა უყავი, გიორგი?»
«ჩემი ავაზა გაცოფდა, ბევრი ვუაქიმეთ, ლენცოფის წვენი ვასვით, ბოლოს ნამეტნავად გაბოროტდა, შემომიტია მეცა.
უნდა გენახა გახელებული, ნაკვერცხლებს ჰყრიდა თვალებიდან, აქოჩრილი, დუჟმორეული მომეჭრა, ისეთი უცნაური ხმა გაიღო, როგორიც გაბრაზებულ კატას წამოსცდება ხოლმე. ახლაც სხეულში მაქვს დარჩენილი ის შიში, რომელიც გულში ჩამეჭრა იმ დღეს. ეს შემემთხვა უჯაჭვოდ, უხმლოდ გამოსულს ამ ბაღში.
მალემსრბოლი უშიშარაისძე მოვარდა, შუბის წვერზე წამოაგო გაცოფებული».
«სადაური იყო ის ავაზა, გიორგი?»
«მამაჩემს უთავაზა კეისარმა».
«მაშ ახლა უავაზოდ ნადირობ?»
«ავაზა ერთი კი არა, ორი მყავს.
ერთმა ირანელმა მომგვარა ბოკვერები შარშან».
ორმა მონამ შრამელიდან გამოიყვანა ერთი წყვილი ავაზა. მშვენიერი, ხატულა ბეწვი ჰქონდა ხვადს. განსაკუთრებით იგი წააგავდა ვეფხს. გამოხამებული, სადოღე ცხენივით ტანმოქნილი, მაღალ ფეხებზე იდგა იოგებმაგარი მხეცი.
გრძელი, მოხდენილი ტანი ჰქონდა, ტანზე უგრძესი კუდი, სხივისფერი ულვაში უბრწყინავდა ჩალისფერ ტუჩ-პირის გარშემო.
მიდიოდა თავდაწეული, უნდოდ აფახულებდა ყვითლად დაწინწკლულ კატისებრ თვალებს.
ძუ შორიახლო შესდგა, გაბზეკილი კუდი გააშეშა, პირდაღრენილი შესცქეროდა უცხოს.
ხვადმა მეფისაკენ წამოიწია, გაუშვითო, უბრძანა გიორგიმ მონას.
როცა მოეახლათ, გირშელი შედრკა.
ფრთხილად მოსინჯა ხმლის ვადა. გიორგიმ დაამშვიდა სტუმარი. ავაზას მისწვდა, ყვრიმალები დაუსრისა მხეცს, ნადირმა თვალები განაბა.
გიორგი იცინოდა.
ზურგზე ხელს უსვამდა გატვრინულ ხვადს.
ბოლოს ხელიდან გაუსხლტა იგი პატრონს, გირშელისაკენ გაიწია ღრენით, მონები მოიჭრნენ, წაიყვანეს გაავებული.
«სადაურია ესენი?»
იკითხა გირშელმა.
«ჰინდუსტანიდან მომგვარეს, ჩიტას უწოდებენ თურმე ამ ნადირს ჰინდონი».
«ალ-ჰაქიმს ჰყავდა თორმეტი ამათზე უფრო მოზრდილი ავაზა. - ამბობს გირშელი, - ისინი სავსებით დაგეშილნი იყვნენ, ხალიფის ბაღში დასეირნობდნენ, არას ავნებდნენ გამვლელებს».
«ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რაც თვალით არ გენახოს არასდროს».
როცა სასახლის ბაღი გადაიარეს და ირმის საჩიხემდის მიაღწიეს, გირშელი გაოცდა მართლაც. იგი ირანშიაც იყო ნამყოფი, მაგრამ არც შაჰის სამხეცეში, არც ფატიმიდების სანადირო პავილიონებში ამდენი ირმები არ ენახა ერთად თავმოყრილი.
უსაყვედურა გიორგის, ცუდად გყოლიაო მოვლილი.
«ეს ირმები შენი სასძლოს - შორენას მამას წავართვი, კვეტარის ერისთავს» - მიუგო გიორგიმ, თვალი თვალში გაუყარა სტუმარს. შორენას ხსენებაზე ყურები შეუწითლდა გირშელს, მღელვარების თუ დარცხვენის დასაფარავად საჩიხეს მარგილებს მოსჭიდა ხელები, კისერი წაიგრძელა, საჩიხეში თავი გადაჰყო, თვალიერება დაუწყო ქორბუდიან რქების მთელ ტყეს.
განსაკუთრებით ფურები გამოიყურებოდნენ მთლად საწყალობელად. ნაზამთრალი ბალანი გასცვენოდათ, ახალი ჯერ არსად სჩანდა, ზოგსაც ისეთი უსუსური ბეწვი ამოსვლოდა აქა-იქ, როგორიც კორდებს მოედება ხოლმე ბალახი, დასუსხული, მეჩხერი, თებერვლის გასულს, როცა არც ზამთარია, არც გაზაფხული და მთებს ჯერ კიდევ ატყვია რილოჭრელო თოვლისა.
ნუკრები მიყუჟულიყვნენ ყორესთან, თავჩაქინდრულნი სთვლემდნენ, უცნაურად ძაგძაგებდნენ ბედშავენი მზვარეში.
«საქმე ისაა, - ამბობს გიორგი, - ნუკრობიდანვე მთაში იყვნენ ეს ირმები გაზრდილნი, მოვლა კარგი აქვთ, საკვებსაც არ აკლებენ, მაგრამ მცხეთის ჰავას ცუდად იტანენ».
მენადირეთუხუცესმა ლასტის ფალანგი შეაღო, საჩიხეში შეიყვანა გირშელი მეფემ.
საქონლისა და სკორის სუნი სდიოდა ირგვლივ.
გირშელმა ნუკრებს გადახედა.
«როგორც სჩანს, აცივებს ბედშავთ!»
ხარები ატორტმანდნენ უცხოს დანახვაზე, უმშვენიერეს ფურს თვალი დაადგა სტუმარმა.
«ეს არის შორენას საყვარელი, ნებიერა, თავათ გაუზრდია თურმე».
«ახლაც თუ უვლის თავათ?»
იკითხა გირშელმა.
«აქამდის ღართისკარის ციხეში გვყავდა ერისთავის ქალი. ამჟამად ხურსისეულ სასახლეში ცხოვრობს. როცა შენი სასძლო გახდება, მისი ნებაა, თავის ირემს თუ მიხედავს თავათ.
ათანასე ბერი მიამბობდა, შორენას მოძღვარი: ძლიერ ენატრებაო თავისი ნებიერა».
გირშელს ჯერ არ ენახა კოლონკელიძის ქალი, მიშტერებოდა ნებიერას, თითქოს ეწადა ამ მშვენიერი, ლომისფერი ცხოველის ანაგობაში როგორმე ამოეკითხა თავისი სასძლოს ბუნება.
მენადირეთუხუცესი და მონები დაითხოვა გიორგიმ. ჩვენ გადავკეტავთო საჩიხეს.
როცა მარტონი დარჩნენ, მანაც შეხედა ნებიერას, მოაგონდა: ის ორიოდე ბედნიერი წუთი, კოლონკელიძის სასახლეში გატარებული იმ საშინელ ღამეს, როცა კვეტარის ციხე აიღეს სამეფოს სპათა.
გირშელს მიუბრუნდა ისევ:
«ჩვეულებრივი აზნაურის ასული არ გეგონოს შორენა, ვაჟკაცი, მონადირე ქალია იგი».
მონადირეო?
???
თავის მამიდებისაგანაც ბევრი რამ ჰქონდა განაგონი შორენას სილამაზის გამო გირშელს. ვერც წარმოედგინა ამ უჩვეულო მშვენების პატრონს მოისარობა და ნადირობა თუ ემარჯვებოდა. საოცრად მოუნდა საცოლეს ნახვა, უნდოდა ეთქვა სიყრმის მეგობრისათვის, ბოლოს, მაჩვენეთო ეგ ჩემი სასძლო.
გაახსენდა: გურანდუხტს მოელოდნენ სასახლეში, უმისოდ რომ არ შეხვედროდნენ შორენას. დაძრული სიტყვა ხორხის არეში გაეჩხირა და ეს უთხრა გიორგის:
«დედოფალსა და კათალიკოსს მოვერიდე დღეს, თორემ სწორედ გითხრა, სმა მეწადა პურობის დროს».
გიორგის შერცხვა, ალბათ შეამჩნია, გულცივად რომ მივიღეო სტუმარი, გაუღიმა გირშელს, მხარზე ხელი დაჰკრა და ეუბნება:
«მაშ კარგი, ძველი დრო მოვიგონოთ ერთი, სმაში გავეჯიბროთ ერთმანეთს».
მცირე ხანს შესდგა, ახედ-დახედა გირშელს და დასძინა: «თუ ნამდვილი ღრეობა გწადია, უნდა გადავიცვათ როგორმე».
გირშელი გაოცდა.
ოქსინოს ჯუბანი ეცვა, ვერცხლის ბექთარნი მასზედ, ვერ გაეგო რა უნდა ჩაეცვა ამაზე უკეთესი სტუმრად წასულს?
«არა, მდაბიორის სამოსი უნდა გადავიცვათ ორივემ».
გირშელმა გაიღიმა.
კარისკაცთა შორის არავინ ეგულებოდა გიორგის ისეთი, ვისი სამოსიც მოერგებოდა სტუმარს. ზვიადს სთხოვა სანადირო დიდი ტყავკაბა, არც ეგ გამოადგა დევკაცს.
ბოლოს მალემსრბოლი უშიშარაისძე მოაგონდა მეფეს, სასაცილო იყო ნასხვისარში ახმახი გირშელი. უშიშარაისძის ხამლის სამოსი და კურდღლის ტყავის ჯუბაჩაც მოკლე აღმოჩნდა მისთვის. ბოლოს მამამზეს ტყავკაბა გამოსძებნეს, მცხეთიდან წასვლისას დარჩენოდა იგი ერისთავს, უკვე გახუნებული და პეწგადაცლილი საკმაოდ.