– XLV –
ნასმურევზე ირმის ბღავილმა გამოაღვიძა მეფე. მესაწოლემ იდროვა, ახალი ამბავი ამცნო.
ეზოსმოძღვარი ამროსი კვდებაო.
წარბები მოღუშა უჟმურად. წაიბუტბუტა მხოლოდ:
“აღხოცენინ უფალმან ბაგენი მზაკვარნი და ენა დიდად მეტყველი!”
ეს სთქვა, კედლისკენ პირი იბრუნა და განაგრძო თვლემა.
გირშელს ფილადელფოს ბერი მკურნალობდა. ყოველ დილით ტლეებს ადებდა წყლულზე, სწორედ მისგან გაიგო: ჟამმა იმსხვერპლაო ეზოსმოძღვარი.
შეშფოთდა ყველისციხის პატრონი ფრიად.
მას ეგვიპტეში ტყვედყოფნის დროს ორგზის ჰქონდა ჟამიანობა განცდილი:
პირველად ქარავნებმა გაავრცელეს იგი ქაიროში, ხოლო მეორე ჯერ, ჰინდუსტანის გემებიდან გადმოცვენილმა ვირთხებმა მოსდვეს ჭირი ხალიფატის ქალაქებს.
მათვე შეიტანეს ჟამი იმ ციხეში, სადაც სამი ათასი ბერძენი და ხუთასი იბერიელი ტყვედ ჰყავდა ხალიფას.
ამ ციხეში სახვეტად იყო რწყილი. სიცოცხლე ჰქონდათ მობეზრებული ტყვეებს. რწყილებმა აითვისეს ჟამი. ერთ თვეში სავსებით მოისრნენ ბერძნები, ხოლო იბერიელთაგან მხოლოდ ცხრა კაცი გადაურჩა სიკვდილს.
მერმე ის იყო ჯარები და მალემსრბოლები შეენაცვლნენ რწყილებსა და ვირთხებს, ანტიოქიას, სირიასა და ირანში გადატყორცნეს ჟამი.
ამჯერად ასე ვარაუდობდა გირშელი: ალბათ ტფილისის საამიროში წარმოგზავნილი არაბული ჯარები შემოიტანდნენო საქართველოში ამ სენს.
თუმცა ავაზის მიერ დაკბილული მხარი ჯერაც არა ჰქონდა მოშუშებული, მაინც უთენია წამოვარდა ერისთავი, გულმოდგინედ დაჰკითხავდა ბერს:
“რწყილს ხომ არ უკბენია ამროსისათვის, მამაო ფილადელფოს?”
“რა მოგახსენო, არ ვიცი, ერისთავო ბატონო”.
“გულისრევა ხომ არა ჰქონია, თუ იცი?”
“არც ეგ ვიცი, ერისთავთ-ერისთავო, ბატონო”.
“სად გაუჩნდა სვირინგები თავდაპირველად?”
“იღლიის ქვეშ, თუ არ ვცდები, ბატონო”.
შეშფოთდა ამის გამგონე გირშელი:
“ჟამი ყოფილა უეჭველად, ფილადელფოს მამაო, რამოდენა იყო პირველი სვირინგი?”
“დაფნის ფოთლისოდენა, ბატონო”.
“შენ ხომ არ მოგინახულებია ავადმყოფობის დროს ხუცესი?”
“ერთხელ ვინახულე, ერისთავო ბატონო”.
ეს გაიგონა თუ არა გირშელმა, დაცოფილივით უკუიქცა, ეუბნება ბერს:
“აწი არ შემოხვიდე, მამაო ფილადელფოს, ჩემთან”.
კარებამდის მიღწეულს მიაძახა გირშელმა: მერემეთუხუცესი აქ მოვიდესო ახლავე.
მერემეთუხუცესმა ვეღარ იცნო ყველისციხის პატრონი.
საერთოდ დინჯი და უშიშარი რაინდი უცნაურად აეცუნდრუკებინა შიშს.
თავჩაქინდრული დაწრიალებდა დარბაზში. დაბაჯბაჯებდა ჯაჭვით დაბმული დათვივით. უცნაურად ბუყბუყებდა შეშფოთებული.
ჯერ ეს უამბო მერემეთუხუცესს, თუ რა საშინელი სენია ჟამი, ორგზის ბეწვზე ეკიდა ეგვიპტეში ჩემი სიცოცხლე, ლამის იყო არ მიმსხვერპლა წყეულმა, სარკინოზებს რომ არ გამოვქცეოდი, უთუოდ მომკლავდაო მეც.
ბოლოს ჭირის ამბავი შესწყვიტა ანაზდად, ასე უბრძანა: დაუყოვნებლივ მორეკეთო იალაღიდან ცხენები. ახლავე გააღვიძეთ ჩემი აზნაურები, ამ წუთში მომგვარეთო ჩემი ცხენები.
გიორგი სწორედ იმ დილით უნდა წასულიყო უფლისციხეს დედოფლის ჩამოსაყვანად მცხეთაში, მაგრამ სამი დღით გადასდო ეს საქმე, რადგან იცოდა: მცხეთელებს შეაშფოთებდა მისი წასელა უთუოდ.
უწინარეს ყოვლისა შორენას მისწვდა მისი ფიქრი ამ წუთში.
განაგონიდან იცოდა მეფემ თავდაპირველად ღარიბებს დაერეოდა ჟამი, ხურსისეული სასახლე ღარიბების უბანში იმყოფებოდა სწორედ.
ერთი გაიფიქრა: სასახლეში გადმოეყვანა შორენა და გურანდუხტი დროებით, მაგრამ დედოფალი და კათალიკოსი გაახსენდა მყისვე, შეუძლებლად მიიჩნია ეს.
მესაწოლე დატუქსა სასტიკად: რად არ მამცნე, ჟამმა თუ მოჰკლაო ეზოსმოძღვარი?
შეშფოთებული მოსახლეობა ფეხზე დააყენა ჟამმა, სახელოსნოებიდან, მონასტრებიდან და ციხეებიდან გამოცვივდა ხალხი. მონები, ბერები და მონასპები მოსდებოდნენ ქუჩებსა და მოედნებს.
დროული კაცების რჩევით დიდი და მცირე ნადირობდა ვირთხებზე. სარდაფებში, ხვიმრებში ასხამდნენ მდუღარეს. რწყილების წამალი არავინ იცოდა, ამიტომაც ვერაფერი დააკლეს ამ მწერებს.
სადილადაც არ მოიცადა გირშელმა.
ნუ მიხვალო, ემუდარებოდა გიორგი: ჯერ მონებსა და ღატაკებს დაერევა სახადი, სასახლეში რა უნდაო ჟამს?
გიორგისაც ეს აფიქრებდა სწორეთ: მთავართა სანათლიოს რომ მოელოდა უმეტესი საფრთხე, სწორედ ამ უბანში შეჰყროდა ვიღაც მეხამლეს იგი. ჟამიანის დედა გამოვარდნილიყო ქუჩაში, ეზოსმოძღვარი დაულანდავს, გზადგავლილი შემთხვევით.
შევედრებია: აზიარეო ჩემი მომაკვდავი შვილი.
შებრალებია ეზოსმოძღვარს მოხუცი.
იმ დღესვე მომკვდარა მეხამლე, მეორე დღეს გააცია თურმე ამროსის. ხურვება ჰგონებია მკურნალს.
მასპინძლის მოვალეობა მოითხოვდა შეჰპატიჟებოდა გიორგი გირშელს. გულში უხაროდა კიდევაც მისი წასვლა ამჯერად. განა თუ მარტოოდენ წასვლა?
ყმაწვილივით ხარობდა მეფე, ეს მეორეჯერ რომ აჯობა გამბედაობით თავის დეიდაშვილს იმ დღეს.
თუ აღრენილ ავაზას ვერ მიეახლა ხმლის გაუშიშვლებლად რაინდი, გასაგები იყო ეს, მაგრამ მთავართა სანათლიოს რწყილებს რომ გაექცა მრავალნაცადი გმირი, ეს ღიმილს ჰგვრიდა მეფეს.
ახელებდა ამის გამო ყველისციხის პატრონს გიორგი.
უკვე ხუმრობის გუნებაზე აღარ იყო გირშელი. აღარც საცოლე გახსენებია, დარწმუნებული იყო, რწყილები იქნება იმ უბანში უთუოდ. მხოლოდ მეფეს გამოეთხოვა ერისთავი, ამალიანად წავიდა მცხეთიდან.
რა თქმა უნდა, გულისგარეთ მსჯელობდა მეფე გიორგი ასე, ვაჟკაცობის საქმეში ჩახედული იყო თავათაც ფრიად.
კარგად იცოდა, რომ ამქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.
თავათ მასაც მრავალგზის გაუოცებია ბრძოლის ველებზე მტრებიც, მაგრამ თუ გირშელს ავაზებისა და რწყილების ეშინოდა, გიორგი ცახცახებდა გველებისა და ცოფიანი პირუტყვის წინაშე.
გველებისაგან დაშინებულს იფნისა და ხვიარის ფესვებიც აფრთხობდა ხოლმე ნადირობის დროს, მუდამ გველები ესიზმრებოდა, იტანჯებოდა ამის გამო ძილშიაც. ცოფიანი ძაღლებისა უფრო მეტად ეშინოდა გიორგის, ვიდრე ბიზანტიურ ლოდსატყორცნებისა ომში.
უბრალო მყეფარსაც რომ შეეტია მისთვის, მყისეე ხმლის ვადაზე იტაცებღა ხელს. განა თუ მარტო ძაღლებისა? ცოფიანი პირუტყვისა საერთოდ.
ფარსმან სპარსი ათასგზის ჰყავდა დაკითხული: კამეჩი თუ გაცოფდებაო, ან ცხენი, ან ხარი, ან მგელი?
ერთხელ ასეთი ხუმრობაც შეაპარა ფარსმანმა მეფეს:
ყველაზე მეტად საშიშარი ცოფიანი ძროხააო ამქვეყნად.
მიუხვდა გიორგი მყისვე: “თევზისფერ ძროხას” რომ გულისხმობდა ფარსმანი, ცოქალას, ხარჭაყოფილს მეფისას, მაგრამ ეს თავხედობაც აპატია მოხუცს.
როცა სპასალარი შემოვიდა დილა ადრიან, ღიმილით ეუბნება გიორგი: მთავართა სანათლიოს რწყილებს გაექცაო ყველისციხის პატრონი.
“შენ რა გგონია, ზვიად, სარკინოზებს როდი გაქცევია გირშელი, არამედ ეგვიპტურ რწყილებს”.
ზვიადს არ უყვარდა გირშელი, იქედნურად გაიცინა თავათაც. ესა სთქვა მხოლოდ:
“მე მუდამ გაზვიადებულად მიმაჩნდა მისი გმირობის ამბები, მეფევ ბატონო, წინათაც”.
საგანგებო ღონასძიებანი დაადგინეს იმავე დილით მეფემ, მიტროპოლიტმა, სპასალარმა და განმგეთხუცესმა.
აქიმები და მკურნალები ახმობინეს, მალემსრბოლი უფლისციხეს აფრინეს. დედოფალს ამცნეს, ჯერჯერობით არ ჩამობრძანდეთო მცხეთაში.
თურმანიძე დაიბარეს თმოგვის ციხიდან სასწრაფოდ.
ფარსმანი აწვევინა მეფემ, მაგრამ არ გამოცხადდა “შანდლების ქურდი”, ავადა ვარო, შემოთვალა, ქუჩაშიც არ გამოდიოდა გაპანღურების შემდეგ.
ბრძანება გასცეს: ქალაქს გარეთ წაეღოთ, საკირეში დაეწვათ ამროსის ცხედარი.
ციხისთავებს მიუთითეს: დაუყოვნებლივ აღეკვეთათ ჯარების მიმოგზავნა ციხეებს შორის, არც ქარავნები შემოეშვათ მცხეთში, დღისით და ღამით, დაეგმანათ ციხეებისა და გოდოლების კარები.
მუხნარისას ციხისთავი დილეგში ჩააგდეს, რადგან სამი დღის წინად ერთი მონასპა მოეკლა ჟამს, ასისთავს არ გაუმხელია ეს ამბავი, ქრისტეანული წესით დაუმარხავთ მიცვალებული. მკურნალებს დაევალათ: სასტიკად ედევნებიათ მოსახლეობისათვის თვალყური. თუ სადმე ჟამი თავს იჩენდა, მყისვე “ჟამიანების ფარდულში” გადაეგზავნათ, თუნდაც “საეჭვონი”, მიცვალებულნი სამოს-საგებიანად დაეწვათ ცეცხლში. ჭირიანის სახლები გამოეკეტნათ, ვირთხები და რწყილები შეემუსრათ შეძლებისამებრ.
მონასტრების წინამძღოლებს უბრძანეს: მეროჭიკე ბერები არ შეეშვათ საოსტიგნოებსა და სენაკებში, სხვა მონასტრებთან მისვლა-მოსვლაც აღკვეთილიყო, სისუფთავე დაეცვათ ყველგან.
ბაზრების უფროსებსა და სავაჭროების მეთვალყურეთ ხილისა და მხალეულის გაყიდვა ააკრძალვინეს.
თავის ოქროსფერ ულაყზე შეჯდა მეფე, ამალიანად დადიოდა მოედნებზე, ეჩვენებოდა ცისქვეშ გამოცვენილ ხალხს. ათვალიერებდა ციხეებს, მონასტრებს და სახელოსნოებს, ამშვიდებდა დიდსა და მცირეს.
ასე არწმუნებდა მოსახლეობას: ვერ მოგვერევაო ჟამიც.
როცა ხურსისეულ სასახლესთან გაიარეს მეფემ და მისმა ამალამ, გიორგიმ შენიშნა: შეკაზმული ცხენები დაჰყავდათ ეზოში მონებს. “ვისია ეგ ცხენები?”
ეკითხება მერემეთუხუცესს.
“კოლონკელიძეს გამოეგზავნა ექვსი ცხენი ოჯახობისთვის, მეფევ ბატონო”.
აივნისკენ თვალი გაექცა გიორგის. მხევლები დაქოთქოთობდნენ მხოლოდ.
დილა მშვიდობისა უსურვა თავის გულისმიჯნურს იდუმალ, შენს მაგივრად მე შემეყაროსო ჟამი, ეს გაიფიქრა და დეზი ჰკრა ოქროსფერ ულყს. გადაიჯირითეს მოედანზე მხედრებმა.
აყმუვლდნენ ბანებზე დაყუნცული ძაღლები მთავართ სანათლოის შუკებში...