– XV –
ენკენისთვის მთვარიან ღამეს მუხნარისის საბრძოლო გოდოლიდან შენიშნა გუშაგმა: ვიღაც მხედარი დაუზოგავად მოაჭენებდა მცხეთისკენ ცხენს.
შესდგა ჩარდახზე, დაუსტვინა ნელა.
სამი შუბოსანის ლანდი გამოვიდა ციხის კარიდან და შეეგება მხედარს.
ფრუტუნებდა ქუშამომჯდარი თორიანი ცხენი.
ციხისთავი მოიკითხა უცნობმა. როცა იგი ციხისთავის სამყოფლოში შეიყვანეს შუბოსნებმა, გაოცდნენ თავათ: ბერის ტანისამოსი ეცვა მხედარს, სავსებით გამოგანგლულს ბირკაში, ბირკა მოსდებოდა ქუდზედაც ბერს, ბირკას მოეცვა თმა-წვერი, ტყის კაცს მიაგავდა იგი.
ციხისთავი შემოვიდა თუ არა, მარტო საუბარი მოისურვა უცნობმა მასთან.
როცა მეციხოვნე სპანი დაითხოვა ციხისთავმა, უცნობმა წილამურებიანი ფაფახი მოიხადა, მუზარადმა იელვა მის თავზე, მუზარადი მოიხსნა, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, გაიხსნა თუ არა ჩოხა, თორნი გამოუჩნდა ბერს.
განცვიფრდა ციხისთავიც, ჯერ არსად ენახა თორიანი ბერი.
ხმალს დაეყრდნო უცნობი და სთხოვა: ამაღამვე შემიშვითო ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა წარვუდგეო სპასალარს, ზვიადს.
ზვიადი გვიან მობრუნებულიყო უფლისციხიდან, მაინც გააღვიძეს ნამგზავრი, რადგან თორიანი ბერი უარს ამბობდა მის გარეშე სხვა ვინმესთვის ემცნო სათქმელი და საუწყებელი.
წინ დაისვა სპასალარმა თავისი წარგზავნილი, ცხრაკარის მონასტრის მამაი სერაპიონ და მოისმინა შემდეგი:
თალაგვა კოლონკელიძეს კვლავ შემოეყვანა დიდოთა და ღილღვთა ლაშქარი ფხოვში, ხატები და ჯვრები შეუმუსრავს კვლავ, ეკლესიები დაუწვავს, ბერები და ხუცები სამრეკლოებზე დაუკიდნია თოკით, ქარაფებიდან გადაუყრია ზოგიც.
ცხრაკარის საყდრისთვის ცეცხლი შემოუგზავნია ღამე, ევდემონ თოკით გადასულა ქარაფიდან, მერმე ურბენია ღამღამობით ტყედატყე.
ხერკში თორიანი ცხენი უთხოვებიათ და წამოსულა მცხეთაში მაცნედ. დიდის ჯარით აპირებდა კოლონკელიძე არაგვის ხეობაში გადმოსვლას.
ეს ვეღარ სთქვა მსტოვარმა, მამამზე ერისთავი რას აპირებდა? მხოლოდ ერთი საყურადღებო ამბავი ამცნო: ტოხაისძეს დაუნიშნავსო კატაი, მამამზე ერისთავის ქალი.
ამ წელს ორგზის უფრო ძლიერი ლაშქარი ჰყავსო კვეტარის ერისთავს, ამბობდა სერაპიონი.
გიორგი უფლისციხეში იყო ტაძრეულითურთ წასული, ამიტომაც მეორე დღესვე უფლისციხეს წავიდა ზვიადი.
მყისვე მოიხმო მეფემ დარბაზისერნი წინაშე თვისსა.
* * * * * * *
მალემსბოლნი აფრინეს საერისთავოებში, წვევის წიგნნი დააგზავნეს. ლაშქართა მზაობისა და შეყრის პაემანად ცხრა ოქტომბერი დათქვეს.
ნაშუაღამემდის გაგრძელდა ბჭობა, გვიან გაიყარნენ დარბაზისერნი.
გადაწყდა: ზვიად სპასალარი დაუყოვნებლივ წასულიყო დიდის ლაშქრით ფხოვს; ექვსი დღის შემდეგ მეფე წარუძღვებოდა სამეფოის სპათა.
უბრძანეს ზვიად სპასალარს: მარბიელი წინ გაეშვა, იგი ჩრდილოეთიდან გადაუვლიდა კვეტარს, ფხოველთა მთებზე ხეობათა ყელებს შეჰკრავდა, თორღვას ციხემდე ივლიდა აგრე.
ისიც დააბარეს: სისხლის ღვრას მორიდებოდა შეძლებისამებრ. ციხისთავებისა და ხევისთავებისათვის მძევლები გამოერთმია, მარბიელ ლაშქარსაც არ აეღო ალაფი გარდა აბჯრისა, შეპყრობილ მოწესეთა და ბერთა აზატქმნა მოეთხოვნა; ზვიადის ლაშქარი უკან მიჰყვებოდა მარბიელს და კვეტარას მანამდის არ შემოეწყობოდა, სანამ მეფე არ მიადგებოდა ციხეს, რადგან იცოდა გიორგიმ: გულმძვინვარე იყო ზვიადი, ლაშქარს შეაწყვეტდა მიუვალ სიმაგრის აღებას.
მეფემ კარგად უწყოდა: თუ კოლონკელიძეს როგორმე ვერ გამოიტყუებდნენ ციხიდან, იგი ჩაიკეტებოდა, ზამთარი კარზე იყო მომდგარი და უსურსათოდ დარჩენილი ლაშქარი გაზაფხულამდის ვერ გაუძლებდა ციხის გარემოცვას.
ზვიად სპასალარს გაუხარდა, მისი წინათქმა რომ აუხდა როგორც გიორგის, ისე მელქისედეკს, სჯეროდათ: არ გასწორდებაო კუდი ძაღლისა, არცა კირჩხიბი იწყებსო მართლად სვლას.
ზვიადის პირველადი გეგმა ასეთი იყო: ფხოვში შესვლისთანავე მიელეწა რამდენიმე ციხე, რამდენიმე სოფელი დაეწვა, ხევისბერები მოეშთო, შემდგომ ამისა დაშინებული მოსახლეობა დაუყოვნებლივ მისცემდა მძევლებს.
უკეთუ კოლონკელიძე შემოეგებებოდა, რომელიმე ხეობაში მოიმწყვდევდა ერისთავს ზვიადი, ამოჟუჟავდა მის ლაშქარს.
გიორგი მეფემ, სამმა ერისთავმა და მელქისედეკმა არ შეიწყნარეს ზვიადის გეგმა, არ ივარგებსო საქმის გამწვავება, გამძვინვარებული მოსახლეობა უფრო გულმოდგინედ ამოუდგებაო კოლონკელიძეს მხარში.
* * * * * * * ცხრა ოქტომბერს უფლისციხეში მოგროვდნენ სამეფოის სპანი, ტაოს ლაშქარნი, ჯარები კლარჯთა, სპანი მცხეთისა და ქვემო ქართლისანი. «მოიღო მეფემ დროშა სვიანად ხმარებული გორგასლიანი» და გადასცა იგი ზვიად სპასალარს.
შეამოწმა სპათა საომარი მზაობა და ცხენკეთილობა მათი.
მეორე დილით უთენია გავიდა ლაშქარი უფლსციხიდან. მცხეთიდან აღმა აჰყვა გუდამაყრისკენ არაგვს.
ქორსატეველას ციხე მხარმარცხნით დასტოვა, ლარგვისის ციხესთან შუა გაჰყო ზვიადმა ლაშქარი, ჩრდილოეთისკენ წარგზავნილ მარბიელ ლაშქარს კახაი უსარდლა, სამცხის სპათა წინამდგომი.
ცროლის მთიდან მხარმარჯვნით შეჰყვებოდა კახაი, ფხოვის მთების გადასასვლელებს ხელში ჩაიგდებდა, ხოლო ზვიადსა და მის ლაშქარს ოჩანის ციხისათვის უნდა შემოეარნა.
თუ ოჩანის ციხის თავი მძევლებს მოსცემდა, ზვიადი კახას ჯარს დაეწეოდა და ორივე ლაშქარი ივლიდა მხარდამხარ თორღვაის ციხემდის, დიდოეთს მოსწყვეტდნენ ფხოვიდან.