– XLII –
მიდიოდნენ ვიწრო შუკებში, ეძინათ მთავართა სანათლოის ქოხებს. ამძუვნებული ძაღლების ხროვა დაჯირითობდა ბნელში, მთვარე გადმოსულიყო ღრუბლის საფარველიდან მრეში ტალებით დატვიფრული სავსებით.
შორიახლოდან მიჰყვებოდა არსაკიძე ერისთავის ქალს.
ხურსისეულ სასახლემდის რა მიაღწიეს, შესდგა, მიმოიხედა, ადამიანის სული არ ჭაჭანებდა ირგვლივ, მივიდა, ორივე ხელები დაუკოცნა.
ემუდარა: ნუ დამტოვებო მარტო.
ზეცის რეკვასავით ამო იყო მისი ხმა.
კარგი, ხვალ საღამოს გამოვივლიო, უტა, თუ წვიმა არ იქნა, გამოგივლიო უთუოდ. უკან ბრუნდებოდა არსაკიძე იმავე შუკებით, ძაღლი დამჯდარიყო მიწურის ბანზე, თუჯის ქანდაკს მიაგავდა მთვარის შუქზე განჩრდილული მგელ-ძაღლის ფიგურა, თავაშვერილი შუსცქეროდა მთვარეს, ყმუოდა მარტოსული საბრალოდ.
გააჟრჟოლა შემზარავი ყმუილის გამგონეს.
აუჩქარა ნაბიჯს. თავათაც აჰხედა მთვარეს, თავათაც ინატრა: შემეძლოსო მეც შევყმუვლო ცას...
მთლად იისფერი ბლონდი ზედ შეჰფენოდა მნათობს, მოწითალო სხივების ძნა ქათქათებდა ზეცის თავანში. ასეთი მთვარე ჯერ არ ენახა მას.
მიფათურებდა არსაკიძე ბნელ ქუჩაბანდში, ქენჯნიდა თავისთავს, მამაკაცური გულარძნილობის გამო.
ბიზანტიონის სამეძავო სახლების სიბინძურე თვალწინ დაუდგა.
ბერძნის კახპები, თურქის დიაცები, ბიზანტიაში გაყიდული ლაზი გოგონები მოაგონდა.
ბალღობიდანვე გაკახპებული, უპატრონო დედაკაცები. გული აურიეს ამ სახეებმა. . .
და დიდი მანძილი იყო ბიზანტიონიდან ფხოვამდის, ვარდისახარი ასრულებდა ამ სიძვის დიაცების მრავალფეროვან კრიალოსანს.
ყველას მიჰქონდა მისგან ოქროს სოლიდები, ზოგსაც ნამუსრევი სიჭაბუკის ცეცხლისა, არც ერთი მათგანის ტკბილი მოგონება არ დარჩენია თუნდაც უმცირესიც.
ბოლოს შემოეყარა იგი, ვისაც პირველი სიყვარული უნდა რგებოდა, უკანასკნელი შეაძლიეს უკვე განწირულს და განიკითხეს არსაკიძე თავის ყმაწვილურ შეცოდებათა გამო.
ასე გამოდის ცხოვრებაში, სიყრმიდანვე იხეტიალებს სიძვის დამრეცილ ბილიკებზე ვაჟი, მერმე უცილოდ მას უნდა წაეპოტინოს, ვინაც ისე სპეტაკია, როგორც თოვლი როშკას მწვერვალისა, ვინც ისე შეურყვნელია, როგორც ველის ყაყაჩოები.
ოჰ! რა სასტიკად განმკითხველია სიცოცხლისა და სიკვდილის უფალი!
კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ, რა ფრთხილად ივლიდა დედის კალთას მოწყვეტილი ყმაწვილი, მან რომ იცოდეს წინასწარ უმცირესი ვნების გამოც განიკითხავს ვიღაც იქნება მას.
წვიმის წვეთები გახურებულ შუბლზე დაეცა არსაკიძეს, მიფათურებდა ბნელში, ლოყებზე მოჟონავდა სისველე.
არა, ეს არ იყო განკითხულის ცრემლი. წვიმა თქორავდა მცირედი, უკვე აღარ სჩანდა მთვარე, მიწისფრად გამხდარ ღრუბლების ხნულებში მარტოხელა ვარსკვლავები ელავდნენ აქა-იქ.
მიდიოდა არსაკიძე უქუდოდ, ლოყებზე სილამე ჟონავდა, გული უტიროდა, თვალის უპეებს უსველებდა ცრემლი კი არა, წვიმა.
“მე ბედი მაქვს ასეთი, ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება, და ახლა ბედმა იგი შემაყვარა, ვინც ბედისაგან განწირულია”.
ამას ფიქრობდა არსაკიძე გაოგნებული.
შესდგა.
მხარი აქცეოდა.
გამობრუნდა ქუჩაბანდის ჩიხიდან.
ახლა ის მშვენიერი, ის სანატრელი დაუდგა თვალწინ.
რა ვაჟკაცური შეუდრეკელობით შესცქერის იგი თავის უმწიკვლო ცხოვრების დასასრულს!
მშვიდი და სათნო, როგორც ქედანი ველისა.
“ერთადერთი გზა დამრჩენია, მონასტრისაკენ მიმავალი გზა, მაგრამ რომელი მონასტერი მიმიღებს, თუ გიორგი მეფე ამას წინ აღუდგება? არც მონასტერში დამაყენებენ განწირულს?”
ეს უთხრა შორენამ არსაკიძეს, როცა რატისეული ბაღი გადაიარეს წეღან.
ამას ამბობდა იგი, ვისაც ასეთი ფაქიზი, გული დაჰყოლია, ვისთვისაც ეგზომ უმწიკვლო სული შთაუბერავს განგებას.
ვისი ფრჩხილის ნამუსრევად არა ჰღირს არც ყველისციხის პატრონი, არც გიორგი მეფე და არც მისი ხუროთმოძღვარი. კიდევ არის ერთი გზა, ამის გამო შემდეგ გეტყვიო.
არსაკიძემ კარგად იცის, რომ ეგეც ისევე ბნელია, როგორც მონასტრისაკენ მიმავალიცა, კარებდახშულ მონასტრისკენ მიმავალი გზა.
რა თანადგომა გაუწიოს ამჟამად არსაკიძემ მას, ვინც უფრო ადრე უყვარდა, ვიდრე შეიცნობდა თუ რა იყო ქალი ან კაცი? ფხოვში თან გაჰყვეს და მეამბოხეთა გვერდით იბრძოლონ ორივემ?
მოაგონდა ის საშინელი ღამე კვეტარის ციხეში.
კატის კნუტივით ისროდნენ ციხის ჩარდახიდან ხევისთავებსა და ხევისბერებს ზვიადი სპანი.
აქაც უეჭველი დაღუპვა მოელის შორენას.
ახლა სვეტიცხოველი?
ამ მცირე ხანში უნდა აკურთხონ ტაძარი, მეამბოხეებს მიემხოს პატიოსანი სიტყვით დილეგიდან გამოშვებული კაცი?
თავის ვაჟკაცურ სიტყვას შეარცხვენს, გიორგი მეფე გულმძვინვარეა, თუ ფარსმანიც შეუჩნდა, შესაძლოა დააქცევინოს კიდევაც ტაძარი.
შორენა ქალია, ყმაწვილი ქალი, მან ეს არ იცის: ომში წასვლაა სახალისო, მაგრამ ჯერ არც ერთი, თვით გამარჯვებული მეომარი ამავე ხალისით უკან არ მობრუნებულა.
წვიმამ მოუხშირა, მიდიოდა სავსებით გაზუზული, მაინც ეს ფიქრები უტრიალებდა თავში.
ბოლოს მოაღწია შინ.
საშინელი გრიგალი ამოვარდა. გაიელვებდა, მოიჭრებოდნენ ცისკიდურზე აფხორილი მთები, ისევ დაბნელდებოდა ირგვლივ, ხელი დარია ზღვაურმა ხილნარს, კვნესოდნენ ასწლიანი ცაცხვები, ქარი დაგელავდა ბაღში, აფორიაქებდა მახლობელ მუხნარს. პირქვე დამხობილი იწვა არსაკიძე, წვიმა აღარ ხვდებოდა მის ღაწვებს, მაგრამ ცრემლი, ნამდვილი ცრემლი ალტობდა თვალებსა და ბალიშს.
შეგონება:
მაინც სხვა რაღაა სიყვარული, თუ არა და ღმერთი? ღმერთი კი არა, სიკვდილი. რადგან მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით შეუსყიდნია იგი...
* * * * * * *
აგრე უთქვამს ბრძენს: ავაზა ისეთი მხეცია, სიცოცხლეს იოლად რომ დასთმობს თურმე სიყვარულისთვის.
ბახუსს მან აწოვაო ძუძუ ძევესისა და ზემელეს ძეს, ამიტომაც უყვართო გამიჯნურებულთ ღვინო, ამადაც ეტანებიანო შეყვარებულნი სისხლსა და ღვინოს, ავაზასავით.
... და ეს ამბავი ავაზის დღეს მოხდა.