prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XXXIII

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XXXIII –

"...და წარმომგზავნა ღმერთმა, რათა შევმუსრო

კაცთაგანი სამი ჯურისა: ქედმაღალი, მრავალგვართა

ღვთაებათა თაყვანისმცემნი და მხატვარნი. უფრთხილდით, კაცნო, უფლისა და ადამიანის

გამოსახვას. ნება გეძლევათ ხატოთ მარტოოდენ ხენი,

ყვავილნი და ქმნილებანი უჰასაკონი..."

როცა მარტოობა გულზე შემოეგზნებოდა, გადმოიღებდა ტილოსა და წამლებს არსაკიძე, ხატავდა თავისთვის...

ერთ დღეს, ნასადილევს, ტახტზე წამოწოლილიყო ავადმყოფი. სამი ბერი ამოვიდა რატისეული სასახლის კიბეზე.

ხუროთმოძღვარი მეფისა იკითხეს.

შემოფათურდა ნონაი: ვიღაც ბერები გკითხულობენო, ბატონო.

მობრძანდნენო, უთხრა არსაკიძემ.

როცა სტუმრები დარბაზში შემოვიდნენ და თავსაბურავი მოიხსნეს, არსაკიძემ მელქისედეკ კათალიკოსი შეიცნო.

კონსტატინე შეკრთა, მაგრამ წამოდგომა არ დაანება მელქისედეკმა, თავათ მოიტანა მის სასთუმალთან სელი.

დაჯდა, ალერსიანად გამოკითხა ჯანმრთელობის ამბავი.

ჯვალოს ჩოხა ეცვა მელქისედეკს, სავსებით გახუნებული. ბერული, ორკაპიანი არგანი ეჭირა ხელში.

მცირე ხანს დარჩნენ სტუმრები, მწუხრზე მეჩქარებაო, მოიმიზეზა კათალიკოსმა.

წამოდგა.

ჯვარი გადასწერა ავადმყოფს.

ეუბნება:

«დღეს შევევედრებით უფალს განკურნებისა შენისათვის, შვილო, მალე გაჯანსაღდები ღვთით, სვეტიცხოველს დაასრულებ მალე, ტაძრის კურთხევაზე ფრიად საპატიო სტუმრებს მოველით ბიზანტიონიდან».

ეს მოხდა შაბათს საღამოს.

გაოცებული იყო არსაკიძე: როგორი სათნო კაცი ყოფილაო მელქისედეკი! ტკბილად შესაყრელი და ამოდმოუბარი ეჩვენა საერთოდ ბუზღუნა და ჭირვეული მოხუცი.

საქმიანობაში აუტანელი იყო მელქისედეკი, წვრილმანი, სასტიკი, განუზომელად ახირებული ხშირად.

კირითხუროებს, კალატოზებს და მონებს მეხივით ეშინოდათ მისი.

როცა იგი მშენებლობის სათვალყუროდ ჩამოივლიდა, ორ ათასამდე მუშა ისე გაიტვრინებოდა, ალალმა ჩაუქროლაო ნიბლიების გროვას.

არც არავინ იცოდა არასდროს, რომელ წუთს, რომელი ჭიშკრიდან შემოვიდოდა იგი სვეტიცხოვლის ეზოში. თავის გახუნებულ ჯვალოს ჩოხაში, უბრალო ბერისგან ძლივს გაარჩევდა მას კაცი.

როცა ყველა დარწმუნებული იყო, უფლისციხეშიაო მელქისედეკი, იმავე დღეს მოაკითხავდა ტაძარს.

ხმა დავარდებოდა: ავად გახდაო კათალიკოსი, ბალღებივით გაიხარებდნენ მონები, სწორედ იმ საღამოს მიადგებოდა ხარაჩოებს.

ყველას ეს აოცებდა: თრითინასავით დაძვრებოდა ზედ მუხლებდასიებული, ჩია ბერიკაცი.

ნონაი შემოვიდა. წამლები შეასვა ავადმყოფს, ცხელი რძე მოუტანა და წაფრატუნდა.

სიბნელემ დაივანა დარბაზში. ერთადერთ ვარსკვლავს თვალი ჰკიდა არსაკიძემ. მერმე დიდხანს იწვა პირაღმა. ისევ მელქისედეკის გამო ფიქრობდა იგი.

როგორი სასტიკი გამომეტყველება ჰქონდა მას ნამწუხრევს, სამთავროს ეკლესიაში ქადაგების ჟამს, როცა იაკობის მიერ ღმერთთან შერკინებას განუმარტავდა მრევლს.

სიყრმიდანვე აოცებდა არსაკიძეს ეს უცნაური ადგილი დაბადებისა, ჯერ კიდევ ადრიან სიჭაბუკეში, კონსტანტინოპოლში, მრავალჯერ უთქვამს: რა თამამად მოუციაო ამ სტრიქონების ავტორს ადამიანის ჭიდილი ღმერთთან?

ახლა უცნაურად აეკვიატა ასეთი განზრახვა: უთუოდ დაეხატა იაკობის შერკინება უფალთან.

ისე ცოცხლად წარმოუდგა თვალწინ დასახატი საგანი, შეეშინდა, ჩვენებად არ გადამექცესო ეს ყოველივე.

ორ-სამგზის იცვალა გვერდი. ვეღარ მოისვენა. ღამე არ ყოფილიყო, უთუოდ ადგებოდა, შეუდგებოდა ხატვას.

წამოდგა. ჯოხი აიღო. ბაღჩაში ჩავიდა.

ეძინა ყოველივეს ირგვლივ.

ოდნავ, სულ ოდნავ იჭვრიტებოდა მოყვითანო ღრუბლის ბლონდიდან მთვარე, იისფერი რკალი გარს ერტყა მნათობს.

იდგა ცაცხვის ქვეშ არსაკიძე. უხაროდა სასიცოცხლო ღონე რომ შეემატა მის იოგებს. ათიოდე დღეც და უჯოხოდ ივლიდა, უთუოდ შეივლიდა შორენას სანახავად.

გადაჰხედა მთვლემარე ხილნარს. ასე ეგონა მძინარე ბუნება მღერისო ძილში. მღეროდნენ ჩრდილადქცეული ხეები, მთვლემარე ყვავილები, დაცვარული ბალახი. ტკბილის სძლისპირივით მოესმოდა ფუტკრების ზუნი, მღეროდნენ ცისკიდურებზე გაწოლილი მთებიც, მათ ფერხთით გადაშლილ ზღვისფერ სილურჯეში არაგვი დვრინავდა ამოდ.

ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს...

კვირა დილას უთენია წამოდგა.

სამთვარიო ამ დღისათვის იუწყებოდა:

«დღე კეთილი, ღვინის ძვრა, ვენახის დარგვა, ქორწინი, ნადირობა და მგზავრობა ყოველივე კეთილი»...

სამთვარიო გადასდო, ჯოხი აიღო, ისევ დააგდო, ადგა და აივნამდის მივიდა უჯოხოდ.

ბაღს გადაჰხედა.

გახარებული ჭიკჭიკებდა მზეწვია მწვანეში.

სიცოცხლე და შთაგონება შეემატა კვლავ.

შინ შებრუნდა, სამხატვრო ხელსაწყონი მოიმარაგა.

წამლები შეამზადა, ტილო განფინა.

რამდენიმე ხაზი მიმოავლო ტილოზე, უბრალო კონტურები მოხაზა ზედ, ნაღვარევს გადაღმა მდგარი აქლემების, კარაულების, იაკობის ორი ცოლის, ორი მხევალის, ათერთმეტი ვაჟის ბანაკი.

ახლა, ნაღვარევს გადმოღმა, ველზე მარტო მდგარი იაკობის ფიგურა მოხაზა და სწორედ ამ დროს ნონაი შემოვიდა, ვიღაც ჩალმიანი ბერიკაცი მოსდგომია უკანა კიბეს, ხუროთმოძღვარს მეფისას იკითხავსო.

არსაკიძე მიხვდა ვინც უნდა ყოფილიყო ეს ჩალმიანი მოხუცი.

ისე მოძალებული ჰქონდა შთაგონება, არავის ნახვა ეწადა ამ წუთში. სახე დაეღმიჭა ბრაზისაგან.

ამპარტავნობაში ჩამომართმევსო, ეს გაიფიქრა და უბრძანა მხევალს: მობრძანდესო სტუმარი.

არსაკიძე გაოცდა, როცა უკანა კარიდან შემოვიდა ფარსმან სპარსი დარბაზში.

წელში მოდრეკილი, თითქმის ქოსა მოხუცი ისე მოდიოდა, თითქოს ეპარებაო რაიმეს, გრძელი ყავარჯენი ეჭირა ხელში, ვერცხლით მოჭედილის სახელურითა.

შემოსვლისთანავე მიესალმა მასპინძელს და როცა მოწოდებულ სელზე დაჯდა, ასეთი რამე შეაგება არსაკიძეს:

«ეს მიბრძანე, ჭაბუკო, ამ სახლის უკან რატისეული კოშკია, არა?»

არსაკიძე გააოცა ამ კითხვამ.

ერთი გაიფიქრა: ალბათ თრიაქისაგან თუ დამთვრალაო ამ დილით? შეაშტერდა სახეზე.

არა.

მთვრალი არ უნდა ყოფილიყო ფარსმანი, თავაზიანად მიუგო მოხუცს:

«დიახ, კოშკია, ბატონო».

«ეჰ, მე კი სახაბაზო მეგონა თავდაპირველად, შვილო».

ყავარჯენს მოეჭიდა ორივე ხელით, იატაკს დაჰხედა და ამბობს:

«ცუდი ყოფილა სიბერე, შვილო, სიცოცხლე აღარა ღირს, როცა სახაბაზოსა და კოშკს ურთიერთისაგან ვეღარ გაარჩევ».

«ჰო, ჩარდახმორღვეულია ის კოშკი, შესაძლოა, ამიტომაც ვეღარ გაარჩიეთ, ოსტატო».

«ეჰ, უკვე აღარა ვარ ოსტატი, შვილო, ამჟამად გიორგი მეფის შავარდნებს რევანდის ოყნას ვუკეთებ. თრიაქ ფარუხს ვასმევ მიმინოებს ფილენჯისაგან განსაკურნავად.

როცა მეჯადაგეები ოსტატები გახდებიან, ოსტატებმა რევანდის ოყნა უნდა გაუკეთონ შავარდნებს».

არსაკიძე მიუხვდა ამ იგავების შეფარვულ შინაარს, დაცდილი ჰყავდა ოსტატი ძველი: ფარსმანი სათქმელს არაოდეს იტყოდა ჯიქურად.

მუდამ ირიბად მიმართავდა სიტყვას, უკუსაქცეველ ხვრელს დაიტოვებდა თანაც. ორლესილი მახვილივით მძაფრი იყო მისი ნათქვამი, მუდამ, კალმახივით უსხლტებოდა ხელიდან მსმენელს.

«რად იკითხე, ოსტატო, ამ კოშკის ამბავი წეღან?»

«ალბათ მოგეხსენება, ჭაბუკო, როცა კაცს სიბერე მოუწევს, ბალღს დაემსგავსება იგი. აკი ასე სჩვევიათ ბალღებსაც. ისეთ რამესაც იკითხავენ ხოლმე, რაც კარგად იციან თავათაც.

ბალღები და მოხუცები იმითაც ჰგვანან ერთმანეთს, რომ მათ თანაბრად აეშლებათ ხოლმე საღერღელი ლაპარაკისა.

მხოლოდ ესაა: ბალღს არ ეშინიან სისულელის თქმისა, იგი აგრე ვარაუდობს ალბათ ქვეშეცნეულად: გავიზრდები, ჭკვიანურსაც ვიტყვიო.

მოხუცებულიც აცუნდრუკდება ხშირად, რადგან გამოცდილებიდანაც კარგად იცის, მხოლოდ ბრძენკაცებს ემტერებოდნენ მეფეები, და არსად არც ერთ მეფეს, თუ გინდ სულელსაც, შლეგები არ ჩამოუხრჩვია ჯერ.

რადგან თვით უჭკუო მეფეებსაც მუდამ ესმოდათ: სულელები სათითაოდ რომ ჩამოახრჩო, მაშინ ვერც ხარკს მოხვეჭავდნენ, ვეღარც მონასპებს იპოვნიდნენ ომში წასაყვანად.

ეგეც ხომ გსმენია: არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი. მე ვიყავი მუდამ ასეთი შლეგი, სხვათა ომებში მამაცი შლეგი.

რაიცა შეეხება კოშკს, ახლა გამახსენდა: ამ კოშკში ჰყავდა დამწყვდეული მეფე გიორგის რატი.

ჭკვიანი კაცი იყო სახლთუხუცესი რატი. მან კარგად იცოდა: ვინც მეფეთა სამსახურისათვის თავს გადასდებს, მას საკუთარი სახლის უკან მზად უნდა ჰქონდეს დილეგიც.

რადგან ქარის ქროლვასა ემსგავსება მეფეთ წყალობა, ხან აღმა მიჰქრის ეს ნიავი, ხანაც თავდაღმა».

ფარსმანს ყავარჯენი გაუვარდა ხელიდან. დასწვდა, ისევ აიღო და განფენილ ტილოს შეავლო თვალი.

«ცუდ დროს მოვსულვარ, როგორც სჩანს, ჭაბუკო, სახატავად მოგიცლია, ვხედავ».

«არაფერია, ოსტატო, მცირე რამ უნდა დამეხატა ჩემთვის. დიდი ხანია ფერწერაში არ მივარჯიშნია».

«ვინ გასწავლიდა ბიზანტიონში ფერწერას?»

«მხატვართუხუცესი ავრელიოს ალოსტოს».

«ავრელიოს ალოსტოს! როდოსელი ბერძენი, არა? ფერწერაში ნიჭი მოგდგამს, გეტყობა...

როდოსელი ბერძენი, დიახ».

კვლავ გაიმეორა მხატვართუხუცესის სახელი და გვარი ფარსმანმა. თვალები მიაშტერა არსაკიძეს, მაგრამ ფარსმანი ისე ხშირად აფახულებდა წითურ წამწამებს, მისანიც ვერ შეიცნობდა მის გულის ხმას ამ წუთში. თვალებიც ისე უციმციმებდა, როგორც ვარსკვლავი ბოროტი.

«აბა ერთს გეტყვი, ჭაბუკო, ყველაფერზე უფრო ძვირფასი მხატვრისათვის მაინც იგია, რაც არც მელქისედეკ კათალიკოსს შეუკვეთია და არც მეფე გიორგის, ის, რასაც მოცალეობის ჟამს დახატავს იგი თამაშით.

ეგეც იცოდე: მაინც მოცალეობა და ფანტაზიაა შემოქმედების მკვიდრი მშობელი».

მიუხვდა ლაზი ამ შეფარვული აზრის სანიშნოს. არსაკიძეს მხოლოდ რამდენიმე ხაზი ჰქონდა გავლებული ტილოზე. ამ იგავით ეს უთხრა ფარსმანმა: ეს რამდენიმე ხაზიც სჯობიაო შენ მიერ აგებულ სვეტიცხოველს.

ან რა ნიჭის გამო შეიძლებოდა ამ მონახაზის მიხედვით მსჯელობა?

ცხადია, დასცინოდა იგი არსაკიძეს.

არსაკიძე აიმღვრა, მაგრამ არა აკადრა რა მოხუცებულ სტუმარს. თავისი ბერძნული განათლების მიუხედავად, არსაკიძე მაინც ლაზი იყო და არსად ისეთ პატივში არ არიან მოხუცებულნი, როგორც ოდითგანვე ლაზების ქვეყანაში.

«სამოცდახუთი წელი შემისრულდა გუშინ. თუმცა ახალ ცხოვრებას მოვეკიდე, მხოლოდ გუშინწინ შევირთე ცოლი. ხელცარიელი მივდივარ სამარეში, შვილო, რადგან მუდამ იმას ვაკეთებდი, რასაც კეისარი, ხალიფა და აფხაზთა მეფეები მოისურვებდნენ».

ამ სიტყვებმა ფრიად გააოცა არსაკიძე.

წლების მანძილზე უსაუბრია მასთან და არც ერთხელ კრინტიც არ დაუძრავს თავისი ცხოვრების გამო ფარსმან სპარსს.

მხოლოდ ერთი რამ ყურმოკვრით ჰქონდა მას განაგონი ამ უცნაური მოხუცის გამო.

ის ტყირპიანი დედაკაცი თებრონია მხევალი როდი ყოფილა მისი, არამედ წანარელ მონაზვნის ნაბიჭვარი.

მონასტრიდან გაუგდიათ ფეხმძიმე დიაცი, მონაზონი ძმებთან წასულა, ტყირპიანი შვილი როგორც კი ჰყოლია, გუდანურში ჩაუსვამთ ბალღი და ფარსმანის კარებში შემოუდგამთ ღამით.

ფარსმანმა გაზარდა მერმე თავისი ხარჭის ნაშობი და მხევალი თებრონია შეურქმევია მისთვის.

წამოდგა ფარსმანი, განფენილ ტილოს მიეახლა, ყავარჯენს დაებჯინა, კიდევ შეჰხედა ნახატებს და ასე სთქვა:

«შესაძლოა წინასწარ იცოდე მხატვარმა კიდევაც, რომ შენ სურათს ზედაც არ შეხედავს არავინ, გული საგულეს უნდა გქონდეს მაინც.

რადგან ეგ ასეა: ჩვენს აზნაურებს მიმინოს სკორე ურჩევნიათ სურათებს, ხოლო დიდვაჭრებს - ნოხები, ბიზანტიელ პატრიციებს - ცხენები.

ეპისკოპოზები ასე ამბობენ: მკრეხელებიაო მხატვრები, ღმერთს უტოქდებიან ისინი, უჰასაკო საგნებს შთაბერვენო სულს.

ვერც კონსტანტინოპოლში გაყიდი შენს სურათს, რადგან ბიზანტიელი აზნაურნი და უაზნონი ამას მოითხოვენ: ბასილი კეისარი უნდა ხატოსო მხატვარმა. თეთრ რაშზე გადამჯდარი, ჰოროლსა სცემდესო ხახადაბჩენილ ურჩხულს.

არც თუ მუსულმანთაგანი შეიძენს შენს სურათს ვინმე, რადგან მართლმორწმუნე მაჰმადიანი ფეხსაც არ შესდგამს იმ სახლში, სადაც სურათი ჰკიდია, ან ძაღლი აბია სადმე.

მე ერთი ჭილის ეტრატი მაქვს შინ და იმ ეტრატში ასე სწერია:

«ვაჲ მას, ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი. განკითხვის დღეს, მხატვრის მიერ გამოსახული პირები გაცოცხლდებიან, სურათიდან ჩამოვლენ, მიეჭრებიან დამხატველს და მოსთხოვენ სულს.

და მხატვარი იგი, რომელიც ვეღარ შესძლებს საკუთარი სულის მიცემას, უცილოდ დაიწვება უშრეტი ცეცხლით».

დამერწმუნე, ჭაბუკო, ყველაზე კარგი სურათი იგია, რომელსაც არც უფლისციხეში, არც კონსტანტინოპოლში, არც ქაიროში არ ყიდულობენ ამჟამად, სწორედ იგი, რომლისთვისაც სულს მოსთხოვენ ერთ დღეს დამხატველს».

ფარსმანმა დილა მშვიდობისა დაუბარა არსაკიძეს, არც ჯანმრთელობისა, არც სვეტიცხოველის გამო უკითხავს რაიმე.

წასვლის წინ ესა სთქვა მხოლოდ:

მეფე გიორგის შავარდენი გახდომია ავად, რევანდის ოყნა უნდა გავუკეთოვო შავარდენს.

წავიდა თუ არა ფარსმანი, არსაკიძემ განაგრძო ხატვა.

* * * * * * *

სრული სამი კვირა მოანდომა არსაკიძემ ამ სურათს, რადგან აქიმი ჯერაც არ ანებებდა სამუშაოდ წასვლას.

როცა მოათავა, შუა დარბაზში დადგა. სიხარულით აღვსილი შესცქეროდა თამაშითა და ლაღბობით დაწერილს.

შიდა ფონზე აქლემები და კარაულები მოსჩანდნენ ნახევრად ბნელში, ორნი ცოლნი, ორნი მხევალნი და ათერთმეტნი ძენი იაკობისნი, ხოლო ნაღვარევს გადმოღმა იდგა იაკობ მარტოი მუნ და ერკინებოდა მას უზარმაზარი დევკაცის ლანდი.

წვერი ჰქონდა ირისესავით თიმთიმა და დაფანჩვლული, ბრწყინვალე შარავანდი ემოსა გარშემო თვისა, თევზის ქერეჭისდარი ჯაჭვი ეცვა იაკობის ღმერთს, ცეცხლებრ უელავდნენ მგლისფერი თვალები.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.