– XLIV –
საღამომდის იხეტიალა არსაკიძემ ჭალებში, მზვარეში დამწვარი, ქარცემული მიბრუნდა მწუხრისას მცხეთაში. უამრავი ყაყაჩოები და თავთუხის თაველები მოიტანა თან.
ისევ დაიწყო წვიმა.
ჯერ ოდნავ, ოდნავ ჟინჟღლავდა, ბოლოს დაიქუხა ცამ, ელვის ლეკურები გადაამსხვრია მწვერვალებს თავზე. სეტყვამ უწყალოდ შემუსრა ყვავილები და ხეხილი.
მოუსვენრად დაწრიალებდა არსაკიძე, დაფეთებული უკან დასდევდა ნონაი, უკვირდა, როგორა ძლებსო უსმელ-უჭმელი ბატონი?
როცა დარბაზში ჭაღების ანთება დაიწყო მხევალმა, არსაკიძემ დაითხოვა, წინა ღამის უძინარი ვარ, ნუ აანთებო ჭაღებს. თავის სამყოფლოში წარგზავნა მხევალი, თავათ პირქვე დაემხო ტახტზე, ყურს უგდებდა წვიმის შხაპუნს. ამას ფიქრობდა ამ წვიმაში თუ მოვაო შორენა?
მოვიდოდა? რა ეთქვა მას თავათ?
ერთ სასწორზე ორი უძვირფასესი ქმნილება დაჰკიდეს.
ეს საღამო გამოარკვევდა რომელი მათგანი გადასწონიდა:
სვეტიცხოველი თუ შორენა?
ორივენი ერთსა და იმავეს მოითხივდნენ მისგან: სიცოცხლეს.
განა მარტო სიცოცხლეს მოითხოვდა ქალი? ვაჟკაცური სიტყვის გატეხას, პატიოსნების და ოსტატობის ნაყოფს უძვირფასესს.
მხოლოდ ახლა ეკითხებოდა იდუმალ თავისთავს:
ხომ არ ეწადა, წვიმას არ გადაეღო, შორენა არ მოსულიყო, არ მოსულიყო არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს, არც არაფერი ეთქვა მისთვის იმ “მეორე გზის გამო?”
ხედავდა არსაკიძე, ეს გზა ისევე უიმედო იყო, როგორც ყოველი, შორენას წინაშე მდებარე გზა.
ვთქვათ, ნებას დაჰყოლოდა არსაკიძე, არც ისე იოლი იქნებოდა მცხეთიდან გაპარვა.
ფხოვში დაწყებული მოძრაობა ზვიადის მსტოვარებს არ გამოეპარებოდათ.
მეფე გიორგის უთუოდ მიჩენილი ეყოლებოდა ერისთავის ქალისათვის მზირები.
დღისით ვინ გაუშვებდა ორ ცხენოსანს მცხეთიდან? მწუხრი დადგებოდა თუ არა, იკეტებოდა ციხეების კარები.
მოაგონდა მცხეთაში განაგონი: გადაცმული მამამზე ერისთავის შეპყრობის ამბავი.
იგიც იცოდა არსაკიძემ, ფხოველებს შორისაც რომ არ იყო თანხმობა: მუროჩი ქალუნდაური და უშიშა ღუდუშაური ებრძოდნენ ურთიერთს იდუმალ.
თალაგვა კოლონკელიძეს დროებით უჭერდნენ ხევისბერები მხარს.
დაამარცხებდნენ ზვიადის ლაშქარს? მეორე დღესვე თავს წასჭრიდნენ თვალდამწვარ ერისთავს, რადგან გიორგი მეფისადმი სიძულვილი აერთებდა ხევისბერებსა და ხევისთავებს მასთან. როგორც გამარჯვების, ისე დამარცხების შემდეგ უთუოდ აირეოდა მონასტერი, ორივე შემთხვევაში უცილო დაღუპვა მოელოდა შორენას.
ძაღლის ყეფა შემოესმა ამ ფიქრში გართულს.
წამოვარდა. კიბე ჩაირბინა.
სანადირო ტყავკაბა ეცვა ერისთავის ასულს, კვერნისა. ტარსიკონის წაღებიც დასველებოდა წვიმაში, სავსებით გაფითრებული შემოვიდა დარბაზში.
გახადა ტყავკაბა, ქუდი მოხადა.
ხატაური შავი აბრეშუმის სამოსზე გადმოიღვარა გამოხურვებული ოქროსფერი თმა.
მოწყენილი სჩანდა, სავსებით უმწიკვლო ბუნებას ამხელდა მისი უმზაკვრო და ნათელი თვალები.
გონების წარმღები იყო მისი პირი, ბროწეულის ყვავილის ფერი, ოდნავ, ოდნავ გაბუტული ზემო ტუჩი საყვარლად აბურცვოდა გულნაწყენ ბავშვის ბაგესავით.
წვიმის წვეთები მიშხეფებოდა ღაწვებზე, მაგრამ ამ მშვენიერი სახის მნახველი ან როგორ იფიქრებდა ოდესმე, ცრემლებს თუ დაესეტყვა თვალმშვენიერი, ან ეს ლოყები, ძველთაძველი სპილოსძვლის ფერისანი?
და რა საშინელი იკო არსაკიძისათვის მხოლოდ წარმოდგენა იმისა, რომ ეს სანატრელი, ეგ ძვირფასი არსება უღვთოდ გაეწირა ბედს.
ეგეც იყო, ეს განწირულება მომეტებულის სხივით მოსავდა არსაკიძის თვალში მას, რადგან კონსტანტინეს ყოველივე განწირული უყვარდა ბუნებით.
არსაკიძე მიეახლა, აკოცა შუბლზე, მეორე მხარზე შემოხვია მარჯვენა, მაგრად მიიკრა და აკოცა ყვრიმალში. ჰარილესავით რბილი იყო მისი სხეული, მისი სუნთქვა ამო, როგორც ზაფხულის ჰაერი ვენახებში, როცა ფშატი ჰყვავის ხოლმე ვაზებსა და ყაყაჩოებს შორის.
“რა ძლიერი ყოფილხარ, უტა!”
ეუბნება შორენა.
“ძლიერი მანამდის ვიყავ, სანამდის შენი სიყვარული დამათრობდა, საყვარელო”.
ეს უნდოდა ეთქვა ვაჟს, მაგრამ არა უთხრა რა, რადგან იცოდა, რომ უძლურება არ უყვართ დიაცებს.
“თუმცა რა, შენ ხომ მოქანდაკე ხარ, უტა, სხვას ვის უნდა ჰქონდეს უფრო ძლიერი მკლავი, ვიდრე მოქანდაკეს, ქვასთან მებრძოლს!”
“კარგი იქნება, ჩემო, უძლიერესი მკლავი მართლაც ხელოვანისათვის მიეცა განგებას, მაგრამ ჩვენზე უფრო ძლიერი მკლავები,საუბედუროდ, სხვებს ასხია მხრებზე”.
მოუწონა ქალს ხატაური ფარჩის სამოსი შავი.
“ვინძლო ხარაჩოდან ჩამოვვარდე, ჩემო, ან მორიელებმა დამგესლონ ამ უბედურ სახლში, მაშინ ამ შავი კაბით მოდი, ეს დალალები დაიშალე თავთუხის თავთავების ფერისა და ასე მიტირე, იცოდე”.
“რა მორიელები? რას ამბობ, უტა?”
“არაფერია, ეს ვიხუმრე მხოლოდ - რატისეულ სასახლეში მორიელებს რა უნდა?!”
ეს უთხრა და დაამშვიდა ქალი.
მერმე ხელახლა შემოხვია მხარზე მარჯვენა, ახლა უფრო სათუთად, ტახტთან მიიყვანა და დასვა ზედ, აიღო ყაყაჩოებისა და თავთუხის თავთავების კონა, ფეხქვეშ დაუყარა სანატრელს და უამბო საზმარი.
იგიც უთხრა: როგორც კი სვეტიცხოველს მოვათავებ, ის სიზმარი უნდა დავხატოო უცილოდ.
“მე ვეღარ ვნახავ, სამწუხაროდ, იმ სურათს! “
მშვიდად, ნაღვლიანად ამბობს შორენა.
ახლა ხარაჩოების გამო აწრიალდა ქალი:
“რას დაბობღავ ამ ტიალ ხარაჩოებზე, უტა, ერთხელ ძლივს გადარჩი სიკვდილს, ხომ დაასრულე ტაძარი, აკი?”
მცირე ხნის შემდეგ დასძინა:
“მეფე გიორგი და მელქისედეკ კათალიკოსი ისეთი გულბოროტი ადამიანებია, სულ ერთია, მაინც არ დაგიფასებენ ღვაწლს”.
“განა მეფისა და კათალიკოსის წყალობის მოლოდინში შევალიე სვეტიცხოველს ჯანი?
მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც განწირული მაქვს თავი”.
“მაშ შენ სიცოცხლე ქვაზე ნაკლებად გყვარებია, უტა?”
“განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვაყოფილია იგი ამჟამად. უფრო უკვდავი, ვიდრე ასიათასი მოკვდავის სული”.
“მაინც სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ყველაფერს, უტა”.
არსაკიძემ იგრძნო, იჭვნეულობდა ამ ტაძრისადმი ქალი.
ახლა ორივე მკლავი შემოხვია ტანზე მაგრად, მაგრად მიიკრა მკერდზე, აკოცა კისერზე სწორედ იქ, სადაც მანიაკის მარგალიტები ჰკოცნიდნენ დღენიადაგ შორენას.
ჩურჩულით ეკითხება:
თუ გიყვარვარო, ჩემო?
კოლონკელიძის ქალმა თავისი ზღვისფერი თვალები შეავლო სიყრმის მეგობარს, ვაჟი შეეცადა ამ კითხვის პასუხი ამოეკითხა მათში, მაგრამ ისე დაბინდული ეჩვენა ეს თვალები როგორც ნაავდრალი ზღვა.
თავი ჩაჰქინდრა არსაკიძემ. ქალი უსიტყვოდ მიუხვდა მოწყენის შინაარსს, თავზე ხელი გადაუსვა ვაჟს.
შეკრთა არსაკიძე, მეხის ნაპერწკალივით დაუარა სხეულში ამ ხელისაგან მოგვრილმა ჟრჟოლამ. ისევ თვალებში ჩაჰხედა შორენას და ეუბნება:
“მე ღირსი არა ვარ ვისმეს რომ ვუყვარდე, ჩემო, შენ მართალი ხარ, სიძვის დიაცებს დავურიგე შენდამი სიყვარული, გაძარცვული დაგიბრუნდი სხვათა ქვეყნიდან, სამშობლოშიაც მფლანგველი დავრჩი, უსასტიკესად დამსაჯა ამიტომაც ბედმა.
მფლანგველებს ასეთი ბედი ეწვევა მუდამ, სხვის საუნჯეთა მპარავნი საკუთარსაც ვერ შეირჩენენ.
განგებას ასე დაუთქვამს ჩემთვის, თავათ მიყვარდეს, მაგრამ სამაგიეროს არ ვეღირსო არასოდეს.
შენ რომ კარგად მყავდე, შენი ცხოვრება დაწყობილი მეგულებოდეს, ალბათ მეყოფოდა სულგრძელობა და ამასაც შევჯერდებოდი, მაგრამ შენ საფრთხეში გიდგას ფეხი და ამიტომაც მომეძალა შენდამი სიყვარული, ჩემო”.
ქალი აილეწა.
უჩემოდ ვინ გაგაცნოო ჩემი საიდუმლო, უტა? ვარდინახსრი რომ არ ყოფილაო შენთან?
ვაჟმა დაამშვიდა შეშფოთებული, თვალით არ მინახავსო, რა ხანია, ვარდისახარი.
“ხომ გახსოვს, თქვენსას რომ ვიყავი იმ საღამოს, დასძინებოდა ხათუთაის, მხევალს, ამიტომაც, უნებლიედ ვისმინე, რაც ხევისბერებს შენ უთხარი, ჩემო”.
შორენამ თავი ჩაჰქინდრა, მერმე თვალი გაუმართა კონსტანტინეს:
“მე ამისთვის არ მოვსულვარ, უტა არც მსხვერპლს მოვითხოვ რაიმეს შენგან. უთქმელადაც ვიცი. შენ ვერც შესძლებ ამას. მეც უანგარო ვარ ჩემს გრძნობაში მუდამ, ჯერ არავინ მყვარებია ამქვეყნად იმისთვის, რომ სამაგიერო მოეზღო ვისმეს.
ახდილად გითხრა? ეგეც კარგად მესმის - შენსა და ჩემს შორის რა მაღალი კედელი აღუმართავს ბედს. შენი სვეტიცხოველის სიმაღლე ქვის კედელი, უტა”.
“მე ასე მგონია, ჩემო, შენმა სიცოცხლემ რომ ეს მოითხოვოს, მე საკუთარს იოლად დავთმობ, იცოდე”.
ქალმა შეხედა, არსაკიძემ უსიტყვოდ შეატყო: დიაცმა ირწმუნა ეს. “შენმა ბედნიერებამ თუ მოითხოვა, სვეტიცხოველსაც გავსწირავდი, ალბათ”. ეს “ალბათ” გულზე ეცა ქალს, ხოლო ამ სიტყვების მთქმელს გულის კუნჭულში, სადღაც გაუელვა აზრმა: ეს ვერ არისო სავსებით სწორი.
შორენას თვალებშიც იგივე ამოიკითხა ვაჟმა.
“... მაგრამ უმთავრესი მაინც ეგაა, - სხაპა სახუპით წამოაწია სიტყვა უკვე თქმულს. - ადამიანებს ასე ჰგონიათ, როცა ერთ უსამართლობას მეორეთი ცვლიან, მდგომარეობის შეცვლა მოუტანდეს თითქოს მათ შვებას.
მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი. მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები შეჰქმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ.
ჩემდა თავათ მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავათ. -ამიტომაც ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.
ყოველი კაცისათვის სანატრელი წყობილება ჯერაც არსად დამყარებულა, ჩემო.
თქვენს ხევისბერებს ჯერაც ცხვრის სუნი უდით და შენ ხომ იცი, ფარას თუ ყოჩი არ წარუძღვანე, კბოდეზე გადასცვივა სულელი ცხვარი.
შენი სიტყვები მკაფიოდ მესმოდა ღია კარიდან. ჩემისთანანი თუნდაც ათასიც წამოგეხმარონ და ვაჯობოთ კიდევაც ზვიადის ლაშქარს, მეორე დღესვე იგივე დატრიალდება ფხოვში, რაც კვეტარის ციხეში მოხდა იმ ღამეს.
ერისთავი უსინათლოა, შენ ქალი ხარ, ხევისბერები და ხევისთავები დაერევიან ურთიერთს, ამასობაში გზებიც გაიხსნება, ზვიადის ლაშქარი მოვა ხელახლა, დიდსა და მცირეს გაჟუჟავენ, იცოდე”.
ორივე იდაყვი მუხლზე დაებჯინა, ხელისგულები სახეზე შემოედგა, ბავშვივით უსმენდა არსაკიძეს დიაცი. მერმე წამოდგა, აუღელვებლად, მშვიდად ეუბნება ვაჟს:
“შენ ხომ იცი, უტა, ხანდახან გონებაა დახშული, ხანაც გულისკარია ღია. შენი ნათქვამი სწორი იყოს ეგების, მაგრამ მათთვის ჩემი გული დახურულია.
მე სიტყვა მივეცი ხევისბერებს უკვე, წყაროს თვალის წმ. გიორგის დღეობაზე ფხოვში ვიქნები და იქ დაველოდები-მეთქი ზვიადის ლაშქარსა და სიკვდილს.
მე არ მოვსულვარ შენთან, რათა თანადგომა რაიმე გთხოვო, დიდი ხანია, რაც ჩვენი გზები გაჰყარა ცხოვრებამ. არც მე მაქვს უფლება შენგან მოვითხოვო თავდადება, რადგან არც მე გამიწირავს შენთვის ყველაფერი.
მე რომ ჭიაბერის საცოლე არ გავმხდარიყავ, გონს მოსვლა დამეცლია შენთვის, მეცადა, ვიდრე შემთხვევის ძალით, შენც გაიგებდი, რომ არა ხარ ჩემი ძუძუმტე, მაშინ უფლება მექნებოდა შეთვის მეთქვა: ადექი, გავიპაროთ მცხეთიდან და ჩავუდგეთ-მეთქი სათავეში ფხოველთა ამბოხს.
მეც იგივე მომიზღო განგებამ, არც მე შემძლებია ყოველივე გამეწირა სიყვარულისათვის, და ამიტომაც მეც შენსავით დავისაჯე, უტა:
ეგეც იცოდე, არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს.
ასეთნი მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზედ და არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც მარტოსული, უტა”.
გააოცა ამ სიტყვებმა არსაკიძე. წამოდგა, ისევ შეჰხედა შორენას.ქალი კი არა, ღმერთი მეტყველებდა მის მშვენიერ, ბროწეულის ყვავილისფერ, ბავშვურ ტუჩებიდან...
მერმე მოეხვიენ ურთიერთს, დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს, კოცნიდნენ კვეტარში გატარებული სიყმაწვილის მოსაგონებლად, გაცდენილი ბედნიერების, დაკარგული დღეების, უსიყვარულოდ გატარებული წლების, სხვისთვის გაფლანგული ტანჯვის სამაგიეროდ, მერმე ისევ შემოესმათ საყვირის ხმები მუხნარისას ციხიდან. და შორენა ეუბნება:
“ახლა უკვე გვიანაა, უტა”.
ისევ გადაიარეს ბაღი, განცალკევებულად მიჰყვნენ ბნელ შუკებს, ხურსისეული სასახლის ჭიშკართან რა მიაღწიეს, შორენამ ეს უთხრა კონსტანტინეს:
“წასვლის წინა დღეს კიდევ გნახავ, უტა”.
როცა შინმობრუნებულმა ჭაღები ჩააქრო არსაკიძემ, გაახსენდა მღამიობების გამოდენა რომ დაავიწყდა.
მოუსვენრად ტრიალებდა იგი საწოლში, წრიპინებდნენ მღამიობები, კუთხეებში ფაჩუნობდა რაღაც.
ძილი არ ეკარებოდა ვაჟს, გვერდს იცვლიდა, ხანაც ბალიშს, პირქვედამხობილი იწვა ბნელში და ნატრობდა:
“სად დაიკარგნენ ის წყეულები, გამოძვრნენ ბნელი ნაპრალებიდან და დამგესლონ ცეცხლისფერმა მორიელებმა ბარემ”.