prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი I

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– I –

სწორედ იმ წელს, როცა გიორგის ბრძანებისამებრ სამი ეკლესია მოათავა ფარსმან სპარსმა სამცხეში, საქართველოს ჭილყვავი შემოესია.

მეხის ღრუბელივით დააბნელა მან აღმოსავლეთი, შირვანიდან წამოსული ქვემო ქართლს მოედო, მტკვარს აღმა აჰყვა და ბასიანამდე გააოხრა ნათესი.

ახმობინა მეფემ ფარსმანი და უბრძანა მოესრა სირი.

ტფილისი იმჟამად სარკინოზებს ეპყრათ, ფარსმანი ამირას კარზე იყო ნამყოფი, გიორგის მამას, ბაგრატ კურაპალატს ტყვედ ჰყავდა იგი, ჯერ კიდევ სიყრმეში ჩამოყვანილი.

ქვისმთლელთა და კირითხუროთა უხუცესი, იდუმალთა მიმთხრობი იყო ფარსმანი, არაბულ ალქიმიაში ფრიად განსწავლული, უებარი ვარსკვლავთმრიცხველი, შესანიშნავი აქიმი, უცნაური მეწამლე და მჩხიბავი.

ფრიად ბნელ ამბებს უკავშირებდნენ მის სახელს ცრუმორწმუნენი, იმასაც ამბობდნენ, გველი ჰყავსო ფარსმანს ლაგამამოდებული და ზედმჯდომი დაჰქრისო იგი არაგვის ჭალებში. სამი კვირის მანძილზე ამზადებდნენ წამლებს ფარსმანი და მისი შეგირდები, ბოლოს ჯადოსნური რამ სითხე შეკაზმეს, მამასახლისებს დაურიგეს, ლეშები დააწამლინეს და ხეებზე გაატანინეს.

გაუმაძღარი სირი მიეტანა მძორს და მოისრა სრულიად.

შემდგომ ამისა, წლის მიწურულამდის მშვიდობა სუფევდა საერისთავოებში, ბერძენთა კეისართან მტკიცე ზავი შეიკრა, ბაგრატ კურაპალატის მიერ მრავალგზის გვემული განძელი ფადლონი ხარკს აძლევდა მეფეს; ამ მაგალითით დაშინებული ტფილისელი ამირაც გატვრინული იყო, სარკინოზები ჯერ კიდევ ბოგინობდნენ შურის ციხეში.

გულმოცემული გიორგი დადიოდა აფხაზეთსა, სამცხესა და ქართლში, აგებდა ციხე-ქალაქებს, აგარებს და ეკლესიებს, ხანმოკლე ზავის დროს ხანგრძლივი ომებისთვის ემზადებოდა.

ახალ წელს მცხეთაში იყო ტაძრეულითურთ გიორგი, კათალიკოსმა მელქისედეკმა უთენია უკვლია, საწოლის დარბაზს მოადგა ოქროითა, ვერცხლითა და ბროწეულებით გავსილი ხონჩით, კლარჯეთიდან ჩამოტანილი ძელიცხოვლის ჯვარი მიართვა, პატიოსანის თვლებით მოოჭვილ ლუსკუმაში ჩადებული, და ძვირფასი ხატი ამინაშატისა.

დილიდანვე ეწვიენ მეფეს ერისთავნი, ზვიად სპასალარი და მსახურთუხუცესი, მანდატურთუხუცესი და მსაჯულთუხუცესი, ეზოსმოძღვარი და ჩუხჩარხი, მოლარეთუხუცესი და მეღვინეთუხუცესი. მენადირეთუხუცესმა სამი ქორი მიართვა ფოლადისფერი, შვიდი შავარდენი ლაზიკიდან ჩამოყვანილი, ერთი თავიც ველური ეშვისა სავსებით მოოქროვილი.

მერემეთუხუცესმა და სამმა ერისთავმა შვიდ-შვიდი ცხენი თვითეულთა.

ერისთავებმა ისრებიც მოართვეს მეფეს, მსხვილნი ბოძალნი დიდნადირთათვის, ქეიბურნი მხეცთათვის, ხარჩა და ქიბურჯი ფრინველთათვის, დიდ-დიდნი კაპარჭნი საომარნი.

მოიდო მთელი კონა ისრებისა ბანჯგვლიანმა მამამზე ერისთავმა, რომელსაც ლომკაცად უხმობდნენ თავისი დიდი ანაგობისა და ვაჟკაცობის გამო, ჭრელი და მჭრელი თვალები ისარივით მიაჭდო ტახტზე მჯდომარეს და წარმოსთქვა: «მრავალჟამიერ ჰყოს დამბადებელმან ყოველთამან მეფობა შენი და ისარნი ესე გულსა შინა განერთხოს მეფობისა შენისა ორგულსა. წყეულიმც იყოს ყოველი გულბოროტი და ქვეგამხედვარი ტახტისა შენისაი». გიორგი მდუმარე იყო ბუნებითგანვე, კაცი არამეტყველი, მაგრამ ფრიად დაკვირვებული. მან ხმალივით შეაგება მზერა ისრიმისფერ თვალებს, დაფანჩვულ, თეთრ წარბებქვეშ თრითინებსავით აწრიალებულთ, შემდგომ ამისა, სპასალარისაკენ გადაიტანა მზერა.

თავმოდრეკილი იდგა ზვიად სპასალარი, წარბშეუხრელად ისმენდა მამამზის სიტყვებს და აგურის იატაკს დასჩერებოდა რაღაც უცნაურ ფიქრში წასული. უზარმაზარი ხმლის ვადას მოსჭიდებოდა მისი ფაჩვუნიერი მარჯვენა. (ყველანი უხმლოდ იდგნენ გარშემო, მხოლოდ მას ერტყა დარბაზობის დროს ფოლადის ჯავარდენი).

პურობა მოთავდა და ნადიმი დაიწყო თუ არა, მონადირეთუხუცესმა, ბაზიერებმა და მარეკებმა ერისთავების მიერ მორთმეული ცხენები წაასხეს მეფის ნაკრძალში, ხმლით დააყრევინეს თავები და ნაკრძალი გამოჰკეტეს ირგვლივ.

ღამემ შემოუსწრო ნადიმს, მემაშხალეთა მაშხალები აანთეს, მეჭურჭლეთ სამაშხალე ქონი და ალყა შემოზიდეს დარბაზში.

მეფეს მოლხენა ეწადა იმ საღამოს, მაგრამ სპასალარის მოწყენით მდუმარებამ გუნება გაუფუჭა ანაზდად.

ნაშუაღამევს გაიყარნენ დარბაზისერნი, ორი მემაშხალე ანთებულის მაშხალებითა კათალიკოსს წარუძღვა წინ, თითო-თითო სამთავე ერისთავთა.

მეფემ ღამენებისა უსურვა სტუმრებს, ზვიადს წამუყო, მემაშხალენი დაითხოვა და წინ დაისვა სპასალარი.

სრული მყუდროება სუფევდა დარბაზში, თაფლის სანთლები ბჟუტავდნენ ნიშებში, ნასამურევზე ლოყები შეფაკლოდა ჭაბუკ მეფეს, მაგრამ უგუნებობა ვერ დაეთრგუნა ღვინოს.

მცირე ხანს იდგნენ ორივენი ასე მდუმარედ. ჭოტის ხმა მოდიოდა კათალიკოსის ბაღიდან, გუშაგები ჰყივოდნენ უვარსკვლავო ღამეში.

თავი აიღო გიორგიმ, ჯიქურად შეხედა სპასალარის შავადშეყრილ წარბებს და უგუნებობის მიზეზი ჰკითხა.

არ მინდოდა ახალ წელს უხიაგ ამბავთა მოხსენება მეფისათვის, თავი იმართლა ზვიადმა, აწ შუაღამე გადასულიაო და ამიტომაც უამბო შემდეგი: სწორედ წინა დღით მსტოვარებს უცნობებიათ აქ მოთხრობილი მისთვის:

კვეტარის ერისთავს თალაგვა კოლონკელიძეს ძალით უთაყვანებია ფხოველნი და დიდონი, მათ აჰყოლიან ძურძუკნი და ღალღაი და ის თემები, რომელნიც ტილიჭამიათა მეზობლად ბინადრობდნენ მაშინ.

არაგვის ხეობაში შემოჭრილან საერთო ჯარით; ციხეებს შემოწყობიან, უბრძოლველად გაუტეხიათ ციხისთავები, რადგანაც ყველგან შინაკაცები ჰყოლიათ წარმართთაგანნი თურმე.

მამამზე ერისთავის ერთადერთი ვაჟი ჭიაბერი გუდამაყარში შებრძოლებია კოლონკელიძეს, მაგრამ უვნებლად უკუქცეულა და ქორსატეველას ციხეში ჩაკეტილა მცირედის ჯარით.

არც ის დაუმალავს ზვიად სპასალარს, ამ შეტაკებისას მხოლოდ ცამეტნი ფხოველნი დაუკოდნიათ ისრით და შვიდნი არაგველნი საკმაოდ მსუბუქად.

შემდგომ ამისა, შესევია თურმე კოლონკელიძე თავის ლაშქრით არაგვის ხეობას, ეკლესიები გადაუბუგავს, ხატები შეუმუსრავს, ხუცები და ბერები სამრეკლოზე დაუკიდნია თოკით, ბორცვებზე ბომონები აღუმართავთ კვლავ, არაგველებიც შეერთებიან ფხოველთა და მათთა მიმყოლთა, ღამეები უთევიათ კერპებისათვის, ძენი და ასულნი შეუწირავთ უძველესს წესისამებრ.

სამი დღე და ღამე როკავდნენ თურმე ბომონების წინაშე და გამარჯვებას ზეიმობდნენ ლუდით გალეშილი ბრბოები.

ეს მომხდარა სწორედ იმ დღეს, როცა მამამზე ერისთავი მეფესთან სადარბაზოდ გამოემართა.

თავი ჩაჰქინდრა გიორგიმ პირველმა, ამ ამბის შემცნობმა. თვალწინ დაუდგა მამამზე ერისთავის ისრიმისფერი თვალების ყალბი ციმციმი. როგორი ნირშეცვლილი ეჩვენა მას მამამზე ერისთავი იმ წუთში? ნუთუ მამამზე იყო იგი, თუ სატანა ჩასვლოდა მას გვამში?

მერმე ვინ?

ბაგრატ კურაპალატის განუყრელი მეგობარი, ფადლონ ამირასთან ომებში, შირიმნის ბრძოლაში გიორგისთან ერთად მრავალი ჭირის გადამხდელი.

განა მამამზე არ უდგა გიორგის მხარში, როცა «განდგა ქვეყანა, ჰერეთ-კახეთისა და დადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნენ ერისთავნი».

ბოლოს ესეც მოაგონდა გიორგის, ნიალის ველზე ბერძენებთან შეტაკების პირველი ღამე ჭაბუკმა მეფემ ხმლით გაჰკვეთა ბერძენთა მთავარსარდალი, შემოაბრუნა ცხენი თუ არა, ბერძენმა მხედარმა თორიანი ცხენი გამოუკლა მეფეს და მარჯვენა წვივი გაუგმირა შუბით.

ისკუპა მამამზემ ცხენიდან, ბალღივით აიყვანა ხელში ჭაბუკი გიორგი, საკუთარ ცხენზე შესვა, ხმალს ხელი გაივლო და ისე დაიფრინა მტერი, შავარდენი დარევიაო ღალღათა გუნდს.

ახალ წელს იმავე მამამზემ ისრების კონა აიღო ხელში და ლიქნიდა ურცხვად მეფის წინაშე, ერთგულებას ეფიცებოდა.

კარგი ხანია იცოდა გიორგიმ, რომ არც მამამზე და არც მისი ვაჟი ჭიაბერი გულით ქრისტიანები არ იყვნენ.

საქართველოს მეფისათვის თვალისასახვევად ხატებითა და ჯვრებით ჰქონდათ მორთული ქორსატეველას ციხე-დარბაზი და კარის ეკლესია. მიუვალს მთებში წარმართული ბომონები ჰქონდათ მუხოვანებში აღმართული და იქ ლოცულობდნენ თავათ.

მსტოვრებს ეს ამბავიც ეუწყებინა სპასალარისათვის: კვეტარის ერისთავს კოლონკელიძეს, მამამზესა და ჭიაბერს პირი შეეკრათ გიორგის წინააღმდეგ.

ეს არ იყო ოღონდ დადგენილი, ვინ იდგა მათ უკან? ტფილისელი სარკინოზების თივას, თუ ბიზანტიის კეისარი, ბასილი, რომელსაც ბასიანს გადაღმელი ქვეყნები წაართვა გიორგიმ ოდესღაც.

შესაძლოა ამირა ან ბასილი?

ან ორივენი ერთად?

გიორგის ისიც მოხსენდა, რომ თალაგვა კოლონკელიძის მხოლოდშობილი ქალი, პიმრმშვენიერი შორენა, აკვანშივე დანიშნული ჰყოლია ჭიაბერს.

ეკლესიების შემოუსვრა მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვას მოასწავებდა. გაზაფხულზე მამამზე და თალაგვა დამზახლდებოდნენ და საერთო ძლით შემოეწყობოდნენ უფლისციხეს.

გიორგი შორს ჭვრეტდა ფრიად. მან კარგად უწყოდა, რომ ქრისტეს სჯული საფარველი იყო ამ შემთხვევაში.

თავათ გიორგისაც შერყეული ჰქონდა რწმენა.

არაბი ბაზიერნი უწვრთნიდნენ მას მიმინოებს, ხოლო ფარსმან სპარსთან ღამეული საუბრების დროს იგი დიდის გულისყურით ისმენდა მისგან პლატონის სწავლას სულთა გადავლენისათვის.

ვარსკვლავებს უთვალთვალებდა ასტროლოგი მეფე ღამღამობით, ვინ იცის, ეგებ, მზეგადასულთა სულნი იყვნენო იგინი?

მიუხედავად ამისა, ქრისტიანობის ქომაგად ითვლებოდა გიორგი და მის ზარაფხანაში მოჭრილ თეთრზე ასე ეწერა: მეფეთ მეფე გიორგი - მესსიის მახვილი.

კეისართან ზავის დარღვევას გაურბოდა გიორგი, თავის მხრით ბიზანტიისათვის თვალის ასახვევად დაუცხრომლად აგებდა ქრისტიანულ ტაძრებს და მახვილით ავრცელებდა მთელს კავკასიონში ქრიტეს სჯულს.

ახლა მიხვდნენ გიორგი და ზვიადი მამამზე ერისთავის დარბაზობის ნამდვილ მიზეზს.

დასაზვერავად გამოეგზავნა ვაჟს ეს საპატიო სტუმარი. გიორგის შეეძლო ახალწლის მეორე დღესვე თვალები დაეთხარა მამამზისათვის, ჭიაბერისა და კოლონკელიძის წინააღმდეგ ჯარი გაეგზავნა, ვიდრე პირველი თოვლით შეიფიფქებოდნენ მთები, მაგრამ ჭიაბერი ახლადმობრუნებული იყო ბიზანტიონიდან, სადაც იგი თურქებთან ბრძოლაში შველისათვის ოქროს მუზარადითა და «არხეგოსის» სახელწოდებით დააჯილდოვა კეისარმა.

ჭიაბერმა ბიზანტიონიდან დაბრუნებისთანავე ღალატით მოაკვლევინა ოვსთა მეფე და ძალით ითაყვანნა ოვსნი; შეუდარებელ მეომარსა და მოჯირითეს დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელს კავკასიონში.

ზვიად სპასალარი გულდინჯი მრჩეველი იყო, არც თუ გიორგის სჩვეოდა დიდ საქმეთა ხელაღებით გადაწყვეტა. ამიტომაც დასთქვეს: მხოლოდ მეორე დღეს გამოლპარაკებოდნენ მამამზეს.

თანაც დაადგინეს, გადაცმული ბერები გაეგზავნათ ფხოვში და გამოერკვიათ სარკინოზების ამირა ურევდა ამ საქმეში ხელს, თუ ცბიერი კეისარი ბასილი?

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.