prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XXXII

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XXXII –

სვეტიცხოვლის კარიბჭესთან ბოდოკია შემოეგება არსაკიძეს.

«შენ გიცდიდი, ოსტატო».

ამბობს ბოდოკია.

«ხომ არაფერი მომხდარა კიდევ?»

«ჩუქურთმიანი ლოდია ჩრდილოს კედელზე გასატანი, ოსტატო».

ნაბიჯს აუჩქარა არსაკიძემ, მიხვდა თუ რომელ ლოდს გულისხმობდა ბოდოკია, ლაზი.

სვეტიცხოვლის ტაძარზე ახლაც დარჩენილია მოდელი ტაძრისა.

სწორედ ამ მოდელის ქვემოთ დატანებულია ეს ჩუქურთმიანი ლოდი, სამმხარიანი ჯვარია მასზედ და ასომთავრული წარწერა ასეთი:

«ნებითა ღვთისათა განახლდა სამირონე ესე, ბრძანებითა ქრისტეს მიერ კათალიკოსის მელქისედეკისათა. შეიწყალე უფალო, მონა შენი კალატონი ოთხნი, ამინ».

დიდხანს ჭირვეულობდა ამ ლოდის გამო კათალიკოსი, სამგზის დაიწუნა ჩუქურთმიანი ჯვარი, ბოლოს, როგორც იქნა, ეს უკანასკნელი მოიწონა. ამიტომაც ჰქონდა ნაბრძანები არსაკიძეს: უჩემოდ არ ჩადგათო ლოდი.

ეს ამბავი პარასკევს მოხდა. შაბათს მელქისედეკი აპირებდა მშენებლობის დასათვალიერებლად მოსვლას, ამიტომაც ეჩქარებოდათ ოსტატებს.

კალატოზებმაც იცოდნენ მელქისედეკის ჭირვეულობის ამბავი, ამიტომაც ვეღარ ანდეს მისი ატანა მონებს. ხუთივენი ავიდნენ ხარაჩოზე.

როცა საბელით აზიდეს ლოდი, მოხუცი ბოდოკია წაეპოტინა პირველი, მარყუჟიდან გამოხსნა ლოდი, მაგრამ ვეღარ მოერია თავათ.

სამი დანარჩენი კალატოზი უმარჯვოდ იდგა, ხარაჩოს ძელები გაესიპა ნისლს, ფეხი ვეღარ მოიმაგრეს, ამიტომაც ვერ მოეშველნენ ბოდოკიას დროზე.

ლოდიც გასიპული იყო, ხელი მოეცარა ბოდოკიას, მაგრამ მკერდი მაინც შეაგება ოსტატმა, ისევ წაეპოტინა, მაგრამ ვეღარ შეიმაგრა ლოდი.

დაწინაურდა კონსტანტინე არსაკიძე, მკლავები შემოაჭდო ლოდს და საოცრად გაწითლდა მთელს სახეზე. კალატოზებიც დაიძრნენ ადგილიდან, მაგრამ ვერც ერთმა მოიკიდა სველ ხარაჩოზე ფეხი, კარგა ხანს გაუძლო არსაკიძემ ოთხი კაცის ტვირთს, ვეღარც მას მიეშველნენ დროზე.

ხელი გაეშვა?

ბოდოკია იქვე იდგა, დაშავდებოდა მოხუცი, ბოლოს ჩუქურთმიანი ლოდიც დაიმსხვრეოდა უცილოდ. იმარჯვეს ისევ სამთა, წელმოწყვეტილი ბოდოკიაც მიეშველა. მაჯაგანით ჩასვეს ჩუქურთმიანი ლოდი, მაგრამ ნირშეცვლილი არსაკიძე შეჰქანდა ხარაჩოზე.

თვალი წაატანა ბოდოკიამ, ლაინისფერმა გადაჰკრა ხუროთმოძღვარს სახეზე.

როცა იგი ძირს ჩამოიყვანეს, წელი ვერ გამართა არსაკიძემ. მშვილდივით მოკეცილი დაეცა მიწაზე. საკაცეზე დააწვინეს ხუროთმოძღვარი მეფისა, თორმეტმა კალატოზმა წაიყვანა არსაკიძე რატისეულ სასახლეში.

ატირდა საწყალობლად ნონაი.

«წუხელი ცუდი სიზმარი მქონდა, არ დამიჯერა ბატონმა, მიტომაც შეემთხვა ხიფათი».

მელქისედეკი უფლისციხეში იყო იმ დღეს, მსახურთუხუცესი წარგზავნა ავადმყოფის სანახავად გიორგი მეფემ.

ფარსმან სპარსი იხმეს, მაგრამ ავად ვარო, მოიმიზეზა ფარსმანმა, უფლისციხეში აფრინეს კაცი, თურმანიძე თმოგვს წასულიყო წინა დღეს.

ორი კვირის მანძილზე სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იყო არსაკიძე მისული, უმწეოდ დაფათურებდა ნონაი, შავ შარბათს, თემრი ჰინდის, უშხულისა და ბროწეულის წვენს ასმევდა ავადმყოფს, სვინტრისა და თალგამის მხალს აჭმევდა დღენიადაგ.

არ აპირებდა ავადმყოფი გამობრუნებას.

ბოლოს დარწმუნდა არსაკიძე მომიხდებაო სიცოცხლის დათმობა. ნაღვლობდა ოსტატი ფრიად, დაუსრულებელი რომ რჩებოდა სვეტიცხოველი.

მთელი სიცოცხლე სხვის ქვეყნებში ყიალსა და უსაზმნო შრომაში დალია, ცხრაკარსა და ითვალისში აგებული ორიოდე ეკლესია უკვდავებას ვერ მოუხვეჭდა მის სახელს.

კარგად იცოდა ოსტატმა: მუზები დიახაც მიელტვიან უღრან ტყეებსა და უკაცურ მთებს, მაგრამ უკეთუ მათი შთაგონების საგანი სატახტო ქალაქებს ვერ მისწვდა, ვერც ერთი ოსტატი გაითქვამს სახელს.

სვეტიცხოველი იყო მისი სიჭაბუკის, მამაკაცობის უსაჩინოესი ქმნილება, საქართველოს გულში აგებული საჩინო ადგილზე.

რამდენი შრომა და ტანჯვა შეალია ამ დიდ ქმნილებას და ახლა სიკვდილს უნდა გადაეჭრა გზა!..

ეცოდებოდა მოხუცი დედა, ფხოვის ცივ მიწაში დარჩენილი მამის ძვლების ერთგული დარაჯი; ბოდოკია უნდა წარეგზავნა კვეტარს, მაგრამ საქმეს ხომ ვერ მოაცდენდა ჩინებულ კალატოზს?

ეს კი ეწადა, სულზე მოესწრო როგორმე დედას, ეგებ მისმა ლოცვამ და სიყვარულმა გადამარჩინოსო სიკვდილს.

ერთი და უსაწყალობლესი დარდიც უნდა გაჰყოლოდა ამ უხეირო წუთისოფლიდან.

ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც კიდევ ენახა შორენა, როგორმე შეევლო საღამო ჟამს ხურსისეულ სასახლეში და ერთხელ მაინც გაეგონა მისი პირისაგან დედის მიერ შერქმეული ლაზური სახელი «უტა».

სულზე მოუსწრო თურმანიძემ ავადმყოფს.

მარჯვენა მკლავი გაუხსნა აქიმმა. სისხლი ადინა საგუალის ძარღვიდან. გრილი შარბათები ასვა, ვარდის კაჭაჭის ფოთლები დაანაყვინა ნონაის, უხვად ასვა წვენი, ქაფურში გავლებული გრილი ტლეები შემოადგა.

სამ დღეში გამომჯობინდა არსაკიძე.

ასე დააწესა აქიმმა: ორ თვეს მაინც არ გასულიყო ხარაჩოზე ხუროთმოძღვარი მეფისა.

არც ცხენზე შემჯდარიყო ორ თვეს, ფიცხელი მოძრაობა აღკვეთოდა ყოველნაირი.

ერთი კვირის შემდეგ თავათ დგებოდა ფეხზე.

მთელი დღე იჯდა რატისეულ სასახლის აივანზე. გულშემოყრილი გასცქეროდა თავის საყვარელ ქმნილებას შორიდან.

ყოველ დილას მოდიოდა ბოდოკია, მითითებებსა და თათბირებს ღებულობდა ავადმყოფი ოსტატისაგან.

თითქმის ყოველ დილით ხედავდა აივნიდან არსაკიძე სანადიროდ მიმავალ შორენას.

გიორგის მეფის ოქროსფერ ულაყზე იჯდა ერისთავის ასული, ორი მოახლე და ორი დიაკონი მისდევდნენ ცხენდაცხენ, შავარდნიანი ბაზიერებიც თან ახლდნენ.

მხარმარჯვნითა და მხარმარცხნით გიორგი და გირშელ მიჰყვებოდნენ საომარ ცხენებზე გადამჯდარნი, თორმეტი თოროსანი რაინდი თან ახლდა მეფესა და ერისთავს.

სულ ბოლოს ურმით მიჰყავდათ გიორგი მეფის ავაზები მონებს, ატლასის დორი ზედ ეხურათ ავაზებს, საბელის თავი ურმის უკან მიმავალ მონებს ეჭირათ ხელში.

აივნიდანვე ამჩნევდა არსაკიძე, შორენა მხიარულად ებაასებოდა მეფესა და ერისთავს.

სანადირო ტყავკაბა ეცვა გირშელის საცოლეს, ოქროქსოვილი ზორტებითა და მარგალიტების ფოჩვებით შემკული ტარსიკონის ჩექმები ფეხზე, ვერცხლის უზანგებამდის წვდებოდა ბროწეულის ყვავილისფერი საწმერთულის ტოტები.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.