– XXVII – მიდიოდა გიორგი, გაუგებარ სიტყვებს როშავდა თანაც. მეგობრები შორიდანაც ატყობდნენ: ვიღაცას ემუქრებოდა იგი.
ყორეებს ეფარებოდნენ, უთვალთვალებდნენ, ერთი ვნახოთ სად წავაო ახლა?
მოედანი გადაიარა გლახუნამ, ხურსისეულ სასახლისკენ გადაუხვია მხარმარცხნით.
ეზოში შევიდა და შესდგა.
სამივემ ირწმუნა მცხეთაში გავრცელებული ჭორი: კოლონკელიძის ქალს ყვარობსო მეფე გიორგი.
გადაჰხედეს ურთიერთს, ჩამოსცილდნენ მართლაც.
ხილნარში შევიდა გიორგი, ახედა ზედაზენის მთებიდან გადმომდგარ მთვარეს.
დათოვლილივით მოსჩანდნენ ატმისა და ვაშლის ხეები, მსუბუქი ბორიო ოდნავ აქანავებდა ხეთა კენწეროებს.
ტოკავდა შტოთა ნაჩრდილევი სითვით ნაქარგივით ამოჩითული მიწაზე, ასე ეგონა ბილიკზე მიმავალს: ქარცემულივით ტორტმანობსო მთელი ქვეყანა.
მიწის სუნი, ნაზამთრალი ფესვების სუნი, ატმის ყვავილის ნელსურნელება იკმეოდა ირგვლივ.
სიმთვრალემ მხნეობა შეჰმატა.
არც დედოფლის რიდი ჰქონდა ამ წუთში, აღარც მელქისედეკ კათალიკოსისა. იგიც სულ ერთი იყო მისთვის, თუ რას იტყოდნენ სასახლეში ავი ენები.
ჭაღები ქათქათებდნენ ხურსისეულ სასახლეში.
ალბათ მობრუნებულაო ზედაზენიდან შორენა.
«გირშელი კი არა, მამაჩემი რომ წამოდგეს, ბაგრატ კურაპალატი, არ შევეპუები მასაც».
ესა სთქვა თითქმის ხმამაღლა გიორგიმ.
ცა ისეთი მაღალი იყო, ვარსკვლავებიც ისე ნაზად აფახულებდნენ იისფერ წამწამებს, არასოდეს ასეთი ბედნიერება არა უგრძვნია გიორგის.
ჯერ კიდევ ყრმას შეაჩეჩეს დედოფალი მზრდელმა და მელქისედეკმა, ისე როგორც მდაბიორს მიუგდებენ მეზობლიანთ თხუპნიას. ბოლოს თავი მოაბეზრეს სეფექალებმაც, რადგანაც სძაგდა მოძალებული დიაცი.
ამის მეტად არ ეგემნა მიუწვდენელი სიყვარულის ტკბილი ბადაგი.
შესცქეროდა თეთრად მოქათქათე ხილნარს. სიყვარული, ღვინო და ყვავილთა ნელსურნელება შემოგზნებოდა გულზე.
კიდევ შეჰხედა სასახლის სარკმელებს.
დარწმუნდა: ჩამოსულაო შორენა. რადგან ცაც ისეთი მაღალი იყო, ვარსკვლავებიც ნაზად ნაბავდნენ იისფერ წამწამებს, ოცნებასა და ზმანებას დაებანგა ქვეყანა სრულად.
სიჭაბუკის შემდეგ ეს პირველად შედიოდა ხურსისეულ ეზოში გიორგი. საჯინიბო ღია იყო, შრამელები აეღოთ, მხოლოდ უზარმაზარი ქვის კიბე დარჩენილიყო უცვლელად.
ჰინდური თუთიყუშები ჩხაოდნენ სადღაც. კიბის შუაგულამდის ისე მიაღწია, არც მონების, არც ძაღლების ჭაჭანება არსად ისმოდა.
«კარგად კი ჰყოლია დაცული ფხოველი ტყვეები გამოყრუებულ ათანასე ბერს!»
გაიფიქრა გიორგიმ. ინანა: აქამდის რად არ შემოვიპარეო გადაცმული ამ სასახლეში?
სულ რამდენიმე ხარისხი ჰქონდა დარჩენილი კიბისა, ტალანიდან შინაური ავაზა გამოვარდა და კიბის თავზე შესდგა.
ფოსფორული შუქი ქათქათებდა ნადირის თვალებში.
გაუკვირდა: აქამდის ცოცხალი ყოფილაო ხურსისეული ავაზა?!
კიდევ აიარა ორიოდე ხარისხი. ავაზა დაიძრა დინჯად და წამოვიდა უცხოს შესახვედრად.
თორი არ ეცვა მეფეს, შეკრთა, ხმლის ვადაზე წაივლო ხელი.
ვიღაცა დიაცმა გამოსდია ავაზას. უცნობის დანახვაზე შეკრთა.
ამასობაში ავაზა მოეახლა გიორგის, მუხლის თავზე უყნოსა ძაღლივით.
მარცხენა ხელი გამოიღო გიორგიმ, უნდა მიალერსებოდა მხეცს, მაგრამ საეჭვოდ მიიჩნია სტუმართმოყვარეობა მისი.
მარჯვენათი მოზიდა ხმალი.
«ნუ გეშინია, არას გავნებს, ბატონო».
მიაძახა კიბის თავზე შემდგარმა ქალმა.
შერცხვა კიდევაც ოდნავ, დიაცმა რომ შეამჩნია შეკრთომა ვაჟკაცს.
ტალანში შესულს ეცნაურა შინდისფერ მანდილიანი დიაცი.
«მწუხრი მშვიდობისა».
ეუბნება სტუმარი.
«ვინა გნებავთ, ბატონო?»
ხმა გაიღო ქალმა.
«დიასახლისი ამ სახლისა».
მიუგო გიორგიმ.
???
«ამ სახლის დიასახლისი?»
დადუმდა მცირე ხანს და დასძინა:
«სარკინოზებთანაა წასული იგი».
«ვინა ცხოვრობს სასახლეში ამჟამად?»
«ფხოველი ტყვეები, ჩვენ».
«შენ ვინ იქნები, ქალავ?»
«პირისფარეში ერისთავის ქალისა».
«თვითონ შორენა სადა ბრძანდება, პატრონი შენი?»
«შორენა და მისი მოახლენი ზედაზენს წაიყვანა ჩვენმა მოძღვარმა».
«შენი სახელი მიბოძე, ქალავ».
«ვარდისახარი, ბატონო ჩემო».
გიორგის მცირე რამ სმენოდა ამ ქალის გამო, დაკვირვებულად ახედ-დახედა დიაცს.
«შენ თავათ ვინა ბრძანდები, ბატონო?»
«მეფე გიორგის მალემსრბოლი, ავშანისძე ვარ, გლახუნა».
მეფე გიორგის ხსენებაზე ანაზდად შეშფოთდა ქალი.
«მობრძანდით, - ეუბნება მოწიწებით სტუმარს, დიდ დარბაზისკენ გაუძღვა წინ.
ოთხივე კუთხეში კაცის სიმაღლე შანდლები ენთო, ხალასი ვერცხლისა. ნიშებში თაფლის სანთლები ბჟუტავდნენ.
ირმის რქები და ტყავები ეკიდა კედლებზე, გაშლილი ვაშკარანები, ღია სკივრები და ზანდუკები ელაგა ირგვლივ.
შუაგულ დარბაზში ვერცხლის ტაბაკი იდგა, გახსნილი გრაგნილი ზედ იდო გრძელი. სწორედ ამ ტაბაკთან მიიყვანა ვარდისახარმა სტუმარი, სელზე დაჯდომა შესთავაზა მყისვე.
გიორგიმ მოურიდებლად დახედა გრაგნილს.
ეს რა არისო?
ეკითხება დიაცს.
«მზითვის წიგნია ერისთავის ქალისა».
ვარდისახარმა ახედ-დახედა სტუმარს.
ასე დაასკვნა სამოსის მიხედვით: მდაბიორიაო ვიღაცა, ალბათ, გულახდილად დაუწყო ამიტომაც მას საუბარი.
მარტოშთენილისათვის აღტაცება მოეგვარა, როგორც სჩანდა, შორენას მზითევს. სათითაოდ უჩვენებდა ყოველივეს სტუმარს.
დაუზარებლად ეტიკტიკებოდა მეფეს, აქებდა თავის პატრონს თანაც.
გულნაზიაო და პირმშვენიერი შორენა. ურთიერთისაგან არ არჩევსო დიდსა და მცირეს, მანდილოსანის სინატიფე და რაინდის ლომგულოვნება თანაბრად შერწყმულიაო მასში.
ბედმა უმუხთლაო ჩემს პატრონს ერთხელ, დააბეზღესო მსტოვარებმა კოლონკელიძე, მეფის ღალატი შესწამესო უბრალოდ, ზვიად სპასალარს აძაგებდა, კვეტარის დამქცეველს, თვალები დაუბნელესო უმიზეზოდ ბედკრულ ერისთავს.
ზვიადმა მოუკლაო ერისთავის ქალს საქმრო, ბოლოს თავათ მეფეს უნდოდა ცოლად შეერთო, მაგრამ მელქისედეკმა და დედოფალმა არ დაანებესო. მაინც მოხედაო შორენას ღმერთმა...
ახლა თავისი ცხოვრების ამბავიც წამოიწყო ვარდისახარმა.
მეც ვიყავიო ბედნიერი ოდესღაც, ოვსთა მეფე მიგულებდაო სასძლოდ (არ გაუმხელია, ხარჭად რომ ჰყავდა ოვსთა მეფეს, არც ის უთქვამს, ჭიაბერმა რომ მოაწამვლინა იგი).
უცებ შესწყვიტა ამგვარი ტიკტიკი.
«მაინც რა საქმე გაქვს შორენასთან, კაცო?»
«ნაბრძანები მაქვს პირადად მოვახსენო საუწყებელი».
«მაშ დაიცადე მცირედი, გამოჩნდებიან სადაცაა ალბათ».
გიორგიმ თავათაც არ იცოდა ამ წუთში, მართლაც რომ შემოსულიყო შორენა, რა უნდა ეთქვა მისთვის მოულოდნელ სტუმარს?
გიორგიმ საუბარში შეატყო: დიაცმა არც კი იცოდა, მოდიდებული რომ იყო არაგვი.
მთელი კვირაა გარეთ არ გამიხედავს, შორენას მზითევს ვითვლი და ვალაგებ, გურანდუხტს მოველითო ხვალ.
ესა სთქვა ვარდისახარმა და გახსნილ ვაშკარანებთან მიიყვანა სტუმარი.
საყდრის იარაღებს აჩვენებდა დიდის მოწიწებით. ოქროთი შეჭედილ ხატებს, ვერცხლის ლუსკუმიან ჯვრებს, დიდრონი იაგუნდებით, ლალებითა და საფირონებით მოოჭვილთ.
ძელი ჭეშმარიტი გადმოიღო ერთი, ხოშორის მარგალიტებით შემკული, სახარება და ფსალმუნი ფერადი მინიატჲურებით დამშვენებული, ოქროთი მოჭედილი ბუდეებიც მათთვის.
სპილოს ძვლის ზანდუკი გახსნა, საყურეები ამოიღო ბადახშანის ლალებითა, ნიშაბურის ფირუზებით, მურასა ჯაჭვებითა და თითრიმებითა.
შესანიშნავი მანიაკები გადაიცვა ყელზე, ვარდისფერი იაგუნდებითა.
წითელი, ყვითელი და პირისფერი იაგუნდები ისხდნენ ბეჭდის თვლებში.
მიჭვრიტანები ამოალაგა ოქროთი მოზარნიშებულნი, საყურეები ყვრიმალებთან მიჰქონდა, ბეჭდებს თითებზე იზომავდა.
ასე ეგონა: თვალს მოსჭრისო მათი დანახვა ხამლის სამოსში გამოწყობილ «მდაბიორს».
როცა პატიოსანი თვლები წამიერად მიეახლებოდნენ ვარდისახარს, ეს ყოველივე ბრწყინვალებას ჰმატებდა ისედაც პირმშვენიერ დიაცს, მაგრამ მათგან მოგვრილი აღტაცება თვალსაჩინოდ ჰხდიდა მდაბიორობას მისას.
ახლა დიდი ზანდუკი გახსნა ჯვრის ჩუქურთმებით შემკული. ოქროს ფიალები ამოალაგა, ვერცხლის ჯამები, ვერცხლნაქანდაკები ლანგარები, წეროსყელიანი სურები.
ოქროს ფიალა აიღო გიორგიმ. ირმები იყო ზედ გამოსახული, ფური და ხარი მიჰყვებოდნენ ურთიერთს, წყვილებს წყვილებიდან თიშავდა მგელკაცების უცნაური ფიგურები.
დიდ სურაზე ნადირობა იყო გამოხატული, ხოხობზე მონადირე მოისარები მოსჩანდნენ, მაძებრების თავები, გაქცეული ნიამორების გადრეკილი ზურგები. ვაზის ლერწები და ფოთლები გარს ერტყა სხვათა, უდიდესი გულმოდგინებით შესრულებულნი ოსტატის მიერ.
ახლა საპირფარეშოს ოქროს გოდოლები გადმოიღო ვარდისახარმა, უმარილის სალესი ჯამები, თმის საყოფები, ყურისა და კბილის საჩიჩქნი ჩხირები ოქროისანი, ბროლისტარიანი თმის სახვევები, გველებრ დაგრეხილი ოქროს მარყუჟები ნაწნავების დასაგრაგნელი.
მოჩვენებითი გულისყურით ათვალიერებდა ამ ნივთებს გიორგი. გამოართმევდა ვარდისახარს, სინჯავდა, აქებდა სათითაოდ ყველაფერს.
ორხოვის ნოხები ამოალაგა დიაცმა, ხატაური და ჰინდური სტავრა, ოქროთი ნემსურნი სრულად.
ვერცხლის თუნგები აბანოში სახმარი, ფერადად ნაქარგი აბანოს სჲუზანები, მოვის პერანგები, მარგალიტის თირთიმებითა და ყირმიზი ლალებით დამშვენებულნი.
საწმერთულებს თვალი წაატანა გიორგიმ, პირისფერს, ბროწეულის ყვავილისა და სინგურისფერისას.
გულისპირები ამოჰყვა მათ, ფერადი მაშიები, მარგალიტით მოოჭვილი ქოშები. ერთი საწმერთული აიღო გიორგიმ ხელში, ხოხბისყელისფერი, ტოტებზე ირმის თავები იყო სითვით ამოქარგული, მეორეზე ვაზის ფოთლები და მტევნები იყო ოქრომკედით ამოყვანილი.
ხატაური და ირანული დიბის კაბები გადმოიღო ვარდისახარმა, ნარინჯისფერნი, მზისფერნი და ზღვისფერნი.
ცხრა კაბა ქირმანული ფერადი შალისა, ცხრა საწმერთული გვიმრისფერი, ენდროსფერი და პირისფერნი.
ოქროს ქამრები, მძიმე სარტყელები ამოალაგა თეთრი, შავი და უნაბისფერნი.
ყვითელი, მწვანე, ჟრუნი და იისფერი ქათიბები, ოქროს სინსილიანნი, ტყავკაბები, ოქროქსოვილი ზორტებით და მარგალიტის ფოჩვებიანნი.
კვერნის ტყავები მარგალიტის საყბეურებით, ოქროსა და ალმასების ღილებითა.
ქვეშაგებს თვალი მოჰკრა გიორგიმ, დორებს, საფენებს, ვაშკარანებს, მაფრაშებს, თასებს, ხატაურსა და ირანულ ლანგრებს, ვაზებს და სურებს.
ქირმანული ხალიჩები ეყარა ირგვლივ, ოქრომკედით მოქარგული მუთაქები, ბალიშები და ნატები.
ახლა ცხენსაკაზმი აჩვენა დიაცმა.
მურასა ოქროთი შეჭედილი უნაგირები, მშვლის ბეწვის თოქალთოები, ოქრომკედით კიდემოხატულნი, ვერცხლის სამკერდენი, საცხენო თორნი, ბიზანტიური, ქართული და ირანული, ვერცხლით შეზიკული აღვირები, ლაგამები და მოსართავები.
მარგალიტის ქუდი ხელში შერჩენოდა ვარდისახარს, თავზე დაიხურა და გაუღიმა სტუმარს.
«ერთ წუთში მე ვიქნები ერისთავის სასძლო».
ნაღვლიანად დასძინა:
«ეჰ, ერთ დროს მეც გამიღიმა ბედმა, მაგრამ რისხვით მობრუნდა ჩემს თავზე ცარგვალი!»...
გიორგიმ შეჰხედა დიაცს.
გაახსენდა ზვიადის ნაამბობი: მეჯადაგის ქალი ყოფილაო ვარდისახარი. შესცქეროდა, უკვირდა: როგორ წარმოშვაო მეჯადაგემ ეგზომ მშვენიერი დიაცი!
თვალი შეავლო მარგალიტის ქუდს და მწყრისფერ აბრეშუმის კაბას.
მოაგონდა: ეს ქუდი ეხურა შორენას, როცა კვეტარის ციხის კარებთან შეაგებეს იგი მეფეს. სწორედ ეგ მწყრისფერი კაბა ემოსა იმ საღამოს.
მართლაც სადედოფლო ქალი იდგა მის წინაშე. შორიახლო იწვა ავაზა, წინა თათებზე დაედო თავი.
ოდნავ, სულ ოდნავ ჭორფლიანი, მაგრამ თეთრი, ვაშლის ყვავილისფერი სახე ჰქონდა, ავაზას დარი თვალები.
მწყრისფერი აბრეშუმი დიდად ჰშვენოდა, ნასხვისარობა ეტყობოდა კაბას.
მკვრივად შემოტმასნოდა იგი გათქვირულ ძუძუებსა და სავსე თეძოებს.
ზედა ტანი ოდნავ გაცრეცილი იყო სწორედ იმ ადგილას, სადაც ძუძუს კერტები ზედმოსდგომოდა მწყრისფერ აბრეშუმს.
ახლა დარწმუნდა გიორგი: მართლაც გრძნეული უნდა იყოსო ეს დიაცი.
განზრახ შეეკითხა ვარდისახარს:
ვის მიჰყვებაო ცოლად ერისთავის ასული?
???
ვარდისახარი გაოცდა: როგორ არ სცოდნიაო ეს ამბავი მცხეთელს? მთელი ქალაქი ამ ქორწინების გამო ჭორაობსო დღენიადაგ.
«მაინც ვის?»
გაუმეორა გიორგიმ კითხვა.
«მეფე გიორგის ბრძანებით, გირშელს, ყველისციხის პატრონს».
მოწიწებით წარმოსთქვა ერისთავის სახელი დიაცმა.
გველცემულივით ზეწამოიჭრა სტუმარი, ამ წუთში ირწმუნა: სამუდამოდ დავკარგეო შორენა.
სამსჭვალივით ეცა გულზე ეს სახელი «გირშელი».
განზრახ შეეკითხა დიაცს:
«რა კაცია ნეტავ ეგ გირშელი?»
«დიდი ვაჟკაცი, მოისარი ფრიადი, ერისთავი უსაჩინოესი, გიორგი მეფის დედის დისწული».
კიდევ აპირებდა ვარდისახარი ამ რაინდის სხვა სიქველეთა ჩამოთვლას, მაგრამ სტუმარმა არ აცალა და სიტყვა ჩაუგდო საუბარში ასეთი:
«ალბათ ბედნიერია ერისთავის ქალი, ჰა?»
«ჩემს პატრონს სხვა უყვარდა, არხეგოსი, ერისთავი ჭიაბერ, მაგრამ რა ჩარა აქვს ახლა, გიორგი მეფის ტყვეები ვართ ჩვენა, არჩევანის ნება ვინ მოგვცა ბედშავთ?»
«ასე რომ, მეფე გიბრძანებთ, ყოველივეს შეასრულებთ, არა?»
გაეხუმრა გიორგი და მის მკერდს დაადგა თვალი.
ქალმა ეს შემოხედვა დაიჭირა, აიმღვრა, აღარ იცოდა, რა ეპასუხნა.
«აფსუს, რად არა ვარ მეფე გიორგი?!»
ვითომდაც ნაღვლიანად ამბობს სტუმარი. კიდევ შეხედა მის აბორცვილ ძუძუებს და კვლავ გაუღიმა, ახლა უფრო მოურიდებლად, მრუშად.
«მეფე გიორგი რომ იყვე, რას იზამდი ნეტავი?»
«მეფე გიორგი რომ ვიყვე? ხარჭად აგიყვანდი შენაც».
ეს უთხრა, ახლოს მიეჭრა დიაცს, ავაზისებრ თვალებში ჩააშტერდა, მარჯვენა ძუძუზე წაუცაცუნა ხელი (ასეთი მშვენიერი ძუძუები არასოდეს ენახა ქალის სხეულზე გიორგის).
ვარდისახარი აილეწა.
«ხელები დაიმოკლე, ბედშავო!»
შერისხა და მარჯვენა ხელზე წაუტლაშუნა მამაკაცს მარცხენა.
გიორგიმ ხელი მოუნაცვლა, ახლა მარცხენა წაუცაცუნა მარცხენა ძუძუს, მერმე მარჯვენა გამოიღო სწრაფად, ქედზე შემოჰხვია, მოიზიდა დიაცი.
მკერდზე შემოენთო ქალის სხეულის სილბო და სიტფო.
უარესად აღელდა მთვრალი, თავი გადაუწია მკლავებში ჩაბღუჯულს, უნდოდა მისწვდენოდა მის წითელსა და ვნებიან ტუჩებს, მაგრამ ლეღვის შტოსავით გადაიკეცა ქალი.
მარჯვენა გამოიღო, მკერდზე ხელი ჰკრა მამაკაცს და მიახალა:
«თუ მართლაც მეფის მიერ ხარ მოგზავნილი, ისე გაისარჯე, როგორც მეფეთა მოციქულებს ეს ეკადრება, ბრიყვო».
ასეთი სიტყვა არავის უკადრებია გიორგისათვის ჯერ.
ბრაზი, ღვინო და ვნება მოეძალა ერთბაშად, ნაბიჯი წინ წასდგა კვლავ და ეუბნება დიაცს:
«მე თვითონ ვარ მეფე გიორგი».
იქედნურად გაუღიმა ქალმა:
«მეფე გიორგის მიგიგავს წვერი».
სტუმარმა ჩაიცინა, კვლავ წაეპოტინა იგი ვარდისახარს. მცირე ხანს იბრძოდნენ დიაცი და მამაცი. მკლავების სალტეებში მომწყვდეული ატირდა.
თუ არ მომეშვები, ვიკივლებო ახლავე.
მკლავები შეუშვა გიორგიმ, ვარდისახარმა იდროვა, ხელი ჰკრა ისევე მკერდზე, დაბარბაცდა მთვრალი, მუნვე გაწოლილ ავაზას ზედ გადააწყდა. ნადირი განზე გადაუხტა, თვალები დაუბრიალა უცხოს, შემზარავად ლაშდაღრენილმა.
თავისი გაცოფებული ავაზა მოაგონა გიორგის ფოსფორულმა ელვამ, ხმალს ხელი მიჰყო, ელვის უსწრაფესად ძირს დასცა მხეცი.
სისხლის დანახვისას შედრკა უცნაურად ქალი. გიორგიმ ხმალი გასწმინდა, აუღელვებლად ჩააგო ქარქაშში. კვლავ მიეახლა ვარდისახარს.
ასე ეგონა, დავიუფლეო შემკრთალი დიაცი.
გაიბრძოლა ქალმა, ისევ ატირდა, მაგრამ მტკიცე მკლავები შემოჭდობოდა სხეულზე. გახელებული მთვრალი ჰკოცნიდა ყვრიმალებზე, კისერზე.
საკინძე გაუფხრიწა გიორგიმ და ძუძუზე უკბინა გახელებულმა.
ვაჰმეო, იყვირა ვარდისახარმა და როცა შემკრთალი მამაკაცი მოეშვა კვლავ, მარჯვენა მკლავი მოუქნია და სტკიცა სილა.
გონს მოვიდა მთვრალი, სიწითლემ იფეთქა მის სახეზე, ავაზას ლეშზე გადააბოტა და მიმართა ღამეს.