– LV –
მოთავდა თუ არა ნადიმი, მეფეს აეკიდა კატეპანი სასახლის ბაღშიც. დაუსრულებელი შეკითხვებით თავს აბეზრებდა, ეთამამებოდა, მარჯვენაზე ხელს ჰკიდებდა.
ძლივს იკავებდა ამრეზილი მასპინძელი თავს.
ეს ყოველივე მით უფრო სამძიმო იყო გიორგისათვის, რომ მას ორგზის უნდა გაეგონა ნათქვამი იმ დღეს, ბერძნულად და ქართულად.
როცა ციხეებისა და ჯარების გამო ორაზროვანი პასუხი მიიღო ზედიზედ, ახლა მეფის ცხენების და შავარდნების გამოკითხვა დაიწყო სტუმარმა.
ეტყობოდა ეს ამბავიც სათითოოდ სცოდნოდა წინასწარ, თვით |ყურშაის სახელიც ეცნაურა კასავილას.
"ჰურრახ, პურრახ", აღრიალდა დაცალებული ავაზა ამ დრო.ახლა ავაზების გამო გაუბა საუბარი კატეპანმა მეფეს.
"თევზისფერ ძროხას" საფირონის თვალებიანი ნათია აეყოლებინა, ბევრი სდია სასახლის ბაღში გიორგის, ბოლოს ავაზების გალიასთან მიუსწრო მეფესა და კატეპანს.
კასავილა მოეშვა ავაზების გამო ლაყბობას, ჯერ ნათიას შეხედა, მერმე დედამისს, ბოლოს გიორგის გადახედა და ეუბნება ფარსმანს:
მეფისწული ხომ არააო ეგ მშვენიერი?
თვალისგუგიდან ამოღებულივით მიაგავსო მეფე გიორგის.
როცა ფარსმანმა ეს გადათარგმნა, სახე აელეწა ცოქალას, გიორგიმ შეხედა ნათიას, მართლაც იპოვნა მსგავსება მის სახეზე, გააჟრჟოლა, რა მოიგონა, სამი თვის წინად ხარჭად აყვანა რომ უნდოდა მისი.
უცნაურად აიმღვრა მეფე და ეუბნება ქართულად ფარსმანს:
"ამ ორთითა კატეპანს როცა შევსცქერი, მეშინია, არაფერი ამომაცალოს ჯიბიდან"
ესა სთქვა და ავაზაზე გადაიტანა მზერა, წაიბუტბუტა თავისთვის:
"საერთოდ ქურდებია ბიზანტიელები, სჯული ებრაელებს მოპარეს ენა - ძველ ბერძნებს, ბულგარელებს - ცეტინიუმი, სომხებს - ანისი, ბასიანს გადაღმა ქვეყნები - ქართველებს, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არა სჭირიათ ჯერაც" .
რაო, რა ბრძანაო მეფემ?
ეკითხება ენამრავალი კატეპანი ფარსმანს.
მეფემ ასე მოგახსენათო, მიუგო თარჯიმანმა, როგორც კი ჩემი ვაჟი, ბაგრატი მშვიდობით დაბრუნდება, ტახტს გადავულოცავ უფლისწულს, კეისარს ვეახლები, წმინდა ადგილებს მოვილოცავო ბიზანტიისას.
მეფემ ძლივს შეიკავა ღიმილი.
"თევზის ფერმა ძროხამ" კარგად არ იცოდა ბერძნული. ასე იფიქრა: ახლა დავიღუპე უთუოდ, მეფე დაიჯერებს, თითქოს მისგან მყავდეს ნათია, ამიერიდან ცოლად არ შეირთავს გიორგი მას, უფლისწული ბაგრატი მალე ჩამოვა და ბიზანტიონში წაყვებაო დედოფალს მეფე.
მეფემ მოინდომა საუბრის საგანი შეეცვალა როგორმე.
ამიტომაც აკითხვინა კასავილასათვის:
ავაზები თუ ჰყავსო კეისარს?
უკანასკნელიც მოკვდომოდა ბასილის.
უკეთ რომ ვთქვათ, ტახტის მემკვიდრეს, კონსტანტინეს, მის ძმას, რადგან ბასილი მუდამ ლოცვითა და თვალების დათხრით იყო გართული.
ახლა ავაზების გამო დაიწყო კასავილამ ქაქანი.
ფარაონის თუთმაზის პირამიდაზე ვნახეო ერთი ბარელიეფი შარშან, მუნ გამოხატულ ქურუმებს მარცხენა მხარზე აქვთო ავაზის ტყავი გადაკიდებული.
ეგვიპტური ღმერთქალი საფეს ასე ატარებდაო ავაზის ტყავს.
ფარსმანი აიმღვრა.
ეგ პირამიდა თავათ არ ენახა, მას ყოვლისმცოდნედ მოჰქონდა თავი.
გაოცდა, როცა ისეთი რამე გაიგონა, რაც მას არა სმენოდა არასდროს.
როცა ირმების საჩიხემდის მიაღწიეს, გიორგიმ ატროკება შეამჩნია კატეპანს, ახლა ამ ირმების გამო წამჭამსო თავს, შორენა შენიშნა, გურანდუხტის გვერდით განაბული.
კოლონკელიძის მეუღლემ განზრახ უტია მეფეს, ,,თევზისფერ ძროხას" მიეახლა, მკლავში გაუყარა ხელი და შეეცადა საუბრით შეექცია როგორმე.
მეფე ამჩნევდა თავისთავს, რაც უფრო ხანი გადიოდა, მომეტებულის მოკრძალებით ეკიდებოდა შორენას.
დიაცების მიმართ ცინიკურად განწყობილს, უცნაურად ეშინოდა რატომღაც მისი, მასთან საუბრის დროს ღელავდა, ენა ებმებოდა თითქმის.
ახლა ნაღვინევი იყო ოდნავ, მხნეობა მოიკრიფა და ეუბნება:
"რათ მოგიწყენია, ეკბატანას ვარდო? "
ქალმა არც კი შეიფერა ხოტბა მეფისა, უსიტყვოდ დახარა თავი.
მეფემ მორცხვობას მიაწერა ეგ. ახლა ეს უთხრა ქალს:
"ეგებ ნებიერას გაქცევამ დაგაღონა, არა? "
შორენას აგრე უნდოდა მიეგო: სხვაც ბევრი მაქვსო დარდი, მაგრამ დუმილი არჩია კვლავ.
კვლავ მოიკრიფა გამიჯნურებულმა მხნეობა.
ეუბნება ალერიანად:
"თუ ერთ საწადელს შემისრულებ, შორენა, დღესვე ვუბრძანებ მენადირეთუხუცესს, შევაპყრობინებ შენს ნებიერას".
"კიდევ რა გწადია, მეფევ ბატონო, ჩემგან" .
თითქმის ამრეზილად მიუგო შორენამ და ნაღვლიანად გაჰხედა ირმებს.
"შენი სიყვარული" .
იყო პასუხი.
"მე მგონია, რაც წამართვი, იგიც გეყოფა, მეფევ ბატონო, არა? მამაჩემს თვალის სინათლე წარსტაცე, მე - თავისუფლება, - ხოლო ჩემი გული? სხვას ეკუთვნის დიდი ხანია იგი".
მეფე აიმღვრა, ბრაზი წაეკიდა, ამ წუთშივე უნდოდა გაეგო, ვინღა დარჩაო სხვა? ჭიაბერი და გირშელი აღარ იყვნენ ამქვეყნად, ვინ უნდა ყოფილიყო იგი, ვისაც გაებედანა მეფისათვის გატოლება თავისა? მღელვარება დაიოკა, აღარ იცოდა, რა მოემოქმედნა. მაგრამ ბედად, "თევზისფერი ძროხა" ხელიდან დაძრომოდა გურანდუხტს, შორენას მიეჭრა ცოქალა, ირმების გამო დაუწყო ლაპარაკი.
მეფემ იდროვა, ბოდიში მოიხადა მანდილოსნებთან, გურანდუხტსა და კასავილას მიეკედლა გაფითრებული.
ახლა ეს აიტეხა კატეპანმა: მაჩვენეთო ის საოცარი ძაღლი "კურშაი" ("ყ"-ს ვერ გამოსთქვამდა კატეპანი. თავხედურად ხუმრობდა კიდევაც: "ქართულ პილპილსა და " ყ"-ს ვერ ინელებსო ჩემი ყელი").
თითქმის მდუმარედ იარეს მცირე ხანს ბაღში.
ძაღლების სამყოფ ელოსთან ისეთ ამბავს წააწყდნენ, თავათ გიორგიმ უხერხულობა იგრძნო, შორენა, გურანდუხტი და ნათია გაწითლდნენ, ფარსმანსა და კასავილას გაეცინათ, "თევზისფერმა ძროხამ" ძლივს შეიკავა ღიმილი.
ნებივრად იწვა ძუძუებშებერტყილი ყურშაი. სამი ლეკვი სამ ბოკვერს წაჯდომოდა მგლისას.
ხვადები ისე ტოკავდნენ, როგორც ამძუვნებულ ძაღლებს სჩვევიათ ხოლმე .
კასავილა გაოცდა, როცა შენიშნა მგლის ბოკვერებისა და ლეკვების ალერსი.
ფარსმანმა განუმარტა: ეს ბოკვერები მე მივუსვიო ყურშაის, სამივენი თავათ გაზარდაო ძაღლმა.
ფარსმანს მთელი დღე მოშხამული ჰქონდა სვეტიცხოვლის კურთხევისა და არსაკიძის დიდოსტატად აღიარების გამო. ბოღმამ თავხედობა გაუათკეცა, გვერდით ამოუდგა მარტოკა მიმავალ მეფეს, ღიმილით ეუბნება გიორგის:
"ეგ ბოკვერები და ლეკვები ძუძუმტეებია, მეფევ ბატონო" .
გიორგის ენიშნა ქარაგმულად ნათქვამი.
წამსვე მოისაზრა: ალბათ რაიმე იცისო იმ ,, სხვას " გამო მელაძუა ფარსმანმა, წაეპოტინა ზმას:
" პირდაპირ მითხარი, რისი თქმაც გწადია, ბებერო! "
"მეც გადავწყვიტე არაოდეს მოგახსენო, მეფევ ბატონო, სიმართლე, არც პირდაპირ და არც ირიბად, რადგან შანდლები კიდევ ბევრი დარჩა სასახლეში, ვგონებ" .
"დედის სულს გეფიცები, არ დაგსჯი სიმართლის თქმისათვის, ფარსმან" .
იცოდა ფარსმანმა, ამაოდ არ დაიფიცავდა იგი დედას, ახლა ინანა: იმ დღეს რად არ ჩამოვართვიო ასეთი ფიცი?
"აკი მოგახსენე, მეფევ ბატონო, მშიშარანი არიან-მეთქი შენი ვაზირები. ყველას ეგ სწადია, მხოლოდ საამური თავათ მოახსენოს მეფეს, ხოლო ცუდ ამბავთა მაუწყებლად “შანდლების ქურდი" ეგულებათ".
გიორგიმ მკლავში ხელი წაავლო ფარსმანს, ნაბიჯს აუჩქარა, კასავილა არ წამოსწეოდათ.
"ამაოდ იგულებ, მეფევ ბატონო, სადედოფლოდ ერისთავის ქალს, მთელმა სასახლემ იცის, არსაკიძე ცხოვრობს დიდიხანია მასთან".
"იცოდე, თავი მხრებზე არ შეგრჩება, ფარსმან, ამის საბუთი თუ არ მოგიტანია თავათ" .
"უფლისციხეში ბრძანდებოდი მიწისძვრის დროს, მეფევ ბატონო, არა?
ირმის დევნა საბაბი იყო მხოლოდ, შორენა გაიტაცა არსაკიძემ იმ დღეს, ფხოვის მიწაზე დაიჭირეს მერმე ოვსებმა.
დიდი ხანია, რაც განიკურნა ხუროთმოძღვარი მეფისა, თურმანიძის მალამოებმა მას არგო ფრიად. მაინც წევს, რადგან ეგეც ხრიკია, კოლონკელიძის ასულის შემოსაჩვევად" .
მეფე გახელდა, მიწის ფერი დაედო სახეზე .
"არა მგონია თავი გამიტოლოს აგრე რიგად მაგ ლაზმა".
"გატოლებაო? "
გაიღიმა ფარსმანმა.
"მეფეებს არც უტოლებს იგი თავს.
მიწისძვრის მეორე დღეს შევუარე, ავადმყოფი მეგონა, შინ არ დამხვდა ფხოვს გაქცეული. ერთი სურათი ვნახე მის მიერ ნახატი, იაკობისა და ღმერთის რკინებაა ზედ გამოსახული.
თანაც იცოდე, ღმერთს მელქისედეკის თვალები აქვს, ხოლო იაკობს - დამხატველისა.
ეგ კიდევ ცოტაა, მეფევ ბატონო, შორენა დაუხატავს, ერისთავის ასული. ყაყაჩოების ველზე დგას იგი, მხრებზე ქედნები ასხედან, ხოლო ორი დათვი, ერთი წმინდა თაფლისფერი, მეორე - წაბლისფერი, ფერხთით დავარდნია დიაცს. წაბლისფერი ყველის ციხის პატრონს მოგაგონებს ზედმიწევნით, ხოლო თაფლისფერი თუ ვინ იქნება, ამას თავათაც მიხვდები, მეფევ ბატონო, უთუოდ".
გიორგის ენიშნა ეს ყოველივე , უფრო აუჩქარა ნაბიჯს, ისევ შეეშინდა კატეპანი არ დაგვეწიოსო.
"თუ ეგ საბუთებიც გეცოტაოს, მეფევ ბატონო, მე ცნობები მაქვს ეჭვმიუტანელი, ხანდახან შაბათობით დადის მასთან გვიან ღამით შორენა, თუ კარგად გასჩხრეკენ რატისეულ დარბაზს, სხვა საბუთებსაც აღმოაჩენს მახვილი თვალი".
კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა ფარსმანისათვის მეფეს, მაგრამ
"თევზის ფერი ძროხა" და კატეპანი წამოეწიენ მათ.
მეორე დღეს კატეპანმა დანარჩენი სტუმრები დასტოვა სასახლეში და ბიზანტიონს წავიდა.