prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი X

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– X –

ქორსატეველას ციხეში კათალიკოსის ჩასვლამ (უკეთ რომა ვთქვათ, ძელიცხოველისამ) და ჭიაბერ ერისთავის სიკვდილმა შიშის ზარი დასცა კავკასიონის წარმართებს.

ქრისტიანები წელში გასწორდნენ, დილეგებიდან ამოიყვანეს ფხოველთა ამბოხის დროს შეპყრობილი ხუცები და მედავითნენი, ყველა, ვინც ცოცხალი გადაურჩა ხალხის რისხვას.

ცრუმორწმუნებას ფრთები შეესხა, აგრე ამბობდნენ: ძელიცხოველი მოდისო კათალიკოსის თანხლებით, კერპები და ბომონები მის გამოჩენისას ცამტვერდებიან, წარმართნი ემთხვევიან თუ არა, მყისვე განუტევებენო სულს.

მელქისედეკ კათალიკოსი სისასტიკით არ იყო ცნობილი, მას მთელს საქართველოში სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც ეკლესიათა მშენებელსა და უებრო ასკეტს, ძელიცხოველს გაცილებით უკეთ იცნობდნენ მთეულნი.

თავდაპირველად ვახტანგ გორგასალსა ჰქონდა იგი, როგორც «საომარი ჯვარი»; წინ უძღოდა მეფის ლაშქარს, როცა კავკასიონი გადალახა ვახტანგმა და «დიდმა მთებმა შეჰქმნეს დრეკა».

ალანნი, წანარნი და ღალღაი უცნაურ ლეგენდებს სთხზავდნენ მის სასწაულთა გამო.

ლუსკუმიანად ცხრა გირვანქა იყო ძელიცხოველი, სამნახევარი წყრთის სიმაღლისა და წყრთა-ნახევრის განისა.

ლეგენდების მიხედვით, სვეტიცხოველის ხისაგან უნდა ყოფილიყოს იგი იმ ეპოქაში გაკეთებული, როცა წარმართული ხის კულტი შეიგუა ქრისტიანობამ.

ძელიცხოველს სხვადასხვა საუკუნეში შემოვლილი ჰქონდა მთელი საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის.

ერთი მემატიანის ცნობით ეს ჯვარი დაკარგულა სწორედ იმ დღეს, როცა ხაზარებმა პირველად აიღეს ტფილისი.

აშოტ კურაპალატს უტარებია სარკინოზების წინააღმდეგ ომებში ძელიცხოველი, ბოლოს საბერძნეთში განტოლვილს თან წაუღია იგი. ბიზანტიაში პატიოსანი თვლებით მოაოჭვინა თურმე მისი ლუსკუმა.

853 წელს, როცა სარკინოზებმა ტფილისი აიღეს, კახაი და თარხოჯი მოჰკლეს, ეს ჯვარი ბუღა თურქს ჩავარდნია ხელში.

ძელიცხოველს ბედი სწყალობდა: როცა მისი იმედით აღჭურვილი ერისთავები და მეფეები გაიმარჯვებდნენ, მემატიანენი ჯვარს ადიდებდნენ, «ვითარცა ძლევამოსილს», ხოლო როცა ისინი მარცხდებოდნენ, ჯარის სიმცირეს, ან სტრატეგიულ მარცხს, რომელიმე სარდალს ან მეფეს აჰკიდებდნენ ხოლმე ბრალს.

ცნობილია, ადამიანები ღვთაებას უფრო იოლად აპატივებენ ხელის მოცარვას, ვიდრე კაცთაგანს და სწორედ ამან შეუქმნა ვახტანგისეულ ძელიცხოველს ზვიადი სახელი.

არაბებთან ბრძოლაში 50.000 ქართველი დაიღუპა ტფილისში, თავათ ძელიცხოველიც «წარტყვენილ იქმნა», იმდროინდელ ჟამთაღმწერელს ჯვრისთვის არ მოუკითხავს ბრალი.

მთიულეთში სალაშქროდ მიმავალ ბუღა თურქს მთეულებმა და ხვავებმა მოუჭრეს გზა. «მოისრნა სარკინოზთაგან ურიცხვი» და თოვლის ქვეშ დაიღუპა მრავალი.

ერთმა მენადირე მთეულმა არაგვის პირად დახოცილ სარკინოზების გვამთა შორის დიდძალი ნაალაფარი და ერთი ვაშკარანი იპოვნა, ვაშკარანში სავსებით გაძარცვული ძელიცხოველი, და ბაგრატ კურაპალატს მიუტანა უფლისციხეში.

სარკინოზების შემუსვრა მამაც მთეულთა და ზვავებს როდი მიაწერეს, არამედ ძელიცხოველის ჯვარს.

ბაგრატმა ვერცხლით მოაჭედვინა მისი ლუსკუმა ოქრომქანდაკებლებს და პატიოსანი თვლებით შეამკობინა კვლავ.

იმ ბნელ ეპოქიდან სულ მცირე ცნობები მოღწეულა ჩვენ დრომდის; მესხური ერთი დავითნის მინაწერიდან ირკვევა: კიდევ ერთი ომი მოუგია ბაგრატ კურაპალატს «მეოხებითა ძელისა ჭეშმარიტისათა».

ბარდას-სკლიაროსის შემუსვრისას ძელიცხოველი წინ უძღოდა თურმე თორნიკე ერისთავის ლაშქარს.

ამის შემდეგ დიდხანს სდუმდნენ ჟამთაღმწერელნი ამ ჯვარის გამო. როცა ბაგრატ III და გაგიკ სომეხთა მეფემ ზორაკერტთან შემუსრეს განძელი ამირა ფადლონი, ეს გამარჯვება მოძმე ერების კავშირს როდი მიაწერეს, არამედ «ძალას პატიოსანის ჯვრისას».

ბასილი კეისართან ატეხილ ომებში წინ უძღოდა იგი გიორგი პირველის ლაშქარს, მაგრამ დამარცხებულმა მეფემ გული აიცრუა მასზე, გზაში ოლთისი დასწვა და უკუიქცა.

ბერძნების ჯარის მეწინავე ჯვარისმტვირთველი შეეპყრათ ერთ ტყეში, ორი წლის შემდეგ ტაოს კარში ეპოვნა ჯვარი ერთ ბერს, მაწყვერელისთვის მიეტანა, მაწყვერელს კათალიკოსისათვის მიურთმევია. მერე ის იყო, ახალ წელს მეფეს უკვლია მელქისედეკმა იგი.

როცა ამ ჯვარმა ბიზანტიონთან ომი ააცდინა გიორგის, ჭიაბერს სიცოცხლე მოუსწრაფა და კავკასიონის წარმართებს შიშის ქარი შეჰყარა, გიორგის გული მოუბრუნდა მისდამი.

შეძრწუნდნენ არა მარტო წინართა და არაგველთა აზნაურები, არამედ ფხოველთა ხევისბერებიცა.

აურაცხელი ხალხი მიაწყდა ჭიაბერის ტირილს, ქელეხში თავმოყრილთა შორის უმეტესნი ამ საოცარი ჯვრის საჭვრეტლად იყვნენ მოსულნი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.