prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XXXI

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XXXI –

განმგეთუხუცესი უცხვირპირო კაცი აღმოჩნდა. უკმეხად მიიღო ხუროთმოძღვარი მეფისა.

კურდღლის ტყავის ჯუბაჩა ეცვა, ზანტად აფახულებდა ლოპინარისფერ თვალებს. უზარმაზარ სელზე იჯდა სახედაჭმუჭვნილი, უკბილო ბებერი.

იჭვნეულად შესცქეროდა არსაკიძეს თავის დაფანჩვულ, თეთრ წარბებიდან.

ქუშამომჯდარ ცხენსავით ქშინავდა, უსიტყვოდ უსმენდა არსაკიძეს. როცა მოხსენება მოათავა ლაზმა, თავი აიღო ბერიკაცმა, მკლავი შემოიდგა ყბაზე და უგუნებოდ შეეკითხა ხუროთმოძღვარს:

«ოსპის წვენის გამო წაკიდებულან ლაზები და ბერძნები?»

დიახო, დაუდასტურა არსაკიძემ იმ იმედით, საზრდოს გამოუცვლიანო მონებს.

«ალბათ გემრიელი ყოფილა ოსპის წვენი, არა?»

ესა სთქვა, ულოსავით დაგრეხილ, თეთრ ულვაშზე ჩამოისვა პეშვი, მერმე დაასწრო სტუმარს, სელიდან წამოდგა და გესლიანი ღიმილით ეუბნება:

«ეს იცოდე, ჭაბუკო, მაძღარი მონები ვერაფერს შეჰქმნიან კარგს. ეს ციხეები, ეს ეკლესიები და ეს სასახლეები მშიერების მიერაა აგებული».

სახეში შეაჩერდა არსაკიძეს და ეკითხება:

«შენ ლაზი ხარ, ხომ?»

«თუ ლაზი ხარ, ეგეც გეცოდინება, ჭაბუკო, სადოღე ცხენი თუ გააძღე, ჰელოზე სხვა მიასწრებს უცილოდ, მწევარი თუ გააძღე, კურდღელს ვერ მიეწევა, მგელი, რომ მგელია, მგელი რომ მშიერი არ დაძრწოდეს, მაკე ცხვარიც გაასწრებდა უთუოდ.

ხალხი თუ გაძღა, ჭაბუკო, ეს იცოდე, ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც, მაშინ აღარც ციხეები გვექნება და აღარც ეკლესიები»...

«ჰი, ჰი, ჰი», - ჩაიხვიხვინა ბერიკაცმა ნადირისებრი ღოჯი გამოუჩნდა ორი.

იდგა მის წინაშე არსაკიძე მდუმარედ, წასვლა ეჩქარებოდა, მაგრამ ვერ გაებედნა ნაბიჯის გადადგმა. ახლა ღირკილოებზე წაეპოტინა განმგეთუხუცესი.

«შენ ქრისტიანი ხარ, ხომ?»

ქრისტიანი ვარო, ეგეც დაუდასტურა ლაზმა.

«აბა ერთს კიდევ გეტყვი, ჭაბუკო, განა თუ ჩემი გამონაგონია ის, რაც გითხარი. უფალი ჩვენი მაცხოვარიც ამას ასწავლიდა ხალხს.

უდაბნოში შიმშილობდა თავათ, შეგირდებსაც აშიმშილებდა. იგიც ხომ გახსოვს, ჭაბუკო, ხუთი პურითა და შვიდი თევზით რომ გააძღო მან ბევრზე ბევრი?

რაკი ქრისტიანი ხარ, ეგეც მართებულია რომ იცოდე, ჭაბუკო: ხალხს სამი რამ უნდა ასწავლოს ერის წინამდგომმა ყოველმა: შიმშილი, ლოცვა და შრომა, ხოლო რაიცა შეეხება ომს, ომში აზნაურები წაასხამენ მონებს»...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.