– IX –
პურობის დროს იშხნელი, მაწყვერელი, ანჩელი და მტბევარი მიუსვეს კათალიკოსს მხარმარჯვნივ, ხოლო მხარმარცხნივ თავათ მამამზე მიუჯდა, მის გვერდით ბორდოხანი და ჭიაბერი დასხდნენ.
შავლეგ ტოხაისძე და თორმეტი აზნაური არაგველნი მკლავწაკარწახებულნი ემსახურებოდნენ საპატიო სტუმრებს.
მამამზე თავათ აწვდიდა კათალიკოსს ხან ზურგიელს, ხან ჭანარს, ხან მურწას, რადგან მელქისედეკმა გახსნილების შემდეგაც თევზის გარდა არა ინდომა რა.
ისევ წამოდგა მამამზე და ახლად შემწვარი კალმახი მოართვა სტუმარს.
ჭიაბერი მამისაკენ გადაიხარა და უჩურჩულა: ღვინო მემწარა, წავალ და გამოვაცვლევინებო ღვინოს.
ეს სთქვა და დარბაზიდან გავიდა.
ისევ გაუწოდა კალმახით სავსე ლანგარი მამამზემ სტუმარს, უქებდა არაგვის კალმახს, რაც უფრო აღმა ამოყვება კალმახი მდინარეს, მით უფრო გემრიელიაო იგი. ახლა ქვირითობა იწყება მალე და თუ შენი მეუფება დიდხანს დაყოვნდება ქორსატეველას ციხე-დარბაზში, ყოველდღე ახალ ქვირითსა და კალმახს მოგართმევო.
ერთბაშად კალმახის ამბავი დააგდო მამამზემ და ძელიცხოვლის ჯვარის გამო დაუწყო საუბარი. გამიგონია ამ ჯვარს დიდი სასწაულები მოუხდენიაო კლარჯეთში - იმერხევში ეკლესია დაქცეულა მიწისძვრის დროს, ყოველივე შემუსრულა საკურთხეველში, ხოლო ძვირფას ლუსკუმაში ჩადებული ძელიცხოველი უვნებლად გადარჩენილიყო.
კათალიკოსი კალმახს ჭამდა, მდუმარედ ყურს უგდებდა ნაუბარს.
როცა ძელიცხოველის ჯვრის სასწაულების ამბავი მოათავა მამამზემ, მელქისედეკმა თავი დაუქნია, - დაუმოწმა, ეს ასე ჭეშმარიტად აგრე მოხდაო.
მამამზემ ეს ამბავი აღარ განაგრძო, თუმცა იმ ჯვარის მცხეთაში კვლავ ჩამოტანის ისტორიაც ჰქონდა გაგონილი ეზოსმოძღვრისაგან. ერთბაშად ეს ამბავიც დააგდო და თითქმის ჩურჩულით ეუბნება მელქისედეკს:
«ჩემს აქ არ ყოფნაში წყეულ ფხოველებს დაუქცევიათ ჩემი საერისთავო, შენო მეუფებავ, ეკლესიები გადაუწვავთ, ჩემი ვაჟი ჭიაბერი და სახლთუხუცესი ტოხაისძე ჯარით შეგებებიან წინ, სასტიკი ბრძოლა გაუმართავთ, მაგრამ ფხოველნი განა მარტონი იყვნენ? მტრის სიმრავლისაგან ოტებულნი უკუქცეულან და ქორსატეველაში ჩაკეტილან ჩვენები.
მერმე წყარო მოუწყვეტიათ უსჯულოთა, ციხე აუღიათ, დარბაზები გაუძარცვავთ, არც ერთი ხატი, არც ჯვარი შეგვარჩინეს მამა-პაპათა დანატოვარი».
მელქისედეკმა კალმახს თავი წასჭამა, მცირე ხანს ღეჭავდა ლუკმას უკბილო ბერიკაცი, მერმე აცახცახებული ხელით ფხა გამოიღო პირიდან, თეფშის ლინგზე დააწყო, მამამზეს მიუბრუნდა და ეუბნება:
«მეფე გიორგის ეს ყოველივე წვრილად მოხსენდა თავის დროზე. ეს იყო, შენ დათვმა დაგტორა, მეფემ პატივი დაგდო, როგორც საპატიო სტუმარსა და ავადმყოფს, ამიტომაც არ გაგიმხილეს».
შემდგომ ამისა ისევ დაითრია მელქისედეკმა მოზრდილი კალმახი, ისევ წასჭამა თავი.
მამამზე ლიქნიდა კათალიკოსის წინაშე მრავალი ფიცითა და აღთქმითა. მეფის მზესა და ბაგრატ კურაპალატის სულს იფიცავდა. ჩემს ხელში დალია ბაგრატ კურაპალატმა სული ფანასკერტელის ციხეში, მე და ზვიად ერისთავს ჩაგვაბარაო მცირეწლოვანი გიორგი და მთელი საქართველოს ბედი.
ბაგრატმა ჩამომართვაო სიკვდილის წინად ფიცი და ამ ფიცის ერთგული ვარო დღემდის. მე და ჩემი თანამეცხედრე ბორდოხან დღე და ღამეს ლოცვაში ვატარებთო, მეუფეების შენის მიწა ვართო, მე და ჩემი მეუღლე, ჩემი ვაჟი ჭიაბერი და ქალი კატაი.
ეს საუბარი არა ჰქონდა მოთავებული მამამზეს, როცა კათალიკოსმა მამამზის წინაშე მდებარე ლანგარისაკენ გამოიხედა რადგან იშხნელსა და მაწყვერელს მუსრი გაევლოთ კალმახისათვის.
მამამზეს სიტყვა გაუწყდა პირში და როცა ახალი ლანგრით მიართმევდა კათალიკოსს კალმახს, მელქისედეკმა ღილივით წვრილი და შავი თვალები შეაგება ისრიმისფერ თვალებს, მამამზის დაფანჩვულ წარბებს ქვეშ აწრიალებულთ.
ბორდოხანმა შენიშნა ჭიაბერის გასვლის შემდეგაც რომ არ გამოსცვალეს ღვინო.
გაოცდა: რად იგვიანებსო ამდენ ხანს? მელქისედეკის გასაგონად ბოდიში მოიხადა და დარბაზიდან გავიდა. კათალიკოსმა ხელახლა აიღო მოზრდილი კალმახი ამასაც წასჭამა თავი და მასპინძელს მიუბრუნდა:
«მეფეთ მეფე გიორგი სულგრძელია. იგი დიახაც ისმენს თათბირთა ჩემთა. რამეთუ არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილის აღებაი. ესე ხამს ქრისტიან მეფეთა და ეკლესიის მწყემსთა სახარებითა მაცხოვრისათა და ჯვარითა პატიოსანითა უჩვენონ ქვეშევრდომთა თვისთა გზაი ჭეშმარიტ, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, რათა ძალმან ძელისაცხოველისამან განანათლოს ბნელი ცთომილების გზაზე შემდგართა გულში.»
ეს სთქვა კათალიკოსმა და დარბაზში ბორდოხანი შემოიჭრა, ჭიაბერი კვდებაო, გაოგნებულმა შეჰკივლა და გაიქცა.
სტუმრები წამოცვივდნენ, ვიდრე იშხნელი და მაწყვერელი ჭიაბერის საწოლ დარბაზში გაიყვანდნენ კათალიკოსს, ჭიაბერს უკანასკნელი სუნთქვა გასცლოდა უკვე.
ტოხაისძე თავზე წამოდგომოდა და აპატიოსნებდა ცხედარს.
ავიაო, დაიბუხუნა მამამზე ერისთავმა და მისი გოლიათური სხეული დაგორდა იატაკზე.
გაფითრებული მელქისედეკი დააშტერდა მიცვალებულს, უკვე ჩამქრალიყვნენ მისი მშვენიერი, ცისფერი თვალები.
წესის აგებისას ამოიღო კათალიკოსმა პაწია, ჩალისფერი ლოცვანი და აბუტბუტდნენ მისი დამჭკნარი ტუჩები...
...«ავაზაკთა შორის ჯვარს ეცვი, მხსნელო, დაისაჯე ძელითა ცხოველითა, სიკვდილი მოჰკალ უკვდავმა სიკვდილითა, სამდღე დაფლობილმან ხორცითა, ბნელი განაქარვე ნათლითა».
ბორდოხან ლოყებს იხოკდა, მდუღარე ცრემლით მისტიროდა შვილს, უკოცნიდა ჩაცვენილ თვალებს, ხანაც კათალიკოსს დაუვარდებოდა ფერხთით, ფეხზე ეხვევოდა, ევედრებოდა: აღადგინეო ჩემი საყვარელი შვილი, ისე, როგორც ქრისტემ - ლაზარე.
გაოგნებული მამამზე თავში იცემდა ორივე ხელს, ცრემლი გაშრობოდა სრულიად.
მხოლოდ შავლეგ ტოხაისძე იდგა გულზე ხელდაჭდობილი დასისხლიანებული, ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა კათალიკოსს და მის გულში წყალგადასხმულ ნაღვერდალივით შიშხინებდა მელქისედეკის მიერ წარმოთქმული ლოცვის ერთ-ერთი ლექსი: ...«დაისაჯე ძელისცხოველითა? ვის გულისხმობდა კათალიკოსი, ჭიაბერს თუ ქრისტეს?»...
პანაშვიდის გათავების უმალვე ერისთავების სახლეულმა და სტუმრებმა იწამეს, რომ კლარჯეთელმა ძელიცხოველმა მორიგი სასწაული ჩაიდინა ჭიაბერის მოკვლით.
თავად მამამზეც შედრკა, მანაც დაიჯერა ეს სასწაული. მისი აზრით ახლა ტოხაისძის, კოლონკელიძისა და მისი ჯერი იყო მომდგარი, მაგრამ უეცარი სიკვდილი სანატრელად უჩნდა ვაჟკაცი შვილის დამკარგველ მოხუცს.
ანაზდად გამოიცვალა, მოტყდა მამამზე, ახლა მთლად ფეხქვეშ ეგებოდა კათალიკოსს და მის ამალას.
იმ ღამესვე აღსარების ნება სთხოვა მელქისედეკს და აღიარა თავისი და ჭიაბერის თანაზირობა ფხოველთა ამბოხში.