prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XLIX

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XLIX –

ხუთივე მხედარი დაუცხრომლად მიაჭენებდა ქორსატეველას ციხისაკენ ცხენებს. როცა ვიწროებს შეუდგნენ, ძლიერ გასჭირდა სწრაფად სვლა. ქორწილზე ეჩქარებოდათ ჭიაბერის ძუძუმტეებს, მაგრამ ქორწილზე მეტად სხვა რამესაც მიესწრაფოდა ბოქაი, ამიტომაც არ ზოგავდა თავის ფეხკავშა ულაყს.

ძმათა შორის ახალგაზრდებს ქეიფი უფრო ახალისებდათ, ტოხაისძისა და კატაის ქორწილში ქეიფი, რადგან კარგი მომღერლები იყვნენ, ხოლო ცცოი, ყველაზე უმცირესი ძმებში, ჩინებულად უკრავდა ქნარს და საკუთარ შაირებს ზედ ამღერებდა ტკბილად.

ამიტომაც ისრის მისაწვდენზე მისდევდნენ უმცროსები უფროს ძმას. ყველაზე ბოლოს ცცოი მიაფენდურებდა თავის თოხარიკ ცხენს.

როცა ქედფიცხელმა ბოქაიმ ცხენი მიაგდო პირველ გოდოლზე, გუშაგებმაც ციხის კარი გაუღეს, ჩამოხტა ბოქაი მარდად, კოჭლობით წავიდა თავადი ციხისკენ.

ხუთივენი მის მაგალითს მიჰყვნენ. იგინიც ოდნავ კოჭლობდნენ სიარულის დროს, რადგან ხანგრძლივ ჭენებას ცხენისას ბარძაყები დაებუჟა მათთვისაც.

ეზოში კოცონები ენთო, მთლიანი ხარები, დეკეულები და ხბორები შეეფიცხებინათ ზედ. თავშიშველა მონები ატრიალებდნენ შამფურებს. კისერს იღრეჯდნენ. ათვალიერებდნენ ციხის ეზოში შემოსულ ოვსებს.

თავადი ციხის კიბიდან ტოხაისძე მოვიდა სწრაფად, მიეჭრა ბოქაის, მარჯვენა მხარზე აკოცა, მერმე დანარჩენ ხუთ ვაჟკაცსაც ასევე მიესალმა.

ბოქაიმ ნეკერჩხლის ქვეშ გაიხმო ტოხაისძე.

სამზერიდან ხედავდა კატაი, თუ როგორ დაცუცქდნენ ორივენი ხის ძირას და იდუმალის გამომეტყველებით ეჩურჩულებოდნენ ურთიერთს დიდხანს.

ისევ ამოვიდა კიბეზე სიძე, ახლა მამამზე ჩამოიყვანა ძირს. მასაც აკოცა მარჯვენა მხარზე ბოქაიმ. უზარმაზარი მკლავებით დასწვდა მახლობლად გდებულ ლოდს. მიუჭირვებლად აიღო და ნეკერჩხლის ქვეშ დააგდო.

ლოდზე წამოჯდა მამამზე, ბოქაი და ტოხაისძე ისევ დაცუცქდნენ მიწაზე და განაგრძეს ჩურჩული.

"მარტო დიაკვანი ახლდა, ზნაურაი?"

ხმამაღლა შეეკითხა მამამზე ბოქაის.

"არა, ერთი ვაჟიც ფხოვურად ჩაცმული".

"შავგვრემანი? "

"არა, ქერა, მე ვიტყოდი, წითური".

"მაღალი?"

"არა, საშუალო ტანისა" .

"არსაკიძე იქნება, ალბათ".

შენიშნა მამამზემ .

"ჩოფურა, არა?"

იკითხა ტოხაისძემ.

ეს დაადასტურა ბოქაიმ.

"არსაკიძე უთუოდ".

დასძინა ტოხაისძემ.

"შეკოჭეთ და აქ მომგვარეთ სამივენი.

ასე ამბობენ: თავის ძუძუმტეს ყვარობსო კოლონკელიძის ქალი. მე მაგას ვუჩვენებ როგორი გლოვა ეკადრება ჭიაბერის საცოლეს.

ისეთ დილეგში ჩავაგდებ, სანატრელი გაუხდეს მზის შუქი" .

მტკიცედ სთქვა მამამზემ.

"მეფე გიორგი? " ...

იკითხა როყიოდ ბოქაიმ.

"იცი, ჩემო ბოქაი, მე ასე მჩვეოდა ომებში: მუდამ უნდა ეცადო შენ პირველი ეძგერო მტერს.

სულ ერთია კატაისა და ტოხაისძის შეუღლებას არ გვაპატიებს მეფე გიორგი. გარდა ამისა, ეს საბაბი იქნება, ჭიაბერის სისხლის ასაღები საბაბი" .

ესა სთქვა და ტოხაისძეს გადახედა მამამზემ.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.