prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი LII

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– LII – მელქისედეკი ცას ეწია სიხარულისაგან, რადგან მის მიერ ჩამოყვანილ ბიზანტიელ სტუმრებს მოთავებული დაახვედრეს სვეტიცხოველი. ნამგზავრი, ნაავადმყოფარი ძლივს ჩამოიყვანეს ბერებმა ცხენიდან. იმ საღამოსვე ტაძრის ეზოში გაჩნდა.

ლოცავდა კალატოზებსა და კირითხუროებს, მაგრამ ფრიად დამწუხრდა, როცა ამცნეს: მძიმედ დაჭრილი ხუროთმოძღვარი ფეხზე ვეღარ დგება, ამიტომაც ვერ დაუხვდაო შენს უწმინდესობას.

დიდძალი შეწირულებანი ჩამოიტანა კლარჯეთის, სამცხის და ჯავახეთის მორწმუნეთა, აზნაურთა და უაზნოთა მიერ მორთმეული.

შეამკო და მოკაზმა ტაძარი ოქროითა და ვერცხლითა. შეჭედა თავათ ”სვეტიცხოველი", კანკელნი და კარნი საკურთხევლისანი, დაასვენა პატიოსანი თვლებით დამშვენებული ხატი, ბასილი კეისრის მიერ გამოგზავნილი, თავათ გამოიღო ორმოცდახუთი, ოქროითა, ვერცხლითა შემკობილნი, თვალითა და მარგალიტითა მოოჭვილნი, ოქროს ფორტლითა დაწერილნი.

დიდის ამბით ჩამოასვენეს ნოკორნადან ჯაჭვით ნაბამი წმ. გიორგის ხატი ოქროისა, უცნობი ქართველი ოსტატის მიერ შესანიშნავად ნაქანდაკები (ურჩხულის ქერეჭი და სამფარეშოსანი ჯაჭვის თვლები იგავმიუწვდენელი ხელოვნებით იყო ზედ გამოყვანილი).

მოატანინა საყდრის საკაზმნი, მრავალგვარნი საკითხავნი, მატიანენი, საკმეველნი, საკელაპტრენი-ოქროითა, ვერცხლითა და პატიოსანი თვლებით დამშვენებულნი სრულად.

დაჰკიდა ოქსინონი, სკარამანგნი დიდ-დიდნი, კეისრის მიერ ბოძებულნი. სკარამანგნი სხვანი, უფრო მშვენიერნი, გარშემო ოლვილნი, განსვენებულის, ბაგრატ კურაპალატის მიერ ნაბოძებნი.

შესწირა სვეტიცხოველს სოფელნი “ძმათა თვისთა განძითა ნასყიდნი", კლარჯეთს, ჯავახეთს, ტაოს და ქვემო ქართლს.

(მათ გამოც შეუვალობის სიმტკიცე ჰქონდა ნაბოძები თავის გამზრდელის, ბაგრატ კურაპალატის მიერ).

ბოლოს, თავათ დასწერა სიგელი. ყოველივე საბადებელი ტაძრისა აღნუსხა წვრილად და გაუგონარის სიმკაცრით დასწყევლა ყველა, "ვინცა რამამანცა კაცმა რაიცა დააკლოს და შესცვალოს".

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.