– IV –
აპრილის მიწურულში მსახურთუხუცესი მიუგზავნა გიორგიმ მელქისედეკ კათალიკოსს და სთხოვა: შაბათ საღამოს მწუხრის შემდეგ სწვევოდა.
კათალიკოსმა მსახურთუხუცესი რა დაინახა შუა დარბაზში თავმოდრეკილად მდგომარე, გაოცდა, რადგან ამ დღემდე ჭაბუკი მეფე თავათ ეახლებოდა მელქისედეკს.
კათალიკოსი გულში ნაწყენი იყო მეფეზე, ოღონდ ეს ამბავი ვერავისთვის გაემხილა, ემდუროდა, რადგანაც გიორგი ბაგრატ კურაპალატსავით გულმოდგინედ არ ექცეოდა სარწმუნოებისა და ზნეობის საქმეებს.
საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხანდახან, რათა ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.
გულმოდგინედ ადიდებდა მელქისედეკი ბაგრატ კურაპალატს, ფრიად ღვთისმოსავი იყოო ბაგრატი, ამიტომაც მოიხედაო უფალმან და დააპყრობინაო «კავკასია ჯიქეთიდან ვიდრე გურგანის ზღვამდე».
გიორგის იდუმალ ჰქირდავდა კათალიკოსი ცხრატბის ცოტაერისთავებისათვის თავის მოკვეთის გამოც. სტუმარი ღვთისააო, სჯეროდა მელქისედეკს, ისევე, როგორც ქართველ ხალხს ოდესღაც, - რად გასწირაო სტუმარი ქრისტეანმა მეფემ. ბაგრატ კურაპალატი ასეთ რამეს არ იკადრებდაო.
ცხადია, მელქისედეკს ვერ წარმოედგინა, თუ ჟამთააღმწერელი ასეთს რასმე დასწერდა: «ბაგრატ კურაპალატმა იწვია კლარჯნი ხელმწიფენი სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თვისნი მამის დისწულნი, დარბაზად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, დარბაზობის ნაცვლად შეიპყრა იგინი და აღიხვნა ქვეყანანი და ციხენი მათნი, ხოლო თვით იგინი პატიმარ ჰყო ციხესა შინა თმოგვისასა». (ამ ციხეში სული დალიეს სტუმრებმა ბოლოს).
მელქისედეკ კათალიკოსს კარგი მეხსიერება ჰქონდა, მაგრამ რასაც მიცვალებულს მიუტევებენ ხოლმე, მას ცოცხალს არ აპატიებენ თანამედროვენი არასდროს.
ეს ამბავი ახსოვდა მელქისედეკს, სწორედ ამადაც დაფაცურდა იგი, როცა სადარბაზოდ მოსული მამამზე ერისთავი საპატიო ტყვეობაში მოხვდა უეცრად.
ექვსი თვის მანძილზე გამუდმებული და იდუმალი ბრძოლა იყო ახალგაზრდა მეფესა და მოხუც კათალიკოსს შორის.
როცა ჯავარდენების წრთობა და საომარი სამზადისი დაიწყო მეფემ, ღამეებს ლოცვაში ათენებდა მელქისედეკი.
ზვიად სპასალარი თავგამოდებით მოითხოვდა მამამზისათვის თავის მოკვეთას, ან თვალების დაწვას. ეს კიდევ ცოტაა, თავათ ზვიადს უნდა წაეყვანა ჯარი, როგორც კი ზვავების საფრთხე გაივლიდა, ჭიაბერის, ტოხაისძისა და კოლონკელიძის თავები მარგილებზე წამოეცვა, ქორსატეველას და კვეტარის ციხეები ბალავრიანად დაენგრია.
კათალიკოსი გიორგის არწმუნებდა:
«არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილისა აღება, ხამს სახარებითა და პატიოსანითა ჯვრითა უჩვენოთ გზაი ჭეშმარიტ განდგომილთა, რამეთუ ძელიცხოველის ჯვარი პატიოსანი არს მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ და ძალმან მისმან განანათლოს ბნელი იგი გულითა მათთა».
გიორგი მაინცდამაინც დიდ იმედებს არ ამყარებდა ძელიცხოველის ჯვარზე, მაგრამ კათალიკოსის თათბირისაკენ იხრებოდა უფრო, რადგან ჭიაბერთან ომით ბიზანტიონთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდა. გარდა ამისა, თავათ მამამზის დიდი დამსახურება სამეფო ტახტის წინაშე, მისი თავგანწირული შებრძოლება დათვთან და ბოლოს მამამზის მშვენიერი აღნაგობა, ყოველივე ეს ურთიერთს დაერთო და ცოცხალი თავით გაასწრო სტუმარმა მთებში.
ზვიად სპასალარი დიახაც მორწმუნე იყო, მაგრამ ჯვარის ძალით დამარცხებული მტერი არსად ენახა ჯერ და ამიტომაც დაჟინებით ურჩევდა მეფეს: სანამ მამამზეს, ჭიაბერს და კოლონკელიძეს თავები ასხიათ მხრებზე მშვიდობა არ დამყარდებოდაო. ტოხაისძეს კოჭის ძარღვები დავაჭრათ და ეს ვაკმაროთო სახლთუხუცესს.
იმ შაბათს მწუხრის ლოცვა განგებ გააგრძელა კათალიკოსმა. მოსაბოდიშებელი მზად ჰქონდა: აღაპები დაგვიგროვდა და მწუხრის შემდეგ გვიანხლებას მოვერიდეო.