– LVI –
სიკვდილის მოახლოვება რა შეიცნო კეისარმა ბასილიმ, საქართველოში გამოისტუმრა საპატიო მძევალი. ბაგრატ გიორგის ძე, კატეპანი დოკიანი გამოაყოლა დიდძალი ამალით.
ბიზანტიის ტახტის მემკვიდრე, კონსტანტინე აღარსად სჩანდა.
წიგნი მისწერა სასწრაფოდ ძმას, მაგრამ ვაზირებმა გადამალეს უსტარი.
რამდენჯერმე გაიმეორა კეისარმა ბრძანება, არ გაუმხილეს ლოგოთეტებმა სიმართლე.
ბოლოს თავით შეაკაზმვინა ცხენი. გაემართა ტახტის მემკვიდრის საძებნად.
ვაზირებმა იცოდნენ: სიძვის დიაცებთან ქეიფობდა კონსტანტინე ნიკეაში იმ დღეს.
მიკიტნის სისხლი უფრო ჭარბად მას გამოჰყოლოდა.
კარგად იცოდა: სახრჩობელა და მოწამვლა კეისრის გვირგვინის ზედნადები იყო ბიზანტიაში. ამიტომაც ლოთობდა. უწესო ქალებში ატარებდა დროს, მხოლოდ ხანდახან ვარჯიშობდა თვალების დაწვაში ტახტის მემკვიდრე.
როცა აღმხედრებული ბასილი კონსტანტინოპოლის ქუჩებში გამოჩნდა, შეძრწმუნებული ხალხი სარდაფებში გადაიმალა. ხოლო ვაზირებს უფრო მეტად შეეშინდათ, მალემსრბოლები აფრინეს, ძლივს მოათრიეს გალეშილი კონსტანტინე ბიზანტიონში.
თავათ შეიყვანა ბასილი მთვრალი ქრიზოტრიკლინის ოქროს დარბაზში. ტახტზე დასვა საკუთარი ძმა, წითელი წაღები გაიხადა და ჩააცვა ფეხზე, გვირგვინი თავზე დაადგა. მერმე ფერხთით დაუვარდა და თაყვანი სცა კეისარს, უკვე კონსტანტინე IX-ს.
იმავე კვირას მდევარი გამოაკიდა ახალმა კეისარმა კატეპანსა და ბაგრატს.
მალემსრბოლებმა გზაში მოუსწრო ტაოს საზღვარზე მოსულთ. წიგნი გადასცეს კატეპანს.
,,განგებითა ღვთისათა გარდაიცვალა სანატრელი ბასილი მეფე, ძმა ჩემი", _ იუწყებოდა კონსტანტინე კეისარი, _ ,,აწ უკვე სადაც მიწევნულ იყოს განსაგებელსა ჩვენსა, ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ხელმწიფისა, გარეშეაქციეთ და მოიწიოს წინაშე ჩვენსა".
ლაშქრიანად შეეგებნენ ბაგრატს აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართლელნი, ძალას მიმართეს ბიზანტიელებმა, მაგრამ შეებრძოლნენ სპანი მეფისანი, კატეპანი დოკიანი და მისი ჯარი უკუაქციეს, ხოლო უფლისწული მეფე გიორგის მოჰგვარეს.
დიდი ზეიმი გაიმართა უფლისციხეში, მელქისედეკმა სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა სვეტიცხოველში, გახარებული იყო მთელი საქართველო, კავკასიონიდან ბასიანამდე.
გიორგი მეფეს ამ ამბავმაც ვერ გადაჰყარა უგუნებობა.
თრიაქის წევას უმატა, ნადირობდა გამუდმებულად...