– XXX –
"ვეფხის დღესაა განსაცდელი მოსალოდნელი".
ფარსმან სპარსის სამთვარიოდან.
შიში უცხო იყო არსაკიძისათვის.
რა დროს მორიელებია? დამაცალეო ძილი.
«თუ არ გჯერა, აგერ გაჩვენებ, ბატონო».
ესა სთქვა, ორი მორიელი აჩვენა ჩხირზე წამოგებული ნონაიმ. არსაკიძე გაოცდა.
«ერთი ჩემს სამყოფლოში მოვკალი წუხელ, ერთიც ამ დილით, შენი სასთუმალის გასწვრივ».
არსაკიძე წამოდგა.
ჭაღები აანთეს, გოგირდი დაახრჩოლეს. სჩხრიკეს დიდი დარბაზის კედლები. სასტუმროს, საწოლის, მხევალთა სამყოფლოის ხვრელები და ჭუჭრუტანები, ვეღარსად ნახეს სხვა.
ჭაღი აიღო ნონაიმ, ეგებ სარდაფში წავაწყდეთო რაიმეს, ობობის ქსელით დაბლანდული იყო ირგვლივ ყველაფერი.
ობის სუნი იდგა სარდაფში.
დაჟანგული თორები და ზუჩები ეკიდა კედლებზე. კაცისა და ცხენის ჯავშანები, უნაგირები, საბარკლენი, სამკლავენი, პოლოტიკნი და ბექთარნი, შუბები, წათები, ხარჩა და ქიმურჯნი დიდ-დიდნი, საბრძოლო ბოძალნი, ჯიხვისა და ირმის რქები, ჩუგლუგები, დაჟანგული ხმლები.
ღამურებით გავსილიყო იქაურობა.
თავქვე ეკიდნენ მღამიობები ჭერზე. ჭაღის შუქზე დაფრთხნენ, წრიპინი ასტეხეს, მორთეს რიალი ირგვლივ. აწყდებოდნენ ჭერსა და კედლებს, ტყაპანით ძირს სცვივოდნენ ზოგნიც, ფართხალებდნენ საწყალობლად მტვერში.
ერთ კუთხეში ირანული განჯინა იდგა, სადაფებით მოოჭვილი. ძველი ეტრატები ეყარა ზედ, ხატების ნამუსრევი, ძველებური სამაჯურები, აზარფეშები და ფიალები.
სიძველეთა მოყვარული იყო არსაკიძე, მორიელების ამბავი გადაავიწყდა. განჯინას მიადგა, ამ ძველ ნივთებს დაუწყო ჩხრეკა.
სათითაოდ ხელში იღებდა, მტვერს აცლიდა, უჭვრეტდა, თარიღებსა და წარწერებს უთვალთვალებდა.
ფიალებს შორის სავსებით უცნაური ნივთი იპოვნა ერთი, მტვერსა და დინგელში ამოგანგლული სრულად.
გასწმინდა, დინგელი შემოაცალა.
ეს აღმოჩნდა ბეჭდისდარი ტვიფარი სპილენძისა, მელის სახე იყო ამოჭრილი ზედ.
ჭაღთან მიიტანა არსაკიძემ ტვიფარი, არავითარი თარიღი არ აჩნდა მას.
«ეს რაღაა, ნონაი?»
ეკითხება მხევალს.
ნონაი დადუმდა. გაოგნებული შეაშტერდა პატრონს. მუშტით მოიკუმა ბაგე.
არ მოეშვა არსაკიძე მხევალს.
არ არისო მართებული მიცვალებულის აუგად ხსენება, - ამბობდა მხევალი.
ისევე შეევედრა არსაკიძე ნონაის, უნდა მამცნო, თუ რას მოასწავებსო ეს ტვიფარი მელის სახისა?
ბოლოს ვეღარ დაიტია საიდუმლო დიაცის გულმა.
«ეს მოხდა ჟამიანობის წელს, მე ახლად მოყვანილი ვიყავი აფხაზეთიდან ამ სახლში. ხუთშაბათს, თებერვლის სამს, ნაშუაღამევს, სამჯერ იძრა მიწა. ღართისკარის ციხე დაზიანდა იმ წელს. სამეფო პალატები ჩამოიქცა უფლისციხეში.
მეფე გიორგი ომში იყო, აღარ მახსოვს ვის ეომებოდა მაშინ.
სამი კვირის შემდეგ ჟამიანობა დაიწყო, მამათა მონასტერში დიდძალი ბერი იმსხვერპლა სენმა, ჟამმა მოჰკლა მცხეთის მიტროპოლიტი იოანე.
ბოლოს მეციხოვნე ლაშქარს მისწვდა ის წყეული. ერთ თვეში ათასამდე მონასპა დაიხოცა არაგვის კარისა და ხუნარისას ციხეებში.
მუცლით მეზღაპრენი მეორედ მოსვლას აუწყებდნენ ხალხს. ქადაგად დავარდა დაყუდებული ბერი, ანთიმოზ.
ხალხს ამცნო: მწვალებლები არიანო მცხეთაში და ამიტომაც განრისხდაო უფალი.
შესმენილ იქმნა მელქისედეკ კათალიკოსის წინაშე ხურსი აბულელი და მისი სახლთუხუცესი რატი.
ხურსი ვერ შეიპყრეს, რადგან ჯერ კიდევ სარკინოზებთან გაქცევამდის, მთიულებთან იმალებოდა ხურსი. მოგეხსენება, დაბალ ღობეს უმალ მისწვდებიან.
ფიწლებით შეიარაღებული ბრბო შეუცვივდა სასახლეში რატის, მცირე ხანს იმ კოშკს შეაფარა საცოდავმა თავი, სწორედ მაშინ მოარღვიეს ჩარდახი კოშკს, ცეცხლი შემოაგზნეს, გამოიყვანეს ძლივს.
ჩაქოლვა უნდოდათ, მაგრამ მელქისედეკმა შეივრდომა. ბოლოს მოვიდა ეზოსმოძღვარი ამროსი.
მელის ტვიფარით დავდაღოთო ეშმაკის კერძი.
ამ სარდაფში შემოათრიეს ბედკრული.
ეგ ტვიფარი გაახურეს ცეცხლში, მელის სახით დადაღეს, როგორც მწვალებელი და სატანის თანაზიარი».
«შენ რა გგონია, ნონაი, ახლა, ბრალი თუ მიუძღოდა რაიმე რატის?»
შეეკითხა არსაკიძე.
«მენა? მწვალებლობისა რა მოგახსენო, ბატონო, ერთი ბნელი დიაცი გახლავარ მენა, ან ამდენი სად გამეგება, მაგრამ ეშმაკი, რაც მას ვემსახურებოდი ათი წლის მანძილზე, ეშმაკი თვალით არ მინახავს ამ სასახლეში, მენა»...
არსაკიძე დადუმდა.
კვლავ აიღო მელის ტვიფარი ხელში. ახლა უფრო დაკვირვებულად დაუწყო ჭვრეტა.
ნონაიმ ყოველ კუთხეში დაახრჩოლა გოგირდი.
* * * * * * *
საუზმის დროს ისევ მორიელების გამო ჩამოაგდო ნონაიმ სიტყვა.
რატის ვაჟი, საცოდავი ვაჩე, დაკბინესო ამ სარდაფში მორიელებმა.
«ოდითგანვე წყევლა სდებია რატის ოჯახს, მესამე მუხლის ნაშიერთაგანს ყოველს მორიელი დაჰგესლავდა თურმე».
გულში გაეღიმა არსაკიძეს ამის გამგონეს, მაინც ბოლომდის მოუსმინა მხევალს.
«ნადირობიდან მობრუნებულიყო რატის ვაჟი გვიან, შესულიყო სარდაფში, აფათურებდა სიბნელეში ხელს და სწორედ ამ დროს მისწვდენოდა მორიელი თურმე.
და ეს მოხდა ურჩხულის დღეს»...
ნაღვლიანად დასძინა ნონაიმ.
ურჩევდა არსაკიძეს მხევალი:
«გიორგი მეფე დიდად გწყალობს, ბატონო, სთხოვე სხვა სასახლე მოგიჩინოს სადმე, თუ მეც თან წამიყვან, ხომ კარგი, თუ არადა ჯვარი გწერია ჩემის თვალისაგან, მე მაინც განწირული ვარ, ბატონო, სხვასაც ბევრს შეაძლიეს ეს სასახლე შენამდი, არავინ დადგა ამ წყეულ სახლში. მხოლოდშობილი ხარ დედიშენისა, მებრალები ვაჟკაცი, ბატონო».
გაიღიმა არსაკიძემ.
«ეჰ, ჩემო ნონაი, მე ხმლით სიკვდილი დამითქვა მუცლით მეზღაპრემ ერთმა, ასე რომ მორიელის გესლი ვერას დამაკლებს».
არსაკიძე ადგა, წასვლა დააპირა.
შეევედრა ნონაი, - ცუდი სიზმარი მქონდა, ბატონო, ნუ წახვალო სამუშაოზედ დღეს.
სამაგიეროდ მე მქონდაო კარგი სიზმრები, - გაიცინა არსაკიძემ.
შინიდან გამოსულმა პირჯვარი გადაიწერა მაინც.
ნისლი დასწოლოდა ხილნარს. გიშრის ორნამენტებივით მოსჩანდნენ ტოტები და შტოები. ფოთლებს სილურჯე გასცლოდა, მდელოს გახუნებოდა ფერი. ცვარის ნიჟარები ცახცახებდნენ ყვავილების სათუთ წამწამებზე.
ჯანღს დაებურა მთები.
დაძრულიყო ნისლი კავკასიონის თვალშეუდგამ ქარაფებიდან, ხეობებიდან, ღრანტებიდან გადმოხვეწილი გამოჰყოლოდა არაგვის ხეობას და აევსო ქვეყანა არმურით...
თემშარაზე გასულს ზანზალაკების ჟღარუნი მოესმა. ქიმერებივით მობობღავდნენ აქლემები ნისლში. გამვლელები დალასლასებდნენ ირგვლივ, როგორც ლანდების უცნაური ბერიკაობა.
აღარა სჩანდნენ მეფისა და კათალიკოსის სასახლეები, მათი მიმდგომი გალავნები, ციხე-კოშკები, ქვითკირები, ქარვასლები, ფანჩატურები.
ცისკიდურებზე ნაჩრდილევიც აღარსად იყო.
ამ ნისლში ჩაფლულ სასახლეებს, ციხეებს და ფანჩატურებს, ყველას ზედ დასცქეროდა სვეტიცხოველი.
ნისლს ვერ დაეთრგუნა მისი უცნაური ტანკენარობა და ისეთ წუთებში, როცა შენობებსა და ხეებს, კაცსა და ცხოველს, ყვავილსა და ფოთოლს, ყველას გასცლოდა პირველადი მშვენება და ხალისი, იდგა ეს ტაძარი უფრო დიდებული, ვიდრე ნამდვილად იყო ამ წუთში.
წვრილმანი ზადი ნისლს დაეფარა, ხოლო ანაგობას მისას ვერ მორეოდა იგი, ასე რომ შორიდან მაცქერალს დასრულებული ეგონებოდა ტაძარი.
ჟამის მანძილიდან შესცქეროდა გახარებული ოსტატი თავის ქმნილებას.
«როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც.
მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არ წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან?»
გადაელახა ზედაზენისა და არმაზის მთები, ტაშირისა და ტაშისკარისკენ დაძრულიყო ნისლი.
* * * * * * *
ტაძრის კარიბჭესთან უხიაგი ამბავი დაახვედრეს ახალი: გუმბათზე ფიქალის დაგებისას ფეხი დაუცურდა თურმე კირითხუროს კარაისძეს სტეფანოზს, მიწამდი არ დაჰყოლია მაგ უბედურს სული.
შემზარავ სანახაობას წააწყდა ხუროთმოძღვარი მეფისა. ტვინი და თმები ურთიერთში აღრეულიყო. არსაკიძემ ბრძანა და ტაძარში დაასვენეს მისი ადღვებილი ნეშთი. ტაძრიდან გამოსულს სამცხელი მონები შემოეხვივნენ გარს.
უმი მხალის მეტს არას გვაჭმევენ, აღარ არისო სამუშაო ღონე.
ასისთავმა შემოსჩივლა: ცამეტი მონა გაგვექცაო წუხელ.
«წავალ, ვინახულებ განმგეთუხუცესს, ეგებ საკვები მისცენო რიგიანი მონებს».
ეს გაიფიქრა არსაკიძემ, გამობრუნდა გულარეული.
გალავნის კარებთან კალატოზი შემოეყარა ყბაახვეული. გუშინ საღამოს ბერძენ მუშებს გვცემესო ლაზებმა.
კირითხუროი ბოდოკია ახმობინა არსაკიძემ, გულმართალი კაცი იყო ბოდოკია, ლაზი.
დაამოწმა მოხუცმა: მართლაც სცემესო ლაზებმა ბერძნებს, ისიც დასძინა: ჩვენს ლაზებს მიუძღოდათო ბრალი.
ახალგაზრდა მონა წათაია წასტანებია ბერძნის ულუფა ოსპის წვენს.
აყვირებულა ოსპის პატრონი, წათაიას შემოუკრავს და წაუქცევია ბერძენი. ბერძენს ბერძნები მიშველებიან, შემოკრებილან ლაზებიც, წასარჩლებიან ლაზს, ვაგლახად დაუჟეჟავთ ბერძნები.
არსაკიძემ სასტიკად დატუქსა თვისტომნი და გადავიდა ტაძრის ეზოდან.
მზეს ყური ამოეყო უკვე. ჯერაც ისეთი ყვითელი იყო იგი, როგორც კვერცხის გული რძეში ნახარში.
ნელ-ნელა გაიფანტა ნისლი, ჰაერი ამღვრეული მოსჩანდა მცირე ხანს, როგორც არაგვის საგაზაფხულო დიდროაის ჟამს.
ციხეების კბილოვანი ქონგურები გამოჩნდნენ ცისკიდურებზე, კოშკების, სასახლეების, ქარვასლების ზეთავები მოიხატნენ ცაზე.
ჯერ ნახშირისებრ მრუმე ხაზებით გარსმოვლებულნი მოსჩანდნენ ისინი. გამოხდა ხანი, მუქი სვირინგები გაიცრიცნენ მინისფერ ფონზე.
ლაინისფერი და იისფერი ებრძოდნენ ურთიერთს ცარგვალზე მცირე ხანს, ენდროსფრად შეიღებნენ დურაჯისფერი ქულები, კრაველებივით მიმობნეულნი ცაზე, ბოლოს სოსანისფერი წამლებით შეღება ღრუბლები უჩინარმა არსთა მხატვარმა, იფეთქა ფურცლოვანში სიმწვანემ და აჟღურტულდნენ ჩიტუნები საამოდ.
სასახლის ბაღში ფარშავანგები ჩხაოდნენ უკმეხად.
ნაშუადღევამდის უცადა არსაკიძემ განმგეთუხუცესს, მერმე ასე უთხრეს: უფლისციხიდან მოველითო. მცირე ხნის შემდეგ თუ შემოივლი, აქ დაგხვდებაო უცილოდ.
თავი სტკიოდა ღამენათევს.
ასე იფიქრა:
ბაღში გავივლი, გამიაროსო, ვინძლო ტკივილმა.
ალუჩების მწვანეში ბულბულები უსტვენდნენ. წინა ღამით დაწყებულიყო ხეხილიდან ყვავილების ცვენა.
მიწის წვენით დაბერილი კვირტები უღიმოდნენ მზეს. თოვლის ფიფქივით მოეჩითა ყვავილთა ნამუსრევს მიწა, ახლაც მოციალებდნენ ისინი ჰაერში ამოდ. მშვლები დაჯირითობდნენ ბაღში.
კოლონკელიძისეულ ირმებს თვალს შევავლებო, ეს გაიფიქრა არსაკიძემ, საჩიხესკენ მიმავალს დაადგა ბილიკს.
საჩიხეს ფალანგთან სეფე-მოახლენი დაუხვდნენ სამნი. ვერც ერთი ვეღარ იცნო ლაზმა.
ერისთავის ქალს ვახლავართო, ამბობდა ჭორფლიანი მოახლე.
საჩიხეში შესულიყო თავათ შორენა. ეფერებოდა, თვალებს უკოცნიდა ნებიერას. გარინდებული იდგა ლომისფერი ირემი, ალერსიანი თვალებით შესცქეროდა თავის გამზრდელს.
ადამიანსა და ნადირს უსიტყვოდაც ეპოვნათ საერთო ენა.
ნესტოები დაბერვოდა ნებიერას, აპაკუნებდა გიშრისფერ ჭლიკებს. მხოლოდ მაშინ მოიხედა შორენამ, როცა ირემი შეკრთა უცხო პირის მიახლებისას.
ველის ყაყაჩოსავით შეუწითლდა ღაწვები ქალს. თვალებიდან იელვა ზღვისფერმა სილურჯემ.
გახარებულმა მიაძახა:
«უტა!»
ეს არ იყო ბავშვობაში შერქმეული უბრალო სახელი, არამედ გაცილებით უფრო ტკბილი, ვიდრე მოგონება სიყრმისა, დედის ალერსს იტევდა იგი, დაღუპული მამის გლოვას, ლაზისტანის მშობლიური ზღვის შრიალს, ფხოვში გატარებულ სიჭაბუკის ლხენას.
ამ სიტყვაში კვლავ განეცხადა მას ის ბედნიერი წუთები, როცა პირველად შეხვდნენ ისინი ურთიერთს ფხოვში, როცა არც ერთმა მათგანმა იცოდა, თუ რა იყო მათ შორის ქალი და ვაჟი.
ახლა?
ახლა უკვე დობილის ხმა როდი იყო ეს, არამედ ძახილი ქალისა.
არსაკიძე მიეჭრა, მაგრამ კვლავინდებურად გადახვევა ვეღარ შეჰბედა, ორივე ხელი დაუკოცნა სახეალეწილმა. შორენა გაოცდა ანაზდად, მაგრამ არა უთხრა რა, მარჯვენა ლოყაზე აკოცა ვაჟს.
მყისვე შეამჩნია ყვავილის მიერ ოდნავ დაკენკილი სახე. ეკითხება შემკრთალი:
«რა მოგივიდა, უტა?»
არსაკიძეს არც კი ახსოვდა, ნაყვავილევი რომ აჩნდა სახეზე, იფიქრა: ძველებურად რომ არ მოვეხვიე, ეუცხოვა ქალს, ალბათ.
«რაო, რას იკითხავ, შორენა?»
«რა მოგივიდა სახეზე, უტა?»
«ყვავილი მოვიხადე მცხეთაში».
«ვინ გივლიდა, ბედშავო?»
«გომურში ვეგდე უპატრონოდ, გარეუბანში, მონაზონი მივლიდა სამადლოდ ერთი».
არსაკიძის თვალი შორენას ანაგობას მისწვდა.
ალმასის ქუდი ეხურა ერისთავის ქალს, კვერნის ქათიბი ზედ ეცვა, მარგალიტის საყბეურებით და ხოხბისყელისფერი საწმერთული, ოქრომკედით ტოტებმოქარგული.
წინა ღამის სიზმარი მოაგონდა ანაზდად, ყაყაჩოებისა და თაველების თაყვანისცემა. თავთუხისფერი თმები ჰქონდა შორენას, თვალებში უელავდა ლაზისტანის ზღვისა სილურჯე.
გაოცდა არსაკიძე: რა მალე ამიხდაო ზმანება.
ფაქიზი იყო ამ დილითაც იგი, როგორც ქერუბიმის ფრთენი, ხმა ჰქონდა წკრიალა (ვერცხლის ეჟვნები, ხევისბერების დროშას შებმულნი!..). როცა საჩიხედან გამოვიდნენ, მოახლეების სახეზე გაოცება ამოიკითხა ლაზმა.
სჩანდა უკვირდათ კიდევაც: რად მიესალმაო ასე ტფილად ერისთავის ქალი ვიღაც «ფხოველს», კირით მოთხუნულ ჩოხაში მორთულს.
დაწინაურდნენ.
მოახლეების ვინაობა იკითხა ვაჟმა.
«დედოფალთან ვიყავი წვეული, სეფექალები თან გამომატანა ნებიერას სანახავად წამოსულს».
ნეტარების ღიმი ეხატებოდა არსაკიძეს სახეზე.
დაცვარულ მწვანეში მხიარულად უსტვენდნენ სირნი, ჟრიამულით ეგებებოდნენ ნისლის ზღვიდან მშვიდობით გამოსულ მზეს.
ახლა მოაგონდა არსაკიძეს, მზის დაბნელებას მოელოდნენ ამ დღისათვის ვარსკვლავთმრიცხველნი. გამტყუნდა ფარსმან სპარსის ვარაუდი ამჯერად.
მიდიოდა არსაკიძე შორენას გვერდით.
ამო იყო მისი სუნთქვა და მისი ხმა, ნაზი და ველური იერი ჰქონდა თავათაც, უფრო სანუკველი, ვიდრე საგაზაფხულო ნელსურნელება მიწისა.
წარამარა ახსენებდა არსაკიძის ლაზურ სახელს. ძველებურად ეტიკტიკებოდა «უტას», როგორც ნაძმობს, როგორც ძუძუმტეს.
მხოლოდ ერთმა ამბავმა გააოცა არსაკიძე ფრიად. სიტყვაც არ დაუძრავს თავის დანიშვნის გამო, არც გირშელი უხსენებია, ყველისციხის პატრონი.
ვარდისახარი მოიგონა რატომღაც.
მომავალ კვირას ვათხოვებთო ვარდისახარს.
არსაკიძემ დაიჭირა გამომცდელი შემოხედვა ქალისა: ყველაფერი ვიციო, რაც რამ მომხდარა თქვენს შორის ოდესმე.
ეს ამოიკითხა მის მზერაში ვაჟმა.
გულის გარეთ შეეკითხა არსაკიძე:
ვის მიათხოვეთო ვარდისახარი?
«მეფე გიორგის ბრძანებით, ფარსმან სპარსს».
მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა ერისთავის ქალმა: «მხოლოდ ამ დილით დაითანხმა დედამ, ასე ამბობდა მანამდის: მონაზვნად შევდგები, ან არადა, არაგვში დავიხრჩობო თავს».
მეფის სასახლემდე მიაცილა კოლონკელიძის ქალი კონსტანტინემ. გამოთხოვებისას ეუბნება შორენა:
«ხურსისეულ სასახლეში გვინახულე, უტა»...
მიდიოდა წაბლების ხეივანში. ყოველ წუთს თვალწინ ედგა შორენა. მისი ხმა, მისი სუნთქვა ჯერაც არ გაჰყროდა არსაკიძის ცხოვრებას.
ასე ეგონა: გვერდით მომყვებაო კიდევ. ახსენებდა თითქოს მის ლაზურ სახელს, აგონებდა სიყრმეს, სიჭაბუკის შეწყვეტილ ლხენას, დედას უნაზესს, ფხოვურ მაღალ ცას და ლაზისტანის კამკამა ზღვას.
ისევ მოესმა სივრცეში შორენას ხმა, ისევ იელვა მის წინაშე ზღვისფერმა თვალებმა.
უმზაკვრო იყო მისი შემოხედვა, ზეცის რეკვასავით ამო - მისი ხმა.
«მართლაც, მართლაც ღირსია შორენა ველის ყაყაჩოები თაყვანსა სცემდნენ. ოქროს თაველები თავს იდრეკდნენ მის წინაშე და უმძვინვარესი მხეცები ეგებებოდნენ ფერხთით სანატრელს».
ასე ეგონა არსაკიძეს ამ წუთში, სავსებით ახალი ადამიანი შემატებოდა მის ცნობიერებას. აღარა ჰგავდა იგი ფხოველ ძუძუმტეს. ხელახლად შობილაო ეს ქალი მისთვის, ამ გაზაფხულის მშვენიერ დილას.
* * * * * * *
სხვა რამეც უკვირდა არსაკიძეს:
«ვარდისახარი... ფარსმან სპარსს?»...
ჯერ კიდევ ამ გაზაფხულზე მსაჯულთუხუცესის მიერ წვეული იყო ფარსმანი, რაღაც საშინელი ბრალის გამო პასუხის საგებლად.
ახლა ვაზირებს გადაუწყვეტიათ მისი დაოჯახება, თითქოს რომელიმე დიდი ერისთავი ყოფილიყო ფარსმანი, ისე გულმოდგინედ ეკიდება მის დაქორწინებას მთელი სასახლე...
«უცილოდ მოსჭორა დიაცმა გლახუნა ავშანისძის გამიჯნურების ამბავი. სეფექალები რამ გამოლია სასახლეში, ოვსთა მეფის ხარჭაყოფილს რომ არ დასხმოდა გიორგი მეფე თავს?!»
მხოლოდ ეს იწვევდა ნატამალს იჭვისას: ბებერ ფარსმანს ვინ მისცაო საკბენი კბილები?
ან გიორგი მეფის შერქმეული სახელი «გლახუნა ავშანისძე» სად გაიგონა ვარდისახარმა?
ამ წუთში სამუდამოდ შესძაგდა ეს ქალი.
ინანა: ფხოვურ ცის ქვეშ გატარებული ტკბილი ღამეები, ინანა თავისი პირველი ვნება ამ "უსირცხვილო სიძვის დიაცის მიმართ".