prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XXI

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XXI –

გარინდებული ზის ფარსმან სპარსი ჩუქურთმიან საკარცხლულზე და გასცქერის მთავართა სანათლოის განაპირა უბანს, მიწისძვრებისაგან იავარქმნილს.

სარკმლიდან შემოსულ უსუსურ ნათელს გაუჩრდილავს ბორას ნისკარტივით მოდრეკილი, სიფრიფანა ცხვირი და პერგამენტივით გაყვითლებული ქოსა სახე.

ხრჩოლავს ირანულ ყალიონში გაღვივებული თრიაქი, ლიცლიცებს ბენგალის ცეცხლივით მომწვანო შუქი. ლილისფერი ბოლი მატყლის ფთილებივით იწელება, ზანტად მიიკლაკნება ქვითკირის დარბაზის მაღალ თაღებისაკენ.

სათოფურებსა და სამზერებზე ეტყობა ამ დარბაზს, ციხე ყოფილა ოდესღაც იგი, ან სამლოცველო წარმართების, ძველთუძველესი.

თაროებზე უწესრიგოდ ჰყრია საკითხავები, ეტრატის გრაგნილები, კარაბადინები, ავანდასტები და ფიალები.

კედლებზე ფრესკები ატყვია წამალგადასული. ფრთოსანი ლომები შეჰბმიან გვირგვინის გარშემო ურთიერთს, კუდაშვერილ გრიფონს ხახაში გაურჭვია ტერფი კაცისა, ცხენოსანი, შარავანდიანი რაინდი ჰოროლსა სცემს ხახაში ურჩხულს.

მცხეთის ერისთავს თაჯი ახურავს თავზე, წელზე ხმალი ჰკიდია ვადაჯვარიანი და ეკლესიის მოდელი უპყრია ხელში, იქვე ჰკიდია ეკლესიების, ციხეების ნახაზები და გეგმები, ქვის საკოდი ეჩოები და საჭრეთელები, მკუთხავები და გონიო.

სარკმელიდან მთავართა სანათლოის ნანგრევები მოსჩანს ცარცისფერ მთების ფონზე. გასული წლის მიწისძვრისაგან დალეწილი პალატები, გუმბათგადაცლილი სამრეკლო, დანგრეულ ბალავრებზე მარტო შთენილი ბუხრისთავები.

მხარმარცხნით ნაძვნარი მოსჩანს თოვლით დახუნძლული.

ფარსმანი გაჰყურებს თოვლისაგან დადრეკილ ტოტებს, რომელიღაც ნადირის თათებს მიაგვანან შორიდან ისინი. ესმის თუ როგორ ილეწებიან ნაძვის შტოები, ყინვის ლოლუები სცვივიან სამრეკლოს გუმბათის კარნიზებიდან.

კუზიანი დედაკაცი გამოდის ტყიდან, დათქერილ ბილიკზე ხრაშახრუში გაუდის თოვლს. მოდის ვაგლახად მოდრეკილი მხევალი თებრონია და მოათრევს მორებს.

მხარმარჯვნით გზა მიდის მუხნარისას ციხისაკენ. ქარავანი მიემართება ზლაზვნით, ჟრიალებენ ზანზალაკები, ფრუტუნებენ ჯორები, მეაქლემის შეძახილი გაისმის მჭახე. ხანაც შოლტის ტლაშუნი ზედიზედ.

ისევ დავარდა დუმილი და ესმის ფარსმანს, ტალანში ფეხებს აბაკუნებს თებრონია, სამოსიდან იბერტყავს თოვლს.

კარი შემოაღო მხევალმა, უსიამო მზერა ესროლა ფარსმანმა ტყირპიან სახეს. უარესად დაწითლებოდა თებრონიას მოხარშულ კიბოსავით გაწითლებული ტყირპი.

აცმაცურდნენ მისი ზანგური ლაშები, რაღაც წაიბუტბუტა, მაგრამ ბუხრისაკენ მიბრუნდა, მირეჯგვ-მორეჯგვა მუგუზლები, მორები შეჰყარა შიგ.

თვალი აარიდა ფარსმანმა დიაცს, ისევ სარკმელიდან გაიხედა ანაზდად.

ყორნები შემომსხდარან სამრეკლოს გუმბათზე, ყრანტალებენ უსიამოდ მყივარნი.

სიბნელე ნელ-ნელა მოიპარება დარბაზში. თებრონია დაფათურობს ნიშების მახლობლად, გაჩაღებული კვარი უჭირავს ხელში, თაფლის სანთლებს ანთებს სათითოოდ.

ლიცლიცებენ თაფლის სანთლები, ყორნების ყრანტალი მოისმის გარედან, ხანაც ზანზალაკების ერთობლითი ჟღარუნი.

კარი გაიღო ანაზდად, ფარსმანი მიაშტერდა ტალანს. ახალმოსულმაც დაიფერთხა ტალანში ფეხი, საკარცხლულისაკენ წამოვიდა ჯიქურ.

თავი დახარა, მასპინძელს შეხედა მცირედ, მიესალმა თავმოდრეკილი:

«მწუხრი მშვიდობისა, ოსტატო!»

ფარსმანმა კონსტანტინე არსაკიძე შეიცნო ხმაზე. სამფეხა სკამი უჩვენა თვალით.

სტუმარმა მადლი მოახსენა მასპინძელს, იღლიიდან უშველებელი გრაგნილი გამოიღო, წაიბუტბუტა:

«სვეტიცხოველის გეგმა დავასრულე, გიორგი მეფესთან ვიყავი წვეული, მოიწონა მეფემ ეს ნახაზები, მხოლოდ ესა ბრძანა: ფარსმანმა გადაჰკრასო თვალი, ხვალ დილით კათალიკოსს მივართმევ გეგმას».

უსიამოდ დაეღრიჯა სახის ნაკვთები ფარსმანს, გრაგნილი ტაბლაზე გახსნა, საკარცხლულიანად მიუჩოჩდა, ორივე ხელით დაებჯინა ნახაზზე. დიდხანს ათვალიერა მდუმარედ. მერმე თებრონიას უბრძანა: მომაშველეო მაშხალა.

თებრონიამ ანთებული მაშხალა მოიტანა. თავი აიღო ფარსმანმა, მცირე ხანს ითვლიდა, სიგრძესა და სიგანეს ამრავლებდა, ანგარიშობდა კედლების სიმაღლეს, ნავების სივრცეს და მოცულობას, გუმბათის სიგრძეს, კარ-ფანჯრების რიცხვსა და ოდენობას.

«მაინც არ იშლის მელქისედეკი თავისას, სამნავიანი იყოსო უთუოდ?»

ეკითხება ფარსმანი არსაკიძეს.

«სიმაღლეზე რამდენი გაქვს ნავარაუდევი?»

«ორჯერ მეტი, ვიდრე სიგანე».

«კათალიკოსი აგრე ბრძანებს, ოსტატო, - მიუგო მოკრძალებულად შეგირდმა, - ახალი სვეტიცხოველი ისეთი მოცულობისა უნდა იყოს, სამი ეკლესია გაიმართოს მასში, ოლთისის ეკლესია ქართული ლაშქრის მიერ გადამწვარი უცაბედად, ორიც სამცხისა, შენს მიერ აგებული, ოსტატო».

ფარსმანი მოიღუშა.

«მეფე რას ამბობს ამის გამო?»

«მეფემ დასტური მოგვცა, ოსტატო, გუშინ».

«ეგებ მელქისედეკს ასე ეგონოს, 300 ფხოველი ტყვე კმაროდეს მუშახელად?»

«მეფეს ნაბრძანები აქვს, ორ ათას მონას მოვასხამო ტაოკლარჯეთიდან, ერგას გამოცდილ ქვისმთლელს ბერძენთაგანს მიგიჩენთო».

«რა მასალაა ნაგულისხმევი?»

«ალგეთურ თეძამის ქვისა და ცისფერი ფიქალისაგან უნდა გაკეთდეს პერანგი ტაძრისა».

«ძველი მასალა?»

«ძველი მასალა მხოლოდ ეკვდრებს უნდა მოხმარდესო, კათალიკოსს ასე აქვს ნაბრძანები, ოსტატო».

«კირითხურონი?»

«ათორმეტი ბოლნისიდან წამოსულია».

«სახურავი?»

«მთლიანი ფიქალისა».

«ახლა ძველი ნაგებობის დანგრევა ნახეთ, როგორ მისჭირდეს: აბულ-ყასიმს მხოლოდ ჩრდილოს ფასადი აქვს სავსებით დანგრეული».

«ნაბრძანებია, სათითაოდ ჩამოვიღოთ ლოდები, რათა დანგრევისას მეფეთა და კათალიკოსთა სამარხები არ დაზიანდეს».

«აბა მე გეტყვით, ძველი ნაგებობის დანგრევასაც არ ეყოფა სამი თვე».

«მისი მეუფობა ასე ბრძანებს, თუ გასჭირდა ათას მონასა და ერგას კირითხუროს ჩამოვიყვანო, ლაზებს».

შემდგომ ამისა დადუმდა ფარსმანი. ისევ დაეყრდნო ტაბლაზე გადაშლილ გეგმას, ორივე ხელით, სულ ახლოს, სულ ახლოს მიჰქონდა ნახაზის დეტალებთან თვალები, და აშტერდებოდა, მერმე აიღებდა, ბუტბუტებდა, ანგარიშობდა.

ბოლოს წელში გაიმართა, ბნელ კუთხისაკენ გაიხედა, თვალები მიაშტერა კედელს, თითქოს იქ ეგულებაო ასაგებ ტაძრის გეგმა და მას უმზერსო, მერმე კონსტანტინე არსაკიძეს ჩოფურა სახეს შეჰხედა და ეუბნება: «მოახსენებდე, ჭაბუკო, მეფეს, ჩემის ვარაუდით: ასეთი უზარმაზარი ტაძრის აგებას ათი წლის მანძილზედაც ვერ შევძლებთ ჩვენის ძალებით, ციხეების შეკეთება უნდა შეჩერდეს, ვეღარც ლოდსატყორცნებისა და ტარანტების აგებას შევძლებთ ამ წლებში».

მერმე გრაგნილი დაკეცა ფარსმანმა, ხელში მისცა არსაკიძეს.

გრაგნილი გამოართვა კონსტანტინემ, მწუხრი მშვიდობისა დაუბარა მანსპინძელს, გაღვივებულ ცეცხლისაკენ გაექცა შემცივნებულს თვალი.

ბუხრისწინ გაჩაღებულ მაყალზე ლითონის კოჭობები იდგნენ, რაზრაზებდნენ ადუღებული ქოთნების სარქველები, უსიამო სუნს ავრცელებდნენ ირგვლივ.

ალბათ რაღაც საწამლავებს ხარშავსო ფარსმანი, ეს გაიფიქრა არსაკიძემ და კარისკენ გაემართა მკვირცხლად. თებრონია წინ მიუძღოდა, მაშხალით უნათებდა დაბნელებულ ტალანებსა და კიბეებს.

ფარსმანმა ისევ გადმოიღო ყალიონი, თრიაქი ჩასტენა, ცერით. მოუკიდა და ააბოლა კვლავ, მატყლის ფთილივით დაწეწილი მწვანე ბოლი ადგა და გაემართა დარბაზის ბნელ თაღებისკენ ზლაზვნით.

დიდხანს იჯდა გაოგნებული ფარსმანი, ხარბად სწევდა თრიაქს და გასცქეროდა ირგვლივ მოწოლილ ბნელს.

ლიცლიცებდნენ თაფლის სანთლები, ჟღარუნებდნენ აქლემების ზანზალეკები ბნელში.

შემოფათურდა თებრონია, ქუმელი შემოუტანა ჯამით, მაგრამ წინა ღამით უძინარ ფარსმანს ისე მოსძალებოდა თრობა, არც თებრონია შეუნიშნავს და არც ქუმელის ჯამი.

ერთბაშად თავბრუ დაესხა ფარსმანს, მის თვალწინ ყვითელი ბურთულები აცეკვდნენ, თითქოს ჯამბაზის მიერ ზეასროლილთ შესცქერისო მთვრალი, შემდგომ ამისა ისეთი რყევა შეიცნო, აქლემზე პირველად შემჯდარი რომ განიცდის ხოლმე, ან ნავით გასული ატოკებულ ზღვაზე.

საფეთქლებში ოფლი გამოუვიდა, მჯიღით მოიფშვნიტა თვალი, ბოლოს ოდნავ დაუცხრა მღელვარება, მოუდუნდა სხეულის იოგები, მოეწადინა რული და სწორედ ამ დროს უხეშად დააკაკუნა ვიღაცამ კარზე.

უსიამოდ შეკრთა ფარსმანი.

ბუხართან მთვლემარე თებრონიამ მაშხალს წაავლო ხელი, კარი გამოაღო თუ არა, კარის ჩარჩოში გამოჩნდა ვიღაც ახმახი კაცი, თვალი მიაშტერა ფარსმანმა და მსაჯულთუხუცესის შიკრიკი შეიცნო.

უცნობმა არ ინდომა კარის ზღურბელზე გადმოსვლა, რაღაც გრაგნილი შეაჩეჩა თებრონიას, სალამის დაუბარებლად გაალაჯა ბნელ ტალანისკენ.

გახსნა თუ არა ფარსმანმა წიგნი, მსაჯულთუხუცესის მოწოდება ამოიკითხა:

«შესმენილ იქნა აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფეთ მეფის გიორგის წინაშე.

ხუროთმოძღვართუხუცესი - ფარსმან სპარსი...

მოაჯე - ფანასკერტელი რუსუდან.

შემსმენელი - ეზოსმოძღვარი ამბროსი».

უეცრად გაუარა ფარსმან სპარსს თრობამ, გაბურძგლა მთელ ტანზე, შემცივნება იგრძნო, გრაგნილი დააგდო ტაბლაზე, საკარცხლული დაითრია, ზედ ცეცხლის პირად მიაჩოჩა, ხელისგულები მიაფიცხა ცეცხლს.

გააჟრჟოლა, გააჟრჟოლა ანაზდეულად, მერმე გაიმართა საკარცხლულში, ორივე ხელი გადააწნა ურთიერთს, ხელ-ფეხი გასჭიმა და გააზმორა ისე, როგორც ხურვება მოძალადებული გაიჭინთება ხოლმე.

შემდგომ ამისა ხელები გაითავისუფლა, საკარცხლულის სახელურებს მოსჭიდა ორივენი, ფეხები გამართა, ბუხრის ლინგს მიაყრდნო მტკიცედ და მიაშტერდა ღველფადქცეულ მუგუზლებს, რომელთაც ჯერაც ზედ აჩნდათ ის მსუბუქი ხაზები, ძარღვების დარად რომ ეტყობათ ხოლმე ახლად დახეთქილ მორებს.

მერმე ხედავდა ფარსმანი, თუ როგორ დაინგრა აყუდებული, დამწვარი მუგუზლები გამოხურვებულ ოქროსავით ბრწყინვალე.

წამოიწია, ორი მორი აიღო და შეუკეთა ცეცხლს. ესმოდა თუ როგორ მოედო ცეცხლი კოპიტს, აშიშხინდა მორი. ცოფიანის დუჟისებრი სითხე გამოეყო ნარტოალებს, ბოლოს ეს შიშხინი წივილად იქცა...

ზის გარინდებული ფარსმანი ბუხართან და შეჰყურებს ცეცხლს... ხან მელქისედეკ კათალიკოსის პირგამეხებული სახე ელანდება, ხანაც ეზოსმოძღვრის ცერცვისფერი, ჭრუტა თვალები.

როგორი უცნაურია და უგუნური ეს ცხოვრება მართლაც!

რამდენ ხმალშემართულ რაინდს შეჰგებებია უშიშრად ფარსმანი! ქართველსა და ბერძენს, სარკინოზსა და სომეხს, ცხენდაცხენ შესტაკებია სახელოვან სტრატიგებს და ფარისებს, ხმლითა და ჰოროლით უბრძოლნია მტრებთან...

და ახლა, ამ დალეულმა, ჩია მოხუცმა - მელქისედეკ კათალიკოსმა უნდა მოუსწრაფოს სიცოცხლე მრავალნაცად მეომარსა და მოგზაურს!

წრეულს, შობა დღეს იდგა საკურთხევლის წინ მელქისედეკი, უქადაგებდა მრევლს. აღტყინებისაგან სიმაღლე მომატებოდა თითქოს, ღველფივით ელავდნენ ღილივით წვრილი და გამხვრეტი თვალები მის ფერმკრთალ სახეზე.

ქადაგად დავარდნილივით როშავდა კათალიკოსი. განკითხვის დღის გეენით აშინებდა იგი თავის მრევლს. ადამიანურ ვნებათა დაოკებისაკენ მოუწოდებდა ქრისტიანებს და როცა სოდომის ცოდვებს შეეხო, ასეთი რამე სთქვა:

«ამისათვის ვამცნებთ ყოველსა დიდსა და მცირესა და გლახაკსა, მეფესა და მთავარსა, აზნაურსა და მდაბიორსა, მღვდელთა და უმღვდელოთა, მოწესეთა და ერისკაცთა, ბერთა და ჭაბუკთა, ყოველსა პატივსა და ყოველსა ჰასაკსა განყენებად ამის ვნებისაგან»...

მერმე მოჰყვა კათალიკოსი, თუ როგორ წარწყმინდა ამ ცოდვამ ათინა და რომი, თებაი და ბაბილონი, აშურთა ქვეყანა და ქვეყანაი ფარსთა.

წამოდგა ფარსმანი, ტაბლიდან აიღო მსაჯულთუხუცესის მოწოდება, ისევ ბუხართან დაჯდა, გულმოდგინედ გადაიკითხა იგი.

ხედავდა, «უძვირესსა და უსაწყალობელს» ბრალსა რომ სდებდა კათალიკოსი მას. სჯულის კანონები ზედმიწევნით იცოდა ფარსმანმა, სოდომის ცოდვისათვის სამი სხვადასხვაგვარი სასჯელი იყო დაწესებული როგორც ბიზანტიაში, ისე საქართვლეოში.

ძელზე აბმა, თავის მოკვეთა, ან დაბნელებაი ორთავე თვალთა.

თვალების დაწვას ყოველგვარი სასჯელი ერჩია ფარსმანს, უთვალოდ ან რას გააწყობდა ხუროთმოძღვარი?

ბრალდება ორკეცი იყო: «უჰასაკოისა გახრწნაი ქალისა ქალწულისა და დედათა თანა მამათმათლობაი».

ეს ყოველივე რთულდებოდა თავათ ფარსმანის მდგომარეობითაც. სამეფოის კანონთა მიხედვით, «სწავლულთა და მეცნიერთა ცოდვანი უძნელესს არიან უსწავლელთა და უმეცართასა».

კიდევ ერთხელ გადაავლო მოწოდებას ფარსმანმა თვალი, კვლავ დაგრაგნა და ბუხრის რაფაზე შეაგდო.

იდაყვები მუხლისთავებზე დაუყრდნია ფარსმანს, მჯიღები ყბებზე შემოუდგამს, დადუმებული შესცქერის ცეცხლს, თებრონია სკამლოგინზე მიგდებულა და ხვრინავს.

მდუმარება და ბნელი შემოსწოლია ფარსმანის სავანეს, მხოლოდ გზის პირიდან მოისმის კანტიკუნტად შოლტის ტლაშუნი და ზანზალაკების ერთობლივი ჟღარუნი. გულის მომწყლველად წრიპინებს კოპიტის ნარტოალი, თუთხუნებენ თუჯის კოჭობები, ჯოჯოხეთურს ოხშივარს ავრცელებენ ირგვლივ.

აჰა, დაიწვა უკანასკნელი მუგუზალი, ნაღვერდალად ქცეულ შეშის ნაჭერს ზედ აჩნია ზოლები, ძარღვისებური ფაქიზი ხაზები. კიდევ ცოტა ცეცხლი, კიდევ სიმხურვალე მცირეოდენი, წაიქცევა და ათას კავშირად იქცევა იგი.

არც ერთი მათგანი არ ემგვანება იმ ორს, რომელიც ფარსმანმა შეუკეთა სახმილში.

რაღა დარჩება მისგან? მცირეოდენი ნახშირი და ფერფლი, ნახშირი და ფერფლი...

კიდევ ორიოდე დღე, შესაძლოა, მისი სხეულიც ისე დაიშალოს და დაირღვეს, როგორც ეს ცეცხლმოდებული ძელი.

შესცქერის გაჩაღებულ ბუხარს ფარსმანი, აგონდება თავისი ტკბილი, ტკბილი ბავშვობა.

თაფლის სანთლები ლიცლიცებენ ნიშებში. ზის თავის საკარცხლულზე წელში მოდრეკილი, უზარმაზარი ჩრდილი მისი სხეულისა აყუდებულა აგერ კედელთან. თავის გარშემო შემოგრაგნილი ჩალმის ტოტები ისე იხატება ნაჩრდილევში, როგორც მარჩბივი რქაი სატანისა.

დამჯდარა იგი ცეცხლის პირად, სიბერის ნაჩრდილევსა და სიყმაწვილის ჩვენებას შორის.

აგერ მორბის შვიდი წლის ბიჭუნა, მშვილდისარი უპყრია ხელში. თუხარისის ციხის სილუეტი წარმოისახა მის წარმოდგენაში.

ამ ციხის ჩარდახებზე დასდევდა ფარსმანი მტრედებს, ხოლო იდუმალ ხვრელებსა და სარდაფებში ვირთხებზე ნადირობდა მოისარი სწორუპოვარი.

შავშეთის უღრანი ტყეები აგონდება. ქარაფებზე გადმომდგარი ციხეები და ეკლესიები, კლდიდან გადმოკიდებული ჩქერალები, ჭოროხის ცისფერი წყალი, სასირე ბადეები, კალმახის ფაცერები, საძოვრებიდან მობრუნებულ კუროების ბღავილი, მწუხრისას გალობა კლიროსზე, მხიარული ლამპრობა ვნების კვირაში, ნაჩრდილევისა და ნაშუქალის ციალი თუხარისის კარის ეკლესიის სარკმლიდან, მღამიობები, მტრედები, ქედნები...

მათ ფრთებს თან გადაჰყვა მისი სიყმაწვილე.

პაპა სუმბატი, მუდამ მოღუშული, ჟანგისფერ თორიანი დევკაცი, მისი ფეხკავშა იაბო, ქორ-შავარდნები, მაძებრები და ლომისფერი მწევრები, მამა - ბაქარი, ჭროღათვალება, ქერა რაინდი, დედა - ნანაი, მუდამ ლოცვებში ჩაფლული, სძლისპირების ტკბილი მგალობელი.

ბუზღუნა მზრდელი, თავმოტვლეპილი, კოჭლი ვარდანი (კრუხის უკანალივით გამოპუტული ჰქონდა ნიკაპთან წვერი. ცალ დეზს ატარებდა მარჯვენა ფეხზე).

ლანდივით უკან დასდევს ვარდანი ყრმას, ციხის ჩარდახებზე გასვლას უკრძალავს. არც სარდაფებში ჩახედვას ანებებს, ნიადაგ იფუთნება თვითონაც და ფუთნის თავის გაზრდილს მუდამ.

ტყეში ნუ მიხვალ - დათვებია მანდ დღისით, ღამით მიონები გაგჩხიბავენო, ჭოროხში ნუ ჩახვალ - გველები და ჯოჯოებიაო შიგ, მიწაზე ნუ წვები - უჟმურს შეეყრებაო, ხილი არ სჭამო - სტომაქს გაიფუჭებო, სარკმლიდან ნუ გაიხედავ - ქარი გეცემაო, მზეს ნუ მიაშტერდები - თვალებს აგატკიებსო, «რამეთუ მზეი ქნული ღვთისაი არს», თვალი ვერავინ შეუდგინოსო მას. ერთადერთი რაც დაშლილი არა ჰქონდა ფარსმანს მზრდელისაგან ეს იყო ლოცვა...

დილით, სადილობის წინ, ნასადილევს და ზარმელისას, მწუხრისა და დაწოლის წინ მუდამ უნდა ელოცნა ყრმას, ფსალმუნს აზეპირებინებდა დღენიადაგ.

განკითხვის დღისა და მეორედმოსვლის საშინელებას უხატავდა უცნაურის ენამზეობითა.

ერთხელ ჭექა-ქუხილი ატყდა. ვარდან მზრდელი გზაში დარჩა. ნაშუადღევს მოაქევქევა ციხეში ჯორი.

აცახცახებული, გაფითრებული ძლივს ჩამოათრიეს დასველებული ვარდანი უნაგირიდან. დაჯდა ბუხრის პირად, უამბობდა ფარსმანს:

ტყეში მომისწრო ქარიშხალმა, იყო ელვა, ქუხილი და ჰაერი ბოროტი, შვიდგზის დაჰკვერა ეშმაკმან და პეროინ იღრჭენდა და ყიოდა, ხოლო მე მუხის ძირას ვიდექი და ვილოცვიდიო.

ლოგინად ჩავარდა ვარდანი.

ყრმა ფარსმანი გახარებულია, ეგებ მოკვდეს და გადავრჩეო ფსალმუნის ღეჭვას.

ისევ გამომჯობინდა ვარდანი და დაიწყო ჩიჩინი.

«ნუ ცილსა სწამებ, ნუ ორსა სიტყვასა იტყვი. პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსა, შეიყვარე მოყვარენი, ვითარცა თავი თვისი.

ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო». ბეჭის ძვალზე ასწავლა ნახშირით წერა ვაჟას.

შემდგომ ამისა დაუმეგობრდა საკითხავებს ფარსმანი.

ისევ ახალი შეგონება:

«მხეცი არს სიბრძნე და გონიერება კაცთა შორის და სისპეტაკეთა მათთა არად სარგებელ».

უკვე სიჭაბუკეში გადავიდა ყრმა, მზრდელის ბუზღუნს აღარაფრად აგდებს. შავარდენს შეისვამს მარცხენაზე, მხარზე მშვილდს გადაიკიდებს, დაყიალობს ჭოროხის ჭალებში.

უბელო ულაყებით დაჯირითობს. სანადიროდ აეკიდება პაპასა და მამას, ჭოროხში სათევზაოდ დაჰყვება მონადირეებს.

და როგორც იხვის ბჟიტებს ყვერულს მიუსხმენ ხოლმე, დასდევს მერმე თავის შვილობილებს საჭურისი ქათამთაგანი, შესცურავენ ბჟიტები გუბეში, ყვერული კუთავს და წრიალებს, გულგახეთქილი ასკდება ნაპირებს, ეშინია წიწილები არ დამეხრჩოსო, ასე კრუსუნებს და ავობს ვარდან მზრდელი, როცა შეხედვას თუ როგორ შეახტება ფარსმანი ნასუქალ ულაყს, ან ჭოროხს გადასცურავს მხარულით. ღამეებს ათევს ნადირობის დროს ტყეში.

კვალად მოესმის ჩიჩინი.

«ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო»...

ჭაბუკ ფარსმანს ცხოვრება ენატრება პირიქით, ამ უდაბნოში წიაღსვლას მონატრებულია იგი და სწუხს კიდევაც, რომ ჯერ არც ომია სადმე, მშვიდობაა ჩორჩანელების ციხეში, მეომრებს ხმალი ჩაუჟანგდათ ქარქაშში, დღისით და ღამით ამაოდ უთვალთვალებენ ციხის გუშაგები სამზერებს.

მხოლოდ პაპა სუმბატის ნაამბობიდან თუ სმენია ფარსმანს ომების, ბრძოლების, ფალავნური შეტაკებების, ტალად დგომის, ციხეების შემოწყობისა და გოდოლების შემუსვრის ამბები.

განუსაზღვრელად უყვარს ჭაბუკს თორის გადაცმა, მუზარადის თავზე დახურვა, პაპის ხმლები, მამის ქეიბურები, ცხენი, ჯირითი და ხმლის მოქნევა...

თექვსმეტი წლის ფარსმანს საომარი ცხენი მიუჩინა პაპა სუმბატმა, თორი აჩუქა და მუზარადი, ხმალი, მშვილდი და საბრძოლო ქეიბურები.

ხედავდა ვარდან მზრდელი, მისი ძველი შეგონებანი დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, ამიტომაც მიაწოდა ჭაბუკს შეგონება ახალი:

«არს კაცი ჭური თვითმოძრავი - სულისა ხელმწიფე»...

და სწორედ იმ წელს შეუსრულდა ფარსმან ჩორჩანელს ნატვრა. საქართველოს დიდმა პატრიოტმა იოანე მარუშისძემ უფლისციხე გადასცა დავით კურაპალატს.

ფარსმანის პაპა სუმბატ ჩორჩანელი მიიწვია სხვა ერისთავებთან ერთად დავითმა და წარუდგინა ბაგრატ კურაპალატს:

«ესე არს მკვიდრი ტაოისა, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილად გაზრდილი ჩემი და მას დაემორჩილეთო»...

სუმბატ ჩორჩანელმა არა ჰქნა მორჩილებაჲ მეფისა, მაშინ შეიპყრო იგი ბაგრატმა და თავი მოჰკვეთა, ხოლო გვამს მისას თოკი შეაბეს ფეხებზე, ციხის ჩარდახიდან გადმოჰკიდეს თავქვე ურჩ აზნაურთა ჭკუის სასწავლებლად.

შემდგომ ამისა წამოვიდა ბაგრატ მესამე ლაშქრითურთ და თუხარისის ციხეს შემოეწყო, გულით ეწადა სუმბატის ძე ბაქარი შეეპყრო და ვაჟი მისი ფარსმანი. ქოსსა ჰკრეს თუხარისის ციხეში... ჩამოეგებნენ ტაოელები ციხიდან სამეფოის სპათა...

ჭაბუკი ფარსმანი ვაჟკაცურად იბრძოდა მამის გვერდით, მაგრამ სასტიკი იერიშები მოიტანეს სამეფოის სპათა, ჩორჩანელის ჯარი უკუაქციეს.

ციხეში შებრუნდა ერისთავის ლაშქარი. სამ თვეს გაუძლო შემოწყობას ბაქარ ჩორჩანელმა, ბოლოს სურსათი შემოელიათ მეციხოვნეებს, ძაღლები, სახედრები და ვირთხები აღარ დარჩათ საჭმელად. ბაქარ ჩორჩანელმა აიყოლია თვისი მხოლოდშობილი ვაჟი და ათასი მონასპა, ციხის ხვრელიდან გაძვრა და ბნელ ღამეს მიმართა.

აგორდა თვითმოძრავი ჭური...

ბიზანტიაში გადავიდნენ ოტებულნი. კეისრის ქვეყანაში ბარდა ფოკას ამბოხი იწყებოდა იმჟამად, ბაგრატ მესამეს ახლად მიღებული ჰქონდა კურაპალატის ხარისხი, ამადაც ერთგულობდა ბასილი კეისარს.

განდგომილი ბაქარ ჩორჩანელი მეამბოხე სარდალს ბარდა ფოკას მიემხრო.

ფოკას ციხეს შემოეწყო ბიზანტიელი პატრაციუსი იოან პორტეზე თავისი იჯარით, ლოდსატყორცნებითა და ტარანტებით გასტეხა ციხე. ფოკამ თავს უშველა, ხოლო ბაქარ ჩორჩანელი და ათასი იბერიელი მონასპანი ექვს თვეს იბრძოდნენ გააფთრებული, ბოლოს ციხე აიღო პორტეზემ, იბერიელი მონასპანი გასწყვიტეს, ბაქარ ჩორჩანელს თავი მოსჭრეს, ფარსმან ჩორჩანელი და სამასი იბერიელი მონასპა ტყვედ წაასხეს ბიზანტიონში.

კვლავ აგორდა თვითმოძრავი ჭური...

ფარსმან სპარსმა შეშა შეუკეთა ცეცხლს.

სრული დუმილი სუფევდა დარბაზში, თებრონია ბოდავდა ძილში, მეაქლემის მჭახე ხმა მოისმა გზიდან, ზანზალაკების ერთობლივმა ჟღარუნმა შეაშფოთა ღამე...

...აგონდება საშინელი მოგზაურობა ანტიოქიის ურწყულ მიწაზე.

ხვატით გადარუჯული ველები, ცისკიდურებზე ციხეთა ქონგურები, მიზგითები, ეკლესიები, ღატაკური მიწურები, თავშიშველა მონების ბრბოები...

«წყალი», ეხვეწებიან იბერიელი ტყვეები გუშაგებს, მაგრამ არავის ესმის მათი მუდარა.

«წყალი», ევედრებიან გამვლელებს, მეაქლემეებს და სტრატიოტებს, არავის ესმის ეს სიტყვა.

ზის ფარსმანი იმავე აქლემზე, რომელზედაც ხურჯინით ზედ ჰკიდია ბაქარ ჩორჩანელისა და მისი სახლთუხუცესის თავები...

ტარაბუები ჰკბენენ მხარგაკრულს, მიყანყალებს ორკუზიანი აქლემი, გული ერევა, თავბრუ ესხმის მწყურვალს, იბერიელთა შორის ერთადერთი ფარსმან ჩორჩანელი არავის ევედრება წყალიო, რადგან ეს უნდა მასაც, არ დააყოვნოს უწყლო სიკვდილმა, ამ უკაცრიელ ველებზე ამოხადოს სუნთქვა.

ჟრიალებენ ზანზალაკები, აფურთხებენ აქლემები ხვატისაგან დახეთქილ მიწაზე და აგონდება ფარსმანს შეგონება მზრდელის ვარდანისა:

ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო...

იგორა მერმე ამ თვითმოძრავმა ჭურმა, იგორა, ვიდრე აია სოფიას ჯვარი არ გამოჩნდა ზეცის თავანში.

ჰიპოდრომის გვერდით დილეგი ჰქონდა გამართული იმ «ძაღლს» ბასილი კეისარს.

შვიდი იბერიელი და ცამეტი სარკინოზი გამოიყვანეს ტყვეების მწკრივიდან, თმა-წვერი მოპარსეს, ნესტოები გაუხვრიტეს. ჯაჭვი ქედზე დაადვეს, ფეხებზე ბორკილები შეასხეს და ერთ საკანში შეაგდეს.

ერთი წლის წამების შემდეგ ერთმა ქართველმა ბერმა ინახულა ფარსმანი და ექვსი იბერიელი აღდგომა დღეს, მცირეოდენი მოსაკითხი მოუტანა და ანუგეშა ტყვეები.

როცა მნახველი წავიდა, დამშეული ტუსაღები მისცვივდნენ საპასექო ლელანგოებს, სწორედ ფარსმან ჩორჩანელს შეხვდა ის ლელანგო, რომელშიაც პწია ქლიბი შეეტანა ბერს.

შვიდი ღამე იმუშავა ფარსმანმა, ქედზე დადებული ჯაჭვი და ფეხებში ასხმული ბორკილები გაქლიბა, შემდგომ ამისა ამხანაგებსაც გაუხსნა ხელ-ფეხი, ბორკილები ურთიერთს გადააბეს, ციხის კედელი გამოანგრიეს, ბნელ ღამეს შეაფარეს თავი.

კონსტანტინოპოლის სანახებში თავს დაესხნენ წმ. იოანეს მონასტრის ბერებს, ვენახებში მომუშავეთ თავზე წაადგნენ.

ეს ამბავი ასე მოაწყო ფარსმანმა: ჯერ თავის რაზმს უბრძანა ტანზე გაიხადეთო...

ბერები გაოცდნენ, გახევდნენ, რა დაინახეს შიშველი ვაჟკაცები გამოქანდნენ მათკენ.

ახლა ბერები გაატიტვლეს, ტუსაღების ძველმანები მიუგდეს, ათ-ათი ოქროს სოლიდი წართვეს თითოს.

სახედრები იყიდეს და ანტიოქიისაკენ გასწიეს.

გამვლელებს ატყუებდნენ იერუსალიმს მივალთო.

იგორა თვითმოძრავმა ჭურმა.

ახლა სახედრით შემოიარა ფარსმანმა ბითინია, ანატოლიკი და ანტიოქია, ბოლოს ალ-ჰაქიმთან ჩავიდა ჰალებში.

ხალიფს წვრილად სცოდნოდა საქართველოს ამბები. ბაქარ ჩორჩანელის მამაცობაც სმენოდა თურმე. ბაგრატ კურაპალატისა და ბიზანტიის კეისრისადმი სიძულვილმა სჯული გამოაცვლევინა ფარსმანს.

აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი დაირქვა.

როცა ბასილი კეისარი ჰალების ციხეს მიადგა, ფარსმანი ციხისთავად იყო. ამ ბრძოლაში დიდად გაითქვა სახელი, ალ-ჰაქიმის მარჯვენას უწოდებდნენ სარკინოზები მას.

ბერძნებთან მეორეჯერ შეტაკებისას განსაცვიფრებელი სიმამაცე გამოიჩინა. ალ-ჰაქიმი და ფარსმანი მაშველი ჯარით ზურგში მოექცნენ ბიზანტიელ დუკას.

დუკას ლაშქარი შემოწყობოდა ქაიროს ციხეს, ლოდსატყორცნით ანგრევდა პირველ გოდოლს.

დასძრა თავისი არაბული ულაყი ფარსმანმა, ელვის უსწრაფესად მიეჭრა ბერძნებს, მიდიური ცეცხლი ესროლა ლოდსატყორცნს, ხანძარი გაუჩინა, ალ-ჰაქიმთან მიბრუნდა კვლავ.

დუკა უკუაქციეს.

ციხე გაათავისუფლეს სარკინოზებმა, მაგრამ, ხელჩართულ ბრძოლაში ჰოროლი სცა ბერძენმა სტრატიოტმა ფარსმანს, ბექთარიანად გაუგმირა ბეჭი. საუკეთესო აქიმები მიუჩინა ალ-ჰაქიმმა, მაგრამ ვერ განკურნეს სავსებით, თავის სასახლეში დააბინავა ხალიფმა ფარსმანი.

ქაიროში შეისწავლა მან ხუროთმოძღვრება, ალქიმია და ფარსული.

აქვე გაიცნო ინდოელი ფაკირები... მოპირულ ხმლებზე სიარულს შეაჩვია შიშველი ფეხი. ხანაც დიდ ბაზრებზე გამოდიოდა, როგორც ჯამბაზი, დღისით ალესილ ხმლებს იბჯენდა თვალებზე, ცეცხლის ალს ყლაპავდა უვნებლად და მიზგითების მინარეთებიდან უთვალთვალებდა ვარსკვლავებს ღამით.

სუფიების მოძრაობას მიემხრო, მერმე ისევ ხელოვნებას მიუბრუნდა და უმშვენიერესი მიზგითები ააგო ქაიროში.

ბიზანტიელი დომესტიკის ლაშქარი კვლავ შემოეწყო ჰალებს 990 წელს, ხუთშაბათს, მაისის ორს.

ლოდსატყორცნი მანქანები და ტარანტები მიაყენა დომესტიკმა ციხეს, მეწინავე ჯარმა პირველი გოდოლი შელეწა, "ამ ჯარის სათავეში იბრძოდა საქართველოს მეფე, ხოლო, მარჯვენა ფლანგზე - გრძელ ბექთარებში ჩაჭედილი პატრიციები"...

მაშინ ალ-ჰაქიმმა მძევლები მისცა დომესტიკს და ელჩები წარგზავნა ბიზანტიონში.

ისევ აგორდა თვითმოძრავი ჭური.

ამ დესპანების ხელმძღვანელობა ჩააბარეს აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარის.

მამალმა იყივლა მთავართა სანათლოის გარეუბანში...

ფარსმანმა ნეკერჩხლის მუგუზალი შეუკვეთა ცეცხლს. მაისის მიწურულში ბიზანტიაში ჩავიდნენ დესპანები, კეისრის სასახლეში გამოცხადდა აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი, მთავარი ელჩი ხალიფის ალ-ჰაქიმისა.

შავი მოსასხამი ეცვა, თავზე თეთრი ჩალმა ჰქონდა შემოგრაგნილი, შავი სატევარი ეკიდა წელზე.

კარისკაცები გაჯანჯლდნენ, არ ისურვეს თეთრჩალმიან და შავხანჯლიან კაცის შეშვება კეისრის პალატებში.

მაშინ ეს უთხრა აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარიმ კეისრის კარისკაცებს:

მე წავალ და აღარ მოვალო ამიერიდან.

გამობრუნდა გახარებული: შემრჩებაო ათასი შუშა მუსკუსი, ათი ათასი ოქროს სოლიდის საღირალი პატიოსანი თვლები, სტავრა, ოქსინო და არაბული შტახსი ხუთასი შუშა.

აგორდა ისევ ჭური თვითმოძრავი, ზღვის კიდემდის მიაღწია, განიზრახა ინდოეთს წავალო, უთვალთვალებდა ნაპირისკენ მომავალ ტრირემას.

კარისკაცებს მალემსრბოლი გამოეგზავნათ, კეისარი უხმობსო ალ-ჰაქიმის ელჩს.

როცა ხელახლა მოვიდა სასახლეში, მსახურთუხუცესი გამოეგება. მოსთხოვა, კეისრის პალატებში შესვლამდის მიწას უნდა ემთხვიოსო ყოველი მუსლიმანი.

უარზე დადგა აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი, წასვლა დააპირა კვლავ.

მივიდნენ და მოახსენეს ბასილი კეისარს.

გაეცინა იმპერატორს, დამარცხებული ალ-ჰაქიმის ელჩის ასეთი თავხედობა რა შეიცნო. ხალიფა ალ-ჰაქიმი ბნედიანია, ალბათ გიჟს გამოგზავნიდაო ვინმეს.

ბრძანა: ისეთი კარი შეაბითო, თავმოდრეკა მაინც მოუხდესო ჩემთან შემოსვლისას.

მეორე დღისით იხმეს აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი.

როცა თეთრჩალმიანი და შავხანჯლიანი ელჩი კვლავ მიბრუნდა კეისრის სასახლეში და სახელდახელოდ შეხანხლული დაბალი კარი დაინახა, ზღურბლამდის მივიდა ქედგამართული, მერმე გამობრუნდა და უკანალით შევიდა ბასილი კეისრის დარბაზში, კარი ვიწრო იყო, ჩარჩოს გამოედო, მაგრად შეანჯღრია ხის კარი.

კეისარი ვერცხლის ტახტზე იჯდა, მხარმარჯვნით სამი ოქროსთორიანი პატრიციუსი იდგა, მხარმარცხნით სამი თარჯიმანი. ოქროს გვირგვინი ეხურა ბასილის თავზე, მარგალიტებით მოოჭვილი ძოწეული ტანზე ეცვა, კისერზე პატიოსანი თვლებით დახუნძლული ჯაჭვი ეკიდა, ფეხზე წითელი წაღები ეცვა, ალმასებითა და მარგალიტებით მოოჭვილი სრულად.

წინ წამოდგა არაბულის თარჯიმანი, მიესალმა და ეკითხება ელჩს:

«რა მოვახსენო თქვენის სახელით კეისარს?»

«მხოლოდ იგი, რაც ჩემგან გაიგონოთ».

გაეცინა კეისარს.

მერმე არაბულის თარჯიმანს მიუბრუნდა ბასილი და ეუბნება:

«სარკინოზების ელჩებს, როგორც სჩანს, უკანალი უფრო მაგარი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე შუბლი?»

აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარიმ არ აცალა გადათარგმნა თარჯიმანს, დახვეწილი ბერძნულით მიმართა კეისარს:

უფლისწულო, საერთოდ ელჩებს განსაკუთრებით უკანალი უნდა ექნეთ მაგარი, როცა ხალიფის სასახლიდან კეისარს ეახლებიან, რაკი ბევრ პანღურს უნდა მოელოდნენო.

ბასილის დედა მიკიტნის ქალი იყო, ამიტომაც უყვარდა ბილწსიტყვაობა კეისარს.

გულიანად გაეცინა ამის გამგონეს.

როცა ალ-ჰაქიმის ელჩებმა საქმე მოათავეს და ქრთამები გადასცეს კეისარს, ლულუის მცხოვრებთა დესპანები შემოიყვანეს, მათ შეატყობინეს კეისარს: ლულუის ქალაქი აპირებსო ქრისტეს სჯულად მოქცევას.

ბასილი ბრმად მორწმუნე იყო, დიდძალი საჩუქრები მიუბოძა ლულუის დესპანებს და დაუყვავა.

მეორე დღეს კვლავ გამოეცხადა ბასილის ალ-ჰაქიმის ელჩი, მეც ვიწამებო ქრისტეს სჯულს.

იმ დღეს ხრიზოტრიკლინის ოქროს დარბაზში მიიღო ბასილიმ ელჩები.

კეისარს გაუხარდა, რა გაიგო ეს ენამახვილი და გამბედავი რაინდი უერთდებაო ქრისტიანობას. როცა ფარსმანმა შვიდი ხელობა ჩამოუთვალა, ხუროთმოძღვართა უხუცესად დანიშნეს იგი.

წლის დამლევს დიდი მიწისძვრა მოხდა ბიზანტიაში. ფარსმანმა შეაკეთა აია სოფია და რამდენიმე ტაძარი ანატოლიკში.

კონსტანტინოპოლშივე მიემხრო ფარსმანი სუფიების სექტას, ერთ მშვენიერ დღეს ქალაქიდან გაიპარა. დაუჭედელი აქლემით გაიქცა მისრს.

დიდხანს იმოგზაურა ეგვიპტეში. ხეოპსის პირამიდაზე არაბული წარწერა ამოიკითხა ასეთი:

დააგდე სექტა, სიძულვილის გახდი საგანი,

ვერ გაგიბედოს შენ ხელყოფა მუხთალმა დრომა,

გახდი დერვიში, უსამშობლო გლახაკთაგანი,

ზღვისგან ისწავლე ღელვის შემდეგ გულდამშვიდება...

განაძე შენგან წუთისოფლის მტკნარი დიდება,

დაიმსახურე მართებულად მეფეთა წყრომა...

ეს ლექსი, უკაცრიელ უდაბნოში ამოკითხული, ისე ღრმად ჩასწვდა გულში, დერვიშობა დაიწყო, მთელი ეგვიპტე შემოიარა, მათხოვართა ხანაგებში ღამეს ათევდა.

იქიდან ბაღდადს ჩავიდა...

სწორედ იმ დღეს საშინელი ქარიშხალი დაიწყო ბაღდადში, ატყდა ჭექა-ქუხილი, ცეცხლის სვეტი გამოვიდა ციდან. შავი წვიმა დაუშვა, საღამოს კუდიანი ვარსკვლავი ამოხდა მახვილის სახისა.

შეძრწუნებული მოსახლეობა ალაჰის რისხვას მიაწერდა ამას ყოველივეს და ლცულობდა პირქვედამხობილი.

ამ ამბავმა ფარსმანი ფრიად დააფიქრა და ვარსკვლავთმრიცხველობამ გაიტაცა იგი.

უკვე ხანში შესულს სამშობლო მოენატრა. ბაღდადის ხალიფამ ტფილისის ამირასთან წარგზავნა იგი. ტფილისში მოაწყო მან პირველი ობსერვატორია, აქვე შეირქვა ფარსმან სპარსი...

როცა ტფილისის ამირა ბაგრატ მეფეს შეება დიღომთან, ფარსმანი შეიპყრეს სამეფოს სპათა (იგი თუხარისის ციხეში იდუმალ ჩასვლას აპირებდა თურმე, იმადაც წამოყოლოდა სარკინოზების ჯარს).

მცირე ხანს დილეგში იჯდა უფლისციხეში, ბაგრატ კურაპალატს ჯერ თარჯიმანად ჰყავდა სასახლეში. ერთი წლის შემდეგ ხუროთმოძღვართა უხუცესობა დააკისრა მას გიორგი პირველმა.

ისევ იყივლა მამალმა მუხნარისას ციხის სანახებში, ახლა მეორე გაეპაექრა მას. აყივლდნენ მთავართა სანათლოის მამლებიც.

ზის წელში მოდრეკილი ფარსმან ჩორჩანელი ჩანაცრულ ბუხრის წინ. ხვალ, ზეგ ან ერთი კვირიაკეს მოქცევის შემდეგ რა მცირე ღელე დაახრჩობს ზღვათა გადამლახველს!..

სულ მცირე, უსუსური ღელე დაახრჩობს მრავალნაცად მეომარსა და მსოფლიო მოგზაურს, თავის სამშობლოში უსამშობლოდ ქცეულს.

კვლავ აგონებდა ვარდან ბრძენის შეგონებაი:

ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო...

ფარსმანს შეეძლო ახლა ეთქვა: მე არც ქრისტეანი ვარ, არც იუდაელი და არც მუსლიმი.

უსჯულოდ, უღმერთოდ, უთვისტომოდ იღუპება იგი თვისტომთა შორის.

მერმე რისთვის?

ერთი ციდა ქალის, ფანასკერტელის გომბიოს გამო...

უკეთეს შემთხვევაში თავს მოჰკვეთენ სადმე, ღართისკარს გადაღმა გადააგდებენ მის ცხედარს ხევში და არავინ გამოჩნდება ქვეყნად არც მთხრობელი, არც მწერალი, არცა მხატვარი, რათა მისი დიდი ვნებანი გაუზიაროს შთამომავლობას შემდეგ...

მხევალი თებრონია პირაღმა გაშოტილა. უდრტვინველად ხვრინავს და მისი ტყირპიანი სახე ისე მოქცეულა, მორიელები დასევიანო ღაწვის თავებზე.

იყივლა მამალმა კვლავ, ახლა სულ ახლოს, სადაც ფარსმანის შეგირდი არსაკიძე ცხოვრობს. მას მეორე გამოეხმაურა, მესამე, მეოთხე და ვეღარ დათვალა ფარსმანმა...

"რა საოცარი არსებაა მაინც მამალი!!"

ფიქრობს თავისთვის ფარსმანი.

"იგი ერთადერთია ცხოველთა შორის, რომელიც ცისკენ იყურება მუდამჟამს. მზისა და სიკვდილის მოახლოების მაცნეა მამალი, ღამესთან მორკინე და მარადჟამს ღამისმთეველი.

ლომსაც კი აფრთხობს მისი უცნაური ყივილი.

...იგორა თვითმოძრავმა ჭურმა და აჰა, სიკვდილის ბჭესთან მოგორებულა იგი!...

მელქისედეკის პირგამეხებული სახე წარმოუდგა კვლავ.

ცისკენ თავაშვერილ მამალს წააგავდა მელქისედეკ კათალიკოსი, შობა დღის ქადაგების მთქმელი.

რაღაც უჯიათი შეუმუსვრელობა გამოსჭვიოდა ხორცდაშრეტილი ბერის ჩონჩხდაქცეულ ანაგობიდან. ტირანული სისასტიკე გართხმულიყო ძარღვებდაბერილ შუბლსა და ენერგიულ ღაწვისთავებს შორის, ციმციმებდნენ ტიარის ალმასები, ვარვარებდა ოქროს ომფორი უამრავი სანთლის ერთობლივ ლიცლიცზე.

ისეთი ბედითი ლაპლაპი გაჰქონდა ტიარასა და ომფორს, როგორიც ბიზანტიელ პატრიციების მოოქროვილ მუზარადებსა და ჯაჭვის პერანგებს იმ წუთში, როცა ხმალამოწვდილნი დასძგერებიან ისინი აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარს, ჟანგისფერ თორ-აბჯარში მორთულს.

იდგა მელქისედეკი ამაყად, თავაწეული და გაუდრეკელი, როგორც სეფედროშა გამარჯვებული ლაშქრისა. სარკმლიდან გაიხედა ფარსმანმა.

ეძინა მთავართა სანათლოის ჩაბნელებულ უბანს.

მგლების ყმუილი მოისმოდა შორიდან, ისევ ატყდა მამლების დაჟინებული ყივილი, ტოკავდა, ზანზარებდა მთვარის შუქისაგან დაბლონდილი ზეცის თავანი...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.