prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XXXVI

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XXXVI –

ძელსა ჰკრეს თეთრგუმბათიან ეკლესიაში. შურისდარ ბილიკებიდან ბღავილით დაიძრნენ ცხვრის ფარები, მღვრიე ტალღასავით შეესხნენ მთის კალთებს, კოტრიალით ცვიოდნენ ნერბები და ვერძები წყალში.

ბღაოდნენ საძოვრებიდან მობრუნებული კუროები, ჭიხვინებდნენ მუცელდაბერილი ჭაკები, ფეხშიშველა დიაცები დაძრწოდნენ ორღობეებში, თიხის ლაზარე ეჭირათ ხელში, საწყალობლად გალობდნენ:

ლაზარე მოდგა კარსა,

აბრიალებს თვალსა...

ღმერთო მოგვეც ტალახიო,

აღარ გვინდა გორახიო.

მდუმარედ ისხდნენ მოქანცული მხედრები გაღვარულ ცხენებზე, უთვალთვალებდნენ ფეხშიშველა დიაცების გათქვირულ ძუძუებსა და მზისგან დაბრაწულ, შიშველ წვივებს.

ენატრებოდათ სეფექალებისგან თავმობეზრებულებს ქარცემული ლოყების კოცნა, გომიჯივით მკვრივი ძუძუების სრესა...

შევიდოდნენ ხევში. გზირები დაუხვდებოდათ, გაივლიდნენ ხეობას, ციხეებიდან უყივლებდნენ.

შემოერტყმოდნენ შუბოსნები გარს, დაზვერავდნენ, ჰკითხავდნენ: ვისნი ხართო?

გიორგი მეფის ყმანი ვართ, დიდოეთს მივდივართო ცხენების სასყიდლად.

ქრთამებს მიართმევდნენ ციხისთავებსა და ხევისთავებს და მიიწევდნენ ფხოვის მიწაზე წინ.

ცხენები ძლივს მიფოხრიკობდნენ შემრეცილ ბილიკებზე.

მთების ჩრდილები ტაფობებზე წვებოდნენ, კიოდნენ ტურები, შემოღამებული არწივები ჰყიოდნენ მთებში. შავი არაგვის პირად ციხე იდგა ოთხგოდოლიანი.

კოხრიჭისძემ აიჩემა:

შევიპაროთო ციხეში, მეჯინიბეებს ვიცნობო იქაურს. გაგვათევინებენო როგორმე ღამეს.

არა ჰქნა გლახუნამ. სადმე ფიჭვნარში შევუცადოთო ცისკარს.

წიწვიანი ტყეები დაიწყო, ამოდ ქშუოდნენ ქარაფებიდან გადაკიდული ჩქერალები, სვავები დგებოდნენ უფსკრულებიდან, მთის მგელი ყმუოდა ხევში.

გზა აერიათ მხედრებს, რომელიღაც ხეობაში დაეკარგათ ბილიკი, გლახუნამ მოითხოვა: თორმუზარადი დავმალოთ, ჰოროლები ხელიდან გავაგდოთ, თორემ გაძნელდებაო ფხოვის მიწაზე მგზავრობა.

ავაზასფერი კლდეები გამოჩნდნენ გზიდან.

როცა გირშელმა და პიპამ ძველმანები გადაიცვეს, სიცილს ვეღარ იკავებდნენ გლახუნა და გაბოი, საფრთხობელას მიაგავდნენ ძონძებში გადაცმული მხედრები.

უკვე შეუძლებელი გახდა ცხენით სვლა, მოსართავები წარამარა უწყდებოდათ გირშელსა და პიპას.

დაქვეითდნენ, ხელით მიათრევდნენ ცხენებს.

გირშელის ტაიჭი სავსებით დავარდა. პიპა უკანიდან აწვებოდა და ასე მიჰყავდათ ორ ვაჟკაცს ერთი ცხენი.

დეკათი მოფენილ ტაფობს მიადგნენ ერთს, საწყალობლად წიოდნენ როჭოები ჩირგვებში.

ორიოდე როჭო ძლივს მოინადირეს.

ცეცხლი გააჩაღეს, მწვადები შესწვეს, გაბოს არაყი აღმოაჩნდა ტიკში.

სამი თოროსანი ფხოველი წამოადგათ თავზე.

მათაც ესა ჰკითხეს, რომელი სოფლისანი ხართ, რად მოსულხართო ფხოვს?

გლახუნამ სავსე ყანწი მიაწოდა სამთაგან უხუცესს.

«შენ გეტყვი, ძია კაცო, ვინ განაგებს ამჟამად ფხოვს?»

«ერისთავი კოლონკელიძე».

«ჰო, მაგრამ, აკი ბრმაა კოლონკელიძე?»

ბრმაა, მაგრამ მაინც უკეთ ხედავს, ვიდრე იგი, ვინც თოლები დასწვაო ერისთავს.

ვინ დასწვაო თოლები კოლონკელიძეს?

«მაგ პირძაღლმა მეფე გიორგიმ».

ყველისციხის პატრონმა ძლივს შეიკავა ღიმილი. როჭოს კურტუმი დაითრია და ღოჯებით დაუწყო ღრღნა.

გაეცალნენ თუ არა ფხოველნი, ერისთავს ეუბნება გიორგი:

«შენ გეტყვი, გირშელ, სხვა მეფეებიც ჩემსავით გადაცმულნი რომ ივლიდნენ, ქება არ მოაკლდებოდათ დილას და საღამოს».

ბილიკს შეუდგნენ ფიჭვნარში მიმავალს.

ცეცხლი დაანთეს აქაც. ცხენებს თოფრები გაუკეთეს, ქეჩები დააგდეს მიწაზე.

მორიგეობით ეძინათ დაქანცულებს, მორიგეობით ყვინთავდნენ შუაღამემდის.

გუთანი გადავიდა ცაზე.

უცნაური ჩქამი გახმიანდა ტყეში, საშინელი ღნავილი ისმოდა ჩირგვებში, კატის კნავილის მინაგვარი ხმა.

გირშელმა ხმალი აიღო და შეუვარდა ბუჩქნარში ნადირს.

მცირე ხანს მისდევდა ღიჭიანში ლანდს, მერმე ფოსფორული ნათელის ელვა შენიშნა, შეუტია ხმლით, ისევ დადუმდა ტყე. ხელცარიელი გამობრუნდა და მიუჯდა ჩანაცრულ ცეცხლს.

«რა მოგელანდა, გირშელ?»

ეკითხება გლახუნა.

«ავაზა იყო ვგონებ, ხვადები იბრძოდნენ ბნელში».

პიპა და გაბოც გამოფხიზლდნენ ავაზის ხსენებაზე. მიაყურეს, ახლა ხევში ისმოდა ჩხავილი, ისეთი, როგორიც ამძუვნებულ კატებს სჩვევიათ ხოლმე.

«უსასტიკესი მხეცია ავაზა, - დაიწყო გირშელმა, - ხომ ყოველ ნადირს ეშინია ადამიანისა; როცა ევიპტიდან გამოვიქეცი, ვეფხი შეგვეფეთა ოაზისებში, არაბთა სოფელს შესჩვეოდა ერთს, შვიდმა იბერიელმა სამი ვეფხი მოვინადირეთ ერთს კვირას, ლომი რომ ლომია, იგიც არ შეუტევს უმიზეზოდ კაცს.

ავაზა მოსახლეობას თავს ესხმის ეგვიპტეში, განა თუ ღამით, დღისით, მზისით, გაიტაცებს ბალღებს და ძროხებს. ერთი ვიროსანი მოლაჰ დაჰგლიჯა ჰალებში».

«ავაზა, ფხოვში?»...

იკითხა გაბომ.

«სწორედ ამ ჩალისფერ კლდეებს ირჩევს თავის სამყოფლოდ ავაზა, სწორედ ისეთ ქარაფებს, ტაფობის გვერდით რომ ენახეთ წეღან, დალეწილ კლდეებში დაიდებს ბუნაგს, თუ ბოკვერები ჰყავს აქ სადმე მახლობლად, გამოვეთხოვოთ ჩვენს ცხენებს ამაღამ».

«როგორ, განა ცხენებსაც შეჰბედავს ავაზა?»

იკითხა პიპამ.

«ცხენსაო? სპილოებს ახტებიან ხანდახან ქედზე. განსაკუთრებით ძუ ავაზაა საშიში, ცხოველთა შორის ძუ ავაზაა უმამაცესი».

* * * * * * *

რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ფხოვში, მით უფრო ძნელდებოდა მოგზაურობა, ყოველ მთის ცხვირთან ციხე უხვდებოდათ, ყოველი ხევის ყელთან გზირები, უამრავი საფასი გასცეს ხევისთავების მოსაქრთამავად.

გზირებისა და მსტოვარების დაკითხვას ვეღარ აუდიოდნენ მხედრები.

დიდოეთს მიმავალ ცხენის ვაჭრებად თავის გასაღება უკვე სახიფათო იყო. გიორგი დარწმუნდა: დიდონი მართლაც მტრად შეერაცხათ ფხოველთა, ერთ-ორ ადგილას ზვიადის მსტოვარები მოიკითხეს.

უფლისციხეს გაქცეულანო, ამის გაგება მოახერხეს მხოლოდ.

ახლა ქორისფერი კლდეები გამოჩნდნენ...

ერთ გვირაბში გაათიეს მეორე ღამე, ითათბირეს, დასთქვეს: ერთად არ ევლოთ ოთხთა, სადაურობას თუ ჰკითხავთ ვინმე, სხვადასხვაგვარი პასუხი მიეცა თითოეულს.

მეფე და ერისთავი ასე ეუბნებოდნენ გზირებს: გიორგი მეფის ყმანი ვართო, უფლისციხის დილეგიდან გამოქცეულნი.

უბრძანეს მეაბჯრესა და მალემსრბოლს:

დიაცებთან სიახლოესა და ლუდის სმას განრიდებოდნენ.

პურ-მარილზე არავის სწვეოდნენ, საკუთარი საფასით ესაზრდოვათ გზადაგზა.

გაშორდნენ გზაჯვარედინზე ურთიერთს, დასთქვეს: ხატობაზე შევხვდეთო ერთმანეთს.

თითო ციკანი უნდა წაეყვანათ საკლავად ხატში.

იცოდა გიორგიმ: ხატობაზე მოსულ უცხო «მეზღვნეს» პატივისცემით ეკიდებოდნენ ფხოველნი.

პიპასა და გაბოს ებრძანათ: როგორც კი სიტყვა მოიტანდა, შეძლებისამებრ ეგინებინათ გიორგი მეფე და ზვიად სპასალარი, ამ გზით გამოერკვიათ მოსახლეობის განწყობილება ფხოვში.

ისიც დააბარეს: აუგად ეხსენებინათ მელქისედეკ კათალიკოსი, მამამზე ერისთავი, დიდონი და ღალღაი.

ხატში მისულთ, მახლობელ ტყეში გადაემალნათ ცხენები.

გირშელი და გიორგი ფეხით დაადგნენ გზას.

ყველისციხის პატრონი არ იყო ფხოვში ნამყოფი. გაოცებული შესცქეროდა ფხოველთა ხატებს, მათ დეკანოზებს, გზისპირად აღმართულ ქვის ყორეებს, სალოცავებად მიჩნეულთ.

სიბრალულით აღვსილი უყურებდა სოფლების ბოლოს, ნაკელით სავსე სამრელოებში დამწყვდეულთ, მშობიარე დიაცებს.

ბოლოს გამოჩნდა ნანატრი ხატი.

გიორგიმ და გირშელმა ციკნები იყიდეს, ცალ-ცალკე შევიდნენ ხატის ეზოში «მეზღვნენი»:

გირშელი გაოცებული შესცქეროდა ჯიხვის რქებით შემკულ ხატის დარბაზის სვეტებს.

შორიდან უმზერდა გიორგის, სცდილობდა საქციელით მიებაძნა მისთვის.

გაკვირვებული უთვალთვალებდა საჯურუმოსთან მიყვანილ გიჟებს. მედროშენი დროშის ბუნს ადგამდნენ სულით ავადმყოფებს ქედზე, ხუცი ხუცობდა, აჟღრიალებდა დროშებს, ამწყალობებდა ხელფეხგაკოჭილ გიჟებს.

ეზოში თოროსანი ფხოველები ირეოდნენ.

ხატის დარბაზის წინ დიდი დროშა ესვენა ქვის ტახტზე.

დროშის გვერდით ხუცი იდგა.

ხატის დროშის წინ დაიჩოქა მეფე გიორგიმ. ცალ ხელში ციკანი ეჭირა, ცალში ანთებული კელაპტარი, აღმოსავლეთისკენ პირშექცეულს.

ხუცმა უბრძანა და ცალი მუხლი მიწას დაჰკრა მახვეწარმა.

თვალი ზეასწია ხუცმა, ცარგვალს მოავლო თვალი.

«ააა, ღმერთმა ადიდოს შენი ძალი, წმინდაო გიორგივ, შენს გასამარჯვებლად მაიხმარი, ავშანისძეი გლახუნა, შენდ სამსახურ არ დაუკლავ, ააა, შენს წყალობას ნუ დააკლებ, ღმერთ შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

ააა, დიდება ღმერთსა, დიდება მზესა, მზის მიმყოლ ენგელოზთა, გეხვეწები ლადის მტრისად, მწარის სიკვდილისად»...

მერმე ისეთი იდუმალი ბუტბუტი დაიწყო ხუცმა, არც შორიახლო მდგარ გირშელს და არც დაჩოქილ მეფეს აღარ ესმოდათ მისი დამწყალობება.

დასტური მივიდა, ციკანი გამოართვა გიორგის, გაჩაჩხა.

ხუცმა ყელი გამოჰღადრა მსხვერპლს.

დასტურმა ჯამი გაავსო ცხელი სისხლით, ხუცმა წამოუყო გიორგის, მანაც თითები ჩააწო ტფილ სისხლში, ხელი გაინათლა, შუბლზე და ღაწვის თავებზე წაიცხო.

გიორგი გაეცალა სასანთლო კოშკს, შორიახლოდან უჭვრეტდა გირშელის «განათვლას».

ისეთი საცოდავი გამომეტყველება ჰქონდა მახვეწარს, გიორგი ძლივს იკავებდა ღიმილს.

ბოლოს გაბოი და პიპაც გამოჩნდნენ. ციკანი გაექცა პიპას, დაბობღავდა ახმახი, კიკინებდა ციკანი, ხელიდან უძვრებოდა მახვეწარს.

გირშელი და გიორგი უმზერდნენ ამ სანახაობას, ეცინებოდათ, ვერ ბედავდნენ სიცილს.

ბოლოს დასრულდა დამწყალობება. იფნების ჩრდილებში დალაგდნენ ხატიონები ჯგუფ-ჯგუფად.

ერთად თავმოყრა ეწადათ ოთხთა, ვერა ბედავდნენ ამასაც, დამდურებულივით გვერდს უქცევდნენ ხატიონების ბრბოში ურთიერთს.

შეწყდა ხატის დროშების ჟღრიალი, საკოდეებიდან გამოჰქონდათ დასტურებს ნაკურთხი ლუდი, ურიგებდნენ მდელოზე ფეხმორთხმულ ხატიონებს.

მოხარშულ ხორცს პირდაპირ მიწაზე ჰყრიდნენ შულტები.

ვიღაც წითური, სახედაჩეხილი ფხოველი მიეკედლა გიორგის, მხარბეჭიანი, ჟღალთვალება ვაჟკაცი, ქალუნდაური გოდერძი.

წარამარა უჭვრეტდა მის ხმალს.

ჰკითხავდა ვინაობას, სადაურობას.

ეგეც უთხრა თავაზიანად: ჩვენი ხატების საჭვრეტად ხომ არა ხარო მოსული? ან მსტოვარი თუ ხარო, მეფე გიორგის მიერ წარმოგზავნილი ფხოვს?

მეფე გიორგის ხსენებაზე ვითომც აილეწა ავშანისძე გლახუნა.

წმ. გიორგიც შეაჩვენებსო მეფე გიორგის და მის მსტოვრებს, მღვდელი შემომაკვდაო უფლისციხეში ერთი, ამიტომაც სამ წელს ვიჯექიო დილეგში.

გოდერძი ქალუნდაური თანაგრძნობით მოეკიდა სტუმარს, თავისი ცხოვრების ამბავიც მოუთხრო. მეშუღლენი მყავსო ბევრზე ბევრი.

ხევისბერის, მუროჩი ქალუნდაურის ვაჟი აღმოჩნდა იგი.

ლუდი და ხაშლამა შესთავაზა.

ახლა თავათ დაუწყო მეფე გიორგის ძაგება ფხოველმა, არ შევარჩენთო ფხოვის დალაშქვრას.

ფერხისაის ცეკვა დაიწყეს უკვე.

მკლავებით გადაებნენ მოცეკვავენი ურთიერთს, ქორებივით დაბობღავდნენ მთვრალი ვაჟკაცები, ქორისფერი თორ-აბჯარი ეცვათ. ორ მწკრივად ცეკვავდნენ, თანაც ორპირად მღეროდნენ ხატიონები, წამოიწყებდა გამყინავი ხმით გუნდის მეთაური.

დღესამ დღეობა ვისია,

წმინდისა გიორგისია...

მთელი მწკრივი დვრინავდა, იმეორებდა სიმღერას ერთხმად, ახლა მეორე გუნდის მეთაური იწყებდა:

ვალი მიკიდავ ქაჯებსა,

რად მკითხავ, ქრისტის დედაო,

ცომს ზელდა ქაჯის ბებერი,

მივასწარ ცხობაზედაო.

ისევ პირველი გუნდის მეთაურმა დაიწყო:

ნუ გაიქცევი, გიორგივ,

სამძიმარ მომდევს ხელაო,

არ გაიქცევის გიორგი,

ჯაჭვი ზედ აქვის ჭრელაო.

ნელ-ნელა, მწკრივად როკავდნენ აბჯრიანი, ზუჩიანი ვაჟკაცები. ფხოვის ნაძვებივით აშოლტილი ჭაბუკები ხატის კარისკენ მიიწევდნენ ცეკვით.

პირისპირ დაუდგებოდნენ ურთიერთს გუნდები, მარჯვნით ტრიალებდნენ ხატიონები, მარცხნით ფრიალებდნენ ჩოხის კალთები.

ჟღარუნებდნენ აბჯრები, ომახიანი ხმით დვრინავდნენ წმ. გიორგის ყმები.

მოათავებდნენ ცეკვას, იფნების ქვეშ მიუსხდებოდნენ სუფრას, ახლა სხვანი დგებოდნენ და ებმოდნენ ფერხულში მწკრივად.

ბოლოს გაიკრიფნენ მამაკაცები, ახლა მშვენიერ ფხოვურ სადიაცოთი მორთულმა ქალებმა დაიწყეს როკვა, ფრიალებდნენ გრძელფესვიანი, აბრეშუმის მანდილები, წითელ-ყვითელი შიბებით შემკული კაბები.

გიორგიმ თვალი წაატანა ვარდისახარს ერთ მწკრივში, მეორე მოახლეც ეცნაურა, პირიმზისა.

ფაშატივით ხტოდა ვარდისახარი, შვენოდა შიბებითა და ჯვრებით მოხატული სადიაცო ფხოვური სათაურა, უმანდილოდ თავზედადგმული.

ტოკავდნენ მისი მშვენიერი, მაღალი ძუძუები, უცხო თვალიც შეამჩნევდა, გადაჩვეულიყო ფხოვურ ფერხისაის.

ყანწი გაუვსო ქალუნდაურმა გიორგის, გამოსცალა სტუმარმა და ისევ მიჰხედა მოცეკვავე დიაცებს.

უნდოდა ენახა, ფერხისაის რა მოათავებდნენ, საით წავიდოდნენ ვარდისახარი და პირიმზისა?

ადრე მოეკიდა გოდერძი ქალუნდაურს ლუდი.

უსაყვედურა სტუმარს:

«ჩვენი დიაცების საჭვრეტლად მოსულხარო, კახო».

გიორგიმ გაუღიმა ქალუნდაურს და ისევ გამოსცალა ყანწი.

გირშელი უკვე სავსებით დამთვრალ ფხოველებს მიჰკედლებოდა. სამი მოხუცი გარს უჯდა ერისთავს, სამივენი ხმამაღლა ლანძღავდნენ მეფეს.

ფხოვის არწივებისა და ჯიხვებისათვის ვინ გასჭედაო ხუნდები?

არც ერთ მეფეს ეს არ შესძლებია ჯერ, ვერც მეფე გიორგი მოახერხებსო ამას.

გველისფერი წმ. გიორგი - იახსარი მტრად მოიკიდაო გიორგიმ, ვერ გადაურჩებაო წმინდანის რისხვას, წელს მოსწყვეტსო გველისფერი წმ. გიორგი მას.

თუ ხელში მოვიგდეთ მეფე და ზვიად სპასალარი, სამრეკლოზე დავკიდებთო თოკით.

გირშელმა თავი აიღო, შენიშნა შორიდან:

გიორგი და წითური ფხოველი გაცხარებულნი ლანძღავდნენ ურთიერთს.

ერთბაშად წამოიჭრნენ და იშიშვლეს ხმლები.

შემოუარეს ნავარდი ურთიერთს.

შეუძახეს.

შეუტიეს და შეიბნენ ხმალდახმალ.

წამოსცვივდნენ ფხოველები და წრე შეჰკრეს წაკიდებულთა გარშემო.

გირშელიც წამოდგა დინჯად, მიმოიხედა: უშიშარაისძე და გაბოიც მწკრივში იდგნენ გაფითრებულნი.

უყივლა გიორგიმ ქალუნდაურს, ბექთარზე აძგერა ხმალი.

მტკიცე აღმოჩნდა ფხოველის ბექთარი, შემოუქნია ქალუნდაურმა მეფეს, ფარი იფარა გიორგიმ და ნაპერწკლებმა გაიელვეს ჰაერში.

შეუძახა.

შეუტია და უყივლა ქალუნდაურმა:

გამიმაგრდიო, ჯაბანო კახო.

უკუიქცა გიორგი, ფარი იფარა, კვლავ შეუძახა და შეუტია მედგრად.

განზე გადაუხტა ფხოველი, ფარით აიცდინა ელვასავით მოქნეული ხმალი და სწორედ ამ დროს მდელოზე დაუცურდა ბანდულიანი ფეხი, ცალი მუხლით წამოიჩოქა.

შესდგა გიორგი, ანიშნა მოპირდაპირეს: არ გერჩიო ნაბიჯმოცარულს.

ისევ გაიმართა მამაცი ფხოველი წელში, თავს ზევით ასწია ფარი, ცალი ხელით ხმალი გადაიცდინა, ცალითაც მუზარადს უწია მტრისას.

აბჯრების ჭახანი ისმოდა, მუზარადებს გაჰქონდათ ჟღრიალი, უცნაურად წკრიალებდნენ ელვარე მახვილები ჰაერში.

გირშელმა თვალი მოავლო გარსმოჯარულ ბრბოს.

მოწყურვებულ ქორებივით ტორტმანებდნენ სისხლში განათლული ფხოველები ირგვლივ, ხელები, ღაწვები და შუბლი სისხლით ჰქონდა გათხუნული ყველას. გაავებული შესცქეროდნენ ფხოველთან მებრძოლ არათვისტომს.

ყივანა ქორებს მოსწყურებოდათ სისხლი!

შემოაკვდებოდა გიორგის ეს წითური ფხოველი, მყისვე გაიშიშვლებდა მთელი ტომი ხმალს და მაშინ ოთხ ვაჟკაცს მოუხდებოდა მთელ ლაშქართან პირისპირ შებმა.

ადგილი შეინაცვლა გირშელმა. უშიშარაისძესა და კოხრიჭისძეს შორის ჩადგა, მკლავში უჩქმიტა ორივეს ფრთხილად.

უსიტყვოდ ამცნო: მზად იყავითო ახლა.

მიწისფერი გადასდებოდა მეაბჯრესა და მალემსრბოლს.

თავათაც გაფითრებული იდგა გირშელი, ხმლის ვადაზე ხელი წაევლო.

კიდევ ერთი წუთი, ერთი დაფახულება თვალისა, სულ ერთია, გიორგი წაიქცეოდა, თუ ფხოველს წააცლიდნენ თავს, გირშელი მზად იყო, გაარღვევდა ფარხმალიან ფხოველების ბრბოს, ხმალზე გაივლებდა ხელს და ისე შეებმებოდა მთელს ტომს, როგორც გაავებული ავაზა სპილოს.

დაწინაურდა ისევ ფხოველი, დაიჟღრიალა გიორგის ფარმა, ხმლის წვერმა შელეწა იგი, გიორგის მკლავიდან იფეთქა სისხლმა.

დაიღრიალა გამძვინვარებულმა ბრბომ.

და როგორც ეგვიპტელ ხალიფას ცირკში გამოუშვებენ გალიიდან ავაზას, მიუსევენ ცხრა შუბოსანს ზედ, აკუწავენ თუ არა ვაჟკაცები მხეცს, გახარებული ბრბო შემოანგრევს ჭიშკარს, დიდი და მცირე მივარდება სულთმობრძავ ნადირს, რათა ავაზის სისხლში განათლონ შუბები, ასე ეგონა გირშელსაც:

აჰა, ამ წუთში იშიშვლებენ ფხოველნი ხმალს, რათა უცხოს სისხლში განათლონ ხმლები.

შეტოკდა გირშელი, წინ გადადგა ერთი ნაბიჯი და ხედავს, ხედავს, მაგრამ თვალს არ უჯერებს.

მარცხენა მკლავიდან სისხლი მოთქრიალებს გიორგის, ფარი გადააგდო, ხმალი შემართა კვლავ, უფრო მძვინვარი გაუხდა სახე, შემზარავი ხმით შეუძახა მოპირდაპირეს, ზედიზედ იფარა ხმალი, დაწინაურდა სწრაფად და სწრაფად მიიმწყვდია მოპირდაპირე აბჯრიან ფხოველების მწკრივთან და მერმე მთელმა ტომმა დაიზრიალა...

დაიშალა მწკრივი, ვიღაცეებმა წინ გაუსწრეს გირშელს, ბრბო გაარღვია შეშფოთებულმა ერისთავმა.

ხმლის გაშიშვლებას აპირებდა ყველაზე ადრე და თვალი წაატანა ამ დროს, გაფითრებულ ქალუნდაურს ხმლის ვადა ეჭირა ხელში.

გაუღიმა გიორგიმ ფხოველს, უცნაურმა სიკეთემ გაიელვა მის თეთრ კბილებზე.

მიეჭრა უხმლოს, სისხლიანი მარცხენა მხარზე დაადო, ცალითაც ხმალი გაუწოდა თავისი.

«ნაძმობნი ვიყოთ დღეიდან, გოდერძი».

გადაეხვივნენ მოპირდაპირენი ურთიერთს.

აჩოჩქოლდნენ ფხოველნი, უცხოს მიერ ნაჩუქარ ხმალს მისცვივდა დიდი და მცირე.

ხევისბერი მუროჩი ქალუნდაური მივიდა დამარცხებულ ვაჟთან პირველი.

ნაჩუქარი ხმალი გამოართვა, ყურადღებით დაუწყო ჭვრეტა.

არაოდეს ენახა ასეთი რამ ხევისბერს.

სისხლში გასვრილი ეგონა, ჩოხის კალთით გასწმინდა, ისევ დახედა ზედ.

მოწითანო და მომწვანო სხივი ცვალებადად ელავდა გამოხურვებულ ოქროსებრ მოლაპლაპე ხმალზე.

ვადის ქვემოთ თავწაგრაგნილი ჯვრები იყო ზედამოჭრილი, შუაზე ფრთოსანი ჭაბუკი ერთი, და სახე მგლისა.

წარწერაც შენიშნა ხევისბერმა.

გიორგი შეკრთა, ვაითუ ვინმემ ამოიკითხოსო ზედ წარწერა:

«მეფეთ მეფე გიორგი - მესიის მახვილი».

დამშვიდდა გიორგი, როცა წამკითხველი არავინ აღმოჩნდა.

«მგლისსახიანი გორდაი ვინ მოგცა, ჭაბუკო?»

ეკითხება მოხუცი მეფეს.

სარკინოზებთან ნაომარი ვარ, მათი ერისთავი მოვკალი ერთი, მას ავართვიო ეს ხმალი.

გაუხარდათ ფხოველებს უსჯულოებთან ნაომარი ვაჟკაცის დანახვა.

სათითაოდ აშიშვლებდნენ თავიანთ ხმლებს. გიორგისეულს უსვამდნენ ზედ, გაოცებულნი ხედავდნენ, ყველივით სჭრიდა ნაჩუქარი «გორდაი» ფხოვურ ხმლებს.

მიიპატიჟა ხევისბერმა ქალუნდაურმა გიორგი.

მკლავი შეუხვიეს, დალოცეს, ლუდი შეასვეს მძივებით შემკული ყანწით. მივიდა ხუცი, ვერცხლი ჩასთალა ლუდით სავსე ყანწში, ქალუნდაურმა დალია და დაალევინა ნაძმობს, «ფიცვერცხლი» სჭამეს მეფემ და ფხოველმა.

გირშელი, გაბოი და პიპაც შემოისხეს ქალუნდაურებმა გარს.

უცხონი ხართო თქვენაც, უცხოთაგანნი ერთად დავსხათო სუფრაზე.

ლუდს იპარავდნენ სტუმრები ჩუმჩუმად.

როცა ფხოველები დათვრნენ და იფნების ქვეშ ამოუშვეს ხროტინი, ოთხივენი სათითაოდ გაეპარნენ მასპინძლებს.

ცხენები მოიკითხეთო, უბრძანეს გაბოსა და პიპას. ხატის ტყეში დაგველოდეთო.

შულტები და დასტურნიც იფნების ქვეშ ეყარნენ მთვრალნი.

ხატის ეზოდან გამოსულთ ვარდისახარი და პირიმზისა შეეყარათ გირშელსა და გიორგის.

ვარდისახარმა ავშანისძე იცნო, «მალემსრბოლი მეფისა», მაინც თავაზიანად მიესალმა ფხოველი სტუმარს.

გირშელი მთვრალი იყო, მეფის ნაამბობი გაახსენდა. თვალი დაადგა გათქვირულ დიაცს.

ვარდისახარმა იცნო შორენას საქმრო, გააოცა ღარიბულმა სამოსმა მისმა.

ფრიად ნაწყენი იყო თავის პატროზე, ხელაღებით მიმათხოვაო ბებერ ფარსმანს. ამიტომაც მიიყვავილა გირშელი.

ეკეკლუცებოდა გამიჯნურებულ ერისთავს.

გირშელმა იდროვა, მკლავში ხელი წაავლო დიაცს და ხატისტყისკენ გაემართნენ ოთხნი.

პირიმზისა მორცხვობდა, უგუნებოდ მიყვებოდა გიორგის. მოეწონა მშვენიერი ვაჟკაცი, მაგრამ ვარდისახარისა რცხვენოდა ქალწულს, მტრედის ხუნდივით გატვრინული გვერდზე ეკვროდა მამაცს.

ეკითხება გიორგის:

რად წაგეკიდაო ხევისბერის ვაჟი?

მე და ვარდისახარი შორიდან ვუჭვრეტდითო შუღლობას თქვენსას.

შენ გითვალთვალებდი, ამიტომაც წამეკიდაო ფხოველი.

იცრუა გიორგიმ.

იამა პირიმზისას ეს ამბავი, კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა უცხოსათვის, მაგრამ პირი უშრებოდა ვნებისაგან აღრეულს.

წიფლის ჩრდილს ქვეშ კოცნა დაუწყო ავშანისძემ დიაცს. ყოველ ხესთან შეაყენებდა, თავს დაუწევდა, აკოცებდა და განაგრძობდნენ გზას.

წინ მიმავალი წყვილი ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.

გირშელმა ბალღივით აიყვანა ვარდისახარი, ჯერ უღონოდ ეწინააღმდეგებოდა დიაცი. მერმე გაიტვრინა. იამა ესოდენ ძლიერი ვაჟკაცის სუნთქვა.

გვიმრიანში დააწვინა ვარდისახარი გირშელმა. კვლავ შეეცადა ურჩობას დიაცი, მაგრამ როცა ვაჟკაცის გახურებულმა ტუჩებმა სუნთქვა შეუკრეს, ათრთოლდა ანაზდად, ბაგეზე დაადნა გირშელს...

გიორგი და პირიმზისა უზარმაზარ წიფლის ქვეშ იწვნენ, ნეტარების ცრემლით სტიროდა ქალი.

მალემსრბოლის სტვენა შემოესმა გიორგის.

უკანასკნელად აკოცა და ახლა იგრძნო, ცხვრის სუნი უდიოდა ფხოველ მხევალს.

ჯიხვის რქასავით მოდრეკილი მთვარე ზედ დანათოდა ხატისტყეს.

ცხენების ფრუტუნი ისმოდა შორიდან.

როცა დიაცები სოფლის ბოლომდის მიაცილეს რაინდებმა, ცხენებზე შესხდნენ და გიორგიმ ეს უთხრა თავის დედის დისწულს:

«ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, იცოდე, გირშელ».

ყველისციხის პატრონმა გიაღიმა, ახალ მთვარეს გაუსწორა თვალი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.