prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XI

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XI –

ჭიაბერის გარდაცვალების მეორე დღეს მამამზე ერისთავმა შაოსანი მაცნენი გაუგზავნა მეგობრებსა და მოკეთეებს.

პირველი მაცნე კვეტარს აფრინა, ჭიაბერის ფარი და ჯაჭვის პერანგი თან გაატანეს.

თავში ხელის ცემითა და ზარის ღიღინით მიეახლნენ მაცნენი კვეტარის ციხეს.

პირმშვენიერმა შორენამ ნუშისგულივით თეთრი ღაწვები დაიხოკა, დალალები დაიშალა, მამას მკერდზე მიეყრდნო და ატირდა საწყალობელად.

ჭიაბერი ოვსეთში იყო აღზრდილი, აზნაურის თაყაის ოჯახში. თორმეტი ვაჟი ჰყავდა თაყაის.

ძუძუმტეებმა ჭიაბერისეული ხმალი რა დაინახეს, ხმამაღლა ტირილითა და ზარით ეახლნენ ბორდოხანს, მუხლზე მოეხვივნენ და დაიწყეს გლოვა.

თაყაი უსინათლო იყო, ითხოვა მომიტანეთო ჭიაბერისეული ხმალი. ხელი მოუსვა ვადაზე, კოცნიდა ხმალს და სტიროდა გულდამდუღრული.

სამასი თორიანი ცხენოსანი თან ახლდა თალაგვა კოლონკელიძეს, მის თანამეცხედრეს და ძაძითმოსილ შორენას.

მიეახლნენ თუ არა ქორსატეველას ციხეს, დალალნი დაიშალა შორენამ, საშინელი კივილი მორთო, შაოსანი მოზარენი ღიღინით მოსდევდნენ ცხენდაცხენ.

ჭიაბერის სასძლო შორენა მოკივისო რა შეიტყვეს ქორსატეველას ციხეში, დიდი და მცირე ციხის ჩარდახზე გამოეფინა. სტუმრები, მხევლები და მონები სამზერებს მიეჭრნენ.

შავით მოსილი მხედრები ღიღინებდნენ გლოვის ზარს და ამ გულის გამგმირავ ზუნს მოძახილად ერთვოდა შორენას ცადამწვდენი კივილი.

დაქვეითდნენ მხედრები, ჯერ გურანდუხტი ჩამოიყვანეს ცხენიდან, თალაგვას მეუღლე, მერმე შორენა და მისი მოახლენი.

კივილითვე შემოვიდა ციხეში შორენა, ცალი მკვლავი მისი მამას ეჭირა, ცალიც კონსტანტინე არსაკიძეს, უწვერულ ჭაბუკს.

მეფე გიორგი და მისი ამალა უკვე პირველ გოდოლში იყვნენ ამ დროს მოსულნი. მამამზე და შავლეგ ტოხაისძე გოდოლის კართან შეეგებნენ სტუმრებს.

არავინ ელოდა გიორგის მოსვლას, მაინც ყველანი შორენას უთვალთვალებდნენ, ღაწვებდაკაწრულს.

მხარმარჯვნით დედოფალი მარიამ ახლდა გიორგის, მხარმარცხნით ზვიად სპასალარი.

მამამზე მიეჭრა მეფეს, მარჯვენა მკერდზე ეამბორა და მის მკლავებში ატირდა ბალღივით.

გიორგისაც გული აუჩვილდა, ამ წუთში მართლაც ეწყინა ჭიაბერის სიკვდილი, ძველი მამამზე მოაგონდა, თავისი მამის სიყრმის მეგობარი.

გიორგიმ შორენას თვალი ჰკიდა, შეფარვით შეხედა ხელახლა, ეს გაიფიქრა:

საოცარია, ტირილი არავის შვენის, არც ბალღს, არც ყრმას, არც ჭაბუკსა და არც მოხუცს, მხოლოდ ლამაზ ქალს შვენისო ტირილი.

მერმე კონსტანტინე არსაკიძეს გადახედა, იგი ძლიერ წააგავდა შორენას. ფხოვური ჩოხა ეცვა და ჟანგისფერი თორი.

ძმა ხომ არ არისო ეს ვაჟი შორენასი?

გაახსენდა: მხოლოდშობილი რომ იყო შორენა.

თალაგვა კოლონკელიძე თავმოდრეკილად ეახლა მეფესა და დედოფალს, უკუდგა და თაყვანი სცა ორთავეს.

გულმოკლული სასძლოს მწუხარება დასჩრდილა თავშიშველა, წვერდახოკილი, საკინძეშემოხეული თაყაის გოდებამ.

დამხვდური მოზარენი ღიღინითვე შეეგებნენ უსინათლო მამამძუძეს. მოხუცი წვერს იგლეჯდა, თავპირს იღადრავდა და ყვიროდა:

«ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ»

თაყაის დანახვაზე გული აუდუღდა მამამზეს, ყელზე შემოეჭდო უსინათლოს, თორაბჯარში გამოწყობილ ცხედართან მიიყვანა მამამძუძე, დედამძუძე და ძუძუმტენი.

თაყაი ხელის ფათურით შეეხო ჭიაბერის გაცივებულ გვამს, თხემიდან ტერფამდის დაჰკოცნა და ისევ დაიშინა მუშტი სახესა და მკერდზე.

დალალებდაგლეჯილი დედამძუძე კიოდა, თორმეტივე ძუძუმტენი ოსურად ლუღლუღებდნენ და თანდამსწრეთათვის გაუგებარ ენაზე მოთქმა მთლად ამაზრზენად ხდიდა მათ გლოვას.

უსინათლო თაყაის ქვითინმა საოცრად შესძრა გიორგის გული, ახლა იგიც დააღონა ჭიაბერის სიკვდილმა. მამამზეს შემოეხვია და გულწრფელად ატირდა თავათაც.

თვით გულმძვინვარე სპასალარსაც ცრემლი მოჰგვარა ღრმად მოხუცებულის, უსინათლო ბერიკაცის გულისმომკვლელმა მოთქმამ და მიხრწნილებაში გადამდგარ დედამძუძეს ტირილმა.

სიკვდილმა თითქოს წამიერად შეარიგა მოსისხარნი. ჭიაბერის ცხედრის წინ იჯდა უსინათლო მამამძუძე და გოდებდა, იგონებდა ჭიაბერის ბავშვობას, სიყრმეს და სიჩაუქეს. აქებდა მის ტანკენარობას, ცისფერ თვალებს და ლომგულოვნებას.

«ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ!»

შენ ხარჯიხვი იყავიო, სულო, და ტურებმა როგორ შეგბედესო, შენ მთის მგელი იყავიო და მელიებს რა ხელი ჰქონდათო შენთან? შენ შევარდენი იყავიო და წუნკალა ყორნებმა როგორ გაბედესო შენი ხელყოფა?

«ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ!»

მიმიყვანეთო იმ ჯვართან, ყვიროდა უსინათლო თაყაი.

მე მოვეკალიო იმ ტიალს, შენს მაგივრად. სიკვდილს რა ხელი ჰქონდაო შენთან? მოვეკალიო მაგ ოხერ ძელიცხოველს.

«ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ».

მოთქვამდა თაყაი, თავში იცემდა ხელს, თავის უსინათლო თვალებით შესცქეროდა გარსმომდგარ წყვდიადს.

კათალიკოსს ოსური არ ესმოდა, ამიტომაც მას არ გაუგონია მოხუცი თაყაის მიერ ძელიცხოველის გმობა. მეფე გიორგი და ზვიადი ოვსეთში იყვნენ გაზრდილნი, მათ ჯვარის ხსენებაზე ყური სცქვიტეს, იამათ კიდევაც ჭიაბერის მოკვლა ძელიცხოველის ჯვარს რომ დაუკავშირა თაყაიმ.

ტირილს სამიოდე ათასი კაცი დაესწრო, კავკასიონის მთიანეთის ყოველი თემიდან მოედინებოდა ზღვა ხალხი. ოთხივე გოდოლი, გოდოლების ერდოები, ციხე-დარბაზის ეზო, ჩარდახი ციხისა და თავათ დიდი დარბაზი, კარის ეკლესია და შემოგარენი მისნი ხალხით გაჭედილი იყო სავსებით.

ბავშვებს ჭილყვავივით დაეხუნძლათ ალვის ხეები, მათხოვრები, ბერები და გიჟები ვერსად პოულობდნენ ადგილს.

მოსულთა შორის მრავლად იყვნენ ისეთნი, რომელთაც აფხაზთა და ქართველთა მეფისათვის აროდეს მოეკრათ თვალი, არც ქართლის კათალიკოსი მელქისედეკი ენახათ, არც შორენასავით ლამაზი სასძლო, ასე გულითადად საქმროს მოტირალი, მაგრამ არც მეფეს, არც კათალიკოსს, არც შორენას ისე გაოცებით არავინ უჭვრეტდა, როგორც ძელიცხოველის ჯვარს, მიცვალებულის თავთით დაყუდებულს.

ცერებზე დგებოდნენ, კისერს იგრძელებდნენ, ბრბოში ისრისებოდნენ, შეძრწუნებულნი, გაოცებული თვალებით ეძებდნენ მრისხანე ჯვარს, ამ ლომგულოვანი რაინდის მომაკვდინებელს.

შორს მდგარნი მიახლოებას გაურბოდნენ, ახლოს მყოფნი შიშით გვერდს უვლიდნენ მას.

სპასალარი ჯვრის ახლოს არხეინად იდგა გულზე ხელდაჭდობილი, როგორც გველის მგეშავი გველის სიახლოვეს, ხან მამამზეს გადახედავდა, ხან უსინათლო თაყაის.

წოწოლა ქუდი ეხურა მამამზეს პირუკუშებრუნებული, ასეთივე წილამურიანი ტყავკაბა. იგი ძლიერ მოაგონებდა ზვიადს მათხოვრის ტანისამოსში გამოწყობილ მამამზეს, მცხეთიდან გაქცეულს.

ეს იყო მხოლოდ, ადამიანის სახე არ შერჩენოდა მოხუცს, განუზომელ მწუხარებას დაელია მისი ღაჟღაჟა, ჭაბუკური სახე.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.