prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XXVIII

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XXVIII –

...«ახლა, ქორწინებისათვის კვიმატი

დღეების გამოც უნდა მოგითხროთ მცირეოდენი.

გაზაფხულის სამივე თვეში კურდღლის

დღენი სამივენი ნავსია.

ზაფხულის სამივე თვეში ცხენის

დღენი სამივენი ნავსია»...

ფარსმან სპარსის სამთვარიოდან.

შოშიები მობრუნებულიყვნენ მცხეთაში.

არსაკიძე აივნიდან უთვალთვალებდა; აურაცხელი მშვენიერი ფრინველი შერეოდა ჭადარს.

ეშვებოდა ბინდი.

არსაკიძე ჯერ კიდევ ჰხედავდა ხოჭოს ჯავშანივით ლაპლაპა ნაკრტენზე ალაგ-ალაგ სხურვებულ სიშავეს. ერთობლივად ჟიოდა, ჟღურტულებდა სირი.

შოშიები არ აპირებდნენ დაცხრომას. უცხოსა და უცხო ქვეყნების ამბავს უამბობენო თითქოს ურთიერთს, ერთად ყოფნით გახარებულნი.

დაქანცული იყო დღიურ ჯაფისაგან კონსტანტინე. სვეტს მიყრდნობილი შესცქეროდა, ყურს უგდებდა ამ სანახაობას.

ასე ეგონა მჭვრეტელს: სადაცაა შევიცნობო მათი იდუმალი ჟღურტულის შინაარსს.

უცნაური სიმარტოვე შეიცნო.

სიყრმე მოაგონდა თავისი.

სწორედ მის სარკმელთან მოდიოდნენ ისინი გაზაფხულზე კვეტარში.

ნეკერჩხლის ხეზე ათევდნენ ღამეს.

შოშიებს მოჰქონდათ გაზაფხულის სიხარული მთაში.

დედა მოაგონა ამ ამბავმა არსაკიძეს.

დაფათურებს ალბათ შაოსანი მთიულური ქვიტკირის ეზოში.

ყორნები შემომსხდარან მახლობელ ნაძვებზე, უხიაგი ყრანტალით უხმობენ ღამეს. შოშიები ჟივიან ნეკერჩხლის მწვანეში.

თვალნათლივ ჰხედავს კონსტანტინე შავ ცხვრებს.

მოისმის ნერბებისა და ბატკნების ერთობლივი ბღავილი.

გონების თვალი მიაყოლა შავადმოსილ მოხუცის ლანდს.

დაფაცურობს დედა, დასდევს დახუთული ცხვრებს.

ვიდრე ერთს გამოსწველიდეს, რომელიმე თოხლი შეუვარდება ჯიქანში შაქს.

დაიჩოქებს, ურაჯგუნებს გამობერტყილ ძუძუებს.

სიყრმეში თავათ ეხმარებოდა ცხვრის წველისას დედას, საჩიხეში შერეკავდა ბატკნებს, ხელს წაავლებდა ყურზე, სათითაოდ მოჰგვრიდა ჯირკვზე მჯდარ მოხუცს.

ამ წუთში შემოესმა არსაკიძეს გულგანაწყენი ბღავილი.

დაფაცურობს შუაცეცხლთან დედა.

ჩრაქვით გააღვიძებს ცეცხლს.

რძეს ჩააყენებს...

ილოცავს...

ხატს შეავედრებს თავის ერთადერთ ვაჟს.

დაწვება მოხუცი იმ იმედით: სიზმარში მაინც ვნახოო გადაკარგული შვილი.

«უტა», - მოესმა არსაკიძეს თავისი ლაზური სახელი.

შოშიები დაცხრნენ.

მდუმარებამ დაივანა ბაღში.

მთვარე ჯერაც არ ამოსულიყო.

ქიმერებივით მოსჩანდნენ ცაცხვების, ჭადრების და ფითრიანი მსხლების სილუეტები.

უყვარდა არსაკიძეს ჭვრეტა ღამისა, როცა ქვეყანა ბნელითაა მოცული და მხოლოდ ჩქამით შეიცნობა, რომ სიცოცხლე ჯერაც ფეთქავს მიწაზე.

აივანზე მარტო დარჩენილს მოესმის თითქოს დედის ნათქვამი ლაზურად: რძე დალიეო, უტა!

დასძაბა გონების ძალი თვალდახუჭულმა: სურდა შეეცნო, თუ რას ეტყოდა შორეული ჩვენება დედისა?

უსუსური აღმოჩნდა გონება.

ახლა ნანობს არსაკიძე: რად არ ვასწავლეო მოხუცებულს წიგნი?

სიტყვიერად უთვლიდა მოკითხვას შორიდან. ხან წაბლს გამოუგზავნიდა, ხან ზღმარტლს, ხან პანტას, დედის მიერ ხელშენავლებს. ფხოვურ პაჭიჭებს, ჭრელ წინდებს, კალთებმოქარგულ ფხოვურ ჩოხას.

იმდენი სყვარული და სიტფო თან ჩამოჰყვებოდა ხოლმე ამ საგნებს, დიდხანს, დიდხანს ყოფნიდა ჯაფისაგან წელში გაწყვეტილ ოსტატს ეს ყოველივე.

უთვლიდა დედა:

დავსნეულდიო, შვილო, მეშინია: არ ამომხდესო უშენოდ სული.

ცნობა მოვიდა კვეტარში: გაუცვნიხარო გიორგი მეფეს.

ალბათ მეფესაც ეყოლებაო დედა, ალბათ მეფესაც ეყვარებაო დედა.

დედა დააფიცეო მეფეს, შეევედრეო ჩემს მაგივრად, გამოგიშვასო დედის სანახავად.

ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც თვალი მოგკრა როგორმე. სიკვდილის წინ დაგლოცო, შვილო, შემდეგ ამისა ნუ შემრჩება სუნთქვა, შემდეგ ამისა მიმიღოსო უფალმა.

გზა რომ ვიცოდე, კვალი რომ ვიცოდე, თავათ წამოვიდოდი როგორმე, პურისმცხობლად დავდგებოდი შენს ახლოს სადმე, თავს არ დავზოგავდი, წამოვფორთხდებოდი როგორმე, ფეხები დამისივდა, ძველებურად ვეღარ ვჯდებიო ცხენზე.

ეგეც არ იყოს, ვინღა მიხედავსო მამას, ფხოვურ მიწაში მარტოკა მწოლარეს?

საკლავს ვინ შესწირავსო სულის საცხონებლად, ხუცს ვინ აწირვინებსო სალხენად მისდა?

ისევ ისა სჯობია თავათ ინახულოო მოხუცი დედა.

ეს შემოუთვალა არსაკიძეს დედამ, კალატოზის ბოდოკიას პირით.

ფხოველი დიაცი ჰყავდა ბოდოკიას, ლაზს.

არა ჰქნა დედაკაცმა ბარში ჩამოსვლა, ვერ მოვშორდებიო წინაპართა საძვალეს.

თავათ მიდიოდა ამიტომაც ბოდოკია სამ თვეში ერთხელ ცოლის სანახავად ფხოვს.

მას შემდეგ, რაც ფარსმან სპარსს აჰყარეს პატივი, არსაკიძე გახდა ხუროთმოძღვარი მეფისა.

მეფისათვის უნდა ეთხოვა მას ფხოვს წასვლის ნება.

ერიდებოდა თხოვნას.

თავათაც ენატრებოდა მოხუცის ნახვა, მაგრამ არ იქნა და ვერ მოთავდა სვეტიცხოველი.

რაც უფრო მაღლა მიიწევდა შენობა, უფრო და უფრო რთულდებოდა ოსტატის საქმე.

ხარაჩოები ინგრეოდნენ ზამთრობით, მუშახელი ზიანდებოდა.

დაიღუპებოდა რომელიმე ოსტატი, მშენებლობა შეფერხდებოდა.

კაცის მაგივრად კაცის პოვნა ხომ ადვილია, ოსტატის ნაცვლად ოსტატის გამონახვა ასევე ძნელი.

კარგად იცოდა კონსტანტინემ:

ქმნილების დაწყებაა მთავარი, მაგრამ დასრულება მისი უმთავრესია მაინც.

დიდი მოამაგე იყო მელქისედეკ კათალიკოსი, მაგრამ ჟამიდანჟამზე ხელს უშლიდა არსაკიძეს. ფარსმანის მაგალითით დაშინებულს, ყოველ წვრილმანში «წარმართობა» ელანდებოდა, უნებლიეთ ებრძოდა ბერიკაცი ქართულ მოტივებს, ძველბიზანტიურ მკვდარ სქემებზე შეყვარებული.

თავათ არსაკიძესაც ბერძნული სკოლა ჰქონდა ბიზანტიონში განვლილი. მას შემდეგ, რაც თავისთავადი გახდა ოსტატი, უღალატა მასწავლებელთა გზას.

(ეს ასე ყოფილა მუდამ: ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში).

იჭნეულად შესცქეროდა მელქისედეკი არაქრისტიანთ ოსტატთა შორის. უნიჭო ქრისტიანს არჩევდა ნიჭიერ ირანელს, ანდა სარკინოზს.

არსაკიძესაც ახელებდა მელქისედეკის უთავჟამო მითითებანი. მუდამ სძაგდა ისეთი ოსტატები, რომელთაც პირჯვრის წერის მეტი არა ესწავლათ რა.

გამოგზავნიდა ხოლმე რომელიმე მეჯადაგეს კათალიკოსი, მართლმორწმუნეაო, შემოუთვლიდა, გამოიყენეო ეს ოსტატი როგორმე.

სასტიკად ტუქსავდა ამ «მეჯადაგე ოსტატებს» არსაკიძე.

ბრაზმორეულნი გარბოდნენ ეზოსმოძღვართან, ხანაც კათალიკოსს დაუხვდებოდნენ წინ, მშენებლობის მოსახილველად მოსულს.

აბეზღებდნენ არსაკიძეს: მართლმორწმუნეებს სდევნისო «წარმართი ფხოველი», იბერიელბსა და ქრისტიანებს აქვეითებს, აწინაურებსო ლაზებსა და ფხოველებს.

გასულ წელს ხარაჩოებიდან ჩამოვარდა კალატოზი გარისელისძე, მოქანდაკე ქველაისძე, მეჩუქურთმე კვირიკაისძე, მეფის მხატვარი ოტობაია, მექანდაკენი: როსტომაისძე და წვერგრძელისძე.

წრეულს მიწისძვრის დროს, თებერვლის 3-ს, კედელი ჩამოწვა. ასზე მეტი მონა ხელოსანი გასრისა, სამას ფხოველთაგან მხოლოდ სამოცი გადარჩა.

ცუდი კვება და სახადი მუსრს ავლებდა მუშახელს.

მოაქუჩებდნენ ცხედრებს, დავითნს წაუკითხავდა ხუცესი, დაჰყრიდნენ ურმებზე და ჩაჰყრიდნენ ქალაქს გარეთ ორმოში (არც კაცს, არც ქვას, არც სიტყვას არ შემოუნახავს მათი სახელი).

არსაკიძე ჰხედავდა ამას ყოველივეს.

გული სტკიოდა, ვერ ბედავდა ხმის ამოღებას.

ასეთ დროს ტაძრის მიტოვება და ფხოვს წასვლა ღალატი იქნებოდა საქმისა უთუოდ.

«ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან».

იტყოდა ხოლმე არსაკიძე.

ღამემ დაივანა რატისეული სასახლის ხილნარში.

ვარსკვლავები აყვავდნენ ცაზე. კალთები შეუწითლდა დასავლეთით ცას.

ჯვარის მონასტერს წამოადგა მთვარე.

ტურების კივილი მოისმოდა შორიდან, კატები ღნაოდნენ ბაღჩაში.

შეკრთა ბნელში მდგომარე უეცრად.

ნონაი ეპოტინებოდა მკლავზე.

შესჭამეო რაიმე, შვილო.

დიდხანს უჯდა შუაცეცხლს ნონაის სამყოფელში ლაზი.

ქუმელი ძლივს შესჭამა მცირედი.

მადლი უძღვნა ნონაის.

ხელის დაბანა მოეწადინა.

ფრჩხილებზე დაიხედა უეცრად.

გაახსენდა: ფეხი რომ დაუცურდა ხარაჩოზე ამ დილით, მოებღაუჭა ძელს. ფრჩხილები დამსხვრევოდა მარჯვენაზე სრულიად.

დანა გალესა, ქნა დაუწყო ფრჩხილებს.

ადგა ნონაი.

წიგნი მოუტანა ყდაგახუნებული.

ფრჩხილის დაქნისათვის სწერიაო ამ წიგნში რაღაც.

«უკეთუ ურჩხულის დღეს ფრჩხილი დაიქნას ვინმემ, გულის სწორთან წაკიდებას ელოდეს იგი.

ვინცა ძროხის დღეს დაიქნას, სიხარულია უეცარი მოსალოდნელი.

კურდღლის დღეს - საყვარელთან წაკიდებასა, გველის დღეს - მორიელისაგან დაკბენას.

ცხენის დღეს - ქრთამებსა ფრიადს, ლომის დღეს - საწადელი აუხდეს».

თავი აიღო არსაკიძემ, შესცინა მხევალს.

«ვისია ეს წიგნი, ნონაი?»

«ფარსმან სპარსმა უსახსოვრა განსვენებულს რატის ოდესღაც».

დიდხანს იჯდა არსაკიძე კერასთან.

კითხულობდა სამთვარიოს, ცეცხლის შუქთან მიჰქონდა წიგნი.

ნონაი კუთხეში მიგდებულიყო დათვის ტყავზე.

ბოდავდა ძილში.

კენჭი შემოვარდა სარკმლიდან.

ჩქამი შეიცნო არსაკიძემ, მიიხედ-მოიხედა, კვლავ განაგრძო სამთვარიოს ფურცვლა.

ახლა მის ფერხთით დაეცა კენჭი.

ადგა, ბაღჩაში გავიდა.

ჭოტის ხმა მოდიოდა მუხოვანიდან.

შინ შებრუნება დააპირა და სწორედ ამ დროს გაიელვა ცაცხვის ქვეშ თეთრრიდიანმა ლანდმა.

მიეახლა თუ არა, მთვარის შუქზე ვარდისახარი შეიცნო.

დარბაზში აიყვანა სტუმარი.

შემკრთალი ეჩვენა ვარდისახარი, ქუშამომჯდარსავით ქშინავდა დიაცი.

ჭაღები დააქვრეო, ეს იყო პირველი სიტყვა სტუმრისა. შემოგვისწრებსო ვინმე.

ეუცნაურა მისი ნათქვამი არსაკიძეს.

სელი მოუტანა და დასვა დიაცი.

დარბაზს თვალი მოავლო ვარდისახარმა, მიაშტერდა კედელზე დაკიდულ ფარებსა და რკინის პერანგებს.

ისევ შეევედრა ვაჟს:

შუქი რაღად გინდა, დააქვრეო ჭაღები.

«რად უნდა დავაქრო, ქალავ? ნონაის სძინავს, რატისეულ მხევალს, სხვა ვინღა მოვა ამ ღამეში ჩემთან?»

თავათაც აიღო სელი, გვერდით მიუჯდა.

უფრო მეტად დამშვენებულიყო ტყვეობაში ვარდისახარი.

მოეწონა წაწალყოფილი.

ქედზე ხელი გადაჰხვია, აკოცა ყვრიმალში.

ნებას დაჰყვა დიაცი, წელზე ხელი მოავლო, მოიზიდა. თავი გადაუწია, დიდხანს, დიდხანს უწუწნიდა გოლეულივით ტკბილსა და ვნებიან ტუჩებს.

მერმე მოსწყდნენ ერთიმეორეს ვნებისაგან აღრეულნი.

თრიაქით მთვრალს მიუგავდა ვეფხისებრი თვალები დიაცს. ხორბლისფერი ნაწნავები დაუხსნა არსაკიძემ, თავის გარშემო სამკეცად შემოგრაგნილი.

ადექი, ტახტზე დავჯდეთო, შეევედრა ვაჟი.

აქ მირჩევნიაო, აიჩემა ქალმა.

კიდევ შეევედრა ვაჟი, მაინც გაჯიქდა ვარდისახარი.

მივიდა ვაჟკაცი, ბალღივით აიყვანა გათქვირული დიაცი და ტახტზე დააწვინა ძალით.

ქალი წამოდგა, ჯდომა სჯობიაო წოლას.

არსაკიძე გვერდით მიუჯდა ისევ.

თავი აარიდა საყვარლის ხვევნას ვარდისახარმა. შერისხა ვაჟმა, დიაცი ადგა, ტახტის წინ დაიჩოქა, მუხლზე თავი დაადო არსაკიძეს. ბალღივით აქვითინდა.

ვაჟმა არა ჰკითხა მიზეზი.

დიდი ხნის გაყრის შემდეგ მოსულს ანაზდად აუჩქროლდაო გული. ალერსითა და ლაციცობით მოიოხეს ვნება.

წყალი ითხოვა სტუმარმა.

მოიკლა თუ არა წყურვილი, გამხიარულდა, ატიკტიკდა თავისებურად.

შორენა ზედაზენს იყო, გუშინ მობრუნდაო ძლივს, გურანდუხტი შინ დახვდაო.

«ტირილით გადაეხვიენ დედა-შვილი ურთიერთს. ქვა ადუღდებოდა მათი შემხედვარე.

ნიშნობა იქნება მალე».

აქებდა, ადიდებდა ვარდისახარი გირშელს, ყველისციხის პატრონს.

ქვეშეცნეულად არ მოსწონდა ეს კაცი არსაკიძეს, არც მისი ხსენება იამა ახლა, მაინც ყურს უგდებდა დიაცის ტიკტიკს.

«გუშინ თვალი მოვჰკარი, - განაგრძო ვარდისახარმა, - ჰშვენოდა ცხენზე ჯდომა ერისთავს. გიორგი მეფეს მიჰყვებოდა ცხენდაცხენ. სულ რჩეული რაინდები ახლდნენ, თორ-აბჯარში ჩაჭედილნი სრულად. სახის იერით გიორგი ბრწყინავდა, ახოვნებით გირშელი - ყველისციხის პატრონი.

მოოქროვილი თორი ეცვა მეფეს, ხოლო ერისთავს მოვერცხლილი სრულად».

იჭვნეული იყო არსაკიძე ფრიად, განსაკუთრებით ვარდისახარის მიმართ. დღემდის ვერ ეპატიებინა მისთვის ოვსთა მეფის ხარჭად ყოფნა ოდესღაც.

«შენ მაინც რომელი უფრო მოგეწონა, ვარდო, გიორგი მეფე, თუ ერისთავი გირშელი?»

დამცინავი კილოთი შეეკითხა დიაცს.

კითხულმა ვერ გაიგო დაცინვა.

«მართალი გითხრა, გიორგი მეფე, - მე არ მიყვარს მამაკაცი ახმახი».

არსაკიძე აიმღვრა, მაგრამ დადუმდა. აივნიდან ჩქამი შემოესმათ.

მასპინძელი გარეთ გავიდა.

ძაღლი დარჩენილიყო ტალანში. ძირს ჩაუშვა, კარი გადარაზა ისევ.

ვარდისახარი ზეზე დაუხვდა. ამბობს:

«შინ უნდა წავიდე, თორემ შორენა არ დაწვება უჩემოდ. ტანზე უნდა გავხადო ჩემს პატრონს».

«შეიცადე მცირე ხანს».

მიეახლა ვაჟი.

ტახტზე დასვა კვლავ. გვერდით მიუჯდა, თმა გადაუწია და ყურის ბიბილოზე აკოცა.

ატიკტიკდა ვარდისახარი ისევე.

საიდუმლო უნდა გაგიმხილო ერთი. ფიცის ქვეშ გამანდოვო გურანდუხტმა, შორენას დედამ.

დაინტერესდა არსაკიძე.

რა გიამბოო გურანდუხტმა ასეთი?

გაჯიუტდა დიაცი.

შეევედრა არსაკიძე კვლავ.

«მაშ შემომფიცე, შორენასაც რომ არ გაუმხელ».

სამკეცი ფიცი დასდო არსაკიძემ.

«თურმე ნუ იტყვი, - იდუმალის ხმით დაიწყო ქალმა, - შორენა როდი ყოფილა შენი ძუძუმტე».

«მაშ ვინა?»

შეაწყვეტინა გაოცებულმა სიტყვა.

«მზექალაი, კოლონკელიძის ხარჭის ნაშობი».

«სადღაა მერმე მზექალაი?»

«აკვანშივე მომკვდარა იგი თურმე».

ვარდისახარი მცირე ხანს შესდგა, ისევ მიმოიხედა და განაგრძო:

«ჰოდა... მზექალაი ყოფილა ძუძუმტე შენი».

«მაშ რად გვეუბნებოდნენ, ძუძუმტენი ხართო?»

«ალბათ მაშინაც იცოდნენ, ყმაწვილები რომ წაწლობენ ფხოვში, შეშინებია გურანდუხტს, ამიტომაც დაუთქვამს ძუძუმტეობა თქვენი».

ესა სთქვა ვარდისახარმა. ცბიერად გაუღიმა საყვარელს. თითქოს უსიტყვოდ ეკითხებოდა თვალებით: ხომ არ გაგიხარდა, რომ არა ხარო შორენას ძუძუმტე?

გაოცდა არსაკიძე ამის გამგონე. დიაცის ღიმილის შინაარსს არც კი ჩასწვდენია.

«მარტოკა იზრდებოდა კვეტარის ციხეში შორენა, აზნაურთაგანი არავინ იყო ახლომახლო, მონები სად გაუწევდნენ მეგობრობას აზნაურს? სიყრმიდან ერთად იზრდებოდით ორნი, ამაოდ დაუთქვამთ, ძუძუმტენი ხართო».

ესა სთქვა და კვლავ შეხედა გამომცდელი ღიმილით ვაჟს, გაკვირვების მეტი ვერაფერი ამოიკითხა მის სახეზე.

ადგა და ისევ დააპირა წასვლა.

«ამდენი ხანია არ შევყრივართ ურთიერთს, რად გეჩქარება შინ წასვლა, ვარდო?»

ეს უთხრა, თვალებში ჩახედა და დასძინა:

«სხვა ვაჟს ხომ არ დაადგი თვალი?»

გაწითლდა ანაზდად დიაცი.

საეჭვოდ ეჩვენა ეს გაწითლება ვაჟს. გაახსენდა: როცა გიორგი მეფეს აქებდა, უცნაურად ელავდა მის თვალებში ვნება.

ქედზე წაავლო ხელი დიაცს კვლავინდებურად.

«ჭაღები ჩააქრე».

შეევედრა ვარდისახარი კვლავ.

ბრაზმორეული ეუბნება ვაჟი:

«არა, არ ჩავაქრობ ჭაღებს».

მარჯვენა ხელი წელზე შემოარტყა მტკიცედ, მარცხენათი გულისპირი აართვა, შიშველ ძუძუებზე დაუწყო ლაციცი.

ნუო, შეევედრა ვარდისახარი, ოღონდ დღეს გამიშვი შინ, სხვა დროს გავეპარები პატრონს, მთელი ღამით მოვალო თუგინდ.

სხვა დროსო?

უარესად გახელდა ვაჟი.

სხვა დროს ეგებ სხვა მომინდესო მეც.

ქალი აილეწა.

ვაჟმა დაუყვავა.

ხელი დაავლო, ნატებით მოგებულ ტახტზე გადააწვინა.

გაიბრძოლა დიაცმა.

მუხლი დააჭირა მკერდზე ვაჟკაცმა, ცალი მკლავით ორივენი შეუკრა, ცალითაც გაუხსნა მოვის პერანგის საკინძე.

მარგალიტის ღილებს ნუ დამაწყვეტო.

შეევედრა ვარდისახარი.

ვაჟს აღარაფერი ახსოვდა უკვე...

ყელზე ჰკოცნიდა, შიშველ ძუძუებზე ელაციცებოდა ხელით, წუწნიდა გოლეულივით ტკბილსა და ვნებიან ტუჩებს.

ხურვებაშეყრილივით უცახცახებდა მთელი სხეული დიაცს. თვალები უბზინავდა, ნაკოცნი ტუჩები და ბაგეები უნაბისფერი გაუხდა, მაინც ებრძოდა ვაჟს.

ისევ შეუკრა ხელები არსაკიძემ, მარცხენა ძუძუ ამოუღო მოვის პერანგიდან, დაუკოცნა, დაუსრისა გახელებულმა და როცა მარჯვენა გამოუღო ძალით, საკოცნელად უნდა მისწვდენოდა, წამოვარდა, ხელი შეუშვა დიაცს.

«ეს რა გატყვია ძუძუზე?»

ქალი გაწითლდა, გაინაბა, ვეღარ წამოდგა.

ვაჟი ისევ დააცქერდა მარჯვენა ძუძუს, ნაკბილარები შეიცნო.

გაცოფებული ზეწამოიჭრა, მიახალა უკმეხად:

«მეძავო, მრუშო, კიდევ არ იშლი ბოზობას? არ გეყო რაც გათრია ოვსების მეფემ?»

ვარდისახარი წამოვარდა, საკინძე გაისწორა. ეუბნება არსაკიძეს:

«მხოლოდ ამასა გთხოვ, ნუ შეურაცხმყოფ უბრალოდ. შენ მზესა ვფიცავ, არავისთვის გამიყვია შენი სიყვარული».

«ჩემ მზეს ნუ იფიცავ ამაოდ, შენი დაიფიცე, მრუშო».

ეუბნება ვაჟი, ჭირვეული ბალღივით აბაკუნებს ფეხებს.

«დამშვიდდი, დამშვიდდი, - ევედრება ვარდისახარი, - ოღონდ დამშვიდდი, ყოველივეს გიამბობ წვრილად».

«რას მიამბობ იმაზე მეტს, რაც საკუთარი თვალით ვნახე?»

ქალი ადგა.

საკინძე გაისწორა.

სამი მარგალიტი აეწყვიტა იჭვნეულს.

სად არისო ჩემი მარგალიტები?

სამივენი მოუძებნა არსაკიძემ, ხელში მიაჩეჩა გაწბილებულს.

«ალბათ ახალ კუროს უჩუქნია ესენი შენთვის თან წაიღე, არ დაგავიწყდეს. საჩუქრებზე ხარბი ხარ, ვიცი».

«შორენამ მაჩუქა მოვის პერანგი, მარგალიტის ღილებიანი, გუშინ».

ვაჟმა გესლიანად გაიღიმა.

ქალმა ეს უთხრა მხოლოდ:

«თუ ჩემს სიტყვას არ ერწმუნები, ისე იფიქრე, როგორც გენებოს».

ქალის სიმშვიდემ უარესად გაახელა ვაჟი.

«სთქვი ახლავე, ვისია ეგ ნაკბილარი, თორემ ცოცხალი ვერ გახვალ აქედან».

ვარდისახარი მიეჭრა, ტუჩებზე დააფარა ხელი.

«იყუჩე, შმაგო, მხევალი არ გააღვიძო, მოითმინე, გიამბობ ახლავე».

«ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას ვეტყვი, ბოზი რომა ხარ და გამტეხელი ფიცისა».

კაბა გაისწორა ვარდისახარმა.

გულხელდაკრეფილი დაჯდა სელზე და უამბო ყოველივე, რაც შეემთხვა სამი დღის წინათ.

მეფის მალემსრბოლი მოვიდაო ხურსის სასახლეში, იმან მიყოო ეს ყოველივე.

«ის გერჩია, მოეკალი მალემსრბოლს მეფისას».

ქალი იჯდა, სტიროდა საწყალობლად:

თავზე დაადგა არსაკიძე:

«თუ მრუში არა ხარ, რად შეუშვი უცხო კაცი მარტოხელამ შინ?»

«შენ თვითონ იფიქრე, როგორ შემეძლო ტყვეს მეფის მიერ წარმოგზავნილი შინ არ შემეშო?

არც თუ მარტო ვყოფილვარ, მხევალი მელანია შინ იყო, მაგრამ დასძინებია მაგ ჩემი ცოდვით სავსეს».

«შენ თუ არა სტყუი, მაშ რა ერქვა მაგ მალემსრბოლს მეფისას?»

ქალი დაფიქრდა. თავი აიღო, თვალებში ჩააცქერდა ვაჟს, ყოყმანით ამბობს:

«ავშანისძე გლახუნა».

???

ზეწამოიჭრა არსაკიძე.

«მიტომაც აქებდი მეფე გიორგის, ბოზო?»

ეს უნდოდა ეთქვა, ენისწვერზე დაიჭირა სიტყვა.

გაიფიქრა თავისთვის:

«კიდევ უარესი, გიორგი მეფე ყოფილა თავათ, კბენას არ დაგაჯერებდა იგი».

ახლა სავსებით დარწმუნდა, მიღალატაო წაწალმა უცილოდ.

მიახალა დიაცს:

«აბა ადექი ახლავე, აღარ გნახოს ჩემმა თვალებმა, ბოზო».

აქვითინდა დიაცი, ისევ ფერხთით დაუვარდა. მუხლებს უკოცნიდა:

ნუ გამწირავ, უბრალო ვარო, სავსებით.

თუ შენ არ წახვალ, მე გაგეცლებიო ახლავე, - მიახალა ვაჟმა.

წამოვარდა პირგამეხებული ქალი.

ცრემლები მოიწმინდა, რიდე მოისხა:

«მე წავალ, მაგრამ შურს ვიძიებ, იცოდე».

როცა კიბეზე ჩააცილა არსაკიძემ სტუმარი, მთვარის შუქზედაც ამჩნევდა: მხრების თავები უტოკავდნენ ვარდისახარს.

ეს ამბავი მოხდა პარასკევს, ურჩხულის დღეს...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.