prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი LX

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– LX –

ირმის მყვირალობა ჯერ შორს იყო, მაინც დაეხეტებოდნენ თრიალეთის ტყეებში გლახუნი და პიპა. მეტ ნაწილად მეჯოგეების კარვებში ათევდნენ ღამეს, ხანაც ერთ ნაპარტახალ ქოხს შეენიზნებოდნენ სოფელ იწროში.

ხმას არავის სცემდნენ, არც ვისმეს უმხელდნენ თავიანთ ვინაობას.

ერთ დილით, მეჯოგის კარავში მწოლარე, ირმის ბღავილმა გამოაღვიძა ავშანისძე. გლახუნა წინა დღის ნარბენს ისე მაგრად მოჰკიდებოდა ძილი, მცხეთის სასახლეში ეგონა თავი.

გვერდი იბრუნა და განაგრძო თვლემა.

მეორეჯერ დაიქუხა ირემმა, შეკრთა და წამოვარდა მძინარე.

პიპა გააღვიძა საჩქათოდ, კურშაი აიყოლიეს და მიჰყვნენ ირმის ბღავილს.

უშიშარაისძე უძაღლოდ მიდიოდა. სწორედ იგი გადააწყდა ხარს, ესროლა ისარი, მაგრამ დააცდინა. გლახუნა ფურს გამოუდგა, ლომის ფერი იყო იგიცა, ზედმიწევნით ჰგავდა ნებიერას.

ნაშუადღევამდის სდიეს ირემს პატრონმა და ძაღლმა, ორგზის შემოაბრუნა მადევარმა, ბოლოს დაეცა მძიმედ დაჭრილი ნადირი.

როცა გლახუნა მიეახლა, იგი იწვა წინა მუხლებზე დაჩოქილი, დრუნჩი მიწაზე დაედო და საწყალობლად ხვნეშოდა ფური.

მონადირეს უნდა მოეკლა წესისამებრ, სატევარი იძრო, მაგრამ ისეთი მშვენიერი და უმწეო იყო ცხოველი, ისევ ჩააგო გლახუნამ იარაღი ქარქაშში.

ქარაფზე გადადგა. უძახა უშიშარაისძეს, აღარსად ჩანდა იგი, ახლა ხეზე გავიდა, უყივლა, უსტვინა, ამაო იყო ყოველივე.

იფიქრა: ავიყვანო ხელში. მოეჭიდა ირემს, მართლაც ატარა მცირე მანძილზე, ბოლოს ეტკინა ნადირს ჭრილობა, დაიბღავლა, ორივენი დაეცნენ მიწაზე.

სწორედ ამ დროს ნაწლავები გადაესკვნა გლახუნას. წამოდგომა დააპირა, წელი ვერ გამართა.

თავი მიადო ჯერაც მსუნთქავსა და ტფილ ცხოველს. იამა მისი საამური სუნი.

სიკვდილი მოვიდაო, გაიფიქრა, თანაც იგონებდა შორენას, იმ რამდენიმე ბედნიერ წუთს, კვეტარის ციხეში გატარებულს.

ბოლოს მოუსწრო პიპამ, ბავშვივით აიყვანა მომაკვდავი მეფე, ირემი ტყეში დასტოვა და ძლივს მიათრია იწროში.

უშაშარაისძეს აგრე ეგონა: ძარღვი გაესკვნაო უბრალოდ.

გახადა სამოსი, გაოცდა, როცა ნახმლევებისაგან დაჩეხილი სხეული ნახა, სავსებით ახალგაზრდა ვაჟკაცის სხეული.

უზელდა მუცელს, მაგრამ შენიშნა, უარესად ხდებოდა მეფე.

მკვდრისფერი დაედო სახეზე, თვალები დახუჭა. მერმე ისევ შეუწითლდა ლოყები, თვალები გაახილა და ეუბნება პირაღმა მწოლარე:

"ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა?"

"არავინაა, მეფევ ბატონო"

"კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს"

"რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?!"

"არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმიდა გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს, ყველას. ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა.

მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი, ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა.

ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს.

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.

ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე.

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს.

სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.

დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.

მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.

ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუექნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.

ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც "ბერძნულს" .

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ -სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.

მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.

ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".

მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს:

"ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა".

გავიდა უშიშარაისძე, ვიღაც ახმახი დიაკონი გამოსძებნა სოფელში, როცა გიორგის სამყოფელს მიეახლა, გამოექცა დიაკონს, სვეტს მიეყრდნო და ზლუქუნებდა ეს ვეება ვაჟკაცი ბნელში.

თავზე წამოადგა დიაკონი მომაკვდავს, ცალ ხელში დავითნი ეჭირა, ცალშიაც ანთებული კელაპტარი და პუტუნებდა:

ღმერთო სულთა და ყოველთა ხორციელთაო, რადგან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ უფალო, განუსვენე სულსა მონისა ამის შენისასა “სახელი და გვარი გამოსტოვა, რადგან არც კი იცოდა, ვის უკითხავდა სულთათანას” ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობაი, მწუხარებაი და სულთქმაი და ყოველნი ცოდვანი ამის მიერ ქმნილნი საქმითანი, სიტყვითანი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდნენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა ხარ და სიმართლე შენი სიმართლეა საუკუნო და სიტყვა შენი ჭეშმარიტ. გიორგი იწვა გულზე ხელდაკრეფილი, ხოლო ზემოტუჩი უტოკავდა ნელა, სულ ნელა, თითქოს ეჩურჩულებაო ვიღაცას.

წაიბუტბუტა:

"მომიცადე, დედა!"

პიპას ზლუქუნი შემოესმა გარედან, თვალი გაახილა, დიაკონი უშიშარაისძე ეგონა, ხოლო ანთებული კელაპტარი - ცეცხლის მფრქვეველი ხმალი. ეუბნება:

"რა გატირებს! დამკარი, შე უღმერთო, ეგ ხმალი, ბარემ გათავდეს ეს ცხოვრება, პიპა".

ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები ამქვეყნად.

როცა ქუთაისში ასაფლავებდნენ მის ცხედარს, საშინელი წვიმა იყო და ქარი ჰქროდა.

პირველად ერთ მესაფლავეს წამოსცდა სიმართლე მისი უთავჟამო და ბობოქარი ცხოვრების გამო.

როცა მოტირალები, დიდებულები და მოსეირენი წავიდ-წამოვიდნენ, მოხუცმა მესაფლავემ ეს უთხრა ახალგაზრდას:

"არც სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი".

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.