– XLI –
თავდაპირველად ქვიშისფერნი იყვნენ ღრუბლები, მაგრამ როცა მთვარე თავზე წამოადგა ჯვარის მონასტერს, გაყვითლდნენ ისინი.
მერმე ატყდა სხივთა ლიცლიცი ცაზე. გალურჯდნენ მთები, ხოლო ღრუბლებსა და ცას ქედანისფერმა გადაჰკრა იერმა.
აივნიდან ხედავდა არსაკიძე ამას ყოველივეს, მერმე მის თვალწინ თალხმა ფერებმა დაიჯაბნეს ნათელი.
ნელ-ნელა გაშავდნენ ხეებისა, ეკლესიებისა და ციხეების ზეთავები გარშემო, გამოხურვებულ ოქროსფრად გაიელვა ზეცის კალთებზე დასავლეთისკენ, შორს.
და სწორედ ამ დროს გაისმა ციხეების გოდოლებიდან საყვირის ხმა პირველად.
ეს იყო ნიშანი, მეციხოვნენი სცვლიდნენ ურთიერთს.
ბინდი დაეშვა რატისეულ ხილნარზე. თალხი ფერები გადაანთხია ყვავილებსა და ბალახებს მწუხრმა, ჩრდილისებრ ნახაზებად იქცნენ ხეები და სიგრილე შეიცნო აივანზე მდგომარემ.
ადგა, დარბაზში შევიდა.
ნონაის უკვე აენთო ჭაღები.
სულ პატარა, სულ პაწია პეპლები ცეკვავდნენ შუქის გარშემო დარბაზში.
ბუს მართვე წიოდა ხილნარში.
დიდხანს იჯდა არსაკიძე დარბაზში და უსმენდა მარტოსულის ძახილს.
ახლა მოზრდილი პეპლები შემოპარულიყვნენ დარბაზში, თალხი, სავსებით თალხი ფარფლები ჰქონდათ მათ, კიდე-კიდე დაწინწკლულნი წითლად და ყვითლად, ჭაღებს უვლიდნენ გარშემო.
ვეღარ გაუძლო არსაკიძემ ამის ყურებას, ადგა, ისევ აივანზე გავიდა, სიბნელეში განმარტოება მოენატრა კვლავ.
ატყობდა თავათაც ოსტატი:
სულ მცირე ხანში ხასიათი გამოეცვალა. მოუთმენელი, დაუდგრომელი გახდა იგიცა, როგორც ეროსი - სულწასული დედისა და უჯიათი მამისაგან წარმოშობილი.
დღეს გათენება აგვიანდებოდა, მზეს ბნელში ჩასვლა, ხოლო საღამოს მიმწუხრად ქცევა, ასე გამოდიოდა, თავათ მნათობებსაც შეუცვლიათო ჩვეული ეტლი მის თვალწინ ანაზდად.
უმთავრესი მაინც ის იყო, მარტოობას ვეღარ უძლებდა მარტოობაში გაზრდილი კაცი.
ბნელში დაბადებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში.
მადლობა უფალს, დასასრულს რომ მიეახლა მისი საყვარელი ქმნილება უკვე, თორემ რომელ გულს ეყოფა ძალა, მიჯნურობასა და ხელოვნებას ემსახუროს ორთავეს თანაბრად?
ასე ყოფილა ჟამის დასაბამისიდან, ერთი ბომონი ვერ დაიტევს ვერასოდეს ორ კერპს.
ისევ იცვალა სამყოფელი მოუსვენარმა.
ბაღში ჩავიდა.
ღამე შემოსულიყო რატისეულ სასახლეში, მაინც არ სჩანდა გულისმიჯნური.
სამი საღამო წვიმდა ზედიზედ, დღეს გადაიღო, მაგრამ იგი არ მოდიოდა.
იდგა ცაცხვის ტანს მიყრდნობილი, ყურს მიუგდებდა უმცირეს ჩქამსაც.
სდუმდა ხილნარი, ფოთლები არ იძვროდნენ. მარტოშთენილი ბუს მართვე იძახოდა საწყალობლად. მხოლოდ მისი ხმა მოესმოდა არსაკიძეს, ბნელში მდგომარეს.
თვალებდახუჭულს შორენას ხმა შემოესმა ახლა ანაზდად.
ასე ეგონა: ჩოხის ღირკილოებსაც მისწვდენოდა, ეუბნებოდა თითქოს ჩურჩულით:
“რამ დაგაღონა, აჰა მოვედი, რამ დაგაღონა, უტა?”
თვალი გაახილა, მთვარეს აჰხედა.
ისევ დახუჭა თვალი, ჟამის სრბოლა გადავიწყნოდა ლოდინისგან გულშეღონებულს.
ნაავდრალი ზღვის ტალღების დარად უკუქცეულან წლები. კვლავ ყრმა გამხდარა უტა, მობრუნებულან ბავშვობის დღენი.
ის ნეტარი დრო, როცა სჯეროდა გულმართალს მათი: მზე და მთვარე ერთი დედის ძუძუმტენი რომ ყოფილან თურმე ოდესღაც.
ქალსა და ვაჟს ერთმანეთი შეყვარებოდათ.
დაუტუქსავს ორივენი მშობლებს.
ქალი მზედ იქმნა, ყმაწვილი მთვარედ.
ცეცხლად ქცეულან და აჭრილან ცაში ორივე.
ათასეული წლები გასულან, როგორც თვალის დაფახულება ერთი.
დაეძებენო იმის შემდეგ შეყვარებულნი ძუძუმტენი ერთმანეთს დღემდის.
მზეცა და მთვარეც სიყვარული ყოფილა თურმე.
და ეს ასეა, ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავათ სიკვდილი.
ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთიც.
შეკრთა ერთბაშად.
ქარი ხომ არ არხევდა ხილნარში შტოებს? მარტოობას ხომ არ უჩიოდა ბუს მართვე სადმე?
ეძინათ ტკბილად ყვავილებსა და ბალახებს, მხოლოდ ფუტკრები გალობდნენ ძილში, ან სიყვარული თუ მღეროდა ვაჟკაცის გულში?
ჰყვაოდნენ ბნელში ბაღის ვარდები და ხატაური გლიცინიები ისე მკაფიოდ მოსჩანდნენ კიდევ (ვაზის მტევნები, სვეტიცხოველისა, ოსტატის ხელით ამოჭრილი თეძამის ქვაზე!).
“სიყვარულია თავათ ღმერთი ამ ქვეყანაზე”.
მოიჩქაროდა მისკენ ლანდი რიდემოსხმული, მთვარის შუქისგან დათოვლილი მოსჩანდა იგი.
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და ქალის კაბის შარიშური შემოესმა ბალახებიდან.
“აქ რად მიცდიდი, უტა?”
ეს უთხრა ქალმა.
და როცა ცხადლივ შემოესმა მისი ამო ხმა, კვლავ გაიგონა მისივე პირიდან თავისი ლაზური სახელი, რომელსაც უკვე აღარავინ უძახოდა ამ მარტოობაში. ეს უნდოდა არსაკიძეს, სველ მდელოზე დაჩოქილიყო, ფერხთით დავარდნოდა სანატრელს, მას, ვინც არაფერს არ დაერიდა და ეწვია ღარიბ ოსტატს, სიყრმის მეგობრობის გასაახლებლად.
თავი შეიკავა, საკოცნელად წაეპოტინა მის ხელებს.
დარბაზში შემოსულთ ეს შეამჩნიეს: შავი პეპლები დაფარფატებდნენ ჭაღების გარშემო, ზედ ეხლებოდნენ ცეცხლს. ფარფლშეტრუსულნი ძირს სცვიოდნენ, ფართხალებდნენ საწყალობლად.
მღამიობებით გავსილიყო მთელი დარბაზი, თავბრუდამხვეველ ფერხულს უვლიდნენ, დარიალებდნენ წყვილად.
რიდე მოიხსნა შორენამ.
არც მარგალიტის ქუდი ეხურა, არც ალმასების მანიაკი ეკიდა ყელზე.
არც ხატაური აბრეშუმის კაბა ეცვა, არც საწმერთული ხოხბისყელისფერი.
ფხოვური, თალხი სადიაცო ეცვა, ისეთივე სადა, როგორსაც მისი მოახლენი ატარებდნენ ხოლმე ყოველდღე.
ფერგამკრთალი სჩანდა.
ყინცვისის ანგელოსივით მჭმუნვარე.
მხოღოდ ახლა მიხვდა არსაკიძე, რომ მისი ალმასის ქუდები, დიბის კაბები, აბრეშუმის საწმერთულები და მარგალიტის სამკაულები, ეს ყოველივე ნიღაბი ყოფილა თურმე, გიორგი მეფის გარყვნილ სასახლეში სახმარებელი.
და ამას იმისთვის სჩადიოდა, რათა არავის შეეცნო, რომ შორენა თავათ წააგავდა თავის საყვარელ ნებიერას, მყვირალობის დროს საჩიხეში აწრიალებულს, ფხოვის მთებსა და მჟავე წყალს მონატრულ ირემს.
ბუნებრივადაც მოეჩვენა თალხი სამოსიც, რადგან ეს გლოვა უფრო ამშვენებდა მას, ვიდრე ალმასების მანიაკები და ოქსინოს ქათიბები ფერად-ფერადი.
შიშისაგან ცახცახებდა კოლონკელიძის ქალი.
ხომ არავინ არისო შენს მეტი ამ სახლში, უტა?
მიმოიხედა, ვერავინ ნახა, მხოლოდ სურათს დაადგა თვალი.
შეჰხედა, შეკრთა, რა დაინახა ღმერთთან მებრძოლი კოჭლი იაკობი.
“სხვა ვინ იქნება აქ ჩემს გარდა, - ამბობდა ვაჟი, - ნონაის სძინავს თავის სამყოფელოში დიდი ხანია, მე და ღმერთი ვართ ამ უბედურ, ბნელ სასახლეში”.
“როგორ თუ ღმერთი, რას ამბობ, უტა?”
გაოცებული ეკითხება ვაჟკაცს დიაცი.
ისევ მიჰხედა იაკობის ღმერთს, სანთელი აიღო, ახლოს მიიტანა და მიაშტერდა.
“მელქისედეკ კათალიკოსს მიუგავს ამ ბებერს სახე. მე თავათ ვნახე იმ საღამოს, როცა იაკობის მიერ ღმერთთან შებრძოლებას შეეხო იგი, ხოლო იაკობ შენა გგავს, უტა!”
ოსტატი სდუმდა (ასე სჩვევია ეს ნამდვილ ოსტატს, ნიღაბს არ ახდის არასდროს თავათ, თავის ქმნილების პირველად სახეს).
სტუმარი სელზე დასვა მასპინძელმა. გვერდით მიუჯდა.
“მე ასე მგონია, სიზმრად გხედავდე თითქოს, შორენა. რა დიდი გზა, როგორი წამების გზა უნდა გაგვევლო თურმე, რათა ერთმანეთი შეგვეცნო ბოლოს!
მთელი ჩემი სიცოცხლე ღმერთის ძიებაში ვიყავი მე შლეგი ფხოვში, ლაზისტანსა და ბიზანტიონში.
მხოლოდ დღეს მივხვდი, ჩემო, რომ ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.
გჯეროდეს, ჩემო, საპატიო ვალია კაცისა არა გლახურ ღმერთის ძიება, არამედ თავათ უნდა გახდეს შემომქმედ უფლის მეტოქედ”.
“რას ამბობ, უტა, მე მაშინებს შენი ნათქვამი”. “შენ ხომ სხვა დიაცებსავით მშიშარა არა ხარ, შენ არავის ჰგავდი შენს სქესში, შორენა, ამიტომაც უფრო ადრე მიყვარდი, ვიდრე მე შევიცნობდი თუ რა იყო ქალი და კაცი. შენ რაინდებზე ადრე მიეახლე მეფის ავაზას.
შენ ისეთი წმინდანი ხარ, უმძვინვარესი მხეცებიც ვერ შეგბედავენ. თუ სიყვარული ღმერთი ყოფილა, შენა ხარ ჩემი სიყვარული და ღმერთი თავათ. ამიტომაც გიგულებდი თანამდგომად მარტო ბრძოლაში”.
შორენა იჯდა ტახტის ბოლოში, თავჩაქინდრული უსმენდა ვაჟს.
გაოცების ნიშანიც არ ეტყობოდა მას, ასე ეჩვენა არსაკიძეს, დუმილშიაც შეუცვნიაო ეს ყოველივე დიდი ხნის წინათ.
მიუახლოვდა, გვერდით მიუჯდა, თავზე ხელი გადაუსვა, როგორც გაბუტულ ბალღს მიეფერებიან ხოლმე.
ქალმა თავი აიღო მშვიდად, თავისი მჭმუნვარე თვალებით შეხედა ვაჟს.
“მეც შენსავით მარტო ვარ, უტა, - კვნესოდა შორენა, როგორც მარტოხე, ქარისაგან დაბრიყვებული.
მე მუდამ შენთან ვიყავი, უტა, მაგრამ შენ ვერ ჰხედავდი ამას. ხან შენი ხელოვნებით იყავი გატაცებული, ხან სიძვის დიაცებს აეკიდებოდი, ხან ნადირობდი”.
“როგორ, მე ხელი გკარი განა ოდესმე?”
“შენ ხომ გახსოვს, უტა, როცა ჭიაბერი კვეტარს მოდიოდა ჩემს დასანიშნავად, მე გთხოვე მამიჩემის ცხენებზე შევსხდეთ, გავიქცეთ-მეთქი ღამით, ფხოვიდან?!”
“მახსოვს, მაგრამ მე ასე მეგონა, მართლაც ძუძუმტე იყავ ჩემი”.
“ახლა ვინ გითხრა შენ ეს ამბავი?”
“ფიცი მაქვს დადებული, არ გავამხილო”.
“ვიცი, ვინც გეტყოდა, მაგრამ ეს სულ ერთია”.
“შენ თუ იცოდი ეს, მზექალაი რომ ყოფილა ჩემი ძუძუმტე?”
“ვიცოდი, მაგრამ მე ამის თქმით გულის ნადებს გაგიმხელდი, არ ვარგა, როცა გულწრფელობაში ქალი დაასწრებს ხოლმე ვაჟკაცს”.
“მაშ ჭიაბერი შენ არ გიყვარდა? მე ასე მეგონა ეს ქალწულის შიში იყო გათხოვების წინაშე, სხვა არაფერი”.
“ქალის გაჩენაში ალბათ ღმერთი არ გარეულა, უტა.
მიჯნურს გული აურჩევს საკუთარი დიაცს, ხოლო საქმროს, მშობლები და მდგომარეობა. ჩემთვის ორგვარი არჩევანი იყო იმჟამად.
მეფე გიორგი ან ჭიაბერი.
იგიც ვიცოდი, ჩვენი დედებიც მუდამ მათ გაჰყოლიან ცოლად, ვინც არასდროს ჰყვარებიათ გათხოვებამდის.
მეცოდებოდა დედოფალი, ისე როგორც დიაცთაგანს შეებრალება ხოლმე მეორე. არც სხვის უბედურებაზე აგებული ბედი მინატრია ოდესმე. სწორედ ამიტომ შევურიგდი ჭიაბერის ცოლად გახდომას”.
“ახლა?”
სიტყვა ჩააგდო არსაკიძემ გაოგნებულმა.
“ახლა ყველაფერი გვიანაა უკვე, გვიჯობს, ნუ გავაღვიძებთ სიყრმის სიყვარულს. გირშელი მიამბობდა, მოულოდნელად გაღვიძებული ავაზააო ყველაზე მეტად საშინელი რამ.
მე კი მგონია, სიყრმის სიყვარულის გაღვიძება მასზე მეტია.
გირშელი თუ გიორგი? მე ვიტყოდი: არც ერთი და არც მეორე. გირშელი საფრთხობელას მაგონებს, დათვებისათვის ყანაში დადგმულს.
გიორგი მეფემ თვალები დაუბნელა მამაჩემს, უმალ სიკვდილის ცოლი გავხდები...
ბიძაჩემმა დაჩიმ სწორი თათბირი მითხრა, გიჯობს სადედო მონასტერს შეეხიზნოო რომელიმეს, და ეს სწორია.
სხვა გზაც არსებობს ერთი, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს ამის თქმა, უტა”.
არსაკიძე ფერხთით დაუვარდა, მერმე ქედზე მოხვია მკლავი და აკოცა შორენას. სიყრმის პირველ ცოდვასავით ტკბილი იყო მისი ტუჩები...
საყვირის ხმა მოისმა მუხნარისას ციხიდან.
ქალი წამოდგა.
ეუბნება ვაჟს:
“ახლა უნდა დაგტოვო მარტო, მშვიდობით, უტა”.
ყელზე შემოეჭდო არსაკიძე ქალს.
ამო იყო მისი სუნთქვა, როგორც მიწის სურნელება ვარდობის თვეში.
“ყველაფერს შენ შეგწირავ, შენ განაცვალებ, შორენა, ჩემს გულის სისხლს, ჩემს სუნთქვას, უკანასკნელს, ოღონდ ნუ დამტოვებ მარტო”.
ხელი გააშვებინა არსაკიძეს კოლონკელიძის ქალმა.
მტკიცედ ეუბნება:
“საყვირის ხმა ისმის ხელახალი, უკვე გვიანაა, უტა!”