– XVI –
შემოდგომის მზე ალერსიანად ატფობდა ხეობას. კაკბების კაკანი ისმოდა ცარცისფერ გორმახების უბეებში. ისინი გუნდგუნდად მიჰყვებოდნენ შეღმართებს, ფუსფუსებდნენ ავშანის ბუჩქებში.
აგოგდებოდა ერთი გუნდი ბორცვზე, გუნდის მეთაური შესდგებოდა, იწყებოდა კრიახს, აფრინდებოდა გუნდი, მეორე და მესამე მოჰყვებოდა მას და მთელს ხეობაში გაისმოდა გაბმული კრიახი.
ხევის სიღრმეში საცალფეხო ბილიკს შესდგომოდა თორიანი ჭაბუკი ცხენით. ფხოვური ჭრელჭრულა კაბა ეცვა ტანკენარს, ფხოვური ქუდი ეხურა თავზე, ფარი ზურგზე დაეკიდნა, მარცხენაზე მიმინო შეესვა, დახოცილი მწყრები, ბარე თორმეტი, თავქვე ეკიდა წელზე შებმული თასმით.
დაქანცული ცხენი უღიმღამოდ მიაკანტურებდა თავს, ჩაქჩაქით მიჰყვებოდა ბილიკს. მიმინო აქეთ-იქით თვალს აცეცებდა, კაკბის კრიახს მიუგდებდა ყურს.
უდარდელად მიიმღეროდა თორიანი ჭაბუკი აღმართზე
ჰარალო, ჰარიარალუუ,
ჰარალო, ჰარიარალუუ...
კაი ყმა, მგელი, არწივი,
არც ერთ არ გაიწურთნების,
ჰარალუ, ჰარიარალუუ...
ხევს გადაღმა, სადაც ქარაფის კიდეს შურივით აჩნდა ხევიდან ამომავალი ბილიკის ტოტი, ფხოვურ სამოსში მორთულ დიაცს შეეყენებინა ცხენი.
«კოსტანტილეე, ჰაუ კოსტანტილეე.»
იძახოდა დედაკაცი.
თვალზე ხელისგულს იჩრდილავდა, ხან დასავლეთისკენ გაშლილ ბარს გადასცქეროდა, ხან ისევ ხევისკენ მიბრუნდებოდა და მთელის ხმით ყვიროდა:
«კონსტანტილე, ჰაუ კონსტანტილეე».
ჰარალუ, ჰარიარალუუ,
მგელი არ მოშლის მგლობასა,
კაი ყმა მამაცობასა,
ჰარალუ, ჰარიარალუუ...
მღეროდა ვაჟკაცი, არხეინად მიაჩაქჩაქებდა ცხენს, ნელა მოყვებოდა აღმართისკენ ბილიკს, ხევი ქშუოდა, კაკბები უფრო გამძაფრებით კაკანებდნენ, ჭაბუკი განაგრძობდა ღიღინს:
ჰარალუ, ჰარიარალუუ,
კაი ყმა მამაცობასა,
არწივი არწივობასა,
მთის ყურში ნადირობასა.
დედაკაცის ყივილზე ქარაფზე ასული კაკბები ისევ ხევისკენ შებრუნდნენ, მომეტებულის კრიახით გადაიხვეწნენ კბოდედან, მახლობელ სამლოცველოს ნანგრევიდან წამოიშალნენ ყორნები, უცნაური ყრანტალი შეჰქმნეს, მერმე აირივნენ ჰაერში და მელნის ლაქებად შეესხნენ სადაფისფერ ცას.
ყმაწვილმა სიმღერა შესწყვიტა და მიაყურა დედაკაცის ძახილს.
«გამააჭენე, გამააჭენე ცხენი»...
ყვიროდა დიაცი, ხელს უქნევდა თანაც.
ცხენს აუჩქარა ჭაბუკმა, მაგრამ მიმინო უჯდა მარცხენაზე, გაჭენება ვერ მოახერხა, და როცა აყვირდა დედაკაცი, იგი მარჯვენათი მიმინოს მისწვდა, ცხენს დეზი ჰკრა და აქშინებულმა ცხოველმა ძლივს მოათავა შეღმართი.
დიაცმა ცხენი დასძრა, ქარაფის კიდეს მიუახლოვდა, თავზე წამოადგა ხევიდან ამომავალს და დასჭყივლა:
«გაჰქუსლე ახლავე ცხენი, ოჩანის ციხეში ამბავი დააგდე, მეფის ჯარები მოდიან-თქო, მერე კვეტარისკენ მოუსვი, ერისთავს ამცნე, ოჩანის ციხეს მააშველოს ჯარი».
ვაჟმა მიმინო დიაცს მიაჩეჩა, კისრიდან ბოლომდის დაუსვა ხელი. ფრთები გაუსწორა, ასწავლა როგორ დაესვა მარცხენაზე. თასმა შემოიხსნა, მწყრებიანად გადასცა.
გაიფხორა მიმინო, ქარვისფერი თვალები დაუბრიალა დიაცს.
«მე ვერ მოგყვები ჭენებით, შვილო, ხალმები დამემტვრევა ხურჯინში. მოკლეებს მიჰყევ, საყორნეი გადასჭერ».
ვაჟი უნაგირზე შესდგა ორივე ფეხით, ხევს გადაღმა სერზე მომავალ ჯარს თვალი შეასწრო, მუზარადები ელავდნენ მზვარეში, მერმე უნაგირს დაახტა უკანალით და გაჰქუსლა ცხენი.
დედაკაცმა თავსაფარი მოიხსნა, ფრთხილად გაახვია მიმინო შიგ, თავი ამოაყოფინა მხოლოდ, რუდუნებით ჩაისვა იგი უბეში, თასმა წელზე მოიბა და გაუჯავრდა დავარდნილ ცხენს.