– XII –
მამაპაპისეულ საძვალეში დაფლეს ჭიაბერი, მხოლოდ მესამე დღეს გაიყარნენ სტუმრები, მოზარენი და შორეული მოკეთენი.
კათალიკოსი თავისი ამალით გადავიდა გუდამაყარში. ოთხივე ეპისკოპოზი თან ეახლა, ჯვარისმტვირთველი წინ უძღოდა შაოსანთა პროცესსიას, - ხელით მიჰქონდა ძელიცხოველის ჯვარი.
გზებსა და მოედნებზე, შუკებსა და ორღობეებში უამრავი ბრბოები უხვდებოდნენ მელქისედეკს; ნახევრად შიშველი მონები, დამშეული დედაკაცები და მუწუკებიანი ბალღები ეყარნენ გზებზე.
სოფლებიდან გამოცვენილი კეთროვანები და ბნედიანები, გლახაკები და ქადაგად დავარდნილები ათასგვარ სიზმრებსა და გამოცხადებას ამცნობდნენ ტრიუმფით მიმავალ «მოსაყდრეს ქრისტესას».
მომჩივანნი ქვითკირების ერდოებსა, ხეებსა და გალავნებზე ადიოდნენ, კათალიკოსი შესდგებოდა, საჩივრებს ისმენდა, დაკეტილ ეკლესიებს გახსნიდა, მოწესეებს დაადგენდა, ბავშვებს დანათლავდა, პურ-მარილს მიიღებდა და ისევე მიჰყვებოდა შემრეცილ ბილიკებს.
ფურცლოვანი ტყეები მოთავდა, ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით, არწივები ფრთხებოდნენ ჯვარისმტვირთველის ჯორის თქარუნზე, მხრებს გაშლიდნენ, ეახლებოდნენ ღრუბლებს.
სოჭისა და ნაძვის ტევრებით გაჯაგრული მთები მოთავდებოდა, ისევ ხრიოკი ქარაფები აილანძებოდნენ ცის დასავალზე, ჯიხვის ჯოგები მშვიდად ჩადიოდნენ მჟავე წყაროებთან, არად აგდებდნენ შაოსანთა ლაშქარს.
გადახრუკულ, უნაყოფო მთებში სამლოცველოების კარზე გამოტანილი პურ-მარილი აბა რას გააძღებდა ჩაკურატებულ ბერებს.
ნააღდგომევი იყო სოფლებში ბატკნის ხორცისა და ხინკალის მეტი არა მოიძეოდა რა. ბერთა შორის ეპისკოპოზნი და «ძმანი თავადთაგანნი» ხორცეულს არა სჭამდნენ. თავათ კათალიკოსი ხმელი პურითა და წყლით იკვებებოდა, მწირნი და მორჩილნი, «ჭაბუკთა ძმათაგანნი» ვეღარ იოკებდნენ შიმშილს, ხორაგეულის ჩამოსათხოვად სოფლებში ჩაგზავნილნი ლორს მოახელებდნენ ხოლმე და სჭამდნენ ჩუმად.
ბოლოს ისე მისჭირდა საქმე, ქარაფების უბეებში მიყუჟულ სოფლებშიაც ვეღარ შოულობდნენ საზრდოს. ღანძილისა და ღოლოს ანაბრად დარჩნენ როგორც კათალიკოსი, ისე მხლებელნი მისნი.
რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ, მით უფრო აუტანელი ხდებოდა მელქისედეკისათვის გზა. დამშეულსა და ღონემიხდილს კვლავ მიეძალა გულის მანკი. ჰაერი ეცოტავებოდა, მაგრამ სიკვდილს არ ეპუებოდა ფანატიკოსი ბერი.
ორგზის დაუვარდა ჯორი, ორჯერვე შეუნაცვლეს, მესამეც სულს ღაფავდა ქუშისაგან აქშინებული, მაჯაგანით მიფოხრიკობდა ჯორის ზურგის სიგანე ბილიკებზე.
სამს ეპისკოპოზს სამივე ცხენი დაეხოცათ გზაში, ძმანი ჭაბუკთაგანნი ნდობით აღვსილნი უთვალთვალებდნენ ლეშებს, მაგრამ მარჯვე დრო ვერ მოიხელთეს. დაქვეითდა სამი მორჩილი, ეპისკოპოზებს დაუთმეს ჯორები, თავათ ფეხით გაუდგნენ გზას.
გული შეუღონდებოდა თუ არა მელქისედეკს, გაიოზ და სტეფანე ბერები მიეჭრებოდნენ, ჯორიდან ჩამოიყვანდნენ, ცივი ტილოთი დაუზელდნენ გულის არეს, მერმე რომელიმე ჩქერალთან გადააგდებდნენ ბადეს, ორიოდე ლიფსიტას დაიჭერდნენ, გადააყლაპვინებდნენ ცოცხლად, ისევ მოიკრეფდა ავადმყოფი მხნეობას და განაგრძობდა მგზავრობას.
კვეტარის საერისთავოში გადასულთ ფეხქვეშ ეგებოდა გარს მოჯარული ბრბო.
კოლონკელიძე უკვე კვეტარში ჩასულიყო, ბოკოწნის ხევის თავში მოციქულები დაახვედრა ერისთავმა მელქისედეკს. საკლავები და თაფლით სავსე გეჯები გამოეგზავნა. კვეტარის ციხეში მობრძანებას სთხოვდა კოლონკელიძე.
შეძრწუნებულნი ფხოველნი დალახვრული თვალებით შესცქეროდნენ ჯვარისმტვირთველის ხელში აღმართულ ძელიცხოველს. თავს იშიშვლებდნენ, პირჯვარს იწერდნენ, კალთებს უკოცნიდნენ კათალიკოსს.
პირველი ათასეული წლის მიწურულში ქრისტიანულ ქვეყნებში ხელმეორედ წარღვნას ელოდნენ, წნორის ფოთოლივით ცახცახებდა ბიზანტია, იტალია და საფრანგეთი. საქართველოში ბერები ეფუთს იმოწმებდნენ, მეორედ მოსვლით ემუქრებოდნენ ხალხს.
სწორედ იმ დღეს, როცა მელქისედეკ ქორსატეველას ციხეს ეწვია, ნოკორნას მონასტერში ამეტყველებულა დაყუდებული ბერი ევდემონ, მეორედ მოსვლის დაგვიანება ასე აუხსნია: კათალიკოსი საქართველოს შემოვლას მოუნდა, ახლა ფხოვში მოდისო, თან მოაქვსო ძელიცხოველი, რათა ფხოველთა მონათვლა მოასწროსო განკითხვის დღემდის, ეკლესიების შემმუსვრელთ ღვთის რისხვა დაატეხოსო თავზე.
თალაგვა კოლონკელიძე დააფიქრა ჭიაბერის სიკვდილმა, ახლა ევდემონ ბერის წინათქმანი ენიშნა, კვეტარს მიაშურა, რათა მანდ დახვედროდა მელქისედეკს. როცა კათალიკოსის ამალა მიეახლა ციხეს, კარის ეკლესიაში ძელსა ჰკრეს.
კოლონკელიძე და მისი ამალა სამი ეჯის მანძილზე ჩამოეგება მელქისედეკს.
მუზარადმოხდილმა, თოროსანმა რაინდებმა დაიჩოქეს გზის პირად. კოლონკელიძეს ყელზე საბელი მოება; მან ჯერ კალთები დაუკოცნა კათალიკოსს, შემდეგ ხელზე ეამბორა, ბოლოს ძელიცხოველის ლუსკუმას ემთხვია.
მთელი კვირის მანძილზე კოლონკელიძის სასახლეში თავზარდაცემული დაბორიალობდა დიდი და მცირე, ჭიაბერის მაგალითით დაშინებულნი, დღე-დღეზე ელოდნენ კოლონკელიძის სიკვდილს.
ღამეებს უთევდა სახლეული. სძლისპირებს უგალობდნენ მოახლენი. გათენდებოდა დილა, ერისთავი პირჯვარს გადაიწერდა, კიდევ ერთი დღის სიცოცხლე რომ აჩუქა ღმერთმა.
მოულოდნელად შეუჟღალდა საფეთქლები კოლონკელიძეს, წვერი გაუჭაღარავდა, უცნაურად მოტყა და დაშინდა.
პაპისეული ლოცვანები გამოჩხრიკა, დილასა და საღამოს ჟამნს აკითხვინებდა, თავათაც იზეპირებდა ფსალმუნის ლექსებს, კარის ეკლესია ხატებით მორთო, კვეტარის ბასტიონის ზეთავზე აღამართინა ჯვარი.
მელქისედეკმა ამასობაში ეკლესიები და მონასტრები აღადგენინა. მოწესეები დაადგინა, ორი ათასზე მეტი უნათლავი მოხუცი და ყრმა მოანათვლინა ბერებს და ქორსატეველას ციხეში მიბრუნდა.
თალაგვა კოლონკელიძე ნოკორნას მონასტერში წავიდა სახლეულითა და საკლავითურთ.
გადარჩენისათვის მსხვერპლი შესწირა ნოკორნას ხატს.
ფხოველები განცვიფრებულნი იყვნენ, ძელიცხოველის რისხვას რომ გადაურჩა კოლონკელიძე.
თავათ ერისთავი თავს ინუგეშებდა: ალბათ საბელის ყელზე გამობმამ გადამარჩინაო.