prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XIII

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XIII –

ბორდოხანმა და მამამზემ ჟანგისფერი სამოსი ჩაიცვეს, ბნელ მიწურში გადასახლდნენ.

ორი კვირა გამოხდა, ახლა ხამლნი ჩაიცვეს შავნი, მოთეთრო ზოლებით აჭრელებული.

დღე და ღამე შიშველ სოხანეზე იყვნენ პირქვე დამხობილნი, სასმელ-საჭმელს არ იკარებდნენ.

ერთ საღამოს ევედრნენ რუსუდანი, კატაი და შავლეგ ტოხაისძე, თივა დაუგეს, უმი მხალი აჭამეს ძალით.

ორმოც დღეს ყოველდღე მზის ჩასვლისას გროვდებოდნენ ციხის ეზოში მოკეთენი, ზარითა და ტირილით მიდიოდნენ პაპისეულ საძუალეში. უბედურებამ და ძელიცხოველის «სასწაულმა» ქრისტეს სჯული შეაყვარა მამამზეს, მან ხატებითა და ჯვრებით მოართვევინა ქორსატეველას ციხე-დარბაზი, საგვარეულო კარის ეკლესია.

აღაპებს ახდევინებდა ახლად დადგენილ მოძღვარსა და მედავითნეებს, ჯვარი დაადგმევინა ჭიაბერის საფლავზე. ტოხაისძე ამრეზილი იყო, მაგრამ ვერას უბედავდა გაოგნებულს.

ბოლოს მელქისედეკი მობრუნდა ფხოვიდან, ძელიცხოველი ჩამოიტანა და ქორსატეველას ციხეში დასტოვა.

ბორდოხანი და მამამზე ფორთხვით დაუვარდებოდნენე ჯვარს, ავედრებდნენ ჭიაბერის სულს. დაძინებული სახლეული, მხევლები და მსახურები შიშით ვეღარ ბედავდნენ იმ დარბაზში შესვლას, სადაც ძელიცხოველი ესვენა.

ორმოცზე კვლავ მოგროვდნენ მოტირალენი და მოზარენი, ოცდაათი ძროხა დაიკლა, ასზე მეტი ცხვარი, ციხის ეზოში კოცონები ენთო, ხარშავდნენ და სწვავდნენე საკლავს.

შორენა მოვიდა კვლავ, თორმეტი მოზარე და თალაგვა თან ახლდნენ მას.

დიდი ამალით მოვიდა გიორგი მეფე, მხოლოდ დედოფალი და ზვიად სპასალარი უფლისციხეში წასულიყვნენ. სამი ერისთავი თან ახლდა მეფეს, ეზოსმოძღვარი, მსახურთუხუცესი და ანჩელი ეპისკოპოზი კათალიკოსის ნაცვლად, რადგან მელქისედეკ ფხოვიდან დაბრუნების შემდეგ ლოგინად ჩავარდნილიყო.

ოცდათი შაოსანი მოზარის თანხლებით მოვიდნენ თაყაი, მისი თანამეცხედრე და თორმეტივე ვაჟი.

ქორსატეველას ციხიდან კარვებამდის ორ მწკრივად იდგნენ შაოსანი მოზარენი, დაბალი, დაბალი ხმით ღიღინებდნენ, მათი ერთობლივი ზუზუნი შემზარავი იყო. გულის მომკვლელი ზუნი ისმოდა ირგვლივ და შაოსან მოხუცების ღიღინი, რომელიც ძლიერ წააგავდა ვერძების ერთობლივ შებღავლებას, - როცა საფრთხე რამ მოელის ფარას.

მათ შორის მიმოდიოდნენ მოტირალნი ციხის კიბესა და კარვებს შორის, თავ-პირის ხოკვითა და მოთქმით.

ციხის ეზოში სამი კარავი დაედგათ.

ერთ კარავში ჭიაბერისეული სამოსი ესვენა, მისი ოქროს მუზარადი, კეისრისაგან ნაჩუქარი, მისნი თორნი და მშვილდკაპარჭნი, ფარები და ხმლები.

მეორე კარავში ძაძებით მოსილი, ძუა-ფაფარშეკრეჭილი ულაყი ება, ბიზანტიონში საჩუქრად მიღებული, სარკინოზებთან ბრძოლების დროს თან ჰყავდა იგი თავის პატრონს, ხოლო მესამეში მწევრები, მადევრები, მაძებრები და ქორშავარდნები.

პირველი კარვის კართან სახენაგვემი, უბედური ბორდოხანი იჯდა, ცალკერძ თაყაის ცოლი მისჯდომოდა, დედამძუძე ჭიაბერისა, ცალკერძ შორენა; ჭიაბერისა და სასძლოს ბორდოხანის კალთაში ჩაედო თავი, სტიროდა, მოსთქვამდა თავათ ბორდოხანი და ნაზად ეფერებოდა შორენას ჭავლისებრ მღელვარე დალალებს.

როცა გიორგი მეფე მანდილოსნებს მიეახლა, შორენამ თავი აიღო, განსაცვიფრებელმა სილამაზემ შეანათა სახეში, ელდა ეცა გიორგის. მას არასოდეს ენახა ძაძას, მწუხარებას და უბრალო სამოსს ასე გაემშვენიერებინოს ქალი.

ბორდოხანთან მივიდა, მხარზე ეამბორა დამწუხრებულს, მიუსამძიმრა ჯერ დედას, მერმე დედამძუძეს, და შემდეგ სასძლოს. ამ წუთში უცნაურად გაბოროტებული მზერა მოხვდა მეფეს და ასე ეგონა სახე ამეწვაო ამ შემოხედვისაგან.

მოზარენი ღიღინებდნენ ერთობლივი და ამაზრზენი ხმით. მეფეს კვლავ შემოესმა უსინათლო თაყაის ზლუქუნი «ვაჰვუ მესერბუნ».

გული აუჩვილდა, ცრემლი მოიწმინდა და შეხედა ყურებდაცქვეტილ ულაყს. მას კიდევ აჩნდა სარკინოზებთან ბრძოლებში მიღებული ორკეცი ნახმლევი.

გიორგი კარვიდან გამოვიდა, სწორედ ამ დროს მოზარეთა და მისივე ვაჟებმა ამ კარავში შეიყვანეს უსინათლო თაყაი.

უფროსმა ვაჟმა ზედ ცხენის მკერდთან მოიყვანა იგი. თაყაიმ გაშალა თავისი გოლიათური მკლავები, შემოეხვია ცხენს,

ჯერ მიუსამძიმრა:

აღარა გყავსო მხედარი, უშენოდ წავიდაო შავეთში, ბნელს როგორ გაჰკვეთესო იგი უშენოდ, ხმალს როგორ მოიქნევსო იგი უშენოდ, მტერს როგორ დაიფრენსო იგი უშენოდ, გლოვა გმართებსო, ცხენო, აღარა გყავს პატრონი შენი, გლოვა გმართებსო, ცხენო, აღარ გყავსო გმირი ჭიაბერი.

ფერხთით დაუვარდა ატირებული, ხელით ეფერებოდა საოლავებზე, ფლოქვებზე ჰკოცნიდა ულაყს.

გიორგი შეაძრწუნა ამ სანახაობამ, მთელს ტანზე ეკლები დააყარა და მეორე კარავს შეაფარა თავი.

ატირებული, წელში მოხრილი მამამზე უკან მოყვებოდა მეფეს. ჭიაბერის თორ-აბჯარს შეავლო მეფემ თვალი და როცა კეისრის მიერ ნაჩუქარი ოქროს მუზარადი დაინახა, მყის იფეთქა მის გულში ძველმა მტრობამ, მაგრამ ამ დროს ისევ მოესმა პირველი კარვიდან თორმეტი ძუძუმეტს ზლუქუნი და თაყაის საწყალობელი ბუხუნი:

«ვაჰვუ მესერბუნ»...

ისევ თვალწინ დაუდგა უსინათლო მოხუცი, თავის გაზრდილის ცხენის ფერხთით მტირალი და ცრემლმა იწვიმა გიორგის თვალთაგან.

მამამზე შორიახლო იდგა. წელში გადრეკილი შინდის ჯოხს მოსჭიდებოდა და ამ წუთში მართლაც ჰგავდა ცისქვეშ დარჩენილ მათხოვარს და მეფეს შეებრალა იგი, მიუახლოვდა და ნუგეშის საცემად მხარზე დაადო ხელი, მაგრამ სანუგეშო სიტყვებს ვერ მოუყარა თავი.

მეფის თვალზე ცრემლი რა შენიშნა მამამზემ, საოცრად ატოკდნენ მისი გადრეკილი მხრის თავები, მოეხვია იგი გიორგის, ასე გაიფიქრა: დავიწყნიაო გიორგის ჭიაბერისადმი მტრობა და ამიტომაც თვალები დაუკოცნა მამაშვილურად.

ახლა მესამე კარავში შევიდა გიორგი, ქორ-მეძებრებს მიუსამძიმრა.

მობუზულნი ისხდნენ ხარიხებზე ქორები და შავარდნები. მოზარეთა ღიღინისა და ადამიანთა მოთქმისაგან შეძრწუნებული ცხოველები უცნაურად ყმუოდნენ და ყეფდნენ; მხოლოდ ბებერი, შავი მწევარი, ჭიაბერის უსაყვარლესი ძაღლი იწვა განმარტოებით, ძლივს აღებდა თელგამიან თვალებს და უღიმღამოდ იგერიებდა ტარაბუას კუდით.

როცა კვლავ პირველ კარავს ჩაუარა გიორგიმ, მან შენიშნა მწუხარებისაგან სახეშეცვლილი, ძაძებში მოსილი შორენა. არამიწიერი მშვენებით ბრწყინავდა იგი, ამ წუთში გაცილებით უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე სამი წლის წინად, როცა იგი პირველად ხატობის დროს ნახა მცხეთაში, ფხოვურ ტანისამოსში მორთული, ამორძალივით მოჯირითე რაინდთა შორის.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.