prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი III

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– III –

ექვსი თვე თავზე ადგა თურმანიძე მამამზეს. ყოველ შაბათს ან მეფე ეწვეოდა, ან კათალიკოსი, ჯანმრთელობის ამბავს გამოჰკითხავდნენ და გაეცლებოდნენ კვლავ. მესაწოლე ბერი ღამეებს უთევდა, ეზოსმოძღვარი სასთუმალთან უჯდა, ფსალმუნს უკითხავდა. მამამზე გულმოდგინედ ისმენდა ხუცის ქადაგებას, ხალისიანად იზეპირებდა ფსალმუნის ლექსებს, გულში დასცინოდა ებრაელების ღმერთის იწილბიწილოს.

უკანასკნელ შაბათს ძელსა ჰკრეს თუ არა, მეფე და ზვიადი ეწვიენ ერისთავს.

ამჯერად დიდხანს დაყოვდნენ მნახველები. გადახდილი ომებისა, ძველებურ ნადირობათა ამბავი ჩამოაგდო გიორგიმ, ყარყატზე ნადირობააო ახლა არაგვის ჭალებში კარგი.

გიორგი ჩვეულებრივზე მეტად გულტფილი იყო იმ საღამოს. მამამზეს მაინც შესდგომოდა ძრწოლა. ყოველ წუთში მოელოდა, სადაცაა დააგდებსო მეფე ნადირობის ამბავს და კოლონკელიძის ამბოხს გადასწვდებაო ანაზდად.

მერმე?

მერმე მოულოდნელად მიაპყრობდა მას თავის დიდრონ, წაბლისფერ თვალებს და შეეკითხებოდა:

მერმე შენ რა ჰქენი, მამის ჩემის თანამებრძოლო და ჩემო უერთგულესო ყმავ?

რა ეთქვა მამამზეს?

სათქმელიც მზად ჰქონდა.

მტკიცე უარი და სამარისებური დუმილი. გზაში ვიყავი და არა ვიცი რაო. საკუთარი ნების სიმტკიცის უნარიც ჰქონდა, გინდ დილეგში ჩაეგდოთ, გინდ ძელზე გაეკრათ, გინდ თვალები დაეწვათ.

მეფემ დუმილი დაარღვია, ჯიქურად შეხედა და ასეთი რამ უთხრა:

"ძალიან არ ივაჟკაცა ყურშაიმ?"

მამამზეს გულზე მოეშვა. გაიხარა ამ სიტყვების გაგონებისას. დიახო, მიუგო, თავი დაუქნია თანაც.

გიორგიმ თავი ჩაჰქინდრა. აგურის იატაკს დააშტერდა. თითქოს რაღაც დავარდნიაო და ახლა ეძებსო მანდ.

«დიახ, ძალიან ერთგული ცხოველია ძაღლი»...

სიტყვა «ერთგული» სამსჭვალივით შეერჭო მამამზეს გულში. ნათელი იყო: ძაღლის ერთგულებიდან ერთი ნაბიჯიღა დარჩენოდა მას მამამზისა და ჭიაბერის ორგულობამდის.

ერთბაშად ჰაერი ეცოტავა, ზეწამოიჭრა, რაღაც უნდოდა ეთქვა და გიორგიმ დაასწრო სიტყვა:

«ჩვენ კი, ადამიანები, უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად (ეს სიტყვები ძლიერ გააჭიანურა მეფემ) უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე».

მერმე ისევ დადუმდა, კვლავ დახედა აგურის იატაკს.

ამის შემდეგ, ყოველივე იჭვის გარეშე, მამამზე, ჭიაბერი და კოლონკელიძე უნდა ეხსენებინა მას, მაგრამ გაოცებულის ყურებმა ასეთი რამ გაიგონეს:

«გახსოვს, ფანასკერტის ციხეში რომ ჩაგვკეტა ბასილი კეისარმა, მესამე თვეს, როცა წყარო მოგვიწყვიტეს და შიმშილმა ხელი დაგვრია, ჩემი საყვარელი მადევარი კუდაი დავკალით და შევჭამეთ».

თავისუფლად ამოისუნთქა გახარებულმა მამამზემ:

«ოჰო, დიდებული ძაღლი იყო კუდაი, როგორ არ მახსოვს, ყურშაის სჯობდა კუდაი კიდევაც».

მოულოდნელად ზეწამოიჭრა მეფე, ღამე ნებისაო, - დააგდო სიტყვა. წასვლა დააპირა ანაზდეულად.

მამამზე საწოლიდან წამოიწია. შეევედრა გიორგის, საერისთავოში წასვლის ნება დამრთეო.

როცა ამას ამბობდა იგი, გიორგიმ შენიშნა: ქვედაყბა დაუგრძელდა, აუცახცახდა.

შემცივნებული ხომ არა ხარო?

ჰკითხავდა.

შეუძლოდა ვარ, მაგრამ თუ მეფის ბრძანება იქნება, შესაძლოა ცხენზე ჯდომამ მარგოსო კიდევაც.

«შენ ხომ ჩემი სტუმარი ხარ, წადი-მეთქი, ხომ არ გეტყოდი».

ესა სთქვა და სპასალარს მიუბრუნდა გიორგი:

დილაადრიან ცხენები მზად ჰყავდეს მეჯინებეთუხუცესს. ერთი ურემიც თან გატანეთ. ვინძლო იარები გაეხსნას და ვერ შესძლოსო ცხენით სვლა.

მარტოშთენილი სტუმარი საწოლიდან წამოდგა, დარბაზში გაიარ-გამოიარა, ნაავადარ იოგებს სინჯავსო თითქოს. მერმე კოშკის ჩარდახზე გავიდა, გადახედა მძინარე ქალაქს.

კბილოვანი შავი ქონგურები გარს შემორტყმოდნენ მოლურჯო ცარგვალს.

ძელსა ჰკრეს ეკლესიებში, კარის ეკლესიიდან ერთობლივი გალობა ისმოდა. მონასტრების ეზოებში შავოსანი ბერებისა და მონაზვნების ლაშქარი ზიმზიმებდა.

არაგვის კარის კოშკიდან გუშაგების ყივილი მოდიოდა.

ნელა ეშვებოდა ღამე სარკინეთის გადრეკილ ზურგზე.

ვაშლისა და ალუჩის ყვავილს თეთრად დაეფიფქა კათალიკოსის ბაღი. ბულბულები კვნესოდნენ ჩირგვებში.

მოაჯირს მიყრდნობილი იდგა მამამზე ერისთავი, ხვალინდელი გამარჯვების სიხარული შემოგზნებოდა გულზე.

აღმოსავლეთისაკენ გაიხედა. მთვარე დასდგომოდა ჯვარისმონასტერს.

მოგვთა ხიდზე ერთობლივ ლაპლაპს შეასწრო თვალი. მოგვთა ხიდზე თორიანი ლაშქარი გამოდიოდა. მოაგონდა: ამ სამი დღის წინადაც წავიდა ხერკის ციხისაკენ ჯარი. თვალი გააყოლა მუზარადების ელვას, ისინი სერს გადაღმა გაუჩინარდნენ, მერმე ისევე გამოჩნდნენ აღმართზე. მდუმარედ ისხდნენ ცხენებზე მხედრები, ფლოქვების ტკაპატკუპი ისმოდა, ულაყების ფრუტუნი და ჭაკების ჭიხვინი.

ომი მოაგონდა, კი არ მოაგონდა, მოენატრა მამამზეს. ცხენზე ჯდომა და ომი. სამთავროს მოედანი გაიარა ჯარმა და მეციხოვნეებმა ჩრდილოს კარნი გაუღეს.

შემდგომ ამისა მყუდროება დამყარდა სრული. გაშავდნენ ეკლესიების წვეტიანი გუმბათები, ვარსკვლავები აენთნენ ცაზე. გარს მომდგარ დუმილში მოუსვენრობა დაეუფლა მამამზეს (ჭოტის ხმა მოდიოდა კათალიკოსის ბაღიდან მხოლოდ).

ექვსი თვე დაჰყო მამამზემ მცხეთაში და ამ ხნის მანძილზე არც მეფეს, არც კათალიკოსს, არც სპასალარს სიტყვაც არ დაუძრავთ ფხოველთა და არაგველთა ამბოხის გამო. არც ეკლესიების შემუსვრა უხსენებიათ. ამ მოჩვენებითი თავაზიანობის მიღმა საშინელი წყრომა და მუქარა ბობოქრობდა.

გასულ თვეს მეფე ტაძრეულითურთ უფლისციხეში დაყოვნდა, ღამღმობით დაჰყავდათ ჯარები ხერკსა და უფლისციხეს შორის. მთელი ღამეების მანძილზე თქარათქური ესმოდა მამამზეს. სასახლეშიაც უჩვეულო ფუსფუსი იყო.

ახლა ისევ ამოძრავდა ლაშქარი. შესაძლოა, კეისართან ომს მოელოდეს მეფე, ან ტფილისელ ამირას თავდასხმას.

ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ჭიაბერს რა უყვეს ნეტავი, ან კოლონკელიძეს რა ბედი ეწვია?

შესაძლოა, ორივეს დასთხარეს თვალი. ვინ იცის, მიწასთან გაასწორეს კიდევაც ქორსატეველას და კვეტარის ციხე-კოშკები.

ხოლო მამამზეს, მამამზეს გამოკეთებას აცლიან ალბათ, ეს მესაწოლე ბერი ისე საეჭვოდ სდუმს, შესაძლოა, მსტოვარი იყოს. ბიბლიის ზღაპრების თხრობას და ფსალმუნის ღეჭვას რა მოათავებს, დადუმდება და შესცქერის მამამზეს ცერცვისფერი, უსიამო თვალებით.

ცხადია, სტუმრის განკურნებას უცდიდნენ აქამდის და ვინ იცის, ეგებ ეს იყო მამამზე ერისთავის უკანასკნელი ღამე.

«ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!»

სად მიდიოდა ნეტავი ის ცხენოსანი ჯარი, მოგვთა ხიდზე რომ გადმოვიდა წეღან? შესაძლოა, ჭიაბერი და თალაგვა მცხეთაში ჰყავდეთ, დილეგში სადმე და ერთ მშვენიერ ღამეს სამთავეს დააყრევინონ თავები.

განა ასე არ მოექცა მეფე ცოტა-ერისთავებს, ცხრატბისას? ჯერ მამა იწვია სტუმრად, ძალით ითაყვანა, მერმე შვილი ჩამოაყვანინა ცხვილოს ციხიდან, სამ თვეს მთავართა სანათლოის დილეგში ჰყავდა ორივენი, ვნების კვირაში ეზოსმოძღვარი მიუგზავნა, აზიარებინა, შემდგომ ამისა, თავი მოსჭრეს მამა-შვილს და არაგვს გაატანეს გვამები.

ოჰ, ეს ეზოსმოძღვარი, ის შავანაფორიანი ყორანი, ჭირისდღესავით სძაგდა მუდამ მამამზე ერისთავს. აი ვინ არის მართლაც მსტოვარი და ძაღთაპირი.

საპატიო ტუსაღებად მიჩენილი ჰყავს იგი გიორგის. მისი ყრანტალი უეჭველ სიკვდილის მაცნეა. პირველ თვეებში, როცა მამამზე სულთმობრძავი იყო, ყოველ დილას შემოიჭყიტავდა დარბაზში, თავისი ჭრუტა თევზისებურ თვალებს მიაშტერებდა მამამზეს, თითქოს ეკითხებოდა: კიდევ არ ამოგართვესო სული?

ძელზე გასაყვან ტუსაღს ზიარებას მიუცუნცულებს და უამბობს მერმე, თუ როგორ აქცია კანას ქორწილში წყალი ღვინოდ იესო ქრისტემ.

«ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!»

შეკრთა ფიქრში გართული მამაზე. ორი ცხენოსანი მოჰქროდა მუხნარისას ციხიდან. ცეცხლისმფრქვეველი ხმლები ეჭირათ ხელში. სამთავროს მოედანი გამოიარეს ჭენებით, სასახლეს ჩაუქროლეს და მოგვთა ხიდისკენ გაჰქრნენ.

ზმანება იყო ნეტავი, თუ განცხადება უცნაურობის?

«ეჰა, ღამევ, სულის ჩემისამებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!»

ფლოქვების თქარუნი მკაფიოდ ესმოდა მამამზეს, მაგრამ სასახლის გუშაგები რად იდგნენ გოდოლებზე გაუნძრევლად?

თვალმა და სმენამ ხომ არ უღალატა მამამზეს?

ეგებ ჩვენება იყო რაიმე უცნაური?

არა, ცხენოსნები იყვნენ, ცხადლივ ცხენოსნები, ცეცხლისმფრქვეველი მახვილები ეჭირათ ხელში.

მამამზე ერისთავს იმდენივე ომი ჰქონდა გადახდილი, რამდენი წელიც დაეყო ამქვეყნად, მაგრამ სიკვდილის წინაშე შიში უცნობი იყო ამ დღემდე მისთვის.

ახლა კი შეკრთა, მუხლები მოეჭრა, ქვითკირის მოაჯირს მოეჭიდა წელში მოდრეკილი ვაგლახად.

მხნეობა მოიკრიფა, ისევ გასწორდა და კვლავ გადახედა სამთავროს მოედანს და ხედავს: სამი მხედარი მოჰქრის, სამს სამი მოჰყვება, მერმე მთელი რაზმეული გამოჩნდა. საშინელის სისწრაფით მოჰქროდნენ, ვარვარებდნენ გაშიშვლებული ხმლები.

ჩქამს არ იღებდნენ თავათ მხედრები, ცხენების თქარუნი ისმოდა ერთობლივი და როცა ისინი სასახლეს გაუსწორდნენ, ხმლების ელვარებისაგან ამდგარ ნათელში მხედრების მოღუშულ სახეებს თვალი ჰკიდა მამამზემ, ლაპლაპებდნენ მუზარადები და ჯაჭვის პერანგები. მთელი ლაშქარი მოჰქროდა ბნელში.

«ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!»

ვინ იცის, ეგებ ჭიაბერი და მისი ძუძუმტე ტოხაისძე ყოფილიყვნენ ის ორი მხედარი, პირველად შემოჭრილნი ქალაქში. მწუხრისას მცხეთიდან გასული ჯარი დაამარცხეს ალბათ და შემოვიდნენ კიდევაც, ეს არის.

თუ ასეა, გუშაგები რად სდუმან ნეტავი?

განა გუშაგებს ვერ მოისყიდიდნენ წინასწარ? ...მაგრამ ეს ხმლები? ცეცხლისმფრქვეველი ჯავარდენები? შესაძლოა ჭიაბერს ჩამოეტანოს ბიზანტიონიდან ცეცხლისმფრქვეველი ხმლების საიდუმლო?

თუ ასე იყო, რად არ გაუმხილა მამას?

ვინ იცის, ეგებ ჯერ თავათ უნდა გამოეცადა. ახლა მოაგონდა მამამზეს ჭიაბერის ნათხრობი: ბაღდადელი თურქი შეიპყროო კეისარმა ერთი, დილეგში ჩააგდო, ძვალთა და რკინათა მკვეთელი ხმლების ოსტატი უნდა ყოფილიყო იგი. ამასაც ამბობდა ჭიაბერი, ძელზე გააკრეს, მაინც არ გასთქვაო ეს საიდუმლო თურქმა.

...ჰო, მაგრამ, ციხენი მუხრანისა და ღართისკარისა როგორ დანებდებოდნენ ასე უბრძოლველად ჭიაბერს?

თუ ჭიაბერი და ტოხაისძე მართლაც შემოჭრილან ქალაქში, მცხეთის სასახლე არც ისე ადვილად დანებდება მტერს. გარს შემოეწყობიან თუ არა ციხეს, მამამზეს შეიპყრობენ და თავს წააცლიან.

«ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!»

დარბაზში შებრუნდა მამამზე ფიცხლად, მესაწოლე ბერს ფსალმუნი გავარდნოდა ხელიდან, საკუთარ მკლავებზე დამხობილს ეძინა მშვიდად.

თორნი გადაიცვა, მუზარადი დაიხურა, ხმალი შემოირტყა და იდუმალ კიბეს მიჰყვა ბაღისაკენ ჩასასვლელს.

ბაღში გასვლისთანავე შენიშნა მამამზემ, ორმა ლანდმა ჩაურბინა გვერდით და უტყვად გაუჩინარდნენ ორივენი ხილნარში.

სამთავროს მოედანი ისე გაიარა, ძე-ხორციელი არ შეხვედრია გზაზე.

გასცდა მოედანს და სამი შუბოსანი წამოეწია, მხედრები დაქანცულნი სჩანდნენ, მუზარადები ლაპლაპებდნენ მთვარის ნაშუქარზე, უღიმღამოდ მიდიოდნენ ცხენები.

ჩაიარეს მხედრებმა, უკან მოიხედა მამამზემ და აქლემების ქარავანი მოდიოდა დიდი.

განერიდა მექარავნეთაც. გზის პირად სამლოცველო ნიში შენიშნა და შესდგა მუნ.

სამლოცველოს კიბეზე მათხოვრები მიყრილიყვნენ, მიუახლოვდა. ვერ გაეგო, მათხოვრები იყვნენ, თუ მგზავრები?

ტკბილად ეძინათ უსახლკარო მწირებს. ერთი მოხუცი იქვე გდებულ ლოდზე იჯდა განკერძოებით და ღამის ლოცვებს ბუტბუტებდა თავისთვის. ნიშის წინაშე ხატის სანთლები ბჟუტავდნენ. მაცხოვრის სახეს, ვაგლახად დაღრეჯილს, შეხედა მამამზემ, არ იამა მისი დანახვა, ლოდზე მჯდარს მიეახლა და მწუხრი მშვიდობისაო, უთხრა.

სალამითვე გადაუხადა ბერიკაცმა მადლი.

წამუყო: ჩამოჯექიო ლოდზე და თავათ მიიწია ლოდის კიდისაკენ.

«მოხუცო მწირო, - ეუბნება მამამზე ბერიკაცს, - მოდი გავცვალოთ სამოსელი, თუ მოგესურვოს».

მოხუცი წამოდგა, ხატის სანთლებთან მიიყვანა უცნობი, ახედ-დახედა, მიხვდა: დიდებულთაგანი რომ იყო ვიღაც.

ეუცხოვა: «რად მონატვრიაო ამ დიდკაცს მწირის ძონძები?»

«რა შეჭირვებაი დაგდგომია ქრისტეს მიერ, ძმაო ბედშავო, ან მწირის ძონძები რად მოგნატრებია?»

«წარმართთაგანი ვიყავი, ძმაო, მცხეთაში მომნათლეს, შჯული შევიცვალე, - დაიწყო მამამზემ, - ამიერიდან მინდა ქრისტეს მაგალითს მივყვე, ამქვეყნიური დიდებისაგან განვიძარცვო და ვიარო სოფლად, ვითა ბოგანომ, უსახლკარომ, მიუსაფარმა. განა აგრე არ დაძრწოდა ქვეყნად უფალი ჩვენი, მაცხოვარი მაცხონებელი?»

მოხუცმა ჯიქურ შეხედა უცნობის მშვენიერ სახეს და ანაგობას კეთილშობილს. მისი ნათქვამი ეჭეშმარიტა.

გაიხადა თავისი დაბებკილი წამოსასხამი, მკლავზე გადაჰკიდა მამამზეს, ლოდზე ჩამოჯდა, დაფხრეწილი სამოგვის წუღები გაიხადა, მიაწოდა მასვე.

მუზარადი მოიხადა მამამზემ, ლოდზე დააგდო, შეიხსნა თორნი, ძვირფასი ჯუბა გაიხადა ტარისკონისა, გადასცა მოხუცს, ლოდზე ჩამოჯდა, ვერძის ტყავის წაღები გაიძრო, ბერძნულ კატარღებსავით ჭვინტაბზეკილნი, ეგეც მწირს დაუდო წინ.

«სადაური ხართ და საითკენ მიედინებით?»

ეკითხება მამამზე მოხუცს.

«ყველისციხიდან მოვდივართ, ქვისმთლელები ვართ და კირითხურონი, ქორსატეველას კარის ეკლესია დაუნგრევიათ წარმართებს და მის აღსადგენად გვგზავნის კათალიკოსი მელქისედეკი ხვალ დილით».

ქორსატეველას ხსენებაზე გულმა რეჩხი უყო მამამზეს, უნდოდა ეკითხა, კიდევ რა გსმენიათ ქორსატეველას გამო, მაგრამ თავი შეიკავა.

ჩაცმა მოათავა თუ არა, წასვლას დაადგა. მოხუცს გულით უნდოდა ვინაობა და სადაურობა ეკითხნა მისთვისაც, მაგრამ სიტყვის დაძვრა ვერც კი მოასწრო, მწუხრი მშვიდობისაო, დაუბარა უცნობმა და გაუჩინარდა ბნელში.

მთვართა სანათლოის ბნელ ქუჩაზე წამოეწია მექარავნეთ მამამზე.

ჯავახელი ვაჭრები აღმოჩნდნენ, ხერკისაკენ მიდიოდნენ.

მწირს თუ წარიტანთო? შეეკითხა მექარავნეს თავმოდრეკილად მამამზე. ღამე მხეცების შიში მაქვსო, ფეხდაფეხ გამოვყვებიო ქარავანს.

მექარავნე მგზავრის ვინაობას იკითხავდა.

მწირი ვარო ტაოელი, არტანუჯის ციხიდან მოვდივარო ფეხით, გუდამაყარში მივალო საროჭიკოდ.

ამ საუბრით გართული მთავართა სანათლოი გაეარნათ. გარეუბანშიაც არ ისმოდა ჩქამი. მამამზე უკან იხედებოდა.

არავინ სჩანდა. გული მოეცა, მაშ სასახლეში შეუმჩნეველი დარჩენოდათ მისი გაპარვა, კიდევ მცირე მანძილი და მუხნარისას ციხეს თუ გასცდებოდნენ, სამშვიდობოს გავიდოდა მამამზე და ეს ბნელი ღამე იქნებოდა მისი ციხე-სიმაგრე.

«ეჰა, ღამევ, სულის ჩემისამებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!»

მუხნარისას ციხის კარიბჭე დაგმანული დაუხვდათ.

ადრე კეტავენო ციხეს, ჭიაბერ ერისთავსა და თალაგვა კოლონკელიძეს ძალად უთაყვანებია ოვსნი და ძურძუკნი, მეფე თავდასხმას მოელისო ჩრდილოეთიდან.

სთქვა მექარავნემ.

ქარავანი ციხეს მიეახლა, გუშაგები გამოეყვნენ ბნელს.

მწუხრი მშვიდობისა უსურვა მექარავნემ ციხისთავს, სთხოვა გაგვატარეთო. უთენია გამოვსულვართ უფლისციხიდან, მაგრამ გზაში ერთი აქლემი დაგვივარდა, ვიდრე მას ფალნს მოვხსნიდით და ტვირთს სხვა აქლემებზე გადავიტანდით, შემოგვაღამდაო კიდევაც.

ბოდიშობდა მექარავნე.

«სულ რამდენი მეაქლემე გახლავთ?» შეეკითხა ციხისთავი.

«ათორმეტი, და ერთიც მწირი შემოგვეკედლა, მეროჭიკე, ბერი უნდა იყოს».

ამ საუბარში იყვნენ გართულნი ციხისთავი და მექარავნე, მამამზემ შენიშნა: ორი ლანდი შემოუერთდა ქარავანს.

და როცა ციხისთავის ბრძანებისამებრ მუხნარისას ციხის კარი გააღეს, ლანდთაგანი ერთი მისწვდა მამამზეს და მექარავნის გასაგონად სთქვა:

«ეგ მწირი მეფის სტუმარია, ამაღამ ვერ განდობთო მას».

ზვიად სპასალარის სასახლეში დიდი ალიაქოთი შეჰქმნა მამამზის გაქცევამ. მემაშხალენი გამოცვივდნენ, მაშხალები აანთეს, ბატონს არ ეძინა, მაინც დიდხანს დაიგვიანა საწოლის დარბაზში.

მამამზეს მიწისფერმა გადაჰკრა, სპასალარი დარბაზში შემოვიდა, ხელებგაკოჭილი ტუსაღი ფეხზე იდგა.

სელზე დაჯდა პირბანჯგვლიანი, მოღუშული მხედართმთავარი. მათხოვრის ძონძებში გამოწყობილ მამამზეს ახედ-დახედა.

ვინა ხარო? - შეეკითხა ყასიდად, თითქოს არ იცოდა, თუ ვინ იდგა მის წინაშე.

მამამზე ერისთავი გახლავართო, მიუგო თავჩაქინდრულმა ტყვემ.

ზვიად სპასალარი წამოდგა. თავათ დაუდგა სელი. მერმე წამუყო შუბოსნებს და ხელები შეუხსნეს მამამზეს.

რაღაც წაიბუტბუტა ტუსაღმა მადლობის გრძნობის გამოსახატავად და კვლავ შენიშნა სპასალარმა: ქვედა ყბა ისევ დაუგრძელდა და აუცახცახდა ერისთავს.

«ისევ ხომ არ შეგამცივნა, ერისთავთ ერისთავო?»

«არა, ახლა შემახურა, სპასალარო ბატონო».

სიმწრის ღიმმა დაღრიჯა მამამზის დიდრონი, ვნებიანი ტუჩები.

«რად ილტვოდი მაინც, აკი ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, ხვალ უნდა გაგვემგზავრებინეთ საერისთავოში?»

მცირე ხანს სდუმდა ერისთავი, მერმე თავი აიღო, ისევ გაუსწორა თვალი ზვიადის შეყრილსა და მრისხანე წარბებს.

«მე თავათ არ ვიცი რად შემემთხვა, სპასალარო, ეგ.

შესაძლოა, ავადმყოფური ჩვენება მომელანდა, უცნაური რამ. თქვენი წაბრძანების შემდეგ ციხის ჩარდახზე გავედი. ქალაქს გადავცქეროდი. ვიღაც მხედრებმა ცხენი შემოაქროლეს, ჯერ ორნი იყვნენ, მერმე ორჯერ სამ-სამნი, ბოლოს მთელი ლაშქარი, ყველას ცეცხლოვანი ხმლები ეჭირა ხელში, ცეცხლისმფრქვეველი ჯავარდენები.

სარკინოზებთან ბრძოლებში მრავალგზის ვხლებივარ ბაგრატ კურაპალატს, ბერძნებთან ომებში მიბრძოლნია გიორგი მეფესთან მხარდამხარ, ამის მსგავსი არაფერი მომლანდებია».

«აჰა, შენ ესა გსურს, ვინ იყვნენ ის მხედრები. ან ის ხმლები რანი იყვნენ? ეს საიდუმლო მხოლოდ მეფემ და მე ვიცით და ჩვენმა ოსტატებმა, - ხოლო ორგულთათვის მიუწვდენელია იგი.

ეს ყველაფერი მე მოვაწყვე, რათა უსიტყვოდ გამომერკვია, სამტროდ იყავი, თუ სამეგობროდ მოსული?

ეხლა ყოველივე ნათელია ჩვენთვის.

ხვალვე, მეფის ბრძანებისამებრ, საერისთავოში გაემგზავრები. შთააგონებდე ჭიაბერს და კოლონკელიძეს, მეფის ერთგულებად მოიქცნენ კვლავ, თორემ ჩვენ მოვალთ, ქორსატეველას ციხესაც მივწვდებით და მაშინ გაიგებთ, თუ ის მხედრები ვინ იყვნენ, ან ის ხმლები რანი არიან».

ესა სთქვა სპასალარმა და ღამენებისა უსურვა სტუმარს.

მთელი ღამე მუშაობდნენ მთავართა სანათლოის მჭედლები. გადმოიღებდნენ თუ არა გამოკვერილ მახვილებს გრდემლიდან, ხელში აწვდიდნენ ზედმომდგარ ცხენოსნებს და ესენიც საშინელის სისწრაფით მიაჭენებდნენ მთვარიან ღამეში ცხენებს, ჰაერში აწრთობდნენ ჰინდურ ფოლადს - ცეცხლებრ მგზნებარეს.

ღამენათევი მამამზე დილამდის არ მოშორებია ციხე-დარბაზის სამზერს. როცა მტრედისფრად აყვავდა ცა და მარიხი ჩაჰქრა, მხოლოდ მაშინ ჩასთვლიმა ოდნავ.

დილაადრიან ამირჩქარმა გამოაღვიძა, ცხენები მზად არისო, ეს მოახსენა.

ორი შუბოსანი ამოუდგა მხრებში, ციხის ეზოში ჩამოიყვანეს და შესვეს ცხენზე.

მეჯინიბეთუხუცესმა მათრახი მიართვა. მამამზემ მადლობა დაუბარა მეფესა და ზვიად სპასალარს, თანაც სთხოვა: სააღდგომოდ კათალიკოსი მობრძანებულიყო ქორსატეველას ციხეში. ხატები და ხუცები გამოეტანებინათ საერისთავოსთვის.

როცა ცხენოსნებმა მუხნარისას ციხე გაიარეს და ამირჩქარმა ჩრდილოეთისაკენ გაჰქუსლა ცხენი, მხოლოდ მაშინ ირწმუნა მამამზემ, რომ მას საიქიოს როდი აგზავნიდნენ, არამედ საკუთარ საერისთავოში.

გაზაფხულის არენი მისდგომოდნენ მთებსაც, არაგვის პირად ალუჩები ჰყვაოდნენ და ტოროლებს ცაში აჰქონდათ განახლებული მიწის სიხარული...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.