prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი XXIX

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– XXIX –

"Pour ètre plus qu'un Roi

tu te crois quelque chose.

თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,

უნდა წარმოადგენდე კიდევაც რაიმეს."

მთელი ღამე არ სძინებია არსაკიძეს.

ძაღლები ყეფდნენ ცაცხვების ქვეშ. ვიღაც აფორიაქებდა რატისეულ სასახლეს.

არსაკიძე ადგა.

ხმალი შეირტყა და ბაღჩაში გავიდა. ხილნარში არავინ აღმოჩნდა. ძაღლები გარს შემოერტყნენ, კუდს აქიცინებდნენ, თათებს უცაცუნებდნენ, ეალერსებოდნენ ახალ პატრონს.

ეძინათ ყვავილებსა და ფუტკრებს.

უცნაური ზუნი ისმოდა სკებიდან, ძილში გალობდნენო ეს საყვარელი მწერები თითქოს.

შორიდან, ძლიერ შორიდან მოდიოდა ხოხბის ყივილი.

ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.

თეთრი, მთლად თეთრი ღრუბლები ელავდნენ მთებზე, ეს ღრუბლები, ეს ზეთისხილისფერი მთები ისეთი გამსჭვირვალენი იყვნენ, სადაცაა მოეშვებიან მიწას და გაიქნებიანო ეთერში.

მათ ქვემოთ, არაგვს შეყოლილი ბარი ზღვას მიაგავდა ლაზისტანის ყურეში მთვლემარეს.

იდგა არსაკიძე, იგონებდა ზღვასა და სიყრმეს...

შინ შებრუნდა.

ხმალი შეიხსნა, ძილი არსად სჩანდა მაინც...

ვარდისახარმა შეაშფოთა მისი გონება.

...ეს ღალატი? იგი არ ყოფილა მოულოდნელი.

ამაზე უფრო უცნაური სხვა რამე იყო: შორენა რომ არ აღმოჩნდა ძუძუმტე მისი!!!

ძუძუმტე!!!

მზექალაო?

ახლა იგონებს არსაკიძე: დედა ახსენებდა წარამარა ამ სახელს ერთხელ აწირვინა კიდევაც მისდა სალხენად ხუცს.

იწვა ბნელ დარბაზში პირაღმა. ისევ შორენას ეპოტინებოდა ფიქრი.

...და როგორც თიბათვის მიწურულს, სკაში გამოჩნდება თუ არა დედაფუტკარი ახალი, აიყრებიან, აზვავდებიან მამლები, გამოუდგებიან გაქცეულ დედოფალს, ასე წამოიშალნენ მისი ფიქრები და გასდიეს შორენას ამ წუთში.

მართალს ამბობს ვარდისახარი.

თავათ იგონებს ყოველივეს წვრილად, მზექალაის სიკვდილის შემდეგ ლაზისტანს წავიდა არსაკიძის ოჯახი, ხუთი წელი მანდ დაჰყვეს, კონსტანტინოპოლში - ათი. ბოლოს კვლავ მიბრუნდნენ ფხოვს.

გუშინდელ დღესავით ახსოვს არსაკიძეს შორენასთან შეხვედრა კვლავ, ახლად შეღერებული გოგონა იყო, ღაწვისთავებზე სცემდა ქერა კულულები. ხტოდა, უსტვენდა, ცელქობდა ბიჭსავით, ფაფარზე მოეჭიდებოდა, დააჭენებდა უბელო ცხენებს.

არსაკიძემ გადასწყვიტა: უთუოდ ენახა ამ დღეებში კოლონკელიძის ქალი. რაკი გურანდუხტი მცხეთას ჩამოსულა. არ გაძნელდებოდა შორენას ნახვა. ისევე როგორც ფხოვში, მიუწვევლად შეივლიდა კოლონკელიძიანთ ოჯახში, ისე უბრალოდ, როგორც ძუძუმტე მივა ხოლმე ძუძუმტეს სახლში. გაახსენდა: ამ კვირას იმდენი საქმე ჰქონდა, გაძნელდებოდა ასეთი რამ. მარტოკაც რომ შეხვედროდა, მერმე რა?

თავათ ხომ ვერა ჰკითხავდა არსაკიძე, ფიცი ჩამოართვა ვარდისახარმა (რა ვუყოთ, რომ თვითონ ფიცისგამტეხელი აღმოჩნდა დიაცი?) როგორმე უნდა გაეგო არსაკიძეს: შორენამ თუ იცოდა ეს ყოველივე?

უცნაური რამ მოხდა მაინც: ერთის დაკვრით შეიცვალა სიყრმის მეგობარი მის თვალში.

მოაგონდა ის ღამე, სამთავროს ეკლესიაში, მწუხრის შემდეგ.

ეზოსმოძღვრის ყორნისფერი ანაფორა დალანდა.

რიდემოსხმული, თავჩაქინდრული მიდიოდა შორენა თავის მოახლეთა შორის. საოცარი ტანჯვის იერი გადასდიოდა სახეზე. თვალს არიდებდა ცნობისმოყვარე დიაცების ბრბოს.

მჭმუნვარე ფერნამკრთალობა განრთხმულიყო მის სახეზე, მხრებზე, მთელს ანაგობაზე.

მოურიდებლად უჭვრეტდნენ მლოცველები, მაინც მიდიოდა ქედმაღალი და გულმართალი, ამაყად მიჰქონდა ბედისაგან დაკისრებული კირთება.

ეს გაიფიქრა არსაკიძემ და წარმოუდგა მარჩბივი ჩვენება. ვარდისახარი ამოუდგა შორენას გვერდით.

კისკისა,

ტიკტიკა,

ფეროვანი, ჭარბვნებიანი, სიცოცხლეზე შეყვარებული, მარად სიმდიდრის მონატრული და მქირდავი ბედისა.

მხოლოდ ვნებისათვის, მხოლოდ სარეცელისათვის გაჩენილა ეს აშარი დიაცი.

...ეგეც კმაროდა მისგან: საყვარელი ხელიდან ეცლებოდა და სამი ცალი მარგალიტის დაკარგვას მისტიროდა ხარბი.

ახლა ესეც მოაგონდა არსაკიძეს: როგორ ეკვინტრიშებოდა ვარდისახარი კვეტარის ერისთავს!.....................

...ავხორცი იყო კოლონკელიძე. მხევლებს, მექათმეებს და ხაბაზებსაც არ ზოგავდა, ისეთ დიაცებს, თორნის პურის, ხინკლის და საბუდარის სუნი რომ უდისთ მუდამჟამს.

მისი ბუშების გაბარებისაგან სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული გურანდუხტს, საბრალოს.

არსაკიძემ თავათ წაუსწრო ერთხელ, სამრეცხაოში მიემწყვდია ვარდისახარი ერისთავს, გათქვირულ, შიშველ მკლავებზე სჩქმეტდა.

ხტოდა, კისკისებდა ვარდისახარი და ეს კისკისი მოაგონებდა არსაკიძეს გახელებულ ჭიხვინს იმ ფაშატისას, რომელიც განზრახ გაურბის ხოლმე მოძალებულ ულაყს, რათა მომეტებულად ააღელვოს მამრი და გაგრილებისას უფრო ხარბად დააცხრეს ვნებას.

როცა შორენა და ვარდისახარი პირისპირ წარსდგნენ არსაკიძის წარმოდგენაში, ოვსთა მეფის ხარჭაყოფილი კოლონკელიძის ქალმა დაჩრდილა ანაზდად.

ოდნავ ტლანქი, თითქმის მამაკაცური ხელები ჰქონდა ვარდისახარს, როცა თმას გადაიწევდა, საკმაოდ მოზრდილი, მოყვითალო ყურები გამოუჩნდებოდა ხოლმე, ხმა ჰქონდა ბოხი, იგიც მამაკაცური ოდნავ.

ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც ყინცვისის მჭმუნვარე ანგელოსი.

ყელისმიერი ხმა ჰქონდა, ისეთი წკრიალა, როგორც ვერცხლის ეჟვნები, ხევისბერების დროშის ბუნზე შებმულნი.

ჰარილესავით რბილი და ტფილი იყო მისი ბუნება სრულად.

კედლისკენ მიბრუნდა არსაკიძე, თვალები დახუჭა, დაძინება სცადა, ადრე უნდა გასულიყო ხარაჩოებზე.

ზანზალაკების ჟღარუნი ისმოდა შორიდან, შოლტის ტლაშუნი კეპავდა ღამეს, არაგვის შუილი მოდიოდა მაინც, რომელიღაც ჩიტი აჭიკჭიკდა, ბულბული არ უნდა ყოფილიყო იგი, გაბმულად უსტვენდა სირი, ასე ეჩვენა არსაკიძეს, გულის მიჯნურს უხმობსო ბნელში.

ძაღლები აყეფდნენ სადღაც, ისევ დავარდა მყუდროება, ქათმებს დაუქშია ნონაიმ, ჟრუნი შუქი შემოადგა სარკმლებს და ძილმა გააბა პოტიკი მოლულულ წამწამებზე ძლივს... ეზმანა: შემოდგომის წყნარ დღეს მიდიოდა ვითომც თავთუხის ყანებში. მუხლისთავებზე სცემდა მწიფე თაველები, ყაყაჩოები ჰყვაოდნენ ირგვლივ. წითელი ჯახველი და კუნელი ელავდნენ აქა-იქ, მუხა იდგა ველზე, შტომრავალი და დიდი.

ქედნები შემომსხდარიყვნენ ზედ.

ტკბილად, ტკბილად ღუღუნებდნენ ქედნები...

სარწყავი რუები გადმოეშვათ კორდიდან. ხვატისაგან დახეთქილი მიწა ხარბად სვამდა წყალს.

საცეხვავის დარი დათვოულები გაემართათ ამ რუზე. დაქანცულ აქლემებსავით აკანტურებდნენ ეს ახმახი დათვოულები თავს. დაესხმოდა წყალი ძელის ბოლოს გამართულ გეჯაზე, აყირავდებოდა ძელი, გადმოიღვრებოდა წყალი, გაადენდა დათვოული ფიცარზე ბრაგვანს.

კვლავ შეიმართებოდა ძელი, კვლავ ივსებოდა გეჯა, კვლავ იღვრებოდა წყალი და ისმოდა დათვოულების რახუნი მორებზე.

განა თუ ერთი იყო დათვოული. სანამ თვალი გასწვდებოდა თავთუხის ყანებს, ყველგან იდგნენ დათვოულები, მთელს ხეობაში გაისმოდა გაბმული რახუნი...

მთლად საოცარი ეს იყო: ამ დათვოულების მიუხედავად, მაინც გავსილიყო თავთუხის ყანები დათვებით. კოტრიალებდნენ, ღრიალებდნენ მხეცები, ტორებით თქერავდნენ პურეულს.

მიდის არსაკიძე ყანაში, ხედავს, - შორენა მოადგა გაღმიდან რუს.

ისკუპა ისე მკვირცხლად ქალმა, ისე, როგორც ნადირობის დროს ეს სჩვეოდა ფხოვში.

მოდის. მოარღვევს თავთავების ზღვას. თოვლივით თეთრი აცვია სამოსი, სოსანისფერი საწმერთული ზედ.

თავი დახარეს თავთუხის თავთავებმა, ნაზად იზნიქებიან ყაყაჩოებიც.

ერთბაშად მოსწყდნენ მუხის შტოებიდან ქედნები, მხრებზე შეასხდნენ შორენას და მორთეს ღუღუნი.

აღრიალდა ორი დათვი შორენას დანახვისას. მწიფე წაბლისფერი ერთი, გვიმრისფერი მეორე.

ზეაღიმართნენ, მოალაჯებენ კაცურად, ღრიალით მიაშურეს ქალს.

მიარღვევს არსაკიძე თავთუხის ზღვას, უნდა მიუსწროს, გაჰკვეთოს ორივენი ხმლით, გადაარჩინოს გულის სწორი განსაცდელს.

ხმალი მოიზიდა არსაკიძემ, მაგრამ გაუჩხიბავს ვიღაცას ხმალი. მიეშურება, - თაველების ფხა ედება ფეხებზე, მუხლები ისე დაუმძიმდა, ჩაფლულაო ფისით გავსილ ზღვაში.

დათვები ღრიალებენ, ტორით თქერავენ ოქროსფერ თავთავებსა და წითელ ყაყაჩოებს, სადაცაა ეცემიან და გაბდღვნიან შორენას.

«ჰარაი»!

ყვირის არსაკიძე, მაგრამ აღარ ერჩის ხმაც.

«ჰარაი!!!» ყვირის არსაკიძე და მიარღვევს ყანას, ყანას კი არა, ფისის ზღვას, თავთუხის ფხა ებლანდება ჩოხის კალთებზე, ვერ იძვრის ვაჟკაცი.

დათვები ფერხთით დაუწვნენ შორენას, აღარ ღრიალებენ, აღარ ტორავენ მიწას. შორენამ თავზე ფეხი დაადო ერთს, საწმერთულის ტოტი გამოუჩნდა, ვაზის ფურცლებიც, ზედნაქარგი ოქროთი. მერმე დასწვდა ორივეს, ეალერსებოდა ორივეს ქეჩოზე.

შორიდან შესცქერის გარინდებული არსაკიძე, თუ ვით ეფერება მისი უნაზესი მეგობარი მხეცებს...

ქედნები შემომსხდარან შორენას მხრებზე, სულზე უტკბესს სძლისპირებს გალობენ, ნაზად იდრეკენ წითელი ყაყაჩოები კლერტოებს, იზნიქებიან ოქროს თაველები, თაყვანსა სცემენ სანატრელ სასძლოს. დათვები მის ფერხთით წვანან, ვნებამორეული აფახულებენ თვალებს...

სწორედ ასეთ დროს გააღვიძა არსაკიძე ნონაიმ.

დარბაზში მკრთალი შუქი იდგა.

აბრძანდი, ბატონო, მორიელებმა გამოსტეხესო ქვითკირი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.