– XLVI –
მორიელების წინაშე შიში გადაავიწყა ჟამიანობამ ნონაის. მოსვენებას არ აძლევდა არსაკიძეს მხევალი. მდუღრავდა დგამს, ნოხებს, ფარდებს და დოშაკებს. მდუღარეს ასხამდა სარდაფებში, ჭუჭრუტანებში, ღრუებში. ვირთხები და რწყილები ელანდებოდა ყველგან.
ჩამოეკიდა პატრონს: სამუშაოზე ნუ მიხვალო, ბატონო, ღარიბ ხალხს ემტერებაო ჟამი, თავს ნუ გადააყოლებ უფლის სახლს, ღმერთს ბევრი აქვს ეკლესიები, ვენაცვალე მის მადლს, ხოლო საწყალობელ დედაშენს შენზე ამოსდისო მზე.
ბოდოკია გზაზე დაუხვდა არსაკიძეს: სამას ლაზს უარი ეთქვა სამუშაოზე: ლაზების მაგალითს აჰყოლოდნენ სამცხელები, ბოლნისელები და ბერძნები.
ჟამისაგან მოვისრებით მაინც, ბარემ მოსვენებული შევეგებოთო სიკვდილს. სახელოსნოები დაეგდოთ, ხარაჩოებიდან ჩამოსულიყვნენ. ტაძრის ჩრდილში წამოწოლილიყვნენ მონები, ფანდურს უკრავდნენ, მღეროდნენ ზოგნი. მოხუცებს გარს მოსხდომოდნენ ჭაბუკები. აამბობინებდნენ ჟამიანობის ძველ, ამბებს.
არსაკიძე რა დაინახეს, წამოიშალნენ, მონები, კალატოზები და ზემდეგები გამხნევდნენ.
ლაზები გარს შემოერტყნენ თვისტომს.
“ლაზებო, - მიმართა არსაკიძემ ბრბოს, - მართალია, ჟამიანობა დაიწყო, მაგრამ გახსოვდეთ, ჟამის საფრთხე ყველას გვიქადის, ხომ ხედავთ. მეც თქვენთან ვარ განსაცდელის ჟამს, ლაზებო. სიკვდილი ისეთი რამეა, უჟამოდაც არ აგვცდება, იცოდეთ, რადგან არავინ იცის, როდის გვეწვევა იგი. ხომ ხედავთ, რა შლეგია სიკვდილი. ისეთ უგუნურ ცხოველებს თან დაჰყვება, როგორიცაა ვირთხები და რწყილები.
თქვენ თვითონ განსაჯეთ, ლაზებო, უქნარობაში რომ დავიხოცოთ, იმას არა სჯობს, ჩვენი მოვალეობის შესრულებისას გვეწვიოს სიკვდილი. ეგეც იცოდეთ, ძმებო, ზარმაცებსა და მშიშარებს უმალ ეწვევა იგი, ვიდრე მამაცებსა და გამრჯელებს.
რას იტყვიან იბერიელები? მშიშარნი ყოფილანო ლაზები. იცოდეთ, ყველაზე მეტად ძმების უნდა გერიდებოდეთ, ლაზებო, რადგან არავინ ისე საყვარელი არაა ამ ქვეყანაზე, როგორც დედა, არავინ ისე მოსარიდებელი, როგორც დედის ხსენის თანაზიარნი.
საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო, ხოლო იბერიელები ძმებია ჩვენი.
აბა მოიგონონ უხუცესებმა თქვენ შორის, სარკინოზებთან ან ბერძნებთან ომებში თუ ოდესმე გიღალატნიათ მათთვის?
ახლა ვირთხებისა და რწყილების მიერ გავრცელებულმა ჟამმა რომ გვასწავლოს ღალატი, სირცხვილი იქნება უთუოდ, ლაზებო.
ეგეც იცოდეო, ძმებო, არავინ ისე საძაგებელი არაა ამქვეყნად, როგორც ძმების მოღალატე, მშიშარა ვაჟკაცები, ლაზებო”.
“მართალს ბრძანებს, მართალს ბრძანებს ოსტატი”. მიაძახეს ლაზთა შორის უხუცესებმა.
არსაკიძე პირველი ავიდა ხარაჩოზე, თუმცა თირკმელებს იტკიებდა ამ დილით. ბოდოკია უკან მისდევდა ოსტატს, მოხუცი ლაზებიც მათ მიჰყვნენ. ბოლოს შერცხვათ ახალგაზრდებს. ახლა სამცხელები და ბოლნისელები წამოიშალნენ. ბოლოს ბერძნებმაც ითაკილეს ჯაბანის სახელი.
სადილობის დრომ მოაწია თუ არა, დაიცალა სახელოსნოები, ხარაჩოებიდან ძირს ჩამოვიდნენ მუშები.
ტაძრის გალავნის კუთხეებში ფარუდულები იყო ხელოსნების სამყოფლო.
კოცონები ენთო ამ ფარდულების წინ, უზარმაზარ ქვაბებში ოსპის წვენი იხარშებოდა. ქვაბებს გარს მოსდგომოდნენ მონები, ბალღებივით შესციცინებდნენ მესადილეებს.
შიმშილისგან ღონემიხდილნი ფანდურს უკრავდნენ. ნაღვლიანად ღიღინებდნენ ზოგნიც.
ლოდზე ჩამომჯდარიყო წითერი ლაზი, აჩხაკუნებდა ფანდურს, ზედ ამღერებდა სიყვარულის ლექსს, სიყრმეშივე განაგონი ჰქონდა არსაკიძეს ეს ჰანგი, ახლა ძლივს არჩევდა ლაზურ სიტყვებს ფანდურის ხმაზე:
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებელ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას.
არსაკიძე განზრახ დაყიალობდა ფარდულების წინ, ბრბოში.
ახლა შენიშნა: სიკვდილის საფრთხემ შაირობა და სიმღერა მოანატრა ხალხს. აჩხაკუნებდა ფანდურს, სევდიანად კვნესოდა წითური ლაზი.
შაირი გრძელი იყო, მიჯნურის მუქარა უსაზღვრო, ყოველი სტროფი ერთი და იმავე ტაეპით იწყებოდა და თავდებოდა:
ზღვის ფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას.
უცნაურად აეკვიატა ეს ლექსი.
შორენა მოაგონდა. მერმე თვალები გაუშტერდა გაოგნებულს. თავისი სიტყვაც გადამარცვლა ხსოვნაში.
ახლა დარწმუნდა: ერთი რამ გულისგარედ წამოსცდა წეღან.
განა დედა ყველაზე საყვარელია ამ ქვეყანაზე?
ან ძმა ყველაზე ძვირფასი?
ეგეც არის, ვერც დედობას გაგიწევს სხვა ვინმე, ვეღარც ძმობას.
შორენა მუდამ სწუხდა: რად არა მყავსო ძმები?
ახლა მას ძმები რომ ჰყოლოდა, ხომ არ დასჭირდებოდა ვაჟკაცის საქმე თავათ ეტვირთა?
ვაჟები გვერდით ამოუდგებოდნენ კოლონკელიძეს, ისინი მიუზღავდნენ მეფე გიორგის სამაგიეროს. წითური ლაზი აჩხაკუნებდა ფანდურს და მღეროდა:
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას.
მართლაც ზღვასავით მოუსვენარი იყო შორენა.
მაგრამ ახლა გადაუკეტეს ამ ზღვას კიდენი, დარწმუნებული იყო არსაკიძე, ჟამიც ვერ შეჰბედავდა სანატრელს, შესაძლოა ჟამს გადაერჩინა კიდევაც იგი. დღე და ღამე დაკეტილი იქნება მცხეთის ზღუდენი, სამი დღის შემდეგ წყაროსთვალის წმ. გიორგის დღეობაა ფხოვში. ამაოდ მოუცდიან ხატობაზე ხევისბერები მას.
განა მარტო ეს იყო საფრთხე?
ყველისციხის პატრონი ისეთი თავაწყვეტილი ვინმეა, ერთიც ვნახოთ მოეწყინა მცხეთაში მომწყვდეულს და ამ ჟამიანობის დროს ქორწილი მოუნდა?
მაშინ?
წითური ლაზი მღეროდა კვლავ:
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ახლა თავათ დაფიქრდა არსაკიძე.
ყოველი ქალი ზღვასა ჰგავს მართლაც, არავინ იცის, ან ერთი როდის აღელდება, ან მეორე?
ერთიც ვნახოთ, გირშელს გაჰყოლოდა შორენა, მაშინ?
მას, არსაკიძეს, თუ ეყოფოდა იმდენი გამბედაობა, უბირი ლაზი ჭაბუკის ვაჟკაცობის შესაბამისი?
“ააა?”...
სწორედ ამ წუთში ბოდოკია ამოუდგა გვერდით.
ამასობაში ორი მონა მიეახლა ოსპით გაფიფინებულ ქვაბს, ხელკეტი გაუყარეს და პირველი ფარდულისაკენ წაიღეს ხვნეშით.
ისევ მეფანდურეს მიუგდო არსაკიძემ ყური.
უნდოდა გაეგონა, თუ რითი დასრულდებოდა გამიჯნურებული ლაზის ქადილი ამ შაირში?
ბოდოკიამ ხელი წაუცაცუნა მარჯვენაზე:
კანკელი უკვე დავდგით, ახლა აღსავლის კარების გამო უნდა გეთათბიროთო, ოსტატო!
უგრეხელისძე, კალატოზი, წამოეწიათ კანკელამდის მისულთ. სახეშეცვლილი, ფერმკრთალი ეუბნება არსაკიძეს:
პირველ ფარდულში იფეთქაო ჟამმა.
როცა ხუროთმოძღვარმა და სამმა კალატოზმა პირველ ფარდულამდის მიაღწიეს, თავზარდაცემული მონები გამორბოდნენ თავპირისმტვრევით ეზოში.
მონას, წათაიას, გამოსჩენოდა იღლიაში პირველი სვირინგი.
დამფრთხალიყვნენ ნარებზე მწოლარენი, სწორედ ამ დროს შეეტანათ ოსპით სავსე ქვაბი ფარდულში.
დასტაკებოდნენ მზარეულებს მუშები, ორივენი წაექციათ, ქვაბი გადმოუყირავებიათ, ხელფეხდათუთქულნი მიწაზე ფართხალებდნენ, გულისმომკვლელად ყვიროდნენ ბედშავნი.
ფარდულის კარებს აწყდებოდა დაშინებული ბრბო, შიგ შესვლა ვერ გაებედნა ვერავის.
შემოესმა თუ არა დამდუღრულების ყვირილი, ბრბო გაარღვია არსაკიძემ, გზა შეუკრეს კალატოზებმა:
ნუ შეხვალ ამ ფარდულში, ოსტატო, ჟამიანი მანდ წევსო ახლაც ბოდოკია გამოეყო ლაზებს, თან გაჰყვა ხუროთმოძღვარს მეფისას.
აიყვანეს დამდუღრულები, გამოათრიეს სათითაოდ გარეთ. მოატანინეს მარილი, დამდუღრულებსაც არ გაეკარნენ მონები.
თავათ გახადეს დამწვართ სამოსი, მარილი დააყარეს დათუთქულ სხეულზე ორთა.
ხელის დაბანაც ვერ მოასწრო არსაკიძემ, გიორგი მეფე, ზვიად სპასალარი, მცხეთის მიტროპოლიტი, ამალითურთ შემოსულიყვნენ ეზოში, ტაძარი დაეთვალიერებინათ, შემდგომ ამისა წინასწარ გამოეკითხა ყოველივე წვრილად. განმგეთუხუცესი თავზე წამოადგა ხუროთმოძღვარს მეფისას.
ეუბნება, გიხმობსო მეფე.
არსაკიძე ხელს იმშრალებდა იმ წუთში.
მოახსენა: ჟამიანის ფარდულში ვიყავი, ამიტომაც ვერ ვეახლებიო მეფეს.
ხელახლა მივიდა განმგეთუხუცესი:
მეფე გიბრძანებსო მოსვლას.
არსაკიძე მიეახლა, საპატიო მანძილზე შესდგა, თაყვანისცა გიორგის, მეფემ გაუღიმა, ახლოს მოსვლა უბრძანა.
“შენზე ნაკლებად მამაცი ხომ არ გგონივარ, ლაზო?”
მერმე გაუღიმა, მაგრად ჩამოართვა ხელი და ეს უთხრა:
ხუროთმოძღვრების დიდოსტატი დიდი ვაჟკაციც ყოფილხარო, ლაზო!