– L –
შავი არაგვი შორს იყო ჯერაც, ზნაურას ცხენი დავარდა სავსებით.
ფეხდაფეხ მისდევდა მხედარი, სახრეს უშენდა, ლანძღავდა პირუტყვს.
ბევრს ეცადა არსაკიძე, მაგრამ უგუნებობა ვერ გადაჰყარა შორენას. რაც უფრო ახლოს მიიწევდნენ ფხოვის მიწისკენ, უფრო მოუთმენელი ხდებოდა იგი.
დიაკონი და მისი ჯაგლაგა ცხენი ფრიად აყოვნებდნენ მგზავრობას. სიკვდილს ებრძოდა თავქვე დაკიდული ინდოური, მოეშვებოდა ფეხებზე შებმული თასმა, დაყუნცდებოდა დიაკონი, ახლა ინდოურს დაუწყებდა გინებას. ისევ შეიბამდა წელზე, კვლავ ცხენს დაუშენდა სახრეს.
ცხენს შეაყენებდა შორენა, მოხედავდა ზნაურას კი არა, გზას.
ერთხელ ასეთი რამეც უთხრა არსაკიძეს: მოდი, ზნაურა დავტოვოთ, ჩვენ ორთა ვიაროთო სწრაფად.
გზა არ იცოდა არც ერთმა, კითხვა-კითხვით სვლას ისევ დიაკონთან ერთად სიარული არჩიეს.
მთის ცხვირს ჩრდილიდან შემოუარეს, მაგრამ გზა აღარ იყო უკვე, ხევ-ხევ უნდა ეარნათ, რადგან წყალს წაეღო გზა, ხოლო ხევი ისე დახერგილი იყო ლოდებით, ცხენებს მუცლამდე წვდებოდნენ ისინი.
ხევი მოათავეს, ახლა უფსკრულების შემრეცილ კიდეებს მიჰყვა ბილიკი, მხარმარცხნით მთები იყო, მხარმარჯვნით ქარაფები, ხოლო ქარაფების გადაღმა დეკათი მოფენილი ტაფობი მისდევდა ბილიკს.
შორენას და არსაკიძესაც ტაატით მიჰყავდათ დაღმართში ცხენები.
"გახსოვს, უტა, ტყეში რომ შემოგვაღამდა ერთხელ, ორი დიდოელი თავს დაგვესხა, მე გატაცება მომინდომეს, შენ ხმალი გააშიშვლე, ერთი დასჩეხე, ხოლო მეორე ქარაფიდან გადაიხვეწა. ახლა რომ თავს დაგვესხას ვინმე, ნეტავ, შენ რას იზამ უტა?"
"მე ამის პასუხი მომიცია შენთვის. არ მიყვარს ქადილი. ჩემო".
სწორედ ამ დროს გაიშხუილა მათრახმა და უკანიდან ყვირილი შემოესმათ.
ჩოხიანებს ზნაურაჲ შეესვათ ცხენზე. ორი მხედარი უკან მოჰყვებოდა, მათრახს უშენდნენ ხან ცხენსა და ხან კაცს.
ცხენი შეაბრუნა არსაკიძემ, მშვილდი ჩამოიღო მხრიდან.
წინ გადაუდგა შემობრუნებულ მხედარს ბოქაი.
ხმლისამოუღებლად უყივლა:
დაგვნებდიო!
როცა არსაკიძის მიერ გასროლილი ისარი თვალის უპეში მოხვდა, ჩამოუქროლა, ხმალი ააცდინა და დაუჭრა ცხენი.
გზა ვიწრო იყო. ძლივს იკავებდნენ დუჟმორეულ ულაყებს.
ზნაურაჲ და მისი ჭაკიც გაჩხირულიყვნენ ზედ. ამიტომაც სწრაფად ვერ შემოუტიეს დანარჩენებმა.
შორენამ ისარი მიაყოლა ბოქაის, იგი უკვე უნაგირიდან გადმოკიდებულიყო, მიჰქროდა ცხენი, ხელებით მიფოცხავდა პატრონი მტვერს.
არსაკიძე გადმოხტა, იფარა ცხენი.
ორმა ძმამ ჩამოუქროლეს, უმარჯვოდ მოუქნიეს ხმალი. ცხენი მოუკლეს, დასჭყივლეს. უკან გამოუდგნენ ბოქაის, ორსაც ზნაურა ებღაუჭებოდა; კეტივით იქნევდა დიაკონი ხმალს.
შორენამ აზარაის დაატაკა მკერდულით ცხენი, რაინდი მოერიდა დიაცთან შებმას. არსაკიძეს გადაუქნია ხმალი, თავისი დაახვედრა ბარძაყში დაჭრილმა, მაჯის ქვემოთ წააცალა ხმლიანი მარჯვენა.
ახლა ზაზას გადაუდგა კოლონკელის ასული ცხენდაცხენ, მკლავში სტაცა ვაჟკაცმა ხელი, ორივეს დაუფრთხა ცხენები, არსაკიძეს ჩაუქროლა ოვსმა, ხმალი დააცდინა, ვერც ცხენი შეიკავა დროზე.
ზნაურამ იდროვა ამ აურზაურით, ხელიდან გაუძვრა ცცოის და მიჰყვა ჭენებით შორენას.
ხმალშემართული წამოვიდა ცცოი. ხმალი შეაგება ლაზმა, მაგრამ ასხლეტილი მახვილი მაინც მოხვდა მარცხენა მხარზე. შეჰქანდა, გადაეშვა ქარაფიდან უფსკრულში.
ცხენი შემოაბრუნა ცცოიმ, დასჭყივლა მჭახედ, გადმოხტა, მაგრამ ვერსად მიაბა. ბოლოს მოისაზრა: მოკლულის აღვირზე დაემაგრებინა.
კბოდედან ძირს ჩასვლა დაეზარა, თანაც შეებრალა დაკოდილი ვაჟკაცი, ისევ შემოახტა ცხენს და გაჰყვა დანარჩენ ძმებს.
დიდხანს იკოტრიალა ორგზის დაჭრილმა თავდაღმართში, დეკას კლერტოებს ებღაუჭებოდა, მიგორავდა უფსკრულისაკენ. უვნებლად მიაღწია ხევს, მცირე ხანს იწვა გატვრინული, გრძნობდა, თუ როგორ სდიოდა სისხლი.
ბოლოს წამოდგა არსაკიძე გაოგნებული. ცალი ხელით ჩოხა შეიხსნა, პერანგი გაიძრო, ხმლით დაჰკეპა იგი, მხარი და ბარძაყი შეიხვია ძლივს.
ხმალს დაბჯენილი ამოფორთხდა გზის პირად. ყური მიუგდო ჩქამს. ადამიანის ჭაჭანება არსაიდან ისმოდა. მხოლოდ ჩხიკვები უხმობდნენ საღამოს, როჭო წიოდა საწყალობლად დეკაში.
ასე ფიქრობდა კონსტანტინე: სადმე გადავაწყდებიო ცხენოსნებს, შევაკვდებიო მტერს.
ზნაურას ქუდი და მკვდარი ინდოური ეგდო ბილიკზე. გაუვლიათო, იფიქრა, ისევ გამობრუნდა უკან.
მიდიოდა ხმალს დაბჯენილი, მიკელანობდა, იცლებოდა სისხლისაგან, სისხლმოწყურებული.
ცხენების თქარუნი შემოესმა ანაზდად.
კუნელის ბუჩქები შენიშნა ქარაფის კიდეზე. გაინაბა. ხმალშემართული უცდიდა მტერს.
მწუხრი ეშვებოდა მთების უბეებში. დასავლეთისაკენ ელავდნენ ღრუბლები.
სამი მხედარი ჩამოდიოდა დაღმართში. ორი ცხენი თან მოჰყავდათ მარქაფად.
დააცქერდა: შუბოსნები აღმოჩნდნენ.
ოვსები არ უნდა ყოფილიყვნენ ესენი, ჰოროლები თან არა ჰქონდათ ბოქაისა და მის ძმებს.
ქართული ლაპარაკი შემოესმა ჩასაფრულს.
ხმალს ზედ დაეყრდნო, წინ გადაუდგა მხედრებს.
ჰკითხავდა: სხვა ცხენოსნები ხომ არ შეგხვედრიათო გზაზე?
ხევს გადაღმა ვნახეთ ცხენოსნები, ქორსატეველასკენ მიდიოდნენო ტაატით.
სამი რაინდი მიათრევდა მკვდარს. ერთ შეცხადებულ დიაცს ძლივს ამაგრებდა ორი.
მელოტო ბერიკაცი უკან მისდევდაო უქუდო.
შუბოსნები ლარგვისის ციხისთავის წარგზავნილები აღმოჩნდნენ.
როგორც კი გაიგეს, მძიმედ დაუჭრიათო ხუროთმოძღვარი მეფისა, ცხენზე შესვეს და მცხეთისაკენ გააქროლეს დაუყოვნებლივ.