– XLVII –
გამართლდა ფარსმან სპარსის სამთვარიოს წინათქმა, შაბათ საღამოს მცხეთიდან დასავლეთით გამოჩნდა ერთი სავსებით უცნაური ვარსკვლავი მახვილის სახისა.
ქარი ჰქროდა, აზანზარებდა ცასა და მყარს.
დიდხანს უთვალთვალებდა სახლის ჩარდახიდან ფარსმან სპარსი ამ ვარსკვლავს, როცა იგი დასავლეთის კერძო გაჰქრა ისევე, ფარსმანი ძირს ჩამოვიდა.
ვარდისახარი ტანზე იხდიდა სწორედ.
მივიდა, შიშველ მკლავზე უჩქმიტა ცოლს. ეუბნება:
“თუ მეფემ მალემსრბოლი გამოგზავნოს კვლავ, ასე უთხარით: ავდაა-თქო ფარსმანი”.
“მეფე უფლისციხეს წასულა ამ დილით”.
ამცნო ვარდისახარმა.
“შენ ვინ გითხრა ეგა?”
“სამთავროში ვიყავი, იქ ამბობდნენ ბერები”.
“დღეს წირვა იყო სამთავროში განა?”
“მთავარეპისკოპოზი ილოცავდა, მთელი მცხეთა მანდ იყო”.
“რაო, რა იჩურჩუტა რაჟდენმა?”
“უშჯულოებისა ჩვენისათვის წარმოგვიგზავნაო უფალმა ჟამი, მწვალებელნი და მკრეხელნი მომრავლდნენო მცხეთაში. საერისთავოებშიაც დაეთრევიან ზოგნი, აპამპულებენო ქრისტეს შჯულს”.
ფარსმანს ენიშნა რაჟდენის სიტყვები.
“მაინც რას ამბობენო ის მწვალებელნი, როგორა სთქვა მიტროპოლიტმა, ვარდო?”
შეეკითხა ცოლს.
“ღვთისმშობლის უხრწნელობის ამბავს სათუოდ სთვლიანო ზოგნი, ხანაც ასეთ კითხვებს აძლევენ მართლმორწმუნე ქრისტეანებს: რამდენი ანგელოსი დაეტევაო ნემსის წვერზე? “
ფარსმანმა შენიშნა, ვარდისხარიც ამრეზილი იყო ამ “მწვალებლებისა და მკრეხელების” მიმართ. იგინებოდა, ასე ამბობდა: მე რომ ვიცოდე, ასეთ მკრეხელობას ვინ ჩადის, პირველი ჩავქოლავდიო ამ სიტყვების წარმომთქმელს.
“განა ასე საჭიროა დიაცისათვის უხრწნელობა? არც შენ ყოფილხარ მაინცდამაინც უბიწო, ვარდო, მაგრამ შენ ხომ უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე რომელიმე, უხრწნელი ქალწული, ხომ?”
ვარდისახარი აპილპილდა.
“თუნდაც ფანასკერტელის ქალი, რუსუდან, არა? ერთი იგი გყავდა უხრწნელი?”
დაუყვავა ფარსმანმა იჭვნეულ დიაცს.
მიეახლა, შიშველ ქედზე ხელი მოუცაცუნა. ეუბნება იდუმალი ხმით:
“ხვალ ნუ გახვალ ქალაქში, ვარდო. შენ ხომ იცი, სვეტიცხოვლის მშენებლებს დარევიათ ჟამი, ლაზი მოუკლავს ერთი.
შენ ხომ გაგიხარდება, ეგ ლაზები ერთბაშად რომ გასწყვიტოს ჟამმა, ააა, რას იტყვი, ვარდო?”
ეს უთხრა ფარსმანმა ცოლს, თვალებში ჩააცქერდა ღიმილით.
სალოკი თითი მიადო ნიკაპზე, სწორედ იქ, სადაც ოდნავ, სულ ოდნავ ჩაზნექილი იყო კანი (ეს მოსწონდა ბებერ ფარსმანს ფრიად. ეროსის თითით დატვიფრული აქვსო ნიკაპი, ეროსის თითის მეტი ჯერ არაფერი მოხვედრიაო ჩემს ცოლს, იხუმრებდა ხოლმე ვარდისახარის თანდასწრებით ფარსმანი).
არად მიიჩნია ეს მოფერებაც ქალმა მშვილდივით მოდრეკილი წარბები ზეაწკიპა, მოვის პერანგზე მარგალიტის ღილები შეიხსნა და ეუბნება ქმარს:
“მე ფხოველი დიაცი ვარ, იცოდე, არ მიყვარს, როცა ჩემს მაგივრად სხვა იძიებს ხოლმე ვინმეზე შურს. შენ რომ გულისხმობ, იმ ლაზს, ჟამსაც არ დავანებებ, იცოდე”.
“ჰე, ჰე, ჰე”, - ხითხითებს ბერიკაცი, - ახლა მარჯვენა ძუძუს დაადგა თვალი, ექილიკება ცოლს:
“ამ ძუძუზე გიკბინა მალემსრბოლმა მეფისამ, ვარდო, არა? რა უცნაურია ეს მეფე გიორგი, ვარდო, როგორ დაგეშილი ჰყავს ავაზები და მალემსრბოლები? ვისი დაკბენაც თავათ მოუნდება, სწორედ იმას დაჰკბენენ იგინი. ააა, შენ რას იტყვი, ვარდო?”
უაღრესად მოიღუშა დიაცი. სანახევროდ გაშიშვლებულ ძუძუებზე ორივე ხელი დაიფარა და ამრეზილი გაიშოთა საწოლზე.
მცირე ხანს იწვა გაოგნებული. მერმე დაამთქნარა და კედლისაკენ იბრუნა პირი.
თებრონია კარისალაგთან მიგდებულიყო, პირქვე დამხობილი ხვრინავდა დიაცი.
ფარსმანმა ცას ახედა. თავისი საწოლი სარკმელთან მიაჩოჩა. შემდგომ ამისა, ზეზეურად წამოწოლილი დიდხანს უთვალთვალებდა ვარსკვლავეთს.
ხელახლა გამოჩნდა ის ვარსკვლავი მახვილის სახისა.
მცირე ხანს უმზირა ფარსმანმა, მერმე უკან მოიხედა ანაზდად.
ვარდისახარი უძრავად იწვა. ტყირპიანი თებრონია ხვრინავდა კვლავ.
“ხომ არ გძინავს, ვარდო, ააა, ვარდო?”
არაო, მიუგო დიაცმა და დაამთქნარა ხელახლა.
“ხვალ ნაშუადღევს დიდი მიწისძვრა იქნება, იცოდე, ნურავის ეტყვი, ნურც შენ გახვალ ქალაქში, ვარდო, შესაძლოა ქარვასლები წამოიქცნენ, მეფისა და კათალიკოსის სასახლე გაცამტვერდეს, სვეტიცხოველი აყიროსავით მოაძროს. შენ ნურსად წახვალ, იცოდე, თებრონია გაგზავნე ბაზარში, ვარდო”.
ვარდისახარი წამოდგა საწოლზე. საკუთარ ყურებს არ უჯეროდა ამის გამგონე, ხოლო ფარსმანმა განაგრძო:
“შესაძლოა ამაღამ, ნაშუღამევს შეგვატოკოს სატანამ მცირედ, მაგრამ შენ არ შეგეშინდეს, ვარდო”.
ვარდისახარი ზეწამოიჭრა. “მაგას რას ამბობ, კაცო, სჯობს ტანზე ჩავიცვათ, არა?”
“ნუ გეშინია, დიაცო, ამაღამ არ უნდა იქნეს ისე ძლიერი, ალბათ”.
ვარდისახარი საწოლიდან წამოვარდა შეშინებული, ფეხშიშველა დარბოდა აგურის იტაკზე, მერმე კუთხეში დაიჩოქა ხატების წინაშე.
მუშტები დაუშინა თავის მშვენიერ მკერდს, თითქოს ინანიებდა საკუთარ ხორცისმიერ ცოდვებს, ლიტანიობდა. იატაკს უსწორებდა შუბლს.
ლოცვა მოათავა თუ არა, ფარსმანს წამოადგა თავზე ნახევრად შიშველი დიაცი.
ეუბნება:
“თებრონია არ გავაღვიძოთ?”
“ნუ, ნუ გააღვიძებ თებრონიას ბედშავს, ძილში სიკვდილის მონატრულია თებრონია, ვარდო”.
დიაცი გააოცა მისმა უგულობამ. ფარსმანი ისევ სარკმლისკენ მიბრუნდა, დამშვიდებული უთვალთვალებს ცას.
“თებრონია, თებრონია”, - უყვირის დედინაცვალი გერს. თებრონია განაგრძობს ხვრინვას. ბოლოს წიხლი ჰკრა ვარდისახარმა მძინარეს.
დამდუღრულივით ათუხთუხდა ტყირპიანი დიაცი, თვალებს იფშვნეტს შეშფოთებული.
რა შემოესმა მიწა იძვრებაო, ნახევრადშიშველი წამოვარდა მყისვე, დაფათურობდა, ეძებდა ირგვლივ დაყრილ ძონძებს, პირჯვარს იწერდა, ევედრებოდა ღმერთს: გადაარჩინეო ეს ქვეყანა წარღვნას.
ახლა ვარდისახარსაც გადაედო შიში.
ზანდუკს მივარდა, საჩქაროდ ამოჰყარა თავისი კაბები, შორენას მიერ ნაჩუქარი ქათიბები, საწმერთულები, პერანგები, მანდილები, ქუდები, ვერცხლის ჭურჭელი, ზოგი ნაჩუქარი, ზოგიც ნაპარავი, მაგრამ ერთბაშად წარმოიდგინა, ვერ მოვასწრებთო ყოველივეს გარეთ გატანას.
თებრონია მოიშველია, ისევ ჩაჰყარეს ეს ნივთები, ახლა სავსე ზანდუკს დაეჭიდნენ დიაცები, მაგრამ ადგილიდან ვერ დასძრეს იგი.
ვარსკვლავებს უთვალთვალებდა ფარსმან სპარსი კვლავ.
ხელახლა ამოჰყარეს ზანდუკიდან საბადებელი. თებრონია დატვირთა ვარდისახარმა, მერმე თავათ დახვია მკლავები და გარეთ გაათრიეს მზითევი.
ფარსმანი მობრუნდა, ამშვიდებდა ცოლს. ეფიცებოდა: დღეს არ იქნებაო ძლიერი მიწისძვრა. ყურიც არ ათხოვა შეშფოთებულმა.
ფარსმანი ისევ სარკმელისკენ მიბრუნდა, შესცქეროდა შეწითლებულ ცას.
კვლავ შემოვარდა ვარდისახარი, სპილენძის ჭანგები დავიწყნოდა, თმის სახვევი, ზანდუკში.
როცა ჭანგები იპოვნა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა მეუღლე.
“ადექი, ბაღში გამოდი, ბატონო”.
ადგილიდანაც არ დაძრულა ფარსმანი, გულში გაეცინა. სპილენძის ჭანგებზე უფრო გვიან რომ გაახსენდა ცოლს. თვალიც არ მოუცილებია მახვილის სახის ვარსკვლავისათვის, ისე მიაძახა დიაცს:
“გაეთრიე, დედაკაცო, გარეთ, თორემ თავზე დაგეცემა ჭერი”.
კარის ალაგთანაც არ იყო ვარდისახარი მისული, როცა მაგრად შეტოკდა ციხისებური სახლი, შეტორტმანდნენ კედლები, ახლა ფარსმანმაც იკადრა წამოხტომა, ფეხშიშველა გაირბინა ქვითკირის დარბაზი და მიაძახა კიბის თავთან წაქცეულ ცოლს:
“ეგებ დაილეწოს ეს ქვეყანა, ვარდო, ახალში მაინც მიმიწვევენ ხუროთმოძღვრად”.
“თებრონია, თებრონია!” - კიოდა ვარდისახარი, მაგრამ თებრონია პირქვედამხობილი ეგდო მიწაზე, ლოცულობდა და სტიროდა.
ქარი აფორიაქებდა ხეებს, ასე რომ, დედინაცვლის ძახილი არც კი მისწვდენია ამ წუთში მას.