prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

დიდოსტატის მარჯვენა — თავი LIX

კონსტანტინე გამსახურდია · პროზა

– LIX –

ხელახლა იფეთქა შავმა ჭირმა მცხეთაში, მოკვდა სამთავროს მონასტრის მამაი სტეფანოზ. სარკინოზებმა ჩამოუქროლეს მტკვარს გადაღმელ სოფლებს. მელქისედეკმა გააშენა ოდესღაც ესენი. სვეტიცხოველს შემოუმტკიცა სიგელით.

ჯარი დაადევნეს, გააქციეს მტერი.

სტეფანოზ ბერის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოსთქვა მთავარეპისკოპოზმა, რაჟდენმა.

მწვალებლები გვყავსო მცხეთაში, ამიტომაც არ გვშორდებაო ჟამი. ბოლოს პირუთვნელად ამხილა ფარსმან სპარსი, იგიაო მწვალებელთა მამამთავარი.

გიორგი უფლისციხეში იყო.

გააფთრებული ბრბო შინ მიეჭრა ფარსმანს, ჩაქოლვას უპირებდნენ, მაგრამ გაიოზ ბერმა მოუსწრო, დავდაღოთო ეშმაკის თანაზიარი.

გაახურეს სპილენძის ტვიფარი, მელის სახისა, შუბლზე დაარტყეს მწვალებელს.

არც უფლისწულს ბაგრატს უყვარდა ფარსმანი. მოშთობა ეწადა მისი, მაგრამ მიმინოების მეწამლე და მჩხიბავი სხვა არავინ გამოჩნდა.

მცირე საბაბმაც იკმარა ბოლოს: ბაგრატს მიმინო გაუხდა ავად. ფარსმანმა ოყნა გაუკეთა ფრინველს.

მორჩენის ნაცვლად მოკვდა მიმინო. განრისხდა ახალგაზრდა ბატონი, დილეგში ჩააგდეთო ”მაგ წარმართი".

ისევ გაგორდა ჭური თვითმოძრავი. . .

დილეგიდან გაიპარა ტუსაღი, სარკინოზებთან გაიქცა იდუმალ.

დიღომთან შეიპყრეს სამეფოს სპათა. დიდხანს აწამეს ფარსმანი. ხელის ფრჩხილებიც დააძვრეს, ჯავარდენების წრთობის საიდუმლო მაინც არ გასთქვა.

ამ წამების დროს შემოაკვდათ მოხუცი.

ასე რომ, ღვინის ქურდი თხლეს გადააყოლეს.

* * * * * * *

ცუდ ფეხზე მოსულიყო იმ დღეს მცხეთის სასახლეში ვიგრი. წინა ღამეს წალაპარაკდნენ მეფე და უფლისწული.

ეს ამბავი ასე დაიწყო: წიგნი მოუვიდა ბიზანტიონიდან ბაგრატს.

ნავახშმევს ბიზანტიელების ძაგება დაიწყო გიორგიმ. უფლისწულმა ასეთი რამ შეჰკადრა მამას:

თავშეკავება გმართებსო საუბრის დროს, მეფევ ბატონო, იმ დღესაც აუგად გიხსენებია კეისარი და მთელი ბიზანტია.

ფარსმანს სულ სხვა რამ უთარგმნია კასავილასთვის იმ დღეს. ხოლო ბიზანტიელი სტუმრების წასვლის წინ, წვრილად გადაუცია შენი ნაბრძანები კატეპანისთვის.

კასავილამ ახალ კეისარს მოახსენა, ამიტომაც გამომაკიდესო თურმე მდევარი.

მეფე გაცხარდა და უყვირა ვაჟს, შენც გაგრყვნესო ბიზანტიელებმა, კარგი უქნია ფარსმანს, უჩემოდ რომ მიუხლია კასავილასთვის სიმართლე პირში (გულში სხვას ნატრობდა: ნეტავ შემეძლოს მეორეჯერ მოვკლაო ფარსმანი).

სწორედ მეორე დღეს დიდ დარბაზში შემოვიდა მთავარეპისკოპოზი რაჟდენი. მეფე ნარგილეს მიჯდომოდა და თრიაქსა სწევდა.

მიმოიხედა ვიგრმა, რა დარწმუნდა არავინ არისო სხვა, ამცნო შორენას დაღუპვის ამბავი გიორგის.

უსიტყვოდ წამოდგა მეფე, საწოლის დარბაზში შევიდა. მესაწოლე დაითხოვა, კარები გადაიკეტა თავათ. ინით შეიღება წვერი, მდაბიორის სამოსი ჩაიცვა კვლავ.

საღამოს უშიშარაისძე ახმობინა, პიპა.

შემდგომ ამისა, არც არავინ უნახავს, თუ როგორ გავიდნენ სასახლიდან ორნი, ან ცხენები როგორ გაიყვანეს საჯინიბოდან.

ერთ კვირას ასე ეგონათ: სანადიროდ წაბრძანდაო საფურცლეს მეფე, მერმე უფლოსციხეში იგულეს, მალემსრბოლები აფრინეს ორგანვე.

მისი მნახველიც ვერავინ იპოვნეს. ერთადერთი ნუგეში ეს იყო: მადევარი ძაღლიც აღარსად იყო ყურშაი.

აფხაზეთს შიკრიკები წარგზავნეს, თმოგვში მოიკითხეს, ფანასკერტის ციხეშიაც აღარ აღნოჩნდა. მტკვარსა და არაგვში აძებნინეს მებადურებს. არც მეფე სჩანდა სადმე, არც მალემსრბოლი უშიშარაისძე.

მხოლოდ ერთი რამ მოიგონა უფლისწულმა, უკვე ბაგრატ მეოთხემ: იმ უბედურ ღამეს ვიღაცამ მაკოცაო ძილში. მინდოდა მენახა, მამა თუ იყო-მეთქი. მაგრამ ძილმა წამართვაო თავი.

ბოლოს ხალიფას ალ-ჰაქიმის იდუმალი გაუჩინარების ამბავი გაახსენდათ, გამოიგლოვეს სასახლეში მეფე.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — კონსტანტინე გამსახურდია.

სრული ტექსტი განთავსებულია უფლებამფლობელის ნებართვით. ტექსტის წყარო: aura.ge. ტექსტი გადასამოწმებელია უფლებამფლობელის მიერ დადასტურებულ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.