– XXIII –
ხუროთმოძღვართუხუცესის სასამართლოში მოწოდებამ დიდი მითქმა-მოთქმა აღძრა მცხეთის სასახლეში. ნამდვილი ვითარება საქმისა სამიოდე პირმა იცოდა მხოლოდ.
მიუხედავად ამისა, ფარსმანის დასჯას მოითხოვდა დიდი და მცირე, განსაკუთრებით მარიამ დედოფლისა და მელქისედეკ კათალიკოსის მემხრენი. ყველას, ყველას სძაგდა ფარსმანი თავისი ყბადაღებული «წარმართობისა» და მუსლიმური ჩაცმულობის გამოც.
არც დედოფალს მოსწონდა თავიდანვე იგი, მაგრამ მის შემცვლელს ვერავის ხედავდა ეკლესიათა მშენებლობით გატაცებული, ამიტომაც ითმენდა «სახითა ბარბაროსს და სჯულითა ტარტაროზს» (როგორც უწოდებდა ხოლმე ეზოსმოძღვარი ფარსმანს).
მარიამ დედოფლის ოცნება ეს იყო: მთელი საქართველო ეკლესიად და მონასტრად ექცია; არა მარტო საქართველო და სომხეთი, მთელი ქვეყანა.
აფხაზეთიდან ახლადჩამოსულს ამბავი დაახვედრეს უფლისციხეში: მეფემ და კათალიკოსმა ახალგაზრდა, ქრისტიანი ლაზი დააწინაურესო. ფრიად გაიხარა დედოფალმა, თუმცა ჯერ არც არსაკიძე ენახა და არც მისი ნახელოვნები.
უფლისციხეშივე ამცნეს: ფანასკერტელის ქალს გამიჯნურებია მოხუცი ფარსმანი. თუმცა ფანასკერტელიც ისევე სძაგდა, როგორც ყოველი ნაშიერი დიდაზნაურთა გვარისა, მაინც მოითხოვდა ფარსმანის დასჯას.
ყველაზე მეტად წმ. გიორგის მცხეთის სასახლიდან «გაპარვამ» დააღონა მარიამი, უდიდესი უბედურების მაცნედ მიიჩნია ეს ამბავი.
მცხეთაში ჩამოსვლისთანავე ითავა და მერმე ის იყო, მეფემ, კათალიკოსმა და ეზოსმოძღვარმა დიდძალი საკლავი წაასხმევინეს ნოკორნას, თაყვანი სცეს ახალ საბრძანისში წმინდანს.
ფხოველნი, წანარნი და ღილღვნი მოაწყდნენ ნოკორნას მონასტერს იმ დღეს.
თავათ კათალიკოსი სწირავდა. ნაწირველს დიდხანს იქადაგა მელქისედეკმა. მეფემ დაიჩოქა და ეამბორა განრისხებულ ღვთაებას. შემდგომ ამისა, დედოფალი მიეახლა ფორთხვით, მდუღარე ცრემლებით დაალტო ხატი, თავის ოჯახზე გულის მობრუნება შესთხოვა წმინდანს.
ამაოდ ეცადა ეზოსმოძღვარი როგორმე წვრილად მოეხსენებინა ფარსმანის დანაშაულის ნამდვილი ვითარება დედოფილისათვის, მაგრამ საამისოდ ისეთი ბიწიერი სიტყვები უნდა ეხმარა, მათი წარმოთქმაც ვერ გაჰბედა შემასმენელმა.
მარიამ დედოფალი სომეხთა მეფის ასული იყო. მან შემოიტანა სასახლეში აფხაზთა მეფეებისათვის სავსებით უცხო, ასკეტური სული.
მარიამი თვალს ადევნებდა არა მარტო რელიგიური რიტუალების სასახლეში შესრულებას, არამედ მონასტრებისა და ეკლესიების ყოფას, მღვდელმთავართა, ეპისკოპოზთა, მოწესეთა ზნეობას.
მისი ყოვლისმხილველი თვალი და ყოვლისმსმენელი ყური ეზოსმოძღვარი ამბროსი იყო, იგი უთვალთვალებდა არა მარტო სამღვდელოთა, არამედ თავათ მეფეს, მის ვაზირებსა და ერისთავებს.
ფარსმანის საქმის გამო დაჟინებით სდუმდა გიორგი, რადგან კარგად იცოდა მეფემ: მის მიერ თუნდაც რაიმე აზრის გამოთქმაც განჩინების წინასწარ გამოტანა იქნებოდა უთუოდ.
ზვიად სპასალარიც თავს იკავებდა. მაინცდამაინც არც მას უყვარდა ფარსმანი, მაგრამ როგორც ყოველ საქმეში, აქაც სამხედრო მოსაზრება ამოძრავებდა სპასალარს მხოლოდ.
კარგად ჰხედავდა: დღითი დღე რთულდებოდა ბიზანტიასთან ურთიერთობა. «კომნინის შეთქმულებას» საშინელი დევნა მოჰყვა, ეს ყოველივე ქართველობას დაატყდა თავზე.
ცნობილია: ვესტარხების ხარისხს მარტოოდენ ქართველებსა და სომხებს ანიჭებდნენ ხოლმე ბიზანტიის კეისრები. უკანასკნელ წლებში მხოლოდ სომხებს მიუბოძა ბასილ კეისარმა ეს ხარისხი.
ბიზანტიონში შეიპყრეს ჯერ კიდევ დავით კურაპალატის დროს სამშობლოდან გაქცეული კლარჯეთელი აზნაურები, სავსებით უბრალოდ დაუკავშირეს ისინი «კომნინის საქმეს», მსტოვარების მიერ საგანგებოდ შეთხზულს.
ამგვარი ატმოსფერო შეურიგებელ აზრთა სხვაობას იწვევდა გიორგი მეფის სასახლეში. დედოფალი და კათალიკოსი ისე გაიტაცა ბრმადმორწმუნეობამ, რომ ისინი საქართველოს მტერს როდი ჰხედავდნენ კეისარში, არამედ ქრისტიანული სამყაროს უზენაესს არსებას, რომელიც ვითარცა რომის იმპერატორი და «პონტიფექს მაქსიმუმ», მხოლოდ ღმერთს უთმობდა პირველობას ამქვეყნად.
ბიზანტიასთან სჯულის ერთიანობით დაბრმავებულმა თავისი სამეფო გადასცა ბასილი კეისარს სენაქერიმმა, სომხეთის მეფემ.
ზვიადი ამჩნევდა: «კომნინის შეთქმულება» საქართველოსაკენ მოღერილი მახვილის ალესვას მოასწავებდა მხოლოდ.
ასეთ დროში ფარსმანისთვის თვალების დაწვა არც ისე იოლად გადასაწყვეტი იყო.
ეკლესიათა მშენებელი დიახაც მოიძებნა, მაგრამ მეფისა და სპასალარის გარდა არავინ უწყოდა, რომ რკინათა მკვეთელ ხმალთა წრთობის საიდუმლო ერთმა ფარსმანმა იცოდა მხოლოდ.
ამ საიდუმლოს სხვისთვის გადაცემას არც აპირებდა იგი.
გარდა ამისა, არც საქართველოში, არც წინა აზიაში ფარსმანზე უფრო დიდი მცოდე ციხეთმშენებლობისა ზვიად სპასალარს არ ეგულებოდა.
* * * * * * *
მეფე გიორგი უჩვეულოდ ღელავდა. სამჯერ გადაადებინა საქმე. ბოლოს მარტის 27-ს უნდა წარსდგომოდა სასამართლოს ფარსმანი.
ახმობინა მეფემ მსაჯულთუხუცესი, დედათა მონასტრის წინამდგომი ვერხაულისძის ქალი და ეზოსმოძღვარი.
გამოუცხადა: ფანასკერტელის ქალის საქმე არავისთვის ემცნოთ მსჯავრის გამოტანამდის. თვით მარიამ დედოფლისათვის არ გაემხილათ საქმის შინაარსი. უსასტიკესი სასჯელით დაემუქრა სამთავეს.
შემდგომ ამისა, მსახურთუხუცესი წარგზავნა, მელქისედეკ კათალიკოსი აწვევინა. სამგზის ეახლა იგი მელქისედეკს, სამგზისვე ლოგინად ჩავარდნილი დაუხვდა მელქისედეკი მოციქულს. მეფე თავათ იყო სასამართლოს უზენაესი წინამდგომი. მისთვის დიახ უხერხული იქნებოდა საქმის მოსპობის, ან ფარსმანის შეწყალების მოთხოვნა, რაკი მოაჯის - ფანასკერტელის ქალის ძიება საქმეში იყო ჩართული.
ბოლოს თავათ დააპირა კათალიკოსთან წასვლა, მაგრამ ერთიც ვნახოთ, სადარბაზოდ მოსული მეფე გაეწბილებინა მელქისედეკს?
ეს დიდად საჩინოდ გახდიდა მათ შორის უჩინარად წარმოებულ ბრძოლას.
რაკი კათალიკოსთან სათათბიროდ წარგზავნილისათვის ფრიად დიდი და იდუმალი საქმენი უნდა გაემხილათ, ზვიად სპასალარმა თავათ შესთავაზა გიორგის: მე ვეახლებიო კათალიკოსს.
მეფემ დაათათბირა ზვიადი, ყოველივე წვრილად უნდა აეხსნა მელქისედეკისათვის.
დიდხანს იჩურჩულეს, ბოლოს დააბარა: არავინ დაესწრო ამ საუბრის დროს.
სპასალარმა უგუნებობა შეამჩნია გიორგის, მიზეზი ჰკითხა. წინა ღამის უძინარი ვარო, მოიმიზეზა.
თათბირი მოთავებული ჰქონდათ, მეფემ თრიაქი გადმოიღო, ნარგილე გააჩაღა და სწორედ ამ დროს მალემსრბოლი ჩამოვიდა ბიზანტიონიდან.
გახსნეს გრაგნილი და ასეთი ამბავი ამოიკითხეს:
ტაოდან იერუსალიმს სალოცავად მიმავალი ბერი ზაქარია შეეპყრო ანტიოქიის დომესტიკს. ბასილისთვის გადაეგზავნა, კეისარს დილეგში ჩაეგდო იგი.
შესწამეს თურმე ზაქარიას, მას მიეტანოს თითქოს კომნინისათვის გიორგი მეფის მიერ გაგზავნილი წითელი წაღები, და მისივე სახელით კეისრობა მიელოცნოს განდგომილისათვის.
დიდხანს ეწამებინათ ბერი ზაქარია, მისგან ამას მოითხოვდნენ, დაედასტურებინა ოღონდ: მართლაც გაეგზავნოს თითქოს წითელი წაღები კომნინისათვის გიორგი მეფეს. მყისვე განთავისუფლებას ჰპირდებოდნენ ბერს, კესარეის საეპისკოპოზო ტახტს აღუთქვამდნენ თურმე.
ზაქარიას მტკიცე უარი განეცხადებინა.
რაკი აღთქმებით ვერ გააწყვეს რა, დილეგში ჩააგდეს კვლავ, ვირთხები მიუსიეს.
როცა დაკითხვებით თავი მოაბეზრეს, სიმუნჯე მოიგონა.
ენა მოსჭრეს თურმე.
რაკი დამუნჯდი, ენა რაღად გინდაო, დასცინოდნენ ღრმად მოხუცებულს.
გიორგი გააცოფა ამ ამბავმა.
წამოვარდა, მუშტებს უშენდა ტაბლას.
«ბასილი კეისარს ეს უნდოდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი»...
ყვიროდა მეფე.
ასეთი სიტყვები არასოდეს სმენოდა მისგან სპასალარს.
ნუთუ ამას ვერ ჰხედავს დაბრმავებული მელქისედეკი? აღარც მარიამ დედოფალს ესმის ეს საფრთხე».
ზვიადს გაუხარდა ეს ამბავი ერთის მხრით, მიხვდა: დიდად წაადგებოდა იგი კათალიკოსის სიჯიუტის დასათრგუნველად.
წასვლას დაადგა ზვიადი და სწორედ ამ დროს გაიღო კარი, დედოფალი შემოვიდა დარბაზში.
სიგამხდრეს უფრო მეტად გაემაღლებინა ისედაც ახოვანი, პირხმელი ქალი. ფერგამკრთალი სჩანდა და სახეგამშრალი.
ჩინური, შავი ფარჩა ეცვა, დიდრონი ალმასების მანიაკი ირისეს დარად უთიმთიმებდა ყელის გარშემო. წვრილსა და გრძელ კისერზე უცნაურად დაბერილი, ენერგიული ძარღვები მოუჩანდა, რისხვიანად უელავდნენ წამოსივებული თვალები.
ზვიადმა თაყვანი სცა.
მშრალად მიესალმა სპასალარს.
ზედ ეტყობოდა: აფხაზეთში მოგზაურობას თუ შინ დახვედრილ უსიამო ამბებს ფრიად მოექანცა დედოფალი.
როცა სპასალარს სალამითვე მიუგო, ნაძალადევად გაუღიმა. ჭარბად წაცხებულ უმარულს ვერ დაეფარა ჩიტის ნაფეხურივით წვრილი, წვრილი ნაოჭები, ფართე და სევდიან თვალების გარშემო მომდგარნი.
უჩვეულო შარიშურით გაიარა საწოლის დარბაზისაკენ. კარის გახურვაზედაც შეამჩნია ზვიადმა, რაღაც დიდი უსიამოვნება უნდა მოსვლოდა ცოლ-ქმარს.
ზვიადმა თაყვანისცა მეფეს, ღამე ნებისაო, ჩაილუღლუღა.
გიორგი მეფე იჯდა, თრიაქსა სწევდა, არც კი გაუგონია სპასალარის გამოსალმება.
დარბაზის კარამდისაც არ იქნებოდა მიღწეული ზვიადი, როცა გიორგიმ თავი აიღო და მიაძახა:
«შენ გეტყვი, ზვიად, მობრუნდი, აქ დაჯე!»
ზვიადი გაოცდა, გიორგის არა სჩვეოდა უკუხმობა მიმავლისა, არც თუ ოდესმე დავიწყნია წარგზავნილისათვის დაბარება შესათვლელისა.
როცა ნარგილეს გვერდით მჯდარს თავზე წამოადგა სპასალარი, დიდხანს იყო გაოგნებული, თითქოს დაავიწყდაო, წეღან რომ უხმობდა ზვიადს.
იდგა გახევებული სპასალარი, ხედავდა, როგორ უსიტყვოდ იტანჯებოდა მეფე, თმა შუბლზე ჩამოფხატოდა, ღაწვები ჩავარდნოდა, სახე დაგრძელებოდა. თმის ყოველ ღერზე ეტყობოდა, თუ როგორ აფორიაქებოდა ბუნება საერთოდ გულდინჯსა და უშიშარ ვაჟკაცს.
სპასალარმა ნელა დახველა. ამით უნდოდა შეეხსენებინა ფიქრით მოცულ გიორგისათვის: რად მიხმეო წეღან?
თავი აიღო.
თრიაქი თუ გსურსო?
შეეკითხა იგი ზვიადს.
მადლობა მოახსენა: არა, უკვე არ ვწევო თრიაქს.
მეფემ სელზე დაჯდომა ანიშნა თვალით, კიდევ მცირე ხანს სდუმდა... მერმე ამღვრეული თვალები ჯიქურად მიანათა სპასალარს და ეუბნება:
«შენ გეტყვი, ზვიად, თუ მელქისედეკმა შორენას გამო რაიმე გითხრა, რას მიუგებ მაშინ?»
ზვიადი აიმღვრა.
«მხოლოდ იმას, რასაც მეფე მიბრძანებს, პატრონი ჩემი».
გიორგიმ თავი ჩაჰქინდრა და გაუმეორა:
«მხოლოდ იმას, რასაც მეფე გიბრძანებს... ჰმ»...
«რადა ბრძანებთ ამას, მეფეთ მეფეო?»
«არა, ისე ვთქვი»...
მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო:
«დედოფალი წამეკიდა წუხელ, სჩანს ეზოსმოძღვარს უჭორავნია... მარიამ ყოველივეს ამცნობდა კათალიკოსს, ალბათ, თუ მელქისედეკმა შორენას წარგზავნა მოითხოვა, აფხაზეთს წარგზავნა და ბედიაში მონაზვნად აღკვეცა, არამც და არამც არ მისცე ჩემის სახელით დასტური.ხოლო»...
აქ ისევ დადუმდა, მცირე ხნის შემდეგ კვლავ განაგრძო: «ხოლო თუ კათალიკოსი გაჯიქდეს, უთხარი ჩემის სახელით, გირშელს მიათხოვებენ-თქო შორენას, ყველისციხის პატრონს, დედიჩემის დისწულს.
ეცადე აქამდის არ მიიყვანო საქმე, თუ სხვა ღონე არ იქნეს, დაეთანხმე, გურანდუხტმა მზითევი გადმოუგზავნა-თქო უკვე, მეფემ დასტური მისცა-თქო. გირშელს მიათხოვებენ-თქო ყველისციხის პატრონს. ასე უთხარი და ვნახოთ მერმე»...
ხელახლა თაყვანი სცა ზვიადმა მეფეს, მან კვლავ ჩაიდო ნარგილეს მილი პირში, გააბოლა. მცირე ხანს რეტდასხმული იჯდა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ მიაძახა მიმავალს:
"წითელი წაღების ამბავი გამოიყენე შენებურად, ზვიად"...