თავი XXIII
– XXIII –
ხუროთმოძღვართუხუცესის სასამართლოში გამოძახებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მცხეთის სასახლეში. საქმის ნამდვილი ვითარება მხოლოდ სამმა პირმა იცოდა.
მიუხედავად ამისა, ფარსმანის დასჯას ითხოვდა ყველა, დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით კი მარიამ დედოფლისა და მელქისედეკ კათალიკოსის მომხრეები. ყველას, ყველას სძულდა ფარსმანი თავისი ცნობილი „წარმართობისა“ და მუსლიმური ჩაცმულობის გამო.
არც დედოფალს მოსწონდა ის თავიდანვე, მაგრამ ეკლესიების მშენებლობით გატაცებული, მის შემცვლელს ვერავის ხედავდა, ამიტომაც ითმენდა „ბარბაროსი შესახედაობისა და ეშმაკის სჯულის“ კაცს (როგორც ეზოსმოძღვარი უწოდებდა ხოლმე ფარსმანს).
მარიამ დედოფლის ოცნება ეს იყო: მთელი საქართველო ეკლესიებად და მონასტრებად ექცია; არა მარტო საქართველო და სომხეთი, არამედ მთელი ქვეყანა.
აფხაზეთიდან ახლადჩამოსულს უფლისციხეში ამბავი დაახვედრეს: მეფემ და კათალიკოსმა ახალგაზრდა, ქრისტიანი ლაზი დააწინაურესო. დედოფალმა ძალიან გაიხარა, თუმცა ჯერ არც არსაკიძე ენახა და არც მისი ნამუშევარი.
უფლისციხეშივე აცნობეს: მოხუცი ფარსმანი ფანასკერტელის ქალზეა შეყვარებული. თუმცა ფანასკერტელიც ისევე სძულდა, როგორც დიდგვაროვანთა ყოველი შთამომავალი, მაინც ითხოვდა ფარსმანის დასჯას.
ყველაზე მეტად წმინდა გიორგის მცხეთის სასახლიდან „გაპარვამ“ დააღონა მარიამი. ეს ამბავი უდიდესი უბედურების მომასწავებლად მიიჩნია.
მცხეთაში ჩამოსვლისთანავე ითავა და მერე ის იყო, მეფემ, კათალიკოსმა და ეზოსმოძღვარმა დიდძალი შესაწირავი წაასხმევინეს ნოკორნას, თაყვანი სცეს წმინდანს ახალ სამყოფელში.
ფხოველნი, წანარნი და ღილღვნი მოაწყდნენ ნოკორნას მონასტერს იმ დღეს.
თავად კათალიკოსი სწირავდა. წირვის შემდეგ დიდხანს იქადაგა მელქისედეკმა. მეფემ დაიჩოქა და ეამბორა განრისხებულ ღვთაებას. ამის შემდეგ დედოფალი მიეახლა ხოხვით, მდუღარე ცრემლებით დაალტო ხატი, თავის ოჯახზე გულის მობრუნება შესთხოვა წმინდანს.
ამაოდ ეცადა ეზოსმოძღვარი როგორმე დეტალურად მოეხსენებინა ფარსმანის დანაშაულის ნამდვილი ვითარება დედოფლისთვის, მაგრამ ამისთვის ისეთი უღირსი სიტყვები უნდა გამოეყენებინა, რომ მათი წარმოთქმაც ვერ გაბედა შემასმენელმა.
მარიამ დედოფალი სომეხთა მეფის ასული იყო. მან შემოიტანა სასახლეში აფხაზთა მეფეებისთვის სრულიად უცხო, ასკეტური სული.
მარიამი თვალს ადევნებდა არა მარტო სასახლეში რელიგიური რიტუალების შესრულებას, არამედ მონასტრებისა და ეკლესიების ყოფას, მღვდელმთავრების, ეპისკოპოსების, ბერ-მონაზვნების ზნეობას.
მისი ყოვლისმხილველი თვალი და ყოვლისმსმენელი ყური ეზოსმოძღვარი ამბროსი იყო. იგი უთვალთვალებდა არა მარტო სამღვდელო პირებს, არამედ თავად მეფეს, მის ვაზირებსა და ერისთავებს.
ფარსმანის საქმის გამო გიორგი დაჟინებით დუმდა, რადგან მეფემ კარგად იცოდა: მის მიერ თუნდაც რაიმე აზრის გამოთქმა განაჩენის წინასწარ გამოტანა იქნებოდა უთუოდ.
ზვიად სპასალარიც თავს იკავებდა. მაინცდამაინც არც მას უყვარდა ფარსმანი, მაგრამ როგორც ყოველ საქმეში, აქაც მხოლოდ სამხედრო მოსაზრება ამოძრავებდა სპასალარს.
კარგად ხედავდა: დღითი დღე რთულდებოდა ბიზანტიასთან ურთიერთობა. „კომნინის შეთქმულებას“ საშინელი დევნა მოჰყვა, ეს ყველაფერი ქართველობას დაატყდა თავს.
ცნობილია: ვესტარქების წოდებას მხოლოდ ქართველებსა და სომხებს ანიჭებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორები. ბოლო წლებში მხოლოდ სომხებს მიანიჭა ბასილ იმპერატორმა ეს წოდება.
ბიზანტიაში შეიპყრეს ჯერ კიდევ დავით კურაპალატის დროს სამშობლოდან გაქცეული კლარჯეთელი დიდებულები. სრულიად უსაფუძვლოდ დაუკავშირეს ისინი „კომნინის საქმეს“, რომელიც ჯაშუშების მიერ იყო სპეციალურად შეთხზული.
ასეთი ატმოსფერო შეუთანხმებელ აზრთა სხვაობას იწვევდა გიორგი მეფის სასახლეში. დედოფალი და კათალიკოსი ისე გაიტაცა ბრმა რწმენამ, რომ ისინი საქართველოს მტერს როდი ხედავდნენ იმპერატორში, არამედ ქრისტიანული სამყაროს უზენაეს არსებას, რომელიც როგორც რომის იმპერატორი და „პონტიფექს მაქსიმუმ“, მხოლოდ ღმერთს უთმობდა პირველობას ამქვეყნად.
ბიზანტიასთან სჯულის ერთიანობით დაბრმავებულმა სენაქერიმმა, სომხეთის მეფემ, თავისი სამეფო ბასილი იმპერატორს გადასცა.
ზვიადი ამჩნევდა: „კომნინის შეთქმულება“ საქართველოსკენ მომართული მახვილის ალესვას მოასწავებდა მხოლოდ.
ასეთ დროს ფარსმანისთვის თვალების დაწვა არც ისე ადვილად გადასაწყვეტი იყო.
ეკლესიების მშენებელი მართლაც მოიძებნა, მაგრამ მეფისა და სპასალარის გარდა არავინ იცოდა, რომ რკინის მჭრელი ხმლების წრთობის საიდუმლო მხოლოდ ფარსმანმა იცოდა.
ამ საიდუმლოს სხვისთვის გადაცემას არც აპირებდა იგი.
გარდა ამისა, არც საქართველოში, არც წინა აზიაში ფარსმანზე უფრო დიდი ციხეთმშენებლობის მცოდნე ზვიად სპასალარს არ ეგულებოდა.
* * * * * * *
მეფე გიორგი უჩვეულოდ ღელავდა. სამჯერ გადაადებინა საქმე. ბოლოს ფარსმანი სასამართლოს 27 მარტს უნდა წარდგომოდა.
მეფემ დაიბარა მსაჯულთუხუცესი, დედათა მონასტრის წინამძღვარი ვერხაულისძის ქალი და ეზოსმოძღვარი.
გამოუცხადა: ფანასკერტელის ქალის საქმე არავისთვის ემცნოთ განაჩენის გამოტანამდე. თვით მარიამ დედოფლისთვისაც არ გაემჟღავნებინათ საქმის შინაარსი. უმკაცრესი სასჯელით დაემუქრა სამივეს.
ამის შემდეგ მსახურთუხუცესი გაგზავნა, მელქისედეკ კათალიკოსი მოაწვევინა. სამჯერ ეახლა იგი მელქისედეკს, სამჯერვე ლოგინად ჩავარდნილი დახვდა მელქისედეკი მოციქულს.
მეფე თვითონ იყო სასამართლოს უმაღლესი ხელმძღვანელი. მისთვის ძალიან უხერხული იქნებოდა საქმის გაუქმება ან ფარსმანის შეწყალების მოთხოვნა, რადგან საქმეში მოსარჩელის – ფანასკერტელის ქალის მოთხოვნა იყო ჩართული.
ბოლოს მეფემ თვითონ გადაწყვიტა კათალიკოსთან წასვლა. მაგრამ ერთიც ვნახოთ, განა მელქისედეკი გააწბილებდა მეფეს, რომელიც მასთან ოფიციალური ვიზიტით მივიდოდა?
ეს მათ შორის უჩუმრად მიმდინარე ბრძოლას საჯაროს გახდიდა.
რადგან კათალიკოსთან სათათბიროდ გაგზავნილისთვის ძალიან დიდი და საიდუმლო საქმეები უნდა გაემხილათ, ზვიად სპასალარმა თვითონ შესთავაზა გიორგის: „მე ვეახლები კათალიკოსს“.
მეფემ დაარიგა ზვიადი, რომ ყველაფერი დეტალურად აეხსნა მელქისედეკისთვის.
დიდხანს ჩურჩულებდნენ. ბოლოს მეფემ დააბარა: „ამ საუბრის დროს არავინ დაესწროს“.
სპასალარმა გიორგის მოწყენილი გუნება შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა. მეფემ მოიმიზეზა: „წინა ღამეს არ მიძინია“.
თათბირი დაამთავრეს. მეფემ თრიაქი გადმოიღო, ნარგილე გააჩაღა და სწორედ ამ დროს ბიზანტიონიდან მალემსრბოლი ჩამოვიდა.
გრაგნილი გახსნეს და ასეთი ამბავი ამოიკითხეს:
ტაოდან იერუსალიმში სალოცავად მიმავალი ბერი ზაქარია ანტიოქიის დომესტიკმა შეიპყრო. ის ბასილისთვის გადაეგზავნა, კეისარს კი დილეგში ჩაეგდო იგი.
ზაქარიას დასდეს ბრალი, თითქოს მას მიეტანა კომნინისთვის მეფე გიორგის მიერ გაგზავნილი წითელი წაღები და მისივე სახელით კეისრობა მიელოცა განდგომილისთვის.
დიდხანს აწამებდნენ ბერ ზაქარიას. მისგან ამას მოითხოვდნენ, რომ დაედასტურებინა: მართლაც გაეგზავნა თითქოს მეფე გიორგის წითელი წაღები კომნინისთვის. მაშინვე გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ ბერს და კესარიის საეპისკოპოსო ტახტსაც კი აღუთქვამდნენ.
ზაქარიამ მტკიცე უარი განაცხადა.
რადგან დაპირებებით ვერაფერი გააწყვეს, ისევ დილეგში ჩააგდეს და ვირთხები მიუსიეს.
როცა დაკითხვებით თავი მოაბეზრეს, მან სიჩუმე მოიგონა.
მას ენა მოაჭრეს.
„რადგან დადუმდი, ენა რაღად გინდაო“, დასცინოდნენ ღრმად მოხუცებულს.
ამ ამბავმა გიორგი გააცოფა.
წამოვარდა და მუშტებს ურტყამდა მაგიდას.
„ბასილი კეისარს ეს უნდოდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის მსგავსად როგორმე გადაყლაპოს. სანამ ცოცხალი ვარ, ამ დღეს ვერ მოესწრება ძაღლთაპირი ბასილი კეისარი“...
ყვიროდა მეფე.
ასეთი სიტყვები არასოდეს სმენოდა მისგან სპასალარს.
„ნუთუ ამას ვერ ხედავს დაბრმავებული მელქისედეკი? აღარც დედოფალ მარიამს ესმის ეს საფრთხე“.
ზვიადს ეს ამბავი ერთის მხრივ გაუხარდა. მიხვდა, რომ ის ძალიან წაადგებოდა კათალიკოსის სიჯიუტის დასაძლევად.
ზვიადი წასვლას აპირებდა და სწორედ ამ დროს კარი გაიღო, დარბაზში დედოფალი შემოვიდა.
სიგამხდრეს უფრო მეტად გაემაღლებინა ისედაც მაღალი, გამხდარი ქალი. ფერმკრთალი და სახეგამშრალი ჩანდა.
ჩინური, შავი ფარჩა ეცვა. დიდრონი ალმასების ყელსაბამი ირისის მსგავსად უელავდა ყელის გარშემო. წვრილ და გრძელ კისერზე უცნაურად დაბერილი, ენერგიული ძარღვები მოუჩანდა. რისხვიანად უელავდნენ შეშუპებული თვალები.
ზვიადმა თაყვანი სცა.
დედოფალი მშრალად მიესალმა სპასალარს.
მას ზედ ეტყობოდა, რომ აფხაზეთში მოგზაურობას თუ შინ დახვედრილ უსიამოვნო ამბებს დედოფალი ძალიან მოექანცა.
როცა სპასალარს სალამითვე უპასუხა, ნაძალადევად გაუღიმა. ჭარბად წასმულ უმარულს ვერ დაეფარა ჩიტის ნაკვალევივით წვრილი ნაოჭები, რომლებიც ფართო და სევდიანი თვალების გარშემო ჰქონდა.
უჩვეულო შარიშურით გაიარა საწოლის დარბაზისკენ. კარის დაკეტვაზეც შეამჩნია ზვიადმა, რომ რაღაც დიდი უსიამოვნება უნდა მოსვლოდა ცოლ-ქმარს.
ზვიადმა მეფეს თაყვანი სცა, „ღამე მშვიდობისაო“, ჩაილუღლუღა.
მეფე გიორგი იჯდა, თრიაქს ეწეოდა და არც კი გაუგონია სპასალარის გამომშვიდობება.
ზვიადი დარბაზის კარამდეც არ იქნებოდა მისული, როცა გიორგიმ თავი ასწია და მიაძახა:
„შენ გეტყვი, ზვიად, მობრუნდი, აქ დაჯექი!“
ზვიადი გაოცდა. გიორგის არ სჩვეოდა წამსვლელის შეჩერება, არც არასოდეს დავიწყებია გაგზავნილისთვის სათქმელის დაბარება.
როცა ნარგილეს გვერდით მჯდარ მეფეს თავზე წაადგა სპასალარი, მეფე დიდხანს იყო გაოგნებული, თითქოს დაავიწყდაო, რომ ცოტა ხნის წინ ზვიადს უხმობდა.
გახევებული სპასალარი იდგა. ხედავდა, როგორ უსიტყვოდ იტანჯებოდა მეფე. თმა შუბლზე ჩამოფხატოდა, ღაწვები ჩავარდნოდა, სახე დაგრძელებოდა. თმის ყოველ ღერზე ეტყობოდა, თუ როგორ აფორიაქებოდა ბუნება საერთოდ გულდინჯ და უშიშარ ვაჟკაცს.
სპასალარმა ნელა დაახველა. ამით უნდოდა შეეხსენებინა ფიქრებში ჩაძირული გიორგისთვის: „რად მიხმე ცოტა ხნის წინ?“
მეფემ თავი ასწია.
„თრიაქი თუ გსურს?“ – ჰკითხა მან ზვიადს.
ზვიადმა მადლობა მოახსენა: „არა, უკვე აღარ ვეწევი თრიაქს“.
მეფემ თვალით ანიშნა, რომ სელზე დამჯდარიყო. კიდევ ცოტა ხანს დუმდა... შემდეგ ამღვრეული თვალები ჯიუტად მიანათა სპასალარს და ეუბნება:
„შენ გეტყვი, ზვიად, თუ მელქისედეკმა შორენას გამო რაიმე გითხრა, რას უპასუხებ მაშინ?“
ზვიადი აიმღვრა.
„მხოლოდ იმას, რასაც მეფე მიბრძანებს, ჩემი პატრონი“.
გიორგიმ თავი ჩაჰქინდრა და გაუმეორა:
„მხოლოდ იმას, რასაც მეფე გიბრძანებს... ჰმ“...
„რატომ ბრძანებთ ამას, მეფეთ მეფეო?“
„არა, ისე ვთქვი“...
მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო:
„დედოფალი წამეკიდა წუხელ. ჩანს, ეზოსმოძღვარს უჭორავია... მარიამი ყველაფერს აცნობებდა კათალიკოსს, ალბათ. თუ მელქისედეკმა შორენას გაგზავნა მოითხოვა, აფხაზეთში გაგზავნა და ბედიაში მონაზვნად აღკვეცა, არავითარ შემთხვევაში არ მისცე ჩემი სახელით თანხმობა. ხოლო“...
აქ ისევ დადუმდა. მცირე ხნის შემდეგ კვლავ განაგრძო: „ხოლო თუ კათალიკოსი გაჯიუტდება, უთხარი ჩემი სახელით, რომ შორენას გირშელს მიათხოვებენ-თქო, ყველისციხის პატრონს, დედაჩემის დისშვილს.
ეცადე, აქამდე არ მიიყვანო საქმე. თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, დაეთანხმე, რომ გურანდუხტმა მზითევი უკვე გადმოუგზავნა-თქო და მეფემ თანხმობა მისცა-თქო. გირშელს მიათხოვებენ-თქო ყველისციხის პატრონს. ასე უთხარი და ვნახოთ მერე“...
ხელახლა თაყვანი სცა ზვიადმა მეფეს. მან კვლავ ჩაიდო ნარგილეს მილი პირში, გააბოლა. მცირე ხანს გაოგნებული იჯდა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ მიაძახა წამსვლელს: