თავი XXXIX
ორენას ესაუბრებოდა. – XXXIX – ლელიანი ჭაობები დაიწყო. ახლა ექვსი მონადირე უკან მიჰყვებოდა მწვანე ეტლს, ეხმარებოდნენ ცხენებს ტალახიან ადგილებზე გადასვლისას. ლაქაშიანი (ჭაობიანი) ველებიდან ხოხბები დგებოდნენ, გარეული ტახები ფრთხებოდნენ. ლელს (ლერწამს) ხმაური გაჰქონდა. საწყალობლად წიოდნენ ხოხბის ლაპები (ბარტყები) ღიჭიანებში (ბუჩქებში). ბოლოს მიადგნენ ლაშქარათი (მცენარე) მოფენილ ტაფობს (დაბლობს), რომელიც ზღვის ყურესავით მთების უბეში იყო შეჭრილი. სამივე მხრიდან მთები ერტყა მას, სამხრეთიდან კი თვალუწვდენელი, შიშველი ტრამალი (ვაკე) იყო გადაჭიმული. მენადირეთუხუცესი ჭენებით წამოეწია მეფეს. მან თქვა, რომ მარეკები (ნადირის გამომრეკები) უნდა გაეგზავნათ მთების კალთებზე. შეშინებული ნადირი ტაფობში გადმოვიდოდა, მარეკები კი თან ჩამოჰყვებოდნენ. ტაფობისა და ველის საზღვარზე უნდა დახვედროდნენ ავაზები მშვლებს. მენადირეთუხუცესი წუხდა, რომ მადევრები (მონადირე ძაღლები) არ გამოდგებოდნენ მშვლების გამოსარეკად იმ დღეს, რადგან, მოგეხსენებათ, ავაზას ძაღლის ხორცი უყვარს. როგორც კი მადევრებს დაინახავდა, მშვლებს თავს დაანებებდა და ძაღლებზე დაიწყებდა ნადირობას. დიდხანს იყვნენ ხმაგაკმენდილი (ჩუმად) ცხენოსნები ველის საზღვარზე. ბოლოს ჩრდილოეთიდან დიდი ბუკის ხმა შემოესმათ. მთების კალთებზე შემოსულმა მარეკებმა დაფდაფების (დასარტყამი ინსტრუმენტი) ცემა ატეხეს. მამალი ხოხბები დგებოდნენ ლაშქარასა და ანწლის ბუჩქებიდან. მონადირეები ტკბებოდნენ ამ მშვენიერი ფრინველების შორიდან მზერით. გოჭებიანი ტახები ტყისკენ გარბოდნენ. სრული სიმშვიდე დამყარდა ტაფობზე, ნიავიც არ იძვროდა ირგვლივ. მონადირეები უკვე ამჩნევდნენ შორიდან ლაშქარას წვეროკინების (წვერების) ტოკვას. ახლა გიორგიმ და გირშელმა დაინახეს, თუ როგორ მოფრთხიალობდა ტაფობზე ორი ფრინველი, უფრო სწორად, ოთხი ყური ორი მშველისა. გიორგის შეეშინდა, ვაითუ შეგვნიშნონო, გაიტვრინონო (დაიმალონო) ლაშქარას ბუჩქებში. გირშელი ამბობდა, რაკი ფერდობებიდან ტაფობში გადმოიხვეწნენ (გამოიქცნენ), აუცილებლად გამოვიდოდნენ ველისპირზე. ბოლოს გიორგიმ დაინახა, თუ როგორ ისკუპეს მშველებმა ლაშქარას ზღვიდან და გაჭენდნენ ტრამალზე. ასიოდე უტევანიც (დაახლოებით 200 მეტრი) არ ჰქონდა წინ მიმავალს გავლილი, რომ უშიშარაისძემ წითელი აბრეშუმის რიდე (ფარდა) ახადა ავაზებს. გასაოცარი სისწრაფით გაეკიდნენ ძუ და ხვადი (მამალი) ავაზები შუნსა (ძუ მშვლის) და ხარმშველს (მამალ მშველს). მეფემ, შორენამ, „თევზისფერმა ძროხამ“, მისმა ასულმა, გირშელმა, არსაკიძემ, დაჩიმ და მისმა მეუღლემ, მთელმა ამალამ ცხენები ადგილიდან მოწყვიტეს. მხედრები ძლივს ატანდნენ თვალს, თუ როგორ ელავდნენ ცეცხლასფერი ზოლები მშვლისფერ ტრამალზე. ორივე ავაზა გამალებული (გააფთრებული) მისდევდა თითქმის ფრენაზე გადასულ მშვლებს. ელვასავით მიჰქროდნენ ავაზები ტრამალზე. მათზე მშვენიერ არსებას ჯერაც არ გადაელახა ეს მწვანე ტრამალი. ისეთი სისწრაფით მიჰქროდნენ ცხენებიც, რომ მუცლით ზედ ეკვრიანო მინდორს, მაინც ორიოდე უტევანის მანძილზე უკან რჩებოდნენ ცხენები ავაზებს. თავდაპირველად გიორგი და გირშელი მიუძღვოდნენ ცხენოსნებს წინ. მალე გირშელის ცხენი მოიღალა. ახლა შორენას თექური (თექისფერი) ჭაკი (ცხენი) წამოეწია ოქროსფერ ულაყს. არსაკიძემ დეზი ჰკრა არაბულ იაბოს და მშვლის ნახტომზე წამოეწია ორივეს. მწკრივად მიგელავდნენ ოქროსფერი ულაყი და შორენას თექური ჭაკი. გიორგის უხაროდა, რომ მის გვერდით მიჰქროდა ეკბატანის ვარდი (შორენა). ამ წუთში არც ავაზები ახსოვდა მას და არც გაქცეული მშვლები. ხვადი ავაზა მიეწია პირველად ხარს. კიდევ ორიოდე ნახტომი და ზურგზე დაახტებოდა მსხვერპლს. სწორედ ამ წუთში მშველი მარცხენა მხარეს შემოიქცა (როგორც კურდღელი უგანებს ხოლმე მწევარს), ავაზამ თავი ვეღარ შეიკავა და წინ გაჰქანდა. სანამ ისიც მობრუნდებოდა, მშველმა მანძილი მოიგო. მეორე მშველმა ძუს გვერდი უქცია, მარჯვენა მხარისკენ გაიტყუა ავაზა. ერისთავი დაჩი, განმგეთუხუცესი, მერემეთუხუცესი და ხუთიოდე მხედარი მარჯვნივ გაქცეულებს გამოუდგნენ უკან. მეფემ და დანარჩენებმა მარცხენა მხარისკენ გაჰქუსლეს (გააჭენეს) ცხენები. ორიოდე მანდილოსანი (ქალბატონი) ჩამორჩენოდა მათ. შურისგან აღივსო „თევზისფერი ძროხა“. ქალმა უცნაურად დასჭყივლა ცხენს. ელვის უსწრაფესად წამოეწია კოლონკელიძის ასულს – შორენას ჭაკმა დაუთმო ცოქალას იაბოს. მეფეს ბრაზი წაეკიდა. „თევზისფერ ძროხას“ თვალი რომ მოჰკრა, ხარჭაყოფილი (ხარჭად ყოფილი) გიორგის წამოსწეოდა, როგორც სიყმაწვილის (ახალგაზრდობის) ცოდვა სიჭარმაგეში (სიბერეში) გადასულს. ახლა შორენა და უტა წყვილად მოჰქროდნენ. მათ ფხოვში განვლილი ახალგაზრდობის ლხენა (სიხარული) გაახსენდათ. არსაკიძეს გულში უცნაურად გაუელვა. მან დატუქსა (გაამხნევა) თავისი იაბო, რათა აფხაზთა მეფისათვის ეჩვენებინა, თუ როგორ ემარჯვებათ (კარგად გამოსდით) ცხენის მონუსხვა (დამორჩილება) ლაზებს. აზარტში შესულიც მიხვდა, რომ მეფის გადასწრება არ ივარგებდა (არ იქნებოდა კარგი). ისევ წამოეწია ხვადი ავაზა მშველს. ხარმა ხელახლა უგანა (გვერდი აუქცია), მაგრამ აქ კი ავაზამ ჭკუა იხმარა. საშინელი სისწრაფით დასძლია სივრცე, თვალისმომჭრელი კამარა გააკეთა ჰაერში და ქედზე შეახტა მშველს. როცა მხედრები დაქვეითდნენ (ჩამოქვეითდნენ), ავაზა კისერში მისწვდენოდა ნადავლს. გამარჯვებული ხარბად ხვრეპდა (სვამდა) სისხლს, თანაც გაავებული ღრინავდა. დაახლოებით ასე ისმოდა ეს ღრენა: „ჰურრრაჰხ, ჰურრრაჰხხ“… მამაკაცებიც ვერ მიეკარნენ ახლოს. „აბა, მიდი, გირშელ“… ეუბნება ღიმილით ყველისციხის პატრონს გიორგი. გირშელი შეყოყმანდა და სულ გაფითრდა. გიორგიმ ისევ გაიღიმა, წინ გაუსწრო თავის დედის დისწულს (დისშვილს).
ავაზამ გაძლიერებული ხმით დაიღრიალა: „ჰურრრაჰხხ“. გიორგიმ მათრახი გაატკაცუნა და საშინელი ხმით დაუყვირა მამალ ავაზას. მტაცებელმა პირი გაუშვა მშველს და ისევ სისხლიანი პირიდან ამოუშვა „ჰურრრაჰხ“. გიორგი თამამად მივიდა მშველთან, ხანჯლით გამოფატრა ის და ჯერ კიდევ ორთქლიანი ნაწლავები მიუგდო ნადირს. ტრამალზე ორი ცხენოსანი მოჰქროდა. გიორგიმ დაჩი ერისთავი და მენადირეთუხუცესი იცნო. ორივე ფერმკრთალი ეჩვენა გიორგის. „რა მოხდა, ვაჟკაცებო?“ – ეკითხება გიორგი რაინდებს. „ავაზამ დაიჭირა მშველი, მაგრამ მიადგა და თვითონ ჭამს მას, არავინ მოგვიკარა ახლოს. დაჩი ერისთავს ლამის ბარკალი მოაჭამა“, – მოახსენა მენადირეთუხუცესმა მეფეს. „ვერ ყოფილხართ მამაცები, თუ ერთმა მდედრმა ავაზამ დაგამარცხათ ამდენი ჯავშნიანი რაინდი“, – გაეხუმრა გიორგი. „ჩემი ქმარიც დაუშინებია ავაზას!“ – გაეხუმრა ფანასკერტელის ქალი, ძლივს შეიკავა ღიმილი ქალმა. გირშელი ჯერ გაწითლდა, მერე გაფითრდა. რუსუდანის ნათქვამი: „ქმარიც“ (განსაკუთრებით ბოლო ბგერა „ც“) ლურსმანივით მოხვდა გულზე. არასდროს ჯერ ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია მისთვის. მონადირეები ისევ ცხენებზე დასხდნენ. ამ ერთმა ბგერამ გირშელს გუნება გაუფუჭა. მეფე და შორენა წინ მიქროდნენ, დანარჩენებს ოთხმაგად სწრაფად მიჰყავდათ ცხენები ტრამალზე, რადგან არავის ემეტებოდა გახელებული ავაზასთვის ბარკალი. გიორგი გახარებული იყო, რომ მუდამ მოწყენილი შორენა ასე გაერთო ნადირობით. მეფემ ეს დრო გამოიყენა და კოლონკელიძის ქალს ეუბნება: „ერთი რამ მინდა გკითხო, შორენა, ოღონდ არ გამიბრაზდე, წინასწარ გევედრები“. „მიბრძანეთ, რაც გენებოთ, მეფევ ბატონო, ყმების რისხვას მეფეები სად ერიდებოდნენ?“ „არავინ იცის, რომელია ჩვენს შორის ყმა!“ შორენამ გაიღიმა, დაინტერესდა. „გულწრფელად მითხარი, შორენა, როგორ მოგწონს შენი საქმრო, გირშელი?“ ქალმა დაუყოვნებლივ მიუგო: „არა უშავს, კარგი ყმაწვილია გირშელი, ლამიყლაპიას რომ არ ჰგავდეს ცოტა“. მეფეს სახე გაუბრწყინდა, გადახედა გვერდით მომქროლავს, ისევ უნდოდა რაღაც ეკითხა, მაგრამ შორენამ დაამატა ნათქვამს: „მშიშარაც ყოფილა ყველისციხის პატრონი“. გიორგიმ ერთბაშად შეაყენა ცხენი, უკან მოიხედა, რა დარწმუნდა, რომ მხლებლები შორს იყვნენ, პირდაპირ ეუბნება კოლონკელიძის ასულს: „მოგაცილებ, თუ გინდა, გირშელს?“ შორენა დუმდა, მცირე ხნის შემდეგ ხმადაბლა ეუბნება: „თქვენი ნებაა, მეფევ ბატონო, ეგეც, მაგრამ მე ვიცი, მეფეებიც ვერ გადაუვლენ განგების ნებას“. მეფემ დეზი ჰკრა ცხენს, ზედ წამოადგნენ გვიმრიან ტაფობს. შუბოსნებს ავაზა ქარაფის კიდეზე მიემწყვდიათ. გაგლეჯილი მშველის ლეშზე იდგა სისხლში ამოსვრილი მხეცი, გააფთრებული ბრდღვინავდა: „ჰურრაჰხ, ჰურრაჰხხ“. უდაბნოს ცეცხლი ელავდა მის თვალებში. ფარსმან სპარსიც აქ იყო, ვერც მას გაუბედა ავაზასთან მისვლა. ფარსმანი მიეჭრა და მოახსენა: „ღვინო მოვიტანოთ, მეფევ ბატონო, ახლავე, ღვინო სისხლს ურჩევნია ავაზას, დათვრება თუ არა, წიწილასავით დავიჭერთ ხელით“. გიორგიმ არაფერი უპასუხა, ხელი ჩაიქნია და რაინდების გასაგონად თქვა: „ახლა ვინც ვაჟკაცია, ის მივიდეს მასთან“, თვალით ანიშნა ავაზაზე მხედრებს. გირშელ ერისთავი გამოეყო რაინდებს, ოდნავ გაფითრდა, წითელი აბრეშუმის საფარველი აიფარა მარცხენა ხელით, მარჯვენათი ხმლის ვადა ფრთხილად მოისინჯა, გულდასმით მიუახლოვდა ავაზას. შემზარავი ხმით ღრიალებდა ნადირი: „ჰურრრაჰხხ“. უკვე ერთი ნაბიჯი უკლდა მშველის ლეშამდე გირშელს, სწორედ ამ დროს ავაზამ ისკუპა და მარჯვენა მხარზე ეცა რაინდს. ერთხმად დაიკივლეს მანდილოსნებმა, რაინდებმა ხმლები იშიშვლეს, ავაზა მოეშვა დაკბენილს, უცნაური ნახტომი გააკეთა ჰაერში მდედრმა ავაზამ და ქარაფიდან ჩრდილივით გადაიხვეწა. მწვანე ეტლში ჩააწვინეს დაჭრილი გირშელი. დაცალებული ავაზა ურემზე შესვეს, დაღვრემილი მანდილოსნები და რაინდები უხმოდ დაადგნენ მცხეთისკენ გზას. შორენას გუნება გაუფუჭდა, გიორგის განზრახ ჩამორჩა. არსაკიძეს მოჰყვებოდა ცხენდაცხენ მდუმარე, როცა ხურსისეულ სასახლემდე მიაღწიეს ორივემ, შორენამ ეს უთხრა ვაჟს: „ხვალ საღამოს შემოგივლი, უტა“. სასახლეში მისვლისთანავე გირშელი დიდ დარბაზში დააწვინეს, თურმანიძე მცხეთაში აღმოჩნდა საბედნიეროდ. ავაზას ნაკბილარები უმნიშვნელოდ მიიჩნია ექიმმა, ფოლადის ჯავშანს გადაურჩენია რაინდი, ორ კვირაში ავაყენებო დაჭრილს. მეფემ ფარსმანი საწოლის დარბაზში შეიყვანა, მესაწოლე გაუშვა, სელზე ანიშნა ფარსმანს. მოხუცი შიშისგან ცახცახებდა. „ვაითუ მე დამაბრალოსო ავაზის გაქცევა მეფემ“. ერთადერთი იმედი ეს იყო, რომ უგუნებობა არ ეტყობოდა პატრონს. მეფე დაჯდა, ოფლი მოიწმინდა შუბლიდან და ეუბნება: „შენ გეტყვი, ფარსმან, ახლა მითხარი, რაც უნდა გეთქვა სასახლის ბაღში იმ დღეს? კითხული ვერ მიხვდა მეფის გულისთქმას. „შენ ამას ამბობდი, კიდევ ერთი თვისება სჭირსო ავაზას“... „მე ეს მინდოდა მეთქვა, გაქცევა იცის-მეთქი შეჩვეულმა მდედრმა ავაზამ“. „როგორ უნდა გავიგო შენი ნათქვამი ახლა?“ „ზოგიერთი ქალი ამითაც ჰგავს, მეფევ ბატონო, ავაზას“. ავაზას ხსენებაზე კოლონკელიძის ასული გაახსენდა მეფეს, ფარსმანის იგავის შინაარსსაც მიხვდა, მაგრამ დადუმდა